Facebook Twitter

საქმე №330210015001030070

საქმე №ას-515-515-2018 6 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.-ა“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ლ.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – მოპასუხე, კასატორი) მიმართ 74 554 ლარის დაკისრების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2010-2011 წლებში მოპასუხეს მიაწოდა სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკა და საოფისე საქონელი. თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქონლის მიწოდებაზე ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთაც ხელს აწერდნენ სამინისტროს სხვადასხვა წარმომადგენლები. 2012 წლის 27 და 28 დეკემბერს სამინისტრომ გადმორიცხა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი და გადასახდელი დარჩა 74 554 ლარი, რომელიც არ დაუფარავს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია. 2012 წლის დეკემბერში თავდაცვის სამინისტროს გადახდები განხორციელდა მხარეებს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე და არანაირი კავშირი არა აქვთ მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებასთან. მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა და მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული პროდუქციის მიწოდებასთან და 74 554 ლარის დავალიანებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 74 554 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 73 770 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ გამოკვლეულა, ამასთან, საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასა, რის გამოც სასამართლოს მიერ გაკეთდა არასწორი სამართლებრივი დასკვნები სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 477-ე მუხლზე და დაადგინა, რომ სადავო აქტებზე მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულებები არ გაფორმებულა.

8. დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ პროდუქცია მიაწოდა მოპასუხეს.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლით და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

10. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების, კერძოდ, მოპასუხისათვის 74 554 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების დადასტურება.

11. სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად არ გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები.

13. სააპელაციო პალატამ შეისწავლა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება მოპასუხის მიერ მხოლოდ 73 770 ლარის პროდუქციის მიღება.

14. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში არსებულ 2010 წლის 7 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტს, რომელზეც მიუთითებდა აპელანტი სააპელაციო საჩივარში და განმარტავდა, რომ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებით ვერ დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 784 ლარის ღირებულების მაცივრის მიღების ფაქტი, ვინაიდან აღნიშნულ აქტს არ აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. ამასთან, აპელანტს მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა ემტკიცებინა, რომ პროდუქციის ჩაბარება მოხდა არაუფლებამოსილი პირების მიერ, რომელთაც არ ჰქონდათ მინიჭებული უფლებამოსილება, მიეღოთ ნასყიდობის საგანი და ხელი მოეწერათ მიღება-ჩაბარების აქტებისათვის.

15. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია ობიექტური და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა პროდუქციის არაუფლებამოსილი პირების მიერ მიღებას. სასამართლოს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტები ხელმოწერილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ. შესაბამისად დადასტურებულია მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნების მიღება და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება. ასეთ ვითარებაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტებით არ დასტურდება მყიდველი მიერ ნასყიდობის ფასის საგნის გადაცემამდე გადახდის ფაქტი, ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი მოპასუხის, მყიდველ მხარეს ეკისრება. მყიდველს კი მოცემულ დავაზე არ წარმოუდგენია ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება სსსკ 102-ე მუხლის თანახმად. შესაბამისად, ნასყიდობის საფასურის დაკირების თაობაზე არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - 784 ლარის ნაწილში.

16. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულობის საკითხზე და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. სსკ-ის 128-ე, 129-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

17. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნებაზე.

18. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

19. სსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემული ნორმა სწორედ ისეთ შემთხვევას აწესრიგებს, როდესაც ვალდებულების შესრულებისათვის დრო განსაზღვრული არ არის და მისი შესრულების დრო არც სხვა გარემოებებიდან ირკვევა. ასეთ შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალე ვალდებულია, კრედიტორის მოთხოვნისთანავე შეასრულოს ვალდებულება.

20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ შეფასდება, რადგან ნასყიდობის ღირებულების გადახდის ვალდებულება მყიდველს გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარმოეშობა, ამასთან, უფლების დარღვევის შესახებ კრედიტორი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, ხოლო მოვალე უარს იტყვის შესრულებაზე ან ფაქტობრივად არ შეასრულებს მას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც კრედიტორის მოთხოვნიდან აითვლება.

21. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ უფლების დარღვევის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2014 წლის დეკემბრიდან, ანუ მისი მოთხოვნა, სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ დროიდან წარმოიშვა. სარჩელი აღიძრა 2015 წლის 8 ივლისს, რაც სამწლიანი სახელშეკრულებო ხანდაზმულობის პირობებში გამორიცხავს ამ უკანასკნელის მოთხოვნის ხანდაზმულობას. გარდა ამისა, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულებები ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდგომ დამოუკიდებლად, ხოლო ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. სადავო აქტებთან მიმართებით დადგენილია, რომ არ მომხდარა მხარეებს შორის ხელშეკრულებების გაფორმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ხანდაზმულობის ათვლა უნდა მომხდარიყო თითოეული კონკრეტული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან, ვინაიდან თანხის გადახდა ობიექტურად დაკავშრებული იყო ხელშეკრულების წერილობით გაფორმებასთან.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

23. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სხვადასხვა დროს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მოპასუხისათვის საქონლის მიწოდება. საქმეში წარმოდგენილია აქტები, რომლებზეც არ არის მითითებული ხელშეკრულების ნომრები და არ აქვს დასმული ბეჭედი.

24. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 129-ე, 130-ე, 365-ე, 477-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კრედიტორს სრული თავისუფლება აქვს, შეარჩიოს ვალდებულების შესრულების მომენტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრედიტორის მოთხოვნის უფლება არ არის უვადო. სსკ-ის 365-ე მუხლის დათქმა კრედიტორის მიერ შესრულების ნებისმიერ დროს მოთხოვნის უფლებაზე არ შეიძლება დროში განუსაზღვრელად იქნეს მიჩნეული. ნორმის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული არ არის და იგი სრულად არ ასახავს რეალურ ვითარებას. ამ ნორმის სიტყვასიტყვითი გაგების შემთხვევაში, კრედიტორს ათეული წლების შემდგომაც უნდა მიეცეს შესრულების მოთხოვნა, ე.ი კრედიტორს 20 წლის შემდეგაც რომ მიემართა სასამართლოსათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით, მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებადი იქნებოდა. ამ დასაბუთებიდან გამომდინარე, სსკ-ის 365-ე მუხლის შინაარსი 129-ე მუხლის დანაწესებთან ერთობლიობაში უნდა იქნეს განხილული (სუსგ 8.06.2007წ. საქმე №ას-48-401-07).

25. შესაბამისად, კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება, რომ სსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს ნებისმიერ დროს შეეძლო მხარისათვის შესრულების მოთხოვნა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ პროდუქცია მიაწოდა მოპასუხეს. მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება მოპასუხის მიერ 73 770 ლარის პროდუქციის მიღება.

29. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების, კერძოდ, მოპასუხისათვის ნასყიდობის მიწოდების დადასტურება.

30. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია ობიექტური და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა პროდუქციის არაუფლებამოსილი პირების მიერ მიღების ფაქტს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტები ხელმოწერილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ, ამდენად, მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნების მიღება და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება დადასტურებულია.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული დროის ფაქტორთან. ვადა აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვას, განაპირობებს ხელშეკრულებათა ჯეროვან შესრულებას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა, მისთვის დამახასიათებელი დინამიურობითა და დროის დეფიციტით, წარმოუდგენელია ვადებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილი და სწორი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დროულად შესრულება სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება შესრულებული უნდა იქნას, რასაც უკავშირდება ხანდაზმულობის ფაქტორიც, რადგანაც კრედიტორის მოთხოვნის უფლებაც არ არის უვადო და მასზე მოქმედებს ხანდაზმულობის ზოგადი წესები.

36. სამოქალაქო სამართალში ვალდებულების შესრულების ვადები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ასეთ ვადებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ არა მარტო ხანგრძლივობისა და განსაზღვრულობის ხარისხის მიხედვით, არამედ მათი წარმომშობი წყაროს სამართლებრივი ბუნების მიხედვითაც. შეიძლება განვასხვავოთ ვალდებულების შესრულების ა) სახელშეკრულებო; ბ) კანონისმიერი; გ) სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ განსაზღვრული; დ) ცალმხრივი ნებით დადგენილი; და ე) გარემოებებიდან გამომდინარე ვადები.

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანამედროვე სახელშეკრულებო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულების აუცილებლობის შესახებ დებულებები განმტკიცებულია, როგორც საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების პრინციპებში (მე-6.1.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), აგრეთვე ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მე-7:102-ე მუხლის პირველ ქვეპუნქტში და გაეროს „საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის შესახებ „ ვენის კონვენციის 33-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტში.

38. ვალდებულების შესრულების განსაზღვრული დრო შეიძლება დადგინდეს: კონკრეტული კალენდარული თარიღით; დროის გარკვეული პერიოდით; რაიმე გარემოების დადგომაზე მითითებით;

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ვადა, იქნება ეს ზუსტად განსაზღვრული თუ ნავარაუდევი, უნდა იყოს გონივრული. გონივრული ვადა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით. გონივრულია ისეთი ვადა, რომელიც ასეთად შეიძლება ჩათვლილიყო, როგორც კანონის ობიექტური ნების, ისე მხარეთა ნების გამოვლენის საფუძველზე. შეიძლება იგი გამომდინარეობდეს სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებიდანაც.

40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია, იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ანალოგიური შინაარსის ნორმაა დადგენილი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 271-ე პარაგრაფის პირველი აბზაცის მიხედვით.

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

42. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია ობიექტური და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ნასყიდობის საგნის (პროდუქციის) არაუფლებამოსილი პირების მიერ მიღებას. საკასაციო პალატას საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტები ხელმოწერილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ. შესაბამისად, დადასტურებულია მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნების მიღება და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება. ასეთ ვითარებაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტებით არ დასტურდება მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის საგნის გადაცემამდე გადახდის ფაქტი, ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი მოპასუხის, მყიდველ მხარეს ეკისრება. მყიდველის მიერ კი მოცემულ დავაზე არ არის წარმოდგენილი ვალდებულების შესრულების (ნასყიდობის ფასის გადახდის) დამადასტურებელი მტკიცებულება (სსსკ 102-ე მუხლი).

43. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის საკასაციო პრეტენზიაზე, რომელიც ეხება მოთხოვნის ხანდაზმულობას, კერძოდ, კასატორი უთითებს სსკ-ის 129-ე, 130-ე, 365-ე, 477-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ კრედიტორს სრული თავისუფლება აქვს, შეარჩიოს ვალდებულების შესრულების მომენტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრედიტორის მოთხოვნის უფლება არ არის უვადო. სსკ-ის 365-ე მუხლის დათქმა კრედიტორის მიერ შესრულების ნებისმიერ დროს მოთხოვნის უფლებაზე არ შეიძლება დროში განუსაზღვრელად იქნეს მიჩნეული. ნორმის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული არ არის და იგი სრულად არ ასახავს რეალურ ვითარებას. ამ ნორმის სიტყვასიტყვითი გაგების შემთხვევაში, კრედიტორს ათეული წლების შემდგომაც უნდა მიეცეს შესრულების მოთხოვნა, ე.ი კრედიტორს 20 წლის შემდეგაც რომ მიემართა სასამართლოსათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით, მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებადი იქნებოდა. ამ დასაბუთებიდან გამომდინარე, სსკ-ის 365-ე მუხლის შინაარსი 129-ე მუხლის დანაწესებთან ერთობლიობაში უნდა იქნეს განხილული (სუსგ 8.06.2007წ. საქმე №ას-48-401-07). შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ სსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს ნებისმიერ დროს შეეძლო მხარისათვის შესრულების მოთხოვნა.

44. კასატორის აღნიშნულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ ვალდებულებებისათვის, რომელთა შესრულების დროც გამომდინარეობს გარემოებებიდან, მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს შესრულების შესახებ კრედიტორის მოთხოვნის დროითი ფარგლები. განუსაზღვრელი ხასიათის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ მოთხოვნა არის ღია ნებისმიერ დროს(quod sine die debetur, statim debetur). ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი სახის ვალდებულებების მიმართ არ მოქმედებდეს ხანდაზმულობის ვადები. ზოგადი წესის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება გულისხმობდეს მის შესრულებას მოთხოვნისას. ეს ითვალისწინებს კრედიტორის მიერ მოვალისადმი მოთხოვნის წაყენების აუცილებლობას. მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც განსხვავდება მისი პროცესუალური განხორციელებისაგან. მოთხოვნა, ძირითადად, მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა არის სხვა პირისაგან რაიმე ქმედების (მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება) განხორციელების უფლება. დისპოზიციური ნორმები უშუალოდ წარმოშობს მათში გათვალისწინებულ მოთხოვნას, თუ ამ ნორმის მიერ დადგენილი თავისუფლების ფარგლებში მხარეთა შეთანხმება არ ახდენს მის მოდიფიცირებას და არ წარმოშობს მისგან განსხვავებულ მოთხოვნას. კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელება. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელეს ეკუთვნის, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას, და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა. თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ მოთხოვნის განხორციელება შეიძლება შეაფერხოს ვალდებული პირის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებამ.

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორმხრივ (სინალაგმატურ) ხელშეკრულებში თითოეულ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. თითოეული მხარე კრედიტორიცაა და მოვალეც. ხშირად, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე, რომელიც გადასცემს რაიმე ქონებას კონტრაჰენტს მისგან სამაგიერო ქონებრივი სიკეთის მიღების სანაცვლოდ, დაინტერესებულია იმით, რომ „გაცვლის“ დრო მინიმალური იყოს. როგორც წესი, ორივე მხარე ვალდებულია შესრულება განახორციელოს ერთდროულად. ორმხრივ ხელშეკრულებაში შესრულების რიგითობის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ურთიერთკავშირს გამყიდველის შესრულების ნაწილსა (საქონლის გადაცემა) და მყიდველის შესრულების ნაწილს (ფასის გადახდა) შორის, რომელიც შემდეგნაირი შეიძლება იყოს: ა) საქონლის (ქონების) გადაცემა წინ უსწრებს ფასის გადახდას; ბ) ფასის მთლიანად ან ნაწილობრივ (ბე, ავანსი) გადახდა წინ უსწრებს საქონლის (ქონების) გადაცემას. კონტრაჰენტებიდან რომელმა უნდა შეასრულოს პირველმა ვალდებულება, თუ ხელშეკრულებით თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ არის? მიიჩნევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჯერ გამყიდველმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება (გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და შემდეგ კი მყიდველმა უნდა გადაიხადოს ფასი, როგორც წესი, ქონების გადაცემისთანავე. ასეთი მიდგომა განპირობებული იმით, თუ რა ინტერესია ჩადებული ქონების სამოქალაქო და სავაჭრო ბრუნვაში. ქონება, ფართო გაგებით, ფულისაგან განსხვავებით არ წარმოადგენს გაცვლის საყოველთაო საშუალებას. ქონების რეალიზაციისათვის საჭიროა მყიდველის მოძებნა. გამყიდველი კონკურენციის კანონების ძალით დაინტერესებულია იმით, რომ გაყიდოს თავისი საქონელი, ამიტომაც გამართლებულია, რომ მას დაეკისროს ორმხრივი ვალდებულების შესასრულებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა ანუ მყიდველისათვის ქონების (საქონლის) გადაცემა.

49. საკასაციო პალატას მიაჩნია, სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად მოქმედებს პრეზუმცია, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდა ხდება ნაყიდი ქონების მიღებისას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

51. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ ნაწილში, რომ სააპელაციო პალატას მოთხოვნის ხანდაზმულობის შემოწმებისას არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 365-ე მუხლი, თუმცა ამის მიუხედავად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნა მაინც არ არის ხანდაზმული შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ზოგად სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, 2007, გვ. 64)

53. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გამყიდველის 2012 წლის 01-10-12 საპრეტენზიო წერილზე მყიდველის მიმართ (იხ. ტ.1, ს.ფ.84), რომლითაც გამყიდველმა მოითხოვა 2010-2011 წლებში განხორციელებული შესყიდვებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საფასურის გადახდა. 2012 წლის 26-28 დეკემბერს მყიდველმა გამყიდველს საბანკო გადარიცხვების გზით აუნაზღაურა მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილი (იხ. ტ.1, ს.ფ. 108-146), ხოლო ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ოდენობის ანაზღაურებაზე უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია ფინანსების მართვის დეპარტამენტისათვის არ არის საკმარისი თანხის ასანაზღაურებლად.

54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხოლო სსკ-ის 141-ე მუხლის თანახმად კი, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

55. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, გამყიდველისათვის (მოწინააღმდეგე მხარე) ნასყიდობის საგნის დარჩენილი საფასურის – 73770 ლარის გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაიწყო 2012 წლის 29 დეკემბრიდან, სარჩელი კი აღძრულია 2015 წლის 8 ივლისს, აქედან გამომდინარე, სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობის შემოწმებისას არასწორად გამოიყენა სსკ-ის 365-ე მუხლი, თუმცა ეს გავლენას ვერ მოახდენს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

57. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

58. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

60. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი