Facebook Twitter

საქმე №820210016001577630

საქმე №ას-688-688-2018 20 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

1. კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

2. კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G.“ (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „მ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „G.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 65 054,11 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის – 3 500 ლარისა და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის – 400 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 15 აპრილსა და 2014 წლის 3 ივლისს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №.. და №.. ხელშეკრულებები ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის საკანალიზაციო ქსელისა და სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების განხორციელების თაობაზე და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.

3. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ განახორციელა 1 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები. 2014 წლის 1 ნოემბრიდან გოდერძის უღელტეხილზე შექმნილი რთული კლიმატური პირობების გამო, სამუშაოები შეჩერდა, რის თაობაზეც ეცნობა მოპასუხეს. ამასთან, მოპასუხე მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, 20 დღეზე მეტი დროით გადაიკეტა სამშენებლო ობიექტზე მისასვლელი ერთადერთი გზა. აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, მოპასუხემ უსაფუძვლოდ დააკისრა მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით 21 531.6 ლარი.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი, რა დროსაც სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით და მოპასუხე მხარე დაავალდებულა, აენაზღაურებინა უსაფუძვლოდ დაკავებული პირგასამტეხლო მოსარჩელისათვის. მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

5. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე მაინც ცდილობს მისი მოსაზრებით წარმოშობილი პირგასამტეხლოების საშუალებით გამოუქვითოს მხარეს ასანაზღაურებელი თანხა, კერძოდ, 2015 წლის 24 დეკემბრის 206 კორესპოდენციით (ამ პერიოდისათვის მხარეთა შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა) მან აცნობა მოსარჩელე მხარეს იმის თაობაზე, რომ მას, 2014 წლის №.. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კიდევ წარმოეშვა პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება და მოახდინა 6 399 ლარის დაკავება, ხოლო 2014 წლის 3 ივლისის №.. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მან სრულიად უსაფუძვლოდ დააკავა პირგასამტეხლოს სახით 29 794 ლარი. მოპასუხემ უსაფუძვლოდ დააკავა სულ 36 193 ლარი იმ მოტივით, რომ მას გააჩნდა პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება.

6. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში მოპასუხემ განცხადება წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, რითაც მოითხოვა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაკეთებული სამუშაოების ფაქტობრივი მოცულობის რაოდენობისა და ღირებულების დადგენის უზრუნველყოფა, თუმცა ექსპერტიზას სრულყოფილად არ წარუდგინა ის დოკუმენტები, რომლითაც სრულად დადგინდებოდა მისი მარწმუნებლის მიერ გაწეული სამუშაოების ფაქტიური მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება.

7. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ წარადგინა ის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის მიერ მოწონებული და ხელმოწერილი იყო. ამასთან, მხარეთა შორის არსებულ მიმოწერებში ნათლად ჩანს, რომ მოპასუხე პირდებოდა მოსარჩელეს, განსახორციელებელი სამუშაოების შესრულებაში რაიმე სახის ცვლილებების არსებობისას საბოლოოდ აენაზღაურებინა ფაქტობრივად გაწეული სამუშაო, რაზეც საბოლოოდ მან უარი განაცხადა.

8. მოპასუხე ხშირ შემთხვევაში კვირაობით აგვიანებდა ისეთი სახის კორესპონდენციაზე პასუხის მიწერას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო აღებული სამუშაოს დროულად შესრულებისათვის. მაგალითად, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა ასაშენებელი სახლის სახურავის საკითხის გადაწყვეტას, მოპასუხე 75 დღეზე მეტი დასჭირდა პასუხის გასაცემად, რამაც შეაფერხა, როგორც სახურავის გაკეთება, ასევე, შიდა სამუშაოების წარმოება. რადგან სახურავის გადახურვის გარეშე ვერ დაიწყებოდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა, საქმეზე ჩაეტარებინა ექსპერტიზა გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, რაზეც 2016 წლის 4 ივლისის №.. დასკვნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაშიც, რომელიც მოწონებული და ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მითითებულია, რომ მას უნდა დაემზადებინა 105 ცალი რკინა-ბეტონის რგოლი. ასევე, დადგინდა, რომ ფასადის ფითხით დამუშავება გააუმჯობესებდა (არ გააუარესებდა) სამუშაოს ხარისხს.

9. მოსარჩელის წერილობითი თუ ზეპირი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა არსებული დავალიანების გადახდაზე.

10. მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზეც 2016 წლის 17 მაისის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, 2014 წლის 15 აპრილის №.. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგინა 682 764. 53 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 2014 წლის 3 ივლისის №.. ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებულმა სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 660 673,53 ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დღეის მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელეს მიმართ გააჩნია 65 054.11 ლარის დავალიანება.

მოპასუხის პოზიცია:

11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბება, მხარეთა შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია და განიხილება ხელშეკრულების ცვლილებად, ხოლო ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელება განიხილება მხარეთა ნებად, რომელიც უნდა გაფორმდეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების მე-12 პუნქტში მოცემული შესაბამისი წესების დაცვით.

12. მოპასუხის განმარტებით, ცალკეული სამუშაოები და მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებები განსაზღვრულია ელექტრონულ ტენდერში წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში უშუალოდ მოსარჩელის მიერ. მან დამოუკიდებლად დაადგინა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება სრულად (როგორც მთლიანი, ასევე, ცალკეული სამუშაოების ღირებულებები), კერძოდ, სატენდერო წინადადებით წარმოადგინა თავის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვები. ამდენად, კონკრეტული სამუშაოს საბაზრო ღირებულების არასწორად განსაზღვრის პირობებში მას არა აქვს უფლება, საკუთარი წინდაუხედაობისა და სათანადო ცოდნა/გამოცდილების უქონლობის გამო, მოსთხოვოს შემსყიდველს მის მიერ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ღირებულებასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის ანაზღაურება.

13. პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხა, რომელიც ეხებოდა 2014 წლის პერიოდს, გადახდილია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და აღნიშნული პერიოდის ფორსმაჟორული გარემოება არავითარ კავშირში არ არის მოცემული პერიოდის შემდეგ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევასთან, ვინაიდან აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადები, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო.

14. მხარეთა შორის 2014 წლის 15 აპრილსა და 2014 წლის 3 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მე-5 პუნქტით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი. ამავე პუნქტის 5.5. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება წარმოდგენილი აქტების (ფორმა №2) გათვალისწინებით, შემსყიდველის მიმართვის საფუძველზე უნდა დადასტურდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ საექსპორტო დასკვნით, ხოლო, 5.6 პუნქტის შესაბამისად, „საექსპერტო დასკვნის მოპოვებამდე, შემსყიდველი ახდენს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შეჩერებას“. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეთანხმებისამებრ მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, საიდანაც მიღებულ იქნა საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ 2014 წლის 15 აპრილს გაფორმებული №.. ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულება მოსარჩელის მიერ ანაზღაურებაზე წარმოდგენილი №2 ფორმების გათვალისწინებით შეადგენს 662 086.17 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ – 660 673,53 ლარი, 2014 წლის 3 ივლისს გაფორმებული №.. ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურებაზე წარმოდგენილი №2 ფორმების გათვალისწინებით შეადგენს 685 196,73 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ – 682 764.53 ლარი. შესაბამისად, უტყუარად დგინდება, რომ შემსრულებლის მიერ მოწოდებული №2 ფორმებით გათვალისწინებულ ღირებულებაზე ნაკლები ღირებულების სამუშაოები რეალურად შესრულდა.

15. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელემ ხელშეკრულებების 5.12 და 5.13 პუნქტები არასწორად განმარტა, ვინაიდან მოპასუხის მიერ ხელშეკრულებების 4.4. პუნქტის შესაბამისად, დაკავებულია სამუშაოთა საერთო ღირებულების 5%-მდე თანხა, რომლის ნახევარიც გადახდილ უნდა იქნას საექსპორტო დასკვნის შედგენის შემდეგ დადგენილი ფასის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაკორექტირებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (პუნქტი 4.5 , 4.6.), რაც დღეის მდგომარეობითაც არ არის განხორციელებული და შედგენილი, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების გაფორმების შემდეგ წარმოიშვა ვალდებულება, დაკავებული თანხის გადარიცხვა განხორციელდეს 4.5. პუნქტით გათვალისწინებული ოდენობითა და პერიოდულობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

16. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 30 000 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების საფასურის სახით 1 200 ლარისა და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის – 400 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 65 054,11 ლარის გადახდისა და იურიდიული მომსახურების საფასურის – 3 500 ლარის გადახდის ნაწილში, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 37 487.53 ლარის, საპროცესო ხარჯის სახით 2624 ლარის, იურიდიული მომსახურების – 2000 ლარის, ხოლო ექსპერიზის ხარჯის – 400 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოდავე მხარეთა შორის 2014 წლის 15 აპრილს და 2014 წლის 3 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №.. და №.. ხელშეკრულება ხულოს მუნიციპალიტეტტში, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის საკანალიზაციო ქსელისა და სამეურნეო ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის სამუშაოების განხორციელების თაობაზე და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.

19. 2013 წლის 15 აპრილის №.. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 717 717 ლარით. 2014 წლის 3 ივლისის №.. ხელშეკრულების ღირებულება, 3.1. პუნქტის თანახმად, – 661 026 ლარით, როგორც №.., ასევე №.. ხელშეკრულებებში მხარეებმა გაითვალისწინეს ანგარიშსწორების ფორმა, რაც ითვალისწინებდა ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანგარიშსწორებას. ასევე, განსაზღვრეს შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი.

20. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №.. ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება წარმოდგენილი აქტების გათვალისწინებით (ფორმა №2) შემსყიდველის მომართვის საფუძველზე უნდა დადასტურებულიყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნით. შემსყიდველი უფლებამოსილია, შეაჩეროს ანგარიშსწორება ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 5%-ის ოდენობით.

21. ხელშეკრულებებით მხარეებმა გაითვალისწინეს არაერთი სახის პირგასამტეხლო. 10.1. პუნქტით მიმწოდებელს 6.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1.%-ის ოდენობით.

22. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდი. მხარეთა შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულებაში სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი ანალოგიურად განისაზღვრა (5-5 პუნქტი). 5.12. პუნქტით დადგინდა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესიც (10.1. პუნქტი) – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1. %.

23. სამუშაო უნდა შესრულებულიყო 2014 წლის 1 ოქტომბრამდე.

24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებში არაერთგზის შევიდა ცვლილებები, რომელიც შეეხო, როგორც ვალდებულების შესრულების ვადას, ისე ხელშეკრულების საერთო დებულებებს, სახელდობრ: ხელშეკრულებებმა ცვლილებები შევიდა (შეთანხმებით) 2014 წლის 24 ნოემბერს, 2015 წლის 16 ივნისს და 2015 წლის 2 ნოემბერს.

25. ცვლილებათა თანახმად, 2014 წლის 3 ივლისის №.. ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი, ხოლო ხელშეკრულების (№..) საერთო ღირებულებად დადგინდა 662 086.71 ლარი.

26. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დადგენის მიზნით, 2016 წლის 17 მაისს მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ გასცა დასკვნა, რომლის თანახმად: გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო-სათხილამურო კურორტის საკანალიზაციო ქსელის და სამეურნეო ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობით, ფაქტობრივად შესრულებული სამუსაოების ღირებულებამ შეადგინა 682 764.53 ლარი, ხოლო სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის მოსამსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის ფაქტიურად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ – 660 673.5 ლარი.

27. ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია, რომ საკვლევ ტერიტორიაზე დალაგებულია რკინა-ბეტონის 40 ცალი (38) რგოლი, რომელიც უშუალოდ ტერიტორიაზეა. ეს სამუშაო არ არის გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვით და დანართში არ ასახულა.

28. ექსპერტი დასკვნაში მიუთითებს, რომ „აივნის ძირები არ არის გალესილი, არამედ დამუშავებულია ფითხით და შეღებილია.“ კურორტ გოდერძის მოსამსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 660 673 ლარს, რაც 662 086.71 – 660673.53 =1413.18 ლარით ნაკლებია წარმოდგენილ №2 აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებებზე.

29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ცვლილებები შეეხო №.. ხელშეკრულებასაც, მისი საერთო ღირებულება განისაზღვრა 693 531,76 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა – 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

30. 2016 წლის 4 ივლისს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა მოსარჩელემ და, თავის მხრივ, შეეცადა მოპასუხისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დადგენას. ამასთან, მის მიერ ექსპერტის წინაშე დასმული შეკითხვები გამომდინარეობდა ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 17 მაისის დასკვნის შინაარსიდან, მოპასუხის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან, სადაც შესრულებულ სამუშაოებში არ იყო ჩათვლილი რკინა-ბეტონის რგოლები (40 ცალი), რომლებიც ტერიტორიაზე იყო განთავსებული, ასევე, ყურადღება იყო გამახვილებული, რომ აივნის ძირები დამუშავებულია ფითხით და არ არის შელესილი. ექსპერტის წინაშე დასმული იყო კითხვა: ფითხით შელესვამ გააუმჯობესა თუ გააუარესა ნაგებობის საექსპლუატაციო მახასიათებლები. დასკვნის თანახმად: ფორმა და ხარჯთაღრიცხვა, სადაც რკინაბეტონის რგოლებია აღწერილი ხელმოწერების გარეშეა და დადასტურებელია დამკვეთის (მოპასუხის) სველი ბეჭდით. რაც შეეხება მეორე კითხვას, ექსპერტის დასკვნის თანახმად, უნდა ჩაითვალოს თუ არა რგოლების ღირებულება შესრულებულ სამუშაოში, იგი სცილდება ინჟინერ ექსპერტის კომპეტენციას და სამართლებრივი შეფასების სფეროს განეკუთვნება.

31. აივნის ძირების ფითხით დამუშავებასთან დაკავშირებით (რაც არ იყო შეთანხმებული შემსყიდველ ორგანიზაციასთან) ექსპერტიზამ განმარტა, მისი ღირებულება უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ლესვითი სამუშაოებისა.

32. ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკითხებთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია არაერთი მიმოწერა მხარეთა შორის, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია 2015 წლის 24 დეკემბრის №206 კორესპონდენცია, (წერილი), რომელითაც მოპასუხე მიმართავს მოსარჩელის უფლებამოსილ პირს. მითითებულ წერილში მოპასუხე საბოლოო შეჯამებას, შეფასებას ახდენს (რა თქმა უნდა, თავისი აზრით, მართებულს) მხარეთა შორის საბოლოოდ არსებულ ვითარებაზე. წერილის თანახმად: „სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულ იქნა 2015 წლის 1 ოქტომბრისათვის, თქვენს მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ფორმებში შეტანილია 98 ცალი რკინა-ბეტონის რგოლის დამზადების ღირებულება. ჭების მოწყობის სამუშაოებისათვის კი გამოყენებულია 65 ცალი რკინა-ბეტონის რგოლი, შესაბამისად, 33 რგოლის ღირებულება ანაზღაურებას არ ექვემდებარება“ (რგოლების ღირებულების ანაზღაურება ერთ-ერთი სადავო საკითხია მხარეთა შორის).

33. წერილში ასევე დაფიქსირებულია, რომ 2014 წლის 15 აპრილის №.. ხელშეკრულებით და მხარეებს შორის 2015 წლის 16 ივნისს მიღწეული შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი. მოპასუხის განმარტებით, სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 7 ოქტომბერს. შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა 36 დღე. ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულება შეადგენს 177 763.31 ლარს (№.. ხელშკრულებიდან გამომდინარე), ამდენად, დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა 0.1%-ის გათვალისწინებით 36 დღეზე 6399 ლარია, რომელიც 0.1%-ზე გაანგარიშებით სწორადაა გამოქვითული შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან.

34. რაც შეეხება №.. ხელშეკრულებას, აქ სამუშაოები დასრულდა 16 ოქტომბრისათვის, შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 45 დღეს, პირგასამტეხლოს ოდენობა კი ხელშეკრულების ღირებულების გათვალისწინებით (662 086,71ლარი) 0.1% - 29 794 ლარს, რაც ასევე გამოქვითულია სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან.

35. ნიშანდობლივია, ყურადსაღები და დადგენილი ფაქტი, რომ მოპასუხემ პირგასამტეხლო, №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების ოდენობიდან დაიანგარიშა, ხოლო №-- ხელშეკრულებასთან მიმართებით კი, არა შეუსრულებელი, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან.

36. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს 65 054 ლარს.

37. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რისგან შედგება სარჩელით მოთხოვნილი თანხა, 65 054 ლარი, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა და დააზუსტა, რომ აღნიშნული თანხა მოიცავს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, რაც არ გადაუხადა მოპასუხეს, მათ შორის, პირგასამტეხლოს სახით არასწორად დაკავებულ თანხას ორთავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე (№-- ხელშეკრულებიდან 6399 ლარს და №-- ხელშეკრულებიდან 29794 ლარს) სულ – 36 193 ლარს. ასევე, 40 ცალი რკინა-ბეტონის რგოლის ღირებულებას და აივნის ძირების ფითხით დამუშავების ღირებულებას.

38. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხეს არ უნდა გამოეკლო მისთვის განკუთვნილი და მისაღები შესრულებული სამუშაოს ღირებულებისთვის პირგასამტეხლოს თანხა, რადგან იგი არის, პირველ რიგში, შეუსაბამოდ მაღალი, უკიდურეს შემთხვევაში მისი დაანგარიშება უნდა მომხდარიყო შეუსრულებელი ვალდებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, ამასთან, მოსარჩელე არ უარყოფს, რომ ვადის გადაცილებას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამაში მხოლოდ თვითონ არ არის ბრალეული, რადგან ხშირ შემთხვევებში სამუშაოს დროულად დასრულებას თავად მოპასუხე უშლიდა ხელს პასუხების დაყოვნებით.

39. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ რკინა-ბეტონის 40 ცალი რგოლი ნამდვილად არის მათ მიერ შესრულებული სამუშაო, რომელიც ხარჯთაღრიცხვითაც იყო გათვალისწინებული, შესაბამისად, მისი ღირებულება მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს. რაც შეეხება ფითხით აივნის ძირების დამუშავებას, მართალია, იგი არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული (გათვალისწინებული იყო ჩვეულებრივი შელესვა), მაგრამ ამგვარმა დამუშავებამ გააუმჯობესა შენობის საექსპლუატაციო ღირებულება, ამდენად, იგი უთუოდ არის შესრულებული სამუშაო და მისი ღირებულება უნდა ანაზღაურდეს თუნდაც იმ ოდენობით, რაც ლესვითი სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული.

40. რაც შეეხება რკინა-ბეტონის რგოლებს, მოსარჩელის განმარტებით, 40 ცალი რკინა-ბეტონის რგოლის ღირებულება 8647.2 ლარია და ეს უდავო ფაქტობრივი გარემოებაა. გამომდინარე იქედან, რომ №206 კორესპონდენციაში, რომლის ავტორიც, თავად მოპასუხეა, მის მიერვე 33 ცალი რკინა-ბეტონის რგოლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 7124.35 ლარადაა შეფასებული, რაც თავისთავად გვაძლევს 40 ცალის ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობას. 7124.35 ლარი / 33 ცალზე = 216.18 ლარს, ხოლო 40 ცალის ღირებულება კი (40*216.18 = 8647.2) არის 8647.2 ლარი.

41. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აღნიშნული შეფასება და არგუმენტაცია რგოლების ღირებულების დადგენასთან მიმართებით.

42. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 36 193 ლარის ღირებულების (ანუ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხის) სამუშაოები მოსარჩელემ მოპასუხისათვის შეასრულა. ამის დასტურია, უპირველესად, ისევ თავად მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწერილი წერილი, რომლის თანახმად 6399 ლარი და 29 794 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა და იგი გამოქვითულია შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან.

43. 2014 წლის 15 აპრილის №.. ხელშეკრულებიდან ვადაგადაცილების დროისათვის ე.ი. 2015 წლის 1 სექტემბრისათვის შესასრულებელი იყო 177 763,31 ლარის ღირებულების სამუშაო (იხ. 2015 წლის 24 დეკემბრის №206 წერილი, რომლითაც მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს).

44. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, პირიქით, იგი ერთ-ერთ უმთავრეს მტკიცებულებად სწორედ ამ წერილს იშველიებს. (თუმცა ვადაგადაცილებაში ბრალეულად მოპასუხესაც მიიჩნევს).

45. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა ოდენობის სამუშაო იყო შეუსრულებელი 2014 წლის 3 ივლისის №-- ხელშეკრულებიდან, ამაზე პასუხსაც თავად მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილი იძლევა (№206), რომლის თანახმადაც სამუშაოების ძირითადი ციკლი 2015 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა, რაც მხარეთა არაერთი წერილით დასტურდება. 7 ოქტომბერს ინსპექტორების ჯგუფის მიერ ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესწავლით დადგინდა, რომ რიგი სამუშაოები არ იყო შესრულებული. აივანზე ხის მოაჯირების მოწყობა და მეორე სართულის გარე კედლების, ფრონტონების და სახურავქვეშა ნაწილის ხის ლარტყების შემოსვა, აივნების ძირების შელესვა, სართულშუა გადახურვის დონეზე არსებული გამყოფი ზოლის და აივნების ძირების სამღებრო სამუშაოები, გათბობის ქვაბის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 16 ოქტომბრისათვის, ამასვე ადასტურებს მხარეთა შორის 2015 წლის 16 ოქტომბრის №--1 და №1610/15-1 კორესპონდენცია. იმის გასარკვევად, თუ რა ღირებულებისაა ვადაგადაცილებით შესრულებულ ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაო, სააპელაციო პალატამ მოიხმო საქმეში წარმოდგენილ №.. ხელშეკრულების №1 ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმადაც №206 კორესპონდენციაში, ასევე, თავად მოსარჩელის 2015 წლის 16 ოქტომბრის წერილში ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების ღირებულება შეადგენს: აივანზე და კიბეზე ხის დეკორატიული მოაჯირის მოწყობა – 1485 ლარს (ჩამონათვალში პუნქტი №55); გარე კედლების, ფრონტონების და აივნის ძირების შელესვის ღირებულება – 6186,94 ლარს (პუნქტი 62); მეორე სართულის გარე კედლების, ფრონტონების და სახურავქვეშა ნაწილის შემოსვა თერმულად დამუშავებული მაგარი ჯიშის ხის ლარტყებით ღირებულება – 11 119,95 ლარი (პუნქტი 65); სართულშუა და სასხვენო გადახურვის დონეზე გამყოფი ზოლის მოწყობა (ღირებულებით 3149,83 პუნქტი 63). გათბობის ქვაბის სამონტაჟო სამუშაო მის სრული ციკლი ღირებულებით 14669.64; (გვ. 79 (62) ტ.1. გათბობის ლოკალურ-რესურსური ხარჯთაღრიცხვა №3).

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ შევაჯამებთ №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადაგადაცილებით შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულებას, იგი 36611,36 ლარის ტოლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის – 45 დღის გათვალისწინებით 0.1%-ის პირგასამტეხლოს ოდენობა იქნება 1647,5 ლარი (ნაცვლად გამოქვითული 29794 ლარისა), რომელიც მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან იქნა გამოქვითული და არა ვადის გადაცილებით შესრულებული სამუშაოს, ე.ი. ღირებულებიდან 36 611.36 ლარიდან.

47. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვადაგადაცილებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8046.9 ლარია (1647.5+6399ლ).

48. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირგასამტეხლოს ანგარიშში მოპასუხემ მოსარჩელეს გაუქვითა 36 193 ლარი, 8046.9 ლარის ნაცვლად, ანუ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან მოპასუხემ მოსარჩელეს არასწორად დაუკავა და დაუქვითა (36193 – 8046,9=28146,1) 28146,1 ლარი.

49. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასევე საფუძვლიანია მოთხოვნა აივნის ძირების ფითხით დამუშავებისთვის, რადგან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ფითხით ლესვამ შენობის საექსპლუატაციო მონაცემები გააუმჯობესა, ანუ შედეგი მოპასუხემ მიიღო უკეთესი, ვიდრე მიიღებდა მაშინ, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი ლესვა, რომ ეწარმოებინა. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ის თანხა, რაც გათვალისწინებული იყო არა ფითხით, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი ლესვისათვის, ხოლო იმ სხვაობის (მეტობით) დაკისრებაზე, რაც ფითხით დამუშავებამ გამოიწვია და არ იყო შეთანხმებული, უნდა ეთქვას უარი.

50. საქმეში წარმოდგენილია ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმადაც, გარე კედლების, ფრონტონების და აივნის ძირების ლესვის ღირებულებაა 6673,66 ლარი (პუნქტი 62) და გამყოფი ზოლის და აივნის ძირების დამუშავება და შეღებვა წყალმდეგი საღებავით ღირებულებით 928,87 ლარი (პუნქტი 64), რაც სულ 7602.53 ლარია (ლესვითი სამუშაოების ღირებულება). ანუ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკსიროს ფითხით დამუშავების სამუშაოების ღირებულების ის ნაწილი, რაც მხარეთა შორის გათვალისწინებული იყო ჩვეულებრივი ლესვისათვის 7602.53 ლარის ოდენობით.

51. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ ჩათვალა მოთხოვნა გამოუყენებელი 33 ცალი რკინა-ბეტონის რგოლების საფასურის ნაწილში და შესრულებულ სამუშაოდ არ განიხილა. ე.ი სარჩელი საფუძვლიანია 28 146 + 7602.53 = 35 748.53 ლარის მოთხოვნის ნაწილში.

52. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხარისხი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან, კრედიტორის ინტერესი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიმართ, და სხვა. ყველა ზემოაღნიშნული საკითხის შეფასება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ, კანონიერ გადაწყვეტაში დაეხმარება.

53. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა დარღვევის 36-დღიანი ვადის გათვალისწინებით 177763 ლარიდან (№-- ხელშეკრულებიდან) 6399 ლარია, შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების ობიექტური გარემოება, ასევე, სამართლიანია 36 611.36 ლარიდან (№-- ხელშეკრულებიდან) 1647.5 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება დარღვევის 45-დღიანი პერიოდის გათვალისწინებით და არ არსებობს მისი მეტად შემცირების საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იგი თანაზომიერია დარღვეულ ვალდებულებებთან მიმართებით.

54. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის საფუძველზე. სსკ-ის 629-ე და 648-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (თუმცა ვადაგადაცილებით) შეასრულა და უნდა აუნაზღაურდეს გაწეული სამუშაოსათვის საზღაური. მოპასუხე არ უარყოფს, რომ მოსარჩელემ მართლაც გასწია 36199 ლარის (პირგასამტეხლოს სახით გაქვითულ-დაკავებული სამუშაო, საიდანაც პალატამ დაადგინა, რომ გონივრული და სამართლიანია მხოლოდ 8046.9 ლარის დაკავება, დაქვითვა, როგორც პირგასამტეხლოსი, ხოლო დარჩენილი 28 146.1 ლარი, როგორც უსაფუძვლოდ დაკავებული უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

55. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელემ გასწია აივნისა და ფრონტონების დამუშავებისთვის გარკვეული სამუშაო (დაამუშავა იგი ფითხით), რაც მართალია არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული (ხელშეკრულებით აივნის ძირების ჩვეულებრივი ლესვა იყო გათვალისწინებული), თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ამგვარმა მოქმედებამ, გადაწყვეტილებამ გააუმჯობესა (და არ გააუარესა) ზოგადად შენობის საექსპლუატაციო ხარისხი, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ოდენობაც ლესვითი სამუშაოებისათვის იყო გათვალისწინებული, ანუ 7602.53 ლარი.

56. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის მესამე ნაწილს (65 054 ლარიდან) გამოუყენებელი, მაგრამ მოპასუხის ტერიტორიაზე განთავსებული 33 ცალი რკინა-ბეტონის ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება შესრულებულ სამუშაოდ და მისი ღირებულების ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი. მოსარჩელის პოზიციას მოთხოვნის ამ ნაწილში დასაბუთებულს ვერ გახდის ის გარემოება, რომ ხარჯთაღრიცხვა (რომელიც ამ 33 რკინა-ბეტონის რგოლების ღირებულებასაც ითვალისწინებდა) დადასტურებულია მოპასუხე ორგანიზაციის სველი ბეჭდით, რამეთუ მოპასუხემ დაადასტურა ის, რაც მოსარჩელემ წარუდგინა, როგორც შესრულებული სამუშაოსათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვა, თუმცა გონივრული შეფასებით პალატა დაეთანხმა მოპასუხის იმ შეფასებას, რომ მას არ შეიძლებოდა ზუსტად სცოდნოდა (ხარჯთაღრიცხვის დამოწმების დროისათვის) კურორტის საკანალიზაციო ქსელისა და ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისათვის ზუსტად რამდენი რგოლი იქნებოდა საჭირო, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი არაერთგზის შეიცვალა.

57. რადგან ნარდობის ხელშეკრულება მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას ითვალისწინებს, იმ რგოლების ღირებულება, რომელიც არ იქნა გამოყენებული შესრულებულ სამუშაოში არ უნდა იქნეს ანაზღაურებული.

58. სსკ-ის 646-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დარჩენილი 33 ცალი რკინა-ბეტონის რგოლი განთავსებულია შემკვეთის ტერიტორიაზე, იგი მოსარჩელეს არ გამოუყენებია, რის გამოც მისი ღირებულების ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელისათვის უკანონო და დაუსაბუთებელია.

59. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 35 748, 53 ლარის გადახდა (28 146.1 +7602.53= 35 748.53ლ).

60. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით გასწორდა 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 35 748,53 ლარის, საპროცესო ხარჯის – 2502 ლარის, იურიდიული მომსახურების – 2000 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის – 400 ლარის გადახდა.

კასატორების მოთხოვნები და საფუძვლები:

61. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

62. კასატორმა მიიჩნია, რომ, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, რომელიც განვითარებული იყო გადაწყვეტილებაში, გაცილებით ნაკლები თანხა დააკისრა მოწინააღმდეგე მხარეს. არითმეტიკული გამოთვლის შესაბამისად, თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას – 65054,11 ლარს (რომელიც შედგებოდა 36193 ლარიდან – მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესრულებული სამუშაოდან გამოქვითული პირგასამტეხლო + 28861,11 ლარი – შესრულებული სამუშაოები, რომელიც სარჩელის აღძვრის მომენტში კასატორს ეკუთვნოდა) – 8046,9 (სააპელაციო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა) – 8647,2 (რკინა-ბეტონის რგოლების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც არ იქნა გაზიარებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ) = 48360,01 ლარს.

63. კასატორის მოსაზრებით, რკინა-ბეტონის რგოლების საკითხში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო დასაბუთება, რომ მას თავიდანვე არ შეიძლებოდა, სცოდნოდა რა რაოდენობის რკინა-ბეტონის რგოლი დასჭირდებოდა. შესაბამისად, 33 რკინა-ბეტონის რგოლის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში, რომელიც შეადგენდა 8647.2 ლარს (რელუარად აღნიშნული თანხა შეადგენს 7076.14 ლარს), სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გაიზიარა. მოცემული მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.

64. მოპასუხემ ექსპერტიზას სრულყოფილად არ წარუდგინა ის დოკუმენტები, რომლითაც სრულად დადგინდებოდა კასატორის მიერ გაწეული სამუშაოების ფაქტობრივი მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება, კერძოდ, მოპასუხემ არ წარადგინა ის საბოლოო კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და №2 ფორმა შესრულებულ სამუაოებზე, რომელშიც შესული იყო რკინა-ბეტონის რგოლები, მოწონებული და ხელმოწერილი იყო ორივე მხარის მიერ, თუმცა მოწინააღმდეგე მხარემ ის წარმოადგინა სასამართლოში სარჩელზე თანდართული შესრულება №2 ფორმის სახით. მოცემული გარემოებისა და ფითხით შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესწავლის მიზნით, კასატორმა ჩაატარა ექსპერტიზა, რომელიც შესრულდა ერთი და იგივე პიროვნებებისა და ორგანიზაციების მიერ. ექსპერტიზის დასკვნაში ნათლად წერია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2015 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული ხელშეკრულების ცვლილება და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვაც თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი მოწონებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. მასში მითითებულია, დასამზადებელი რკინა-ბეტონის რგოლის თაობაზეც. ასევე, ექსპერტი საუბრობს 2014 წლის 22 ოქტომბრის შესრულება №2 ფორმაზეც, რომელშიც მითითებულია 15092 ლარის ღირებულების 98 ცალი რკინა-ბეტონის რგოლი. 15092 ლარს თუ დაემატება 10% ზედნადები ხარჯის სახით, გეგმიური დაგროვების 8% და დამატებითი ღირებულების 18%, მივიღებთ 21014 ლარს, რაც წარმოადგენს 98 ცალი რკინა-ბეტონის რგოლის ღირებულებას. მოცემული ასახულია მოწინაღმდეგე მხარის შესაგებელზე თანდართულ კორექტირებულ №2 შესრულების ფორმაში, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ასევე, დადგინდა ექსპერტიზის მიერ აივნის ძირების ფასადის ფითხით დამუშავებით სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების ფაქტი.

65. მოსარჩელე კასატორმა სადავოდ გახადა ის ფაქტი, რომ მთლიან შესრულებაში უნდა აყვანილიყო 33 ცალი რკინა-ბეტონის რგოლი, რომლის ჯამური ღირებულებაც შეადგენს 7076.14 ლარს (21014 ლარი : 98 ცალი = 214.42 ლარი * 33 ცალი). ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთ სასამართლო პროცესზე არ შედავებია მოწინააღმდეგე მხარე იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ ექსპერტიზაში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა იყო ნამდვილი, ხელმოწერილი, სველი ბეჭდით დამოწმებული და საბოლოო. ზუსტად მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ ხარჯთაღრიცხვის და 2014 წლის 22 ოქტომბრის №2 შესრულების ფორმის ექსპერტისათვის დამალვამ გამოიწვია ის, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაიწერა 7076.14 ლარით ნაკლებზე. ასევე არასწორია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სასარჩელო მოთხოვნა შედგებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების (რაც მოპასუხემ არ გადაუხადა მოსარჩელის პირგასამტეხლოს სახით), ფითხით შესრულებული სამუშაოსა და 40 ცალი რკინა-ბეტონის ღირებულებისაგან. მოცემული დავის სწორად და სამართლიანად გადაჭრისათვის სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმ მტკიცებულებებზე, რომელიც დაადგენდა მოწინააღმდეგე მხარის მთლიან დავალიანებას და შემდგომ მოეხდინა ამ დავალიანებიდან სარჩელის აღძვრის მომენტში მოსათხოვი თანხის ლეგიტიმურობის დადგენა კერძოდ: ა) დადასტურებული ანგარიშფაქტურები, რომლითაც დგინდება, რომ 1 354 319 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა მოსარჩელემ; ბ) მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 1250294,13 ლარილ გ) პირველ და მეორე პუნქტში აღნიშნული თანხის სხვაობამ შეადგინა 104024. 87 ლარი; დ) მოსარჩელე ნაწილობრივ დაეთანხმა მოპასუხის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს, №-- ხელშეკრულების ფარგლებში – 1046.33 ლარს, ხოლო №-- ხელშეკრულების ფარგლებში – 730.89 ლარს. შესაბამისად, მთლიანი დავალიანება, რომელიც მხარეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ წარმოადგენდა 102247.65 ლარს; ე) სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 4.5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოთხოვნა ლეგიტიმური იყო მხოლოდ 65054.11 ლარის ფარგლებში; ვ) სწორად მოეხდინა მხარეთა მიერ ჩატარებული ექსპერტიზის წაკითხვა, სადაც ნათლად ეწერა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა თანხვედრაში იყო ხელშეკრულების ცვლილებასთან და შესრულება №2 ფორმასთანაც, ასევე, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იყო ორივე მხარის მიერ. მოცემული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო არ დაუშვებდა არც არითმეტიკულ შეცდომებს, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა ქუთაისის სააპელციო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით, და არც დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას გამოიტანდა.

66. დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ მისი ოდენობის შემცირების მიუხედავად, იგი მაინც არათანაზომირია. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, მიმწოდებლებს უფლება არა აქვთ, სამშენებლო სამუშაობზე ზედნადები ხარჯები 10 პროცენტზე მეტი ოდენობით დაარიცხონ. ამავე დადგენილებით შეზღუდულია გეგმიური მოგების დარიცხვის ზღვრული ოდენობა 8 პროცენტამდე. მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერება კარგად ჩანს საქმეში არსებული მიმოწერებიდან და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდანაც, რომელიც მოსარჩელემ წარუდგინა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელზე თანდართული დოკუმენტთან ერთად. სააპელაციო სასამართლოს მიერ საერთოდ არ იქნა შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულება, რომლითაც დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე წლიურად იღებს 12,5 პროცენტს ბანკში განთავსებულ თანხაზე, მათ შორის, უკანონოდ დაკავებულ მოსარჩელის კუთვნილ თანხაზეც, რაც სავარაუდოთ იმ კითხვას სცემს პასუხს, თუ რის გამო აკავებს ის დღემდე მოსარჩელის კუთვნილ თანხას. ზემოთ მითითებული დადგენილების შესრულების ფარგლებში ფაქტობრივად კომპანიას, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, მოგების სახით უნდა დარჩენოდა. მიახლოებით ის თანხა, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არის დაკავებული 2 წელზე მეტია იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ ხელი არ მოაწერა მათ მიერ შემოთავაზებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს დააკლო 51000 ლარამდე თანხა. მოპასუხემ არ ჩაურიცხა თანხა, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ გამხდარა სადავო და იმ მომენტისათვის შეადგენდა 14 000 ლარზე მეტს.

67. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა ის. მიუხედავად სასამართლოს განმარტებისა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება (სსკ-ის 629-655 მუხლები), სააპელაციო პალატამ ვერ მიუთითა, თუ რომელ სამართლებრივ ნორმას ეფუძნება მისი დასკვნა, რომ მოსარჩელეს არ გვეკუთვნოდა რკინა-ბეტონის რგოლების ღირებულების ანაზღაურება, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელე მოწინააღმდეგე მხარესთან შეთანხმებით ხშირ შემთხვევაში ასრულებდა სამუშაოებს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვაში, ხოლო შემდგომ ხდებოდა მისი ხარჯთაღრიცხვაში აღრიცხვა და ანაზღაურებაც. მოსარჩელის მიერ ექსპერტიზაში წარდგენილ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში შეტანილი იყო რკინა-ბეტონის რგოლების ღირებულებები. ისინი თანხვედრაში იყო 2015 წლის 7 ნოემბრით დათარიღებულ ხელშეკრულების ცვლილებასთან, რომელიც ბოლო შეთანხმება იყო მხარეებს შორის. ამასთან, 2014 წლის 22 ოქტომბრის შესრულება №2 ფორმაშიც მითითებული იყო დამზადებული რკინა-ბეტონის რგოლებზე, რომელიც მოპასუხეს ჩათვლილი ჰქონდა შესრულებულ სამუშაოში.

68. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მოპასუხის მოქმედებები სსკ-ის 115-ე მუხლთან მიმართებით არ შეუფასებია მიუხედავად იმისა, რომ მხარე სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში უთითებდა აღნიშნულზე, კერძოდ, რომ მოპასუხე უსაფუძვლო მიზეზით არ ახდენდა მოსარჩელესთან საბოლოო ანგარიშსწორებას. ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და აღნიშნა, რომ 2015 წლის 5 დეკემბრიდან ექსპლუატაციაშია შესული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ობიექტები და მოსთხოვა საგარანტიო ვადების ფარგლებში მოქმედება. ასევე, საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდანაც ირკვევა მოპასუხის ზოგადი დამოკიდებულება მოსარჩელის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტაზე, კერძოდ, სახურავის გადახურვაზე, სამთო და სადრენაჟე არხების მოწყობაზე და სხვა საკითხებზე დააგვიანა პასუხი 75 დღით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გადაგვიწია 45 დღით.

69. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემაც და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით 35 748,53 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით:

70. მოპასუხე კასატორმა მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით არსებობდა შეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ, რაც არც ერთი მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები შეუსრულებელი სამუშაოების ოდენობის შესახებ. უდავოა, რომ მოსარჩელემ სამუშაოს შესრულების ვადა დაარღვია. მოპასუხემ კი რამდენჯერმე გაუგრძელა აღნიშნული ვადა, რაც ადასტურებს, რომ მოპასუხეს არ სურდა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება. მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით მიღებული თანხა წარმოადგენდა იმ ფინანსური დანაკარგის კომპენსაციას, რაც მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შედეგად სასტუმროსა და კოტეჯების დაგვიანებით გახსნის შედეგად მიადგა.

71. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს პრაქტიკა პირგასამტეხლოს ოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულის შედეგად პირგასამტეხლომ თავისი ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის ფუნქცია დაკარგა.

72. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ხელშეკრულებების 5.12 და 5.13 პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად შემსყიდველი ანაზღაურებდა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული საუშაოს ღირებულებას, ვინაიდან მოპასუხის მიერ ხელშეკრულებების 4.4. პუნქტის შესაბამისად, დაკავებულია საუშაოთა საერთო ღირებულების 5%-მდე ოდენობის თანხა, რომლის ნახევარიც გადახდილ უნდა იქნას საექსპერტო დასკვნის შედგენის შემდეგ დადგენილი ფასის შესაბამისად საგადასახადო ანგარიშფაქტურების დაკორექტირებისა და საბოლლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (პუნქტი 4.5, 4.6.), რაც დღეის მდგომარეობითაც არ არის განხორციელებული და შედგენილი, შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტების გაფორმების შემდეგ მოპასუხეს წარმოეშობა ვალდებულება, დაკავებული თანხა გადარიცხოს 4.5 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობითა და პერიოდულობით.

73. მოპასუხე კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა სადავო თანხის გადახდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე მაშინ, როცა ამ აქტის გაფორმების დაყოვნება გამოწვეულია მოსარჩელის უკანონო და არაკეთილსინდისიერი ქმედებით. მოსარჩელე, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, არ აკორექტირებს შესაბამისი დოკუმენტაციას.

74. მოპასუხე კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ დამოუკიდებლად დაადგინა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება სრულად (როგორც მთლიანი, ასევე ცალკეული სამუშაოების ღირებულებები). სატენდერო წინადადებით წარადგინა მის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვები. აქედან გამომდინარე, თუკი მოსარჩელემ არასწორად განსაზღვრა კონკრეტული სამუშაოს საბაზრო ღირებულება, მას არა აქვს უფლება, საკუთარი წინდაუხედაობისა და სათანადო ცოდნა-გამოცდილების უქონლობის გამო, მოსთხოვოს შემსყიდველს მის მიერ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ღირებულებასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის ანაზღაურება. მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მე-5 პუნქტის მიხედვით დადგენილია, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, რათა დადგინდეს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულება, შესაბამისად, მოპასუხის მიერ განხორციელებული მოქმედება (ექსპერტიზის ჩანიშვნა) სრულად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცედურასა და წესს. დაუდგენელია, თუ რატომ ჩაატარა მოსარჩელემ ექსპერტიზა ან/და საერთოდ რა ფაქტი დაადგინა ექსპერტიზით. ხელშეკრულების 4.6 პუნქტის მიხედვით „შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას“, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება და არა ყველა თანხა, რასაც მოსარჩელე მოითხოვს. ამავდროულად, მხარეთა შორის დადებული №-- ხელშეკრულებისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, კერძოდ, ლოკალურ-რესურსური ხარჯთაღრიცხვა №1-ის 64-ე პუნქტით გათვალისწინებულია აივნების ძირების დამუშავება ფითხით და შეღებვა, შესაბამისად, ფითხით დამუშავება არ არის დამატებითი ან/და ალტერნატიული შესრულებული სამუშაო, არამედ იგი გათვალისწინებული იყო ხარჯთაღრიცხვით და უნდა შესრულებულიყო დუღაბით შელესვის შემდეგ, ხოლო მხარემ აღნიშნული არ განახორციელა.

75. კასატორის მითითებით, გაურკვეველია, თუ როგორ დაადგინა აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მითითებული არ ყოფილა. ამდენად, სააპელაციო პალატა გასცდა ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებს. გაურკვეველია, რის საფუძველზე დადგინდა სააპელაციო სასამართლომ, რომ „შესრულებულ სამუშაოთა ხარისხი დამაკმაყოფილებელია და დაშვებული გადახრები დასაშვებ ნორმებში, რასაც გავლენა არ მოუხდენია შესრულებულ სამუშაოთა ხარისხზე და რაც ნამდვილად უმნიშვნელოა სამუშაოთა იმ მოცულობით პირობებში“. ასევე გაურკვეველია, რომელი მტკიცებულება ადასტურებს აღნიშნულს. საპირისპიროდ საქმეში წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რითაც ეს სამუშაოები არ ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებულ და ასანაზღაურებელ სამუშაოდ. აგრეთვე წარდგენილია ინსპექტირების აქტი და შესაბამისი კორესპონდენცია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების შესახებ.

76. შემსყიდველი ორგანიზაციამ, შეთანხმებისამებრ, მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, საიდანაც მიღებული იქნა საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ 2014 წლის 15 აპრილს გაფორმებული №-- ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულება მოსარჩელის მიერ ანაზღაურებაზე წარმოდგენილი №2 ფორმების გათვალისწინებით შეადგენს 662 086.17 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 660 673,53 ლარი, 2014 წლის 3 ივლისს გაფორმებული №-- ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურებაზე წარმოდგენილი №2 ფორმების გათვალისწინებით შეადგენს 685 196,7 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 682 764.53 ლარი. შესაბამისად, უტყუარად დგინდება, რომ შემსრულებლის მიერ მოწოდებული №2 ფორმებით გათვალისწინებულ ღირებულებაზე ნაკლები ღირებულების სამუშაოები იქნა რეალურად შესრულებული. ექსპერტიზის დასკვნითაც დადგენილია, რომ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების პირობა მოსარჩელემ დაარღვია და ფითხით განხორციელებული სამუშაოები არ უნდა ჩაითვალოს შესრულებაში, შესაბამისად, მოპასუხეს 7602.53 ლარის გადახდა არ უნდა დაეკისროს.

77. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით – მოპასუხის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

78. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

79. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორების მიერ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოდგენილა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ:

80. მოდავე მხარეთა შორის 2014 წლის 15 აპრილს და 2014 წლის 3 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №.. და №.. ხელშეკრულება ხულოს მუნიციპალიტეტტში, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის საკანალიზაციო ქსელისა და სამეურნეო ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის სამუშაოების განხორციელების თაობაზე და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.

81. 2014 წლის 15 აპრილის №.. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 717 717 ლარით. 2014 წლის 3 ივლისის №.. ხელშეკრულების ღირებულება, 3.1. პუნქტის თანახმად, – 661 026 ლარით, როგორც №.., ასევე №.. ხელშეკრულებებში მხარეებმა გაითვალისწინეს ანგარიშსწორების ფორმა, რაც ითვალისწინებდა ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანგარიშსწორებას. ასევე, განსაზღვრეს შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი.

82. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №.. ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება წარმოდგენილი აქტების გათვალისწინებით (ფორმა №2) შემსყიდველის მომართვის საფუძველზე უნდა დადასტურებულიყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნით. შემსყიდველი უფლებამოსილია, შეაჩეროს ანგარიშსწორება ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 5%-ის ოდენობით.

83. ხელშეკრულებებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო. 10.1. პუნქტით მიმწოდებელს 6.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1.%-ის ოდენობით.

84. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდი. მხარეთა შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულებაში სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი ანალოგიურად განისაზღვრა (5-5 პუნქტი). 5.12. პუნქტით დადგინდა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესიც (10.1. პუნქტი) – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1. %.

85. სამუშაო უნდა შესრულებულიყო 2014 წლის 1 ოქტომბრამდე.

86. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებში არაერთგზის შევიდა ცვლილებები, რომელიც შეეხო, როგორც ვალდებულების შესრულების ვადას, ისე ხელშეკრულების საერთო დებულებებს, სახელდობრ: ხელშეკრულებებმა ცვლილებები შევიდა (შეთანხმებით) 2014 წლის 24 ნოემბერს, 2015 წლის 16 ივნისს და 2015 წლის 2 ნოემბერს.

87. ცვლილებათა თანახმად, 2014 წლის 3 ივლისის №.. ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი, ხოლო ხელშეკრულების (№--) საერთო ღირებულებად დადგინდა 662 086.71 ლარი.

88. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დადგენის მიზნით, 2016 წლის 17 მაისს მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ გასცა დასკვნა, რომლის თანახმად: გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო-სათხილამურო კურორტის საკანალიზაციო ქსელის და სამეურნეო ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობით, ფაქტობრივად შესრულებული სამუსაოების ღირებულებამ შეადგინა 682 764.53 ლარი, ხოლო სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის მოსამსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის ფაქტიურად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ – 660 673.5 ლარი.

89. ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია, რომ საკვლევ ტერიტორიაზე დალაგებულია რკინა-ბეტონის 40 ცალი (38) რგოლი, რომელიც უშუალოდ ტერიტორიაზეა. ეს სამუშაო არ არის გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვით და დანართში არ ასახულა.

90. ექსპერტი დასკვნაში მიუთითებს, რომ „აივნის ძირები არ არის გალესილი, არამედ დამუშავებულია ფითხით და შეღებილია.“ კურორტ გოდერძის მოსამსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 660 673 ლარს, რაც 662 086.71 – 660673.53 =1413.18 ლარით ნაკლებია წარმოდგენილ №2 აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებებზე.

91. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ცვლილებები შეეხო №.. ხელშეკრულებასაც, მისი საერთო ღირებულება განისაზღვრა 693 531,76 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა – 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

92. 2016 წლის 4 ივლისს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა მოსარჩელემ და, თავის მხრივ, შეეცადა მოპასუხისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დადგენას. ამასთან, მის მიერ ექსპერტის წინაშე დასმული შეკითხვები გამომდინარეობდა ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 17 მაისის დასკვნის შინაარსიდან, მოპასუხის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან, სადაც შესრულებულ სამუშაოებში არ იყო ჩათვლილი რკინა-ბეტონის რგოლები (40 ცალი), რომლებიც ტერიტორიაზე იყო განთავსებული, ასევე, ყურადღება იყო გამახვილებული, რომ აივნის ძირები დამუშავებულია ფითხით და არ არის შელესილი. ექსპერტის წინაშე დასმული იყო კითხვა: ფითხით შელესვამ გააუმჯობესა თუ გააუარესა ნაგებობის საექსპლუატაციო მახასიათებლები. დასკვნის თანახმად: ფორმა და ხარჯთაღრიცხვა, სადაც რკინაბეტონის რგოლებია აღწერილი ხელმოწერების გარეშეა და დადასტურებელია დამკვეთის (მოპასუხის) სველი ბეჭდით. რაც შეეხება მეორე კითხვას, ექსპერტის დასკვნის თანახმად, უნდა ჩაითვალოს თუ არა რგოლების ღირებულება შესრულებულ სამუშაოში, იგი სცილდება ინჟინერ ექსპერტის კომპეტენციას და სამართლებრივი შეფასების სფეროს განეკუთვნება.

93. აივნის ძირების ფითხით დამუშავებასთან დაკავშირებით (რაც არ იყო შეთანხმებული შემსყიდველ ორგანიზაციასთან) ექსპერტიზამ განმარტა, მისი ღირებულება უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ლესვითი სამუშაოებისა.

94. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

95. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

96. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

97. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

98. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

99. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

100.სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017).

101.სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

102.ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

103. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, ხარჯთაღრიცხვის ფორმები და დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი 65 054 ლარიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს 35 748,53 ლარის გადახდა.

104.როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე კასატორებმა პრეტენზია წარმოადგინეს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის საკითზე.

105.სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

106.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

107.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

108.პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

109.პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

110.ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

111.პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

112.აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

113.მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების, ვადის გადაცილების საფუძევლზე წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე კასატორმა უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლების რეალიზება, ამ კუთხით სააპელაციო პალატის მსჯელობა სწორია, რაც ვერც მოპასუხე მხარემ სარწმუნოდ ვერ უარყო, კერძოდ, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია, რომ ვადაგადაცილებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8046.9 ლარია (1647.5+6399). შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან მოპასუხემ მოსარჩელეს არასწორად დაუკავა და დაუქვითა (36193 – 8046,9=28146,1) 28146,1 ლარი.

114.საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა არგუმენტებს მოსარჩელის მიერ ფითხით დამუშავების სამუშაოების ღირებულების ნაწილშიც, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მის მიერ გაწეული ალტერნატიული სამუშაოს სრულად ანაზღაურება, მოპასუხე კი არ დაეთანხმა ისეთი სამუშაოს ანაზღაურებას, რომელიც მხარეთა შორის შეთანხმებით პირდაპირ გათვალისწინებული არ იყო.

115.მითითებულ საკითხზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ აივნისა და ფრონტონების დამუშავებისთვის გარკვეული სამუშაო ხელშეკრულებით შეთანხმებულისაგან განსხვავებული წესით შესრულდა, კერძოდ, აივნის ძირები ჩვეულებრივ არ გაილესა, არამედ დამუშავდა ფითხით, თუმცა შედეგად ობიექტის მდგომარეობა მხოლოდ გაუმჯობესდა. ამდენად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა იმ თანხის გადახდა, რაც შეთანხმებული წესით ობიექტის დამუშავებისათვის იყო განსაზღვრული, ანუ 7602.53 ლარი.

116.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კასატორმა ვერ წარმოადგინა იმ გარემოების საწინააღმდეგოდ დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი 33 ცალი რკინა-ბეტონის რგოლების საფასურის ნაწილში უსაფუძვლოა. აღნიშნული მასალის გამოყენება მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში არ მომხდარა, შესაბამისად, მითითებული რგოლების დამზადება მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოდ ვერ შეფასდება.

117.ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორებმა მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

118.კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

119.ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

120.ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

121.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

122.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 11 ივნისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 1465,25 ლარის 70% – 1025,67 ლარი. მოპასუხე კასატორს კი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 11 ივნისს №… საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 1877 ლარის 70% – 1313,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ.-ისა“ და შპს „G.-ის“ საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „მ.-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 11 ივნისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 1465,25 ლარის 70% – 1025,67 ლარი.

3. კასატორ შპს „G.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 11 ივნისს №.. საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 1877 ლარის 70% – 1313,9 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური