საქმე №010210016001451603
საქმე №ას-767-767-2018 6 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ.-ა (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ქ.-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 73 180,80 ლარის გადახდისა და, აღნაგობის საზღაურის გადახდის ვადების დარღვევის გამო, სარჩელის აღძვრამდე – 2016 წლის 20 ივლისამდე პირგასამტეხლოს სახით 44 113,20 ლარის ანაზღაურების, ასევე, სარჩელის აღძვრიდან მის აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 27,67 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2005 წლის 5 აპრილს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს 25 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა 1107,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
3. 2011 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, აღნიშნულ შეთანხმებას ეწოდა აღნაგობის ხელშეკრულება და აღნაგობის საზღაურად განისაზღვრა წელიწადში 27 675,00 ლარი. ამასთან, განისაზღვრა აღნაგობის საზღაურის გადახდის წესი, – გადახდა უნდა მოხდეს თანაბარწილად, საანგარიშო წლის 1 ივნისამდე და 1 დეკემბრამდე, ხოლო აღნაგობის საზღაურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში კი, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, აღნაგობის საზღაურის ოდენობის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. მოპასუხემ აღნაგობის საზღაური შემდეგი სახით გადაიხადა: 2012 წლის 28 თებერვალს – 13 000,00 ლარი, 2012 წლის 29 თებერვალს – 1 400,00 ლარი, 2012 წლის 12 მარტს – 830,00 ლარი, 2012 წლის 11 ივლისს – 1 3805,20 ლარი, 2014 წლის 15 მარტს –15 670,00 ლარი, 2014 წლის 18 მარტს – 10 035,00 ლარი, 2014 წლის 1 აპრილს – 7 500 ლარი და 2014 წლის 2 მაისს – 4 310,00 ლარი. აღნიშნული გადახდების შემდეგ, 2016 წლის 20 ივლისისათვის მოპასუხეს ერიცხება დავალიანება, საიდანაც ძირი თანხაა 73 180.80 ლარი, პირგასამტეხლო – 44 113,20 ლარი, სულ – 117 294,00 ლარი. მიუხედავად არაერთი წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხე ჯიუტად თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი 45 479,80 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო, აღნაგობის საზღაურის სახით დავალიანების – 5968,50 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას კი არ დაეთანხმა უსაფუძვლობის გამო. მან მიუთითა, რომ მოსარჩელის გაანგარიშება არასწორია, ხოლო მოთხოვნა 2011 წლის 1 დეკემბერს 9225 ლარისა და 2013 წლის 1 ივნისს 12 507.50 ლარის გადახდის თაობაზე ხანდაზმულია.
6. მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის 3 აგვისტოს შეთანხმებით მას არ აუღია ვალდებულება პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის გადახდის ვადების ყოველი დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს ცალ-ცალკე გაანგარიშება არ უნდა მოხდეს, ასევე, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. ამავე შეთანხმების თანახმად, პირგასამტეხლო აღნაგობის საზღაურის 0,1%-ითაა განსაზღვრული, რაც თვეში 3%-ს შეადგენს, მაშინ როცა საბანკო სესხი წლიურად 8-10%-ის ტოლია. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო აღნაგობის საზღაურის 100%-ია, რაც აშკარა უსამართლო ოდენობაა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა აღნაგობის საზღაურის დარჩენილი ნაწილის – 11,941,20 ლარის, პირგასამტეხლოს – 441,132 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის აღნაგობის საზღაურის – 5968,50 ლარის, პირგასამტეხლოს თანხის სრულად დაკისრებასა და სარჩელის აღძვრიდან მის აღსრულებამდე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 27,67 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 3970,18 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 5 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს 25 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა 1107.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
10. საიჯარო ქირის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო დავალიანების 0,1 %-ის ოდენობით.
11. 2011 წლის 3 აგვისტოს მხარეებმა ამავე ნაკვეთზე დადეს აღნაგობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა აღნაგობის საზღაური – 27 675,00 ლარი წელიწადში და მისი გადახდის წესი, კერძოდ, გადახდა უნდა მომხდარიყო თანაბარწილად, საანგარიშო წლის 1 ივნისამდე და 1 დეკემბრამდე, ხოლო აღნაგობის საზღაურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, აღნაგობის საზღაურის ოდენობის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
12. მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და დავალიანების ნაწილი – 45 479,80 ლარი გადაიხადა 2017 წლის 16 ივნისს.
13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 420-ე მუხლის საფუძველზე მართებულად შეამცირა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო. როგორც აღინიშნა, 2011 წლის 3 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს აპელანტისათვის, ყოველწლიურად, თანაბარწილად 1 ივნისამდე და 1 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა ქირა – 27 675 ლარი.
14. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის მოხსენებითი ბარათით დაადგინა, რომ 2012 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა ქირა 29035 ლარი, 2013 წელს ქირა არ გადაუხდია, ხოლო 2014 წელს გადაუხადა 37 515 ლარი. ამასთან, 2012-2013 წლების ქირა და 2014 წელს გადასახდელი ქირის ნაწილი მოპასუხეს დაფარული ჰქონდა.
15. მოცემულ საქმეზე სარჩელი აღიძრა 2016 წლის 29 ივლისს, შესაბამისად, ამ პერიოდისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 27675X4+27675/2-66550=57 987,5 ლარს. აქედან თანხის ბოლო ნაწილის 27675/2=13837,5 ლარის გადახდის ვადას მოპასუხემ მხოლოდ 60 დღით გადააცილა, ნაწილის – ორი წლით, ერთი წლით, ნახევარი წლით და ა.შ. ხოლო საქმის სასამართლოში წარმოების პერიოდში არსებული დავალიანება, ძირითადად, დაფარა.
16. ამგვარ ვითარებაში, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით, აბსოლუტურად შეუსაბამოდ მიაჩნია.
17. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტს, რომ მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო საქალაქო სასამართლომ შეცდომით გამოიანგარიშა.
18. სააპელაციო პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ სავსებით მართებულად შეამცირა, თუმცა აღნიშნა, რომ 44113,2 ლარის 1/10 შეადგენს 4411,32 და არა 441,132 ლარს.
19. სააპელაციო პალატის აზრით, საქართველოში მეათასედებში განსაზღვრული ფულის ერთეული არ არსებობს, თუმცა ის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ სწორედ 441,132 ლარის გადახდა დაეკისრა, დგინდება გადაწვეტილების მე-5 პუნქტით.
20. გადაწყვეტილების ამ პუნქტით სასამართლომ მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 371,47 ლარით განსაზღვრა, რაც სწორედ გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის სხვა პუნქტებიდან გამომდინარეობს. 11941,2+441,132X3%=371,469.
21. საყურადღებოა ისიც, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი გაასწორა, თუმცა ზემოხსენებულ ნაწილში ცვლილება არ შეუტანია. ეს კი ნიშნავს, რომ დაფიქსირებული ციფრი წარმოადგენს არა უსწორობას, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
22. ამის გამო, გადაწყვეტილებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ, დამატებით, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს, 4411,32-441,132=3970,18 ლარის გადახდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა 40143,10 ლარის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორმა მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით არის გონივრული, სამართლიანი და შესაბამისობაშია სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან, რის გამოც, არ არსებობდა მისი შემცირების წინაპირობები. პირგასამტეხლოს ხელშეკრულებაში ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმით, ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ და დადასტურებულია ხელმოწერით, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე.
25. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ რეალურად გაასწორა მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ტექნიკური ხარვეზი, ხოლო დანარჩენ ნაწილში, შეფასების გარეშე, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება. სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა 0.1%-ის ოდენობით არ წარმოადგენს არაგონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს. ვინაიდან პირგასამტეხლოს არსებობა ზოგადად ემსახურება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები საერთოდ აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას, ვინაიდან 10-ჯერ შემცირებული პირგასამტეხლო ვერ უზრუნველყოფს თავისი დანიშნულების შესრულებას და ხელშემკვრელ მხარეს არ აბრკოლებს იმ დონეზე, რომ მან გაითვალისწინოს და პატივი სცეს მეორე მხარის ინტერესებს.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 5 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს 25 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა 1107.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
29. საიჯარო ქირის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო დავალიანების 0,1 %-ის ოდენობით.
30. 2011 წლის 3 აგვისტოს მხარეებმა ამავე ნაკვეთზე დადეს აღნაგობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა აღნაგობის საზღაური – 27 675,00 ლარი წელიწადში და მისი გადახდის წესი, კერძოდ, გადახდა უნდა მომხდარიყო თანაბარწილად, საანგარიშო წლის 1 ივნისამდე და 1 დეკემბრამდე, ხოლო აღნაგობის საზღაურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, აღნაგობის საზღაურის ოდენობის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
31. მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და დავალიანების ნაწილი – 45 479,80 ლარი გადაიხადა 2017 წლის 16 ივნისს.
32. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის მოხსენებითი ბარათით დაადგინა, რომ 2012 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა ქირა 29035 ლარი, 2013 წელს ქირა არ გადაუხდია, ხოლო 2014 წელს გადაუხადა 37 515 ლარი. ამასთან, 2012-2013 წლების ქირა და 2014 წელს გადასახდელი ქირის ნაწილი მოპასუხეს დაფარული ჰქონდა.
33. მოცემულ საქმეზე სარჩელი აღიძრა 2016 წლის 29 ივლისს, შესაბამისად, ამ პერიოდისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 27675X4+27675/2-66550=57 987,5 ლარს. აქედან თანხის ბოლო ნაწილის 27675/2=13837,5 ლარის გადახდის ვადას მოპასუხემ მხოლოდ 60 დღით გადააცილა, ნაწილის – ორი წლით, ერთი წლით, ნახევარი წლით და ა.შ. ხოლო საქმის სასამართლოში წარმოების პერიოდში არსებული დავალიანება, ძირითადად, დაფარა.
34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით არის გონივრული, სამართლიანი და შესაბამისობაშია სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან, რის გამოც, არ არსებობდა მისი შემცირების წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში სადავოა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
37. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
38. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
39. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
40. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
42. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
43. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
44. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
45. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
46. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
47. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ კანონიერად მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლების რეალიზება და ამ კუთხით სააპელაციო პალატის მსჯელობა სწორია.
48. სააპელაციო პალატამ მართებულად გაითვალისწინა ვალდებულების მოცულობა, შესრულების ვადაგადაცილების პერიოდი და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად შეაფასა. მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.
49. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
50. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
52. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე