საქმე №330210015001142445
საქმე №ას-753-753-2018 6 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ი.-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. კ.-ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება (ძირითად სარჩელში), დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება (შეგებებული სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ზ. ი.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. კ.-ას (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ ალიმენტის ოდენობის 50 ლარამდე შემცირების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს 1999 წლის 26 ივლისს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან 2015 წლის 17 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. მოსარჩელე ამჟამად აღარ არის დასაქმებული, არ გააჩნია შემოსავალი, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი. მოსარჩელე დაქორწინდა სხვა პირზე, რამაც გამოიწვია მოპასუხესთან ურთიერთობის დაძაბვა. ამ უკანასკნელმა არასრულწლოვან შვილს აუკრძალა მოსარჩელესთან ურთიერთობა. სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეულია მოსარჩელის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. იგი ცხოვრობს სოფელში მეუღლესთან და დედასთან ერთად, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ესაჭიროება შესაბამისი მკურნალობა. მოსარჩელის ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს დედის პენსია და სოფლის მეურნეობის წარმოებით მიღებული პროდუქცია. მოსარჩელეს ერიცხება დავალიანება საბანკო დაწესებულებების მიმართ. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნია შესაძლებლობა, გადაიხადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
მოპასუხისა შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელის მიმართ არასრულწლოვანი შვილისათვის დამატებითი აუცილებელი ხარჯის სახით 4500 ლარის გადახდის დაკისრება.
5. შეგებებული სარჩელი ავტორმა განმარტა, რომ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოპასუხისათვის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების ვალდებულებას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, კერძოდ, მისი დიაგნოზია სქოლიოზი, ტანადობის დარღვევა და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროება სამკურნალო მასაჟი, ვარჯიში და ცურვა. ამასთან, არასრულწლოვანს აქვს ჰორმონალური დარღვევები, რაც საჭიროებს გამოკვლევების ჩატარებას და შესაბამის მკურნალობას. ყოველივე დაკავშირებულია ფინანსურ სახსრებთან, რისი გაღების ვალდებულება მოსარჩელესთან ერთად მოპასუხესაც აკისრია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შემცირდა 140 ლარამდე, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. 1999 წლის 26 ივლისს მათ შეეძინათ შვილი, 2005 წლიდან კი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითად მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან – 2015 წლის 17 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ალიმენტის დაკისრების (2015 წლის 10 ივნისის) შემდგომ წარმოიშვა ისეთი ახალი გარემოება, რაც აშკარა გავლენას ახდენს მოსარჩელის, როგორც ალიმენტვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე.
12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 1197-ე, 1198-ე, 1212-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
13. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
15. სსკ-ის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები.
16. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას.
17. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
18. სსკ-ის 1221-ე, 1231-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 20 თებერვლის ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ ძირითადი მოსარჩელე 2017 წლის 3 აგვისტოდან დანიშნულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო თვეში 1120 ლარს შეადგენს. 2014 წლის 22 სექტემბრიდან 2017 წლის 3 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დეპარტამენტის გარე დავისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს №-6 განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე.
19. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 1221-ე და 1231-ე მუხლების თანახმად, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდნენ ვალდებული პირის გადახდისუნარიანობაზე.
20. შესაბამისად, ალიმეტის ოდენობის შემცირების მოთხოვნით სარჩელის აღძვრისას, ალიმენტის გადამხდელმა პირმა უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ მას ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც წარმოიშვა ალიმენტის დაკისრების შემდეგ, აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.
21. სააპელაციო პალატის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება 2012-2014 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებს, საბანკო სესხის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ვალდებულება წარმოშობილია 2014 წლის 5 ნოემბრიდან, საბანკო ცნობებს 2015 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით მოსარჩელის ვალდებულების მოცულობის შესახებ. მოსარჩელის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 13 მარტის, 2015 წლის 17 მარტის ცნობებს. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2015 წლის 18 მაისიდან მოსარჩელემ შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა.
22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის დადგენის მიზნით, გამოიკვლია და შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული არც ერთი ახალი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ალიმენტის დაკისრების (2015 წლის 10 ივნისის) შემდეგ წარმოიშვა და შეეძლო, გავლენა მოეხდინა მის გადახდისუნარიანობაზე.
23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გამოტანამდეც არსებობდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია.
24. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 10 ივნისის შემდეგ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის საუარესოდ შეცვლის ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოსარჩელემ, თავისი მტკიცების ფარგლებში, ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მას წარმოეშვა ისეთი ფინანსური პრობლემები, რის გამოც აღარ შესწევს უნარი, გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ძირითადმა მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყევტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
26. კასატორმა განმარტა, რომ ამჟამად მხარეთა საერთო შვილი სრულწლოვანია და მოპასუხეს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე უფლება არ ჰქონდა, ყოფილიყო შვილის კანონიერი წარმომადგენელი. ფაქტობრივად, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის – მხარეთა შვილის დაუსწრებლად, რადგან 2017 წლის 26 ივლისს მან მიაღწია სრულწლოვან ასაკს, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. კასატორის შვილს საქმეში მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საერთოდ უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.
27. კასატორმა მიიჩნია, რომ არასწორია სააპელაციო პალატის მითითება 2014 წლიუს 22 სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე ძირითადი მოსარჩელის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობის თაობაზე. აღნიშნულ სამინისტროში მხარე მუშაობდა 2014 წლის 22 სექტემბრიდან 27 ნოემბრამდე. 2017 წლის 3 აგვისტოს კი მოსარჩელემ კვლავ დაიწყო იმავე ადგილას მუშაობდა.
28. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრებაზე გადაწყევტილების გამოტანის მომენტში საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება კასატორის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებდა, რომ იგი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნდა შემოსავალი.
29. მოცემული სარჩელის შეტანისას ახალ გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, დასაბეგრი თანხა აღარ ერიცხებოდა, ე.ი მას არ ჰქონდა შემოსავალი.
30. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა მის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტს მოცემული სარჩელის მიმართ გავლენა არ უნდა მოეხდინა.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. 1999 წლის 26 ივლისს მათ შეეძინათ შვილი, 2005 წლიდან კი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად.
34. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითად მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან – 2015 წლის 17 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
35. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
36. სააპელაციო პალატის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება 2012-2014 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებს, საბანკო სესხის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ვალდებულება წარმოშობილია 2014 წლის 5 ნოემბრიდან, საბანკო ცნობებს 2015 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით მოსარჩელის ვალდებულების მოცულობის შესახებ. მოსარჩელის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 13 მარტის, 2015 წლის 17 მარტის ცნობებს. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2015 წლის 18 მაისიდან მოსარჩელემ შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა.
37. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მიუთითა, რომ მხარეთა შვილმა, რომლის სასარგებლოდაც ალიმენტს იხდიდა, სრულწლოვანებას ასაკს მიაღწია, შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილი აღარ იყო, მისი კანონიერი წარმომადგენის სახით მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. ამასთან, მოცემული სარჩელის შეტანისას ახალ გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, დასაბეგრი თანხა აღარ ერიცხებოდა, ე.ი მას არ ჰქონდა შემოსავალი.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
40. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
41. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი შეეხება არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ მშობლისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებას.
42. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 1221-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მშობელს რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
43. კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. აქ ჩნდება კითხვა: რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა? საკასაციო პალატის მოსაზრებით, აქ იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია გაიზარდოს ალიმენტის ოდენობა.
44. ზემოხსენებული მუხლის დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან, სსკ-ის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს აღნიშნული ალიმენტის ოდენობაში სასამართლოს მიერ ცვლილების შეტანა (30.12.2014წ. საქმე №ას-617-585-2014).
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
46. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები. მხარეთა მხოლოდდამხოლოდ ზეპირი განმარტებები სადავო ფაქტიბის სამტკიცებლად საკმარისად ვერ ჩაითვლება და მხარეთათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
47. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ ეფუძნება არც ერთ ახალი ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ალიმენტის დაკისრების – 2015 წლის 10 ივნისის შემდეგ წარმოიშვა და შეეძლო, გავლენა მოეხდინა მის გადახდისუნარიანობაზე.
48. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
49. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.
50. სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის მასალების შეფასების შედეგად დაადგინა, რომ, 2018 წლის 20 თებერვლის ცნობის თანახმად, ძირითადი მოსარჩელე 2017 წლის 3 აგვისტოდან დანიშნულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო თვეში 1120 ლარს შეადგენს. 2014 წლის 22 სექტემბრიდან 2017 წლის 3 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დეპარტამენტის გარე დავისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს №-6 განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე.
51. მართალია, კასატორმა სადავოდ გახადა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები, თუმცა ვერ მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელიც სარწმუნოდ გააქარწყლებდა მათ შინაარსს და დაადასტურებდა, რომ ნამდვლად არსებობს სსკ-ის 1221-ე მუხლით გათვალისწინებული ახალი გარემოება.
52. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს მხარის მითითება მისი შვილის სრულწლოვანებასთან დაკავშირებით.
53. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ თუ მისი შვილი უშუალოდ ჩაებმებოდა დავაში და მონაწილეობას კანონიერი წარმომადგენლის – დედის მეშვეობით არ მიიღებდა, შესაძლოა მას უარიც ეთქვა დავაზე. ამასთან, სააპელაციო საჩივრის შეტანისა და წარმოებაში მიღების მომენტში მხარეთა შვილი არასრულწლოვანი იყო, შესაბამისად, მოპასუხე (დედა) მოქმედებდა როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი.
54. მოცემულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოპასუხის დავაში მონაწილეობა ცალსახად ემსახურებოდა შვილის კანონიერი ინტერესების დაცვას. იმ შემთხვევაში კი, თუ მხარეთა შვილი გადაწყვეტდა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მამის მიმართ არსებულ მოთხოვნაზე უარის თქმას ან მასთან სხვაგვარად მორიგებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი შესაძლებლობა მხარეებს გააჩნდათ და მომავალშიც გააჩნიათ ნებისმიერი, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც. თუმცა მხარეთა შვილს აქამდე აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია და არც სასამართლოსათვის რაიმე მოთხოვნით არ მიუმართავს.
55. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
56. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
57. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
58. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
60. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ა.-ისა და ზ. ი.-ის მიერ 2018 წლის 28 მაისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ი.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ზ. ი.-ის (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ა.-ისა და ზ. ი.-ის მიერ 2018 წლის 28 მაისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე