Facebook Twitter

№ ას-1495-1415-2017 7 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ო–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. გ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ო–ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „განმცხადებელი“) მიმართ მოპასუხისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, ასევე გამოსახლების დღიდან მის მიერ მიუღებელი შემოსავლის, გაწეული ქირისა და ნივთების შენახვის ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრება და მოთხოვნათა გაქვითვა.

3. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 25 400 აშშ დოლარის გადახდა და აღნიშნული თანხის დაფარვის მიზნით დადგინდა მოპასუხის სახელზე ქ. ბორჯომში რ-ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. ---) სარეალიზაციოდ მიქცევა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. 2017 წლის 5 ოქტომბერს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 პუნქტებზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

7. 2017 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება. განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ მის მიერ გასაჩივრებულია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება ნაწილობრივ გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. უკიდურეს შემთხვევაში კი, სახეზე იქნება მოთხოვნათა გაქვითვა თუნდაც აღსრულების ეტაპზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 პუნქტების, კერძოდ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 25 400 აშშ დოლარის დაკისრების, ნაწილში დადგინდა სასამართლოს მიერ 2017 წლის 5 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დაწყება; ასევე იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, კანონით გათვალისწინებული ხარჯებისა და საფასურის დაფარვის შემდეგ, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხიდან 9 400 აშშ დოლარსა და 12 525 ლარზე სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღის დადება და აღნიშნული თანხის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება. დაყადაღებული თანხის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება დადგინდა სასამართლოს გადაწყვეტილების (შეგებებული სარჩელის ნაწილში) კანონიერ ძალაში შესვლამდე.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი მოპასუხისათვის 25 400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო, მოპასუხის შეგებებული სარჩელი 9400 აშშ დოლარისა და 12 525 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხე სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, და მოითხოვს, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ თანხების გაქვითვას.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 821 მუხლზე და აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეიტანება თავის სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცემა დადგენილი წესით.

11. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი განცხადება უნდა განხილულიყო სწორედ ზემოაღნიშნული ნორმის კონტექსტში. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხების გაქვითვისას მოსარჩელის (კრედიტორის) მიერ მისაღები თანხა იქნებოდა 25 400 აშშ დოლარს მინუს 9400 აშშ დოლარი და 12 525 ლარი.

12. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ, თუკი ამონაგები თანხიდან დაკმაყოფილდება მოსარჩელე კრედიტორის ინტერესი მთლიანად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვეღარ იქნება დაცული შეგებებული საჩივრის ავტორის - კრედიტორის ინტერესი, ვინაიდან, ურთიერთმოთხოვნათა ფარგლებში გასაქვითი თანხა აღარ იარსებებს და მისი მოთხოვნაც ვეღარ იქნება უზრუნველყოფილი. კერძოდ, მისი მოთხოვნა არაუზრუნველყოფილ მოთხოვნად დარჩება. ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება იურიდიულ ფიქციად რჩება და დამოკიდებული ხდება მხოლოდ მოვალის კეთილ ნებასა და მატერიალურ შესაძლებლობაზე.

13. მითითებული მსჯელობის სამართლებრივ და ლოგიკური გაგრძელებად სასამართლომ მიიჩნია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 821 მუხლით დადგენილი მეორე შესაძლებლობა, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგებ თანხას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერება კანონით დაუშვებელია, კანონმდებელმა გაითვალისწინა, რომ ერთი კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის შემდეგ, დარჩენილ თანხას სხვა კრედიტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასარგებლოდ დაედება ყადაღა ან სხვა კრედიტორის არარსებობისას, დარჩენილი თანხა დაუბრუნდება მოვალეს.

14. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძვლები.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

16. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-7 თავი ადგენს აღსრულების გადადებას, შეჩერებას, შეწყვეტას და აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნებას. ამავე თავის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია აღსრულების პროცესის მთლიანად და არა ნაწილობრივ შეჩერება. ამდენად, სასამართლოს შეუძლია მიიღოს სააღსრულებო ფურცლის შეჩერების ან შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

17. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 821 მუხლი, რომელშიც ნათლად არის მითითებული, რომ ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით ჯერ დაიფარება აღსრულების ხარჯები, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა კი შეიძლება დაუბრუნდეს მოვალეს ან დაყადაღდეს და განთავსდეს სადეპოზიტო ანგარიშზე სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ყადაღა დაადო და სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა ფაქტობრივად მთლიანი თანხის ნახევარზე მეტი და არა დარჩენილი თანხა, როგორც ეს მითითებულია კანონში. სასამართლომ ვერ გათვალა ის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა ვალზე ნაკლები იქნება (და სრულიად შესაძლებელია უძრავი ქონება ბევრად ნაკლებ ფასად გაიყიდოს), ყადაღა დაედება და სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდება სწორედ 9400 აშშ დოლარი და 12525 ლარი, ხოლო კრედიტორი საერთოდ თანხის გარეშე დარჩება, ვინაიდან მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნილი თანხა ბევრად ნაკლებია სარჩელით მოთხოვნილზე. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღრულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ უპირატეს უფლებას ანიჭებს მოპასუხეს, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნები სრულად მაშინ, როცა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით უზრუნველყოფილი მოსარჩელის მოთხოვნა რჩება შეუსრულებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მიმართ სააღსრულებო წარმოების დაწყება გადაწყვეტილების ერთ ნაწილზე (სარეზოლუციო ნაწილის 1-4 პუნქტზე, რომელიც ეხება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის - 25 400 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას), ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რომელზეც მოპასუხეს წარდგენილი აქვს სააპელაციო საჩივარი, განსაზღვრა მოპასუხის მიერ მოთხოვნილი თანხის დაყადაღება შეგებებულ სარჩელზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა განმცხადებლის (მოპასუხის) მიერ წარდგენილი მოთხოვნის ამგვარად დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

22. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში „კანონი“) აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-7 თავით კი განსაზღვრულია აღსრულების გადადების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნების წინაპირობები. კერძოდ, სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლებს ეხება კანონის 36-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

23. ამრიგად, აღნიშნული ნორმით განისაზღვრება საერთო სასამართლოების მიერ აღსრულების პროცესის მთლიანად და არა ნაწილობრივ შეჩერება, რის თაობაზეც მიიღება სააღსრულებო ფურცლის შეჩერების ან შეჩერებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. სასამართლო ვალდებულია თანაბრად დაიცვას კრედიტორისა და მოვალის ინტერესები, რათა არ მოხდეს კრედიტორის ერთიანი მოთხოვნის დანაწევრება სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერების გზით. საკასაციო სასამართლოს აზრით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ შესულა, საფრთხეს უქმნის ზოგადად აღსრულების პროცესს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრედიტორის მიერ მოგებული უზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულებას.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ შეესაბამება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც სპეციალური კანონია აღმასრულებლისათვის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

25. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 17 იანვარს წარდგენილ განცხადებასა და მასზე დართულ დოკუმენტებს, რომელთა შესაბამისად ირკვევა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე იმავე სასამართლოს მიერ 2017 წლის 5 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა - 25 400 აშშ დოლარი და 1 714.5 ლარი მოვალის (მოპასუხის) მიერ სრულად არის გადახდილი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 179-184). აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო განჩინების (აღსრულების შეჩერების თაობაზე განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინების) მიღებისა და მასზე კერძო საჩივრის წარდგენის შემდგომ (კერძო საჩივარი წარდგენილია 2017 წლის 16 ნოემბერს).

26. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოპასუხის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების შედეგად მიღწეულია გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი - მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა, რის უზრუნველსაყოფადაც მოპასუხის ქონებას დაედო ყადაღა, სააღსრულებო წარმოების საფუძველზე ამოღებულია სრულად, ნაწილობრივ მიღწეულია ის მიზანიც, რასაც ისახავდა მოპასუხე სააპელაციო სასამართლოში განცხადების წარდგენისას.

27. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების თაობაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი შუმადგომლობის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, რის შემდგომაც სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შემდგომ თავიდან უნდა იმსჯელოს წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. გ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება და საქმე სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების შუმადგომლობის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე