საქმე №-10210016001602733
საქმე №ას-741-741-2018 6 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. დ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. შ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ. შ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. დ.-ისა (შემდგომში – კასატორი მოპასუხე, აპელანტი) და ნ. მ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 4 ოქტომბერს აუქციონის წესით შეიძინა უძრავი ქონება, რომელსაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები. მათ არ გააჩნიათ ნივთის მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი. ქონების მესაკუთრის მრავალჯერადი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეები კვლავ არ აძლევენ საშუალებას მოსარჩელეს, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს უძრავი ქონებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც კასატორმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით კასატორი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა.
6. სარჩელი და თანდართული მასალები აპელანტის მეუღლეს (მოპასუხეს) ჩაბარდა 2016 წლის 8 დეკემბერს, თუმცა მას დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია.
7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 2321 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, დამტკიცების შემთხვევაშიც კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ გამოიწვევდა. აპელანტი არ უარყოფდა რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, მეუღლეს. შესაბამისად, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უწყება ჩაბარებულად ითვლება თავად აპელანტისთვისაც. აღნიშნული ნორმის თანახმად, უწყების მიმღები ვალდებული იყო, იგი აპელანტისათვის დაუყოვნებლივ ჩაებარებინა.
9. აღნიშნულ კანონისმიერ ვალდებულებაზე მეუღლეთა ყოფითი დაპირისპირება გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, იმის მიუხედავად, მართლაც ჰქონდათ თუ არა კონფლიქტი აპელანტსა და მის მეუღლეს, გზავნილი აპელანტისთვის მაინც ჩაბარებულად ითვლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აპელანტის მეუღლე განსახილველ საქმეში თავადაც მოპასუხე იყო და სარჩელზე შესაგებელი არც მას წარუდგენია.
10. გარდა ამისა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც მოპასუხემ ჩაიბარა და ამ გადაწყვეტილებაზე აპელანტმა საჩივარი დადგენილ ვადაში წარადგინა.
11. საყურადღებოა ისიც, რომ აპელანტის განმარტებით, ყოველ შემთხვევაში, 2016 წლის 8 დეკემბრიდან 2017 წლის 22 ივნისამდე ის და მისი მეუღლე სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობდნენ.
12. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით უდავოდ დაადგინა, რომ ამ პერიოდში სადავო მისამართზე იმყოფებოდა მოპასუხე. აპელანტს არ განუმარტავს, ამ დროს თავად სად ცხოვრობდა და, მეუღლის ჩვენების გარდა, არ მიუთითებია ამ ფაქტის დამადასტურებელ სხვა მტკიცებულებაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის აზრით, აპელანტის პოზიცია არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კასატორმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახილება შემდეგი საფუძვლებით:
14. კასატორმა მიიჩნია, რომ სასარჩელო განცხადება ფოსტის მეშვეობით არ ჩაბარებია და მისთვის სასამართლოს მიერ შესაგებლის წარდგენის ვადის განმავლობაში წინამდებარე სარჩელის აღძვრის თაობაზე ცნობილი არ იყო, რადგან აღნიშნულ პერიოდში, მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის გამო, იგი სხვაგან ცხოვრობდა. სასამართლო დავის შესახებ მხარემ შეიტყო მოგვიანებით, მეუღლესთან შერიგების შემდეგ.
15. კასატორმა მიუთითა, რომ ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს განჩინებას მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა.
19. სარჩელი და თანდართული მასალები აპელანტის მეუღლეს (მოპასუხეს) ჩაბარდა 2016 წლის 8 დეკემბერს, თუმცა მას დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია.
20. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ განმარტა, რომ სასარჩელო განცხადება ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა მხოლოდ მის მეუღლეს – მოპასუხეს, თუმცა მოცემული მომენტისათვის მეუღლეები ერთად არ ცხოვრობდნენ და გზავნილი კასატორს გადაეცა მოგვიანებით, მეუღლესთან შერიგების შემდეგ.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
25. სსსკ-ის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
26. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაიშვება თუ: ა) მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იქნა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) და თანდართული მასალები და ამომწურავად განემარტა ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ (მოწინააღმდეგემ მხარემ) ბრალეულად დაარღვია შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების ერთობლივად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (სუსგ 30.07.2018წ. საქმე №ას-500-468-2017).
27. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაეგზავნათ მოპასუხეებს და ჩაბარდა კასატორის მეუღლეს – მოპასუხეს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენია.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების წესს, კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
29. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
30. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გზავნილი კასატორის მოპასუხის არყოფნისას ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს – მეუღლეს, შესაბამისად, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მას შესაბამისი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება არ ჩაბარებია.
31. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ შეიცავს კასატორის არგუმენტი, რომ მას სასამართლოს გზავნილი არ ჩაბარდა იმ მომენტში მეუღლესთან კონფლიქტის გამო, სხვა საცხოვრებელ ადგილას ყოფნის მიზეზით.
32. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
33. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
34. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შესაგებლის შეუტანლობის საპატიო მიზეზად შეფასდებოდა.
35. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ დაასაბუთა კონკრეტულად რაში მდგომარებდა აღნიშნული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობა.
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. ჩ.-ის მიერ 2018 წლის 19 ივნისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. დ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა. დ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. ჩ.-ის მიერ 2018 წლის 19 ივნისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე