საქმე №100210017001838001
საქმე №ას-727-727-2018 6 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ა.--მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2013 წლის 3 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №... ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა ჩაეტარებინა 10 ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის რეაბილიტაციის სამუშაო. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1741041 ლარით. შემსყიდველი ვალდებული იყო, გადაეხადა მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების საფასური.
3. მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა თავისი ვალდებულება, მაგრამ მოპასუხემ, არაერთხელ გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამისი საზღაური მთლიანად არ აუნაზღაურა.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ შეასრულა სულ 1581119, 21 ლარის სამუშაოები, აღნიშნულს უნდა დააკლდეს წინასწარ გადარიცხული 690 000 ლარი და პირველი შუალედური აქტის წარმოდგენისას გადარიცხული 790 718. 10 ლარი. მოსარჩელეს ჩაერიცხა 100 401.11 ლარი. 2013 წლის 31 დეკემბრის №.. საგადასახადო დავალებით 1 581 119,21-690 000-790 718,10=100401.11ლარი.
5. მოპასუხის განმარტებით, ორივე შუალედური აქტის საფუძველზე მოსარჩელემ წარუდგინა 1 518 119, 21 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 159 921,79 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 3 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №.. ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, 10 საქალაქო მნიშვნელობის ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მიზნით, 2013 წლის 30 ნოემბრამდე ჩაეტარებინა რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 741 041 ლარით.
9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2013 წლის 20 დეკემბრამდე, თუმცა ამ ვადაშიც სრულად ვერ შეასრულა სამუშაოები, კერძოდ, მოსარჩელემ შეასრულა 10-დან 9 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად, ხოლო ერთ ქუჩაზე (სანაპიროს ქუჩაზე) შესასრულებელი დარჩა 50 000 ლარამდე სამუშაო. მთლიანი სამუშაოებიდან სანაპიროს ქუჩაზე შესასრულებელი დარჩა გამწვანების ზოლზე კორდისა და ტროტუარზე ქვაფენილის დაგების სამუშაოები, რაც 2014 წლის 9 მარტის მდგომარეობით უნდა დასრულებულიყო.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, შესრულებულ სამუშაოზე წარმოედგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, თუმცა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის წევრების დადებითი დასკვნა (ხელშეკრულების 9.3. პუნქტი).
11. სასამართლოს მიერ დანიშნული №.. ექსპერტიზის დასკვნით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო 10 საქალაქო მნიშვნელობის ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა 1 787 303,99 ლარი. სხვაობა დამკვეთის მიერ დადასტურებულ შესრულებულ სამუშაოების ღირებულებასა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის შეადგენს 206 184,78 ლარს.
12. სასამართლოს მიერ დანიშნული №.. ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოების სრული ღირებულებიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ანაზღაურებულია 1 581 119,21 ლარის სამუშაოები.
13. №.. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ტენდერში დაფიქსირებული სახარჯთაღრიცხვო ღირებულებიდან გაუსვლელად, ამდენად, შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდა ექვემდებარებოდა ანაზღაურებას სახარჯთაღრიცხვო ღირებულების – 1 741 041 ლარის ფარგლებში. შესრულებული სამუშაოების ხარისხი ვიზუალური დაკვირვებით არის დამაკმაყოფილებელი.
14. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მთლიანად შესრულებულია ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები და ასანაზღაურებელია 159 921,79 ლარი (1 741 041-1 581 119,21=159 921,79).
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულების ნორმებიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი კანონის ნორმები და სწორად დააკმაყოფილა სარჩელის მოთხოვნა.
16. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება დადებულია მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე და მისგან წარმოშობილი უფლება-მოვალეობები მხარეთა მიერ შესასრულებლად სავალდებულოა. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებას ექვემდებარება 159 921,79 ლარი. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ სწორად იქნა დანიშნული და გამოყენებული №.. ექსპერტიზა და ექსპერტის დასკვნა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა შეუსრულებელ ვალდებულებათა ღირებულება. შესაბამისად აღნიშნული დასკვნის არასწორად გამოყენების თაობაზე აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, მხარის მიერ სასამართლო ექსპერტიზის ხარჯის – 4352,50 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
18. კასატორმა მიიჩნია, რომ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 1741041 ლარიდან მოსარჩელეს აუნაზღაურდა 1581119 ლარის შესრულებული სამუშაოს ღირებულება. დარჩენილი 159921,79 ლარის ღირებულების სამუშაო მოსარჩელეს შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია და ვერც შესაბამისი ექსპერტიზისა და ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნა ვერ წარუდგინა მოპასუხეს.
19. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატა არასწორად დაეყრდნო საქალაქო სასამართლოს მიერ ჩატარებულ მხოლოდ №.. ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრა სამუშაოს ფასი მთლიანად და არ დადგენილა, შესრულდა თუ არა დანარჩენი სამუშაოები. ექსპერტიზის დასკვნით სამუშაოს ხარისხიც განისაზღვრა ვიზუალურად.
20. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოპასუხის მიერ სასამართლო ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხზე. მხარეთა შორის 2013 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს ევალებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის წარდგენა, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადახდილი ექსპერტიზის ხარჯი მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 3 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №.. ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, 10 საქალაქო მნიშვნელობის ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მიზნით, 2013 წლის 30 ნოემბრამდე ჩაეტარებინა რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 741 041 ლარით.
24. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2013 წლის 20 დეკემბრამდე, თუმცა ამ ვადაშიც სრულად ვერ შეასრულა სამუშაოები, კერძოდ, მოსარჩელემ შეასრულა 10-დან 9 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად, ხოლო ერთ ქუჩაზე (სანაპიროს ქუჩაზე) შესასრულებელი დარჩა 50 000 ლარამდე სამუშაო. მთლიანი სამუშაოებიდან სანაპიროს ქუჩაზე შესასრულებელი დარჩა გამწვანების ზოლზე კორდისა და ტროტუარზე ქვაფენილის დაგების სამუშაოები, რაც 2014 წლის 9 მარტის მდგომარეობით უნდა დასრულებულიყო.
25. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, შესრულებულ სამუშაოზე წარმოედგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, თუმცა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის წევრების დადებითი დასკვნა (ხელშეკრულების 9.3. პუნქტი).
26. სასამართლოს მიერ დანიშნული №.. ექსპერტიზის დასკვნით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო 10 საქალაქო მნიშვნელობის ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა 1 787 303,99 ლარი. სხვაობა დამკვეთის მიერ დადასტურებულ შესრულებულ სამუშაოების ღირებულებასა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის შეადგენს 206 184,78 ლარს.
27. სასამართლოს მიერ დანიშნული №.. ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოების სრული ღირებულებიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ანაზღაურებულია 1 581 119,21 ლარის სამუშაოები.
28. №.. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ტენდერში დაფიქსირებული სახარჯთაღრიცხვო ღირებულებიდან გაუსვლელად, ამდენად, შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდა ექვემდებარებოდა ანაზღაურებას სახარჯთაღრიცხვო ღირებულების – 1 741 041 ლარის ფარგლებში. შესრულებული სამუშაოების ხარისხი ვიზუალური დაკვირვებით არის დამაკმაყოფილებელი.
29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა №.. ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა სამუშაოს ფასი მთლიანად და არ დადგენილა, შესრულდა თუ არა დანარჩენი სამუშაოები. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხის მიერ სასამართლო ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრების შესახებ იმ საფუძველით, რომ 2013 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს ევალებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის წარდგენა.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
32. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
33. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი შეეხება სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
35. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება მხარის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი.
37. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის არგუმენტების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
38. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
39. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
40. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).
41. განსახილველ შემთხვევაში მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულება – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და მასში ასახული ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე დასაბუთებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად შესრულებულია, შესაბამისად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 159 921,79 ლარი.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს სარჩელში ასახული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე პირობას შეესაბამებოდა.
43. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა დამოუკიდებელი დავის საგანს წარმოადგენს, შესაბამისად, მხარეს შეეძლო აღეძრა შეგებებული სარჩელი, რაც მას არ განუხორციელებია.
44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე