საქმე №010210016001425114
საქმე №ას-725-725-2018 6 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ხ., ა., ნ. და თ. ც.-ეები, ლ. ბ.-ა (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ.-ას, ხ., ა., ნ. და თ. ც.-ეების (შემდგომში – მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით მის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, რომელიც, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და, მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით და ამავე ვადაში წარმოუდგინონ სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით, სადაც მითითებული იქნება ბაჟის გადახდის საფუძველი, კერძოდ, თუ რომელი განჩინების საფუძველზე განხორციელდა გადახდა; ბ) წარმოადგინონ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში, სადაც მითითებული იქნება, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) წარმოადგინონ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული წორდ-ის ფაილში CD დისკის სახით. მათვე განემარტათ, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდნენ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
7. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვარს ერთ-ერთმა აპელანტმა განცხადებით მიმართა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე.
8. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა 10 დღით.
9. 2018 წლის 12 თებერვალს იმავე აპელანტმა კვლავ წერილობით მიმართა სააპელაციო პალატას და წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ამავდროულად, მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელბა 5 დღით.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა 5 დღით.
11. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილებით სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2018 წლის 22 თებერვალს და ჩაიბარა ერთ-ერთმა აპელანტმა და, ამავდროულად, აპელანტების ოჯახის წევრმა 2018 წლის 28 თებერვალს.
12. 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებისა და სსსკ-ის 60-61-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდათ 2018 წლის 5 მარტის 24:00 საათამდე, თუმცა მათ ამ ვადაში ზემოთაღნიშნული ხარვეზი არ შეუვსიათ.
13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება აპელანტებისთვის ჩაბარებულად ითვლება 2018 წლის 28 თებერვალს, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორებულა.
14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
16. კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათ იშუამდგომლეს სააპელაციო პალატის წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივრის უპირველეს მიზანს წარმოადგენდა მხარეთა მორიგება, რაც სასამართლოს გარეშე ვერ იქნა მიღწეული.
17. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ მათი ოჯახი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, 8-სულიანი ოჯახიდან სამი ჩვილი ბავშვია, ვერ მუშაობენ მათი დედები და ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალი. ამასთან, უმუშევრობის დამადასტურებელი ცნობის მიღება ამჟამად შეუძლებელია. ოჯახის ყოველთვიური შემოსავლის – 1100 ლარის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.
20. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
22. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით და ამავე ვადაში წარმოუდგინონ სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით, სადაც მითითებული იქნება ბაჟის გადახდის საფუძველი, კერძოდ, თუ რომელი განჩინების საფუძველზე განხორციელდა გადახდა; ბ) წარმოადგინონ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში, სადაც მითითებული იქნება, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) წარმოადგინონ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული წორდ-ის ფაილში CD დისკის სახით. მათვე განემარტათ, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდნენ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
23. აღნიშნული ხარვეზის შევსების ვადა აპელანტი მხარის შუამდგომლობით არაერთხელ გაგრძელდა. საბოლოოდ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და 2018 წლის 28 თებერვალს ჩაბარდა ერთ-ერთ აპელანტს, რომელიც, ამავდროულად, აპელანტების ოჯახის წევრია. მითითებული ფაქტი კერძო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა აპელანტების მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად და დასაბუთებულად გასცა პასუხი აპელანტების აღნიშნულ შუამდგომლობას 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
27. ამდენად, მითითებული ნორმით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
28. განსახილველ შემთხვევაში აპელანტებმა თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დააფუძნეს მხოლოდ საკუთარ განმარტებას, რაც კანონის მითითებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების უტყუარ წინაპირობას არ წარმოადგენს, რის გამოც სააპელაციო პალატამ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ გადაუვადა.
29. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა სააპელაციო საჩივრის ერთადერთ ხარვეზს არ წარმოადგენდა, რადგან აპელანტებს არ წარუდგენიათ კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი იმ გარემოებების მითითებით, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა. მართალია, აპელანტებმა წარადგინეს ე.წ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს არც აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი აკმაყოფილებდა და მხარეს კვლავ განუსაზღვრა ხარვეზი დასახელებულ საკითხზე.
30. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას მხარეთა მორიგებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული შესაძლებლობა მხარეებს გააჩნიათ არა მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობისას, არამედ ნებისმიერ, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც.
31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ.-ას, ხ., ა., ნ. და თ. ც.-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე