№ ას-1485-1405-2017 9 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ნ. შ-ი, ხ. შ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - გ. შ–ი, ო. უ-ი, ა. შ–ი, ლ. შ–ი, ს. შ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. კ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. შ-ის, ს. შ–ის, ლ. შ–ის, ა. შ–ის, ხ. შ–ის, ნ. შ–ის, ო. უ–ის და ა. შ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა გ. შ–მა და ნ. შ–მა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ს., ლ., ა., ხ. და ნ. შ–ებმა (შემდგომში „აპელანტები“) და ო. უ–მა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი ო. უ–ის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი. ამავე სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით ნ., ხ., ლ., ა. და ს. შ–ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, ხოლო ამავე წლის 15 ნოემბერს მათმა წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ მისი ერთ-ერთი მარწმუნებელი, ხ. შ–ი, რომელიც დაავადებულია ტუბერკულოზით და გადის სტანციონარულ მკურნალობას, ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო პროცესზე. ამასთან, წარმომადგენელმა ასევე მიუთითა პროცესზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზეც და განმარტა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი 14 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ვერ შეძლებდა 16 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.
6. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნული განცხადება და დაასკვნა, რომ არ დასტურდებოდა აპელანტების ან მათი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა. კერძოდ, განცხადებაზე დართული 2017 წლის 14 სექტემბრის სამედიცინო ცნობით, მართალია, დასტურდებოდა, რომ ხ. შ–ი დაავადებულია ტუბერკულოზით, თუმცა მასში არ იყო მითითება, გადიოდა თუ არა პაციენტი სტანციონარულ მკურნალობას დისპანსერში და შეეძლო თუ არა მას სასამართლოში გამოცხადება. ამასთან, განმცხადებელი (აპელანტების წარმომადგენელი) ასევე მიუთითებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზეც, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია, შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობაც ვერ მიიჩნეოდა საპატიოდ.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდა ხ. შ–ისა სააპელაციო საჩივრის ავტორები იყვნენ არასრულწლოვნები - ლ-ს, ა. და ს. შ–ები და მათი კანონიერი წარმომადგენელი (დედა) ნ. შ–ი. რომლებიც ასევე არ გამოცხადებულან სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსთვის. შესაბამისად, ვინაიდან გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, არსებობდა აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე აპელანტების წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მის მიერ სასამართლო პროცესამდე წარდგენილი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, საჩივრის ავტორი მიუთითებს აპელანტების მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე და მიიჩნევს, რომ მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მართლმსაჯულების განხორციელებაში, რათა არ აღმოჩნდნენ ქუჩაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.
13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 16 ნოემბერს 11:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობა, რომლებიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყვნენ საქმის განხილვაზე.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
16. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
17. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი - აპელანტების წარმომადგენელი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 16 ნოემბერს 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე საპატიო მიზეზით მის გამოუცხადებლობას, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ შეეძლო დასწრებოდა პროცესს, რის თაობაზეც განცხადების მეშვეობით სხდომამდე ერთი დღით ადრე აცნობა სასამართლოს.
18. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორი - აპელანტების წარმომადგენელი საჩივარში მიუთითებს მის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე და არაფერს ამბობს თავად აპელანტების გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე. ამდენად, წარმოდგენილი პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო აფასებს მხოლოდ აპელანტების წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას.
19. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, 2017 წლის 15 ნოემბერს აპელანტების წარმომადგენელმა ნ. ნ-მა სასამართლოში წარადგინა განცხადება სხდომის გადადების თაობაზე, რომლითაც იგი პროცესის გადადებას მოითხოვს მისი და მისი ერთ-ერთი მარწმუნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ხოლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითებს 2017 წლის 14 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულება „უ-ში“ ვიზიტზე, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ორი კვირით ესაჭიროებოდა წოლითი რეჟიმი და ვერ შეძლებდა დაეცვა საკუთარი მარწმუნებლების (აპელანტების) ინტერესები. აქვე, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ განცხადებაში მითითებული გარემოების დამადასტურებელ ცნობას წარადგენს მომდევნო სასამართლო სხდომაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 85-86).
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
22. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი, მართალია, სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობაში მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებაზე, რაც შეუძლებელს გახდიდა მის გადაადგილებას და პროცესზე გამოცხადებას, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. არც კერძო საჩვარს ერთვის საჩივრის ავტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი რაიმე დოკუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს შეეფასებინა მისი სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობა.
23. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გარდა აპელანტების წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობისა, დადგენილია, ასევე, თავად აპელანტების/არასრულწლოვანთა შემთხვევაში, მათი კანონიერი წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტიც, რაც კერძო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი. საჩივრის ავტორი მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ აპელანტები არიან სოციალურად დაუცველები და მათ უნდა მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ მართლმსაჯულების განხორცილებაში. აღნიშნული პრეტენზია კი ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად.
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, აპელანტები/არასრულწლოვანთა შემთხვევაში, მათი კანონიერი წარმომადგენელი, ვალდებულნი იყვნენ და გონივრული დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ საქმის განხილვაში პირადად მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში ისინი არ გამოცხადებულან სასამართლო სხდომაზე.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მისი და მისი მარწმუნებლების საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტების გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. შ–ისა და ხ. შ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე