Facebook Twitter

საქმე №330210015001021772

საქმე №ას-784-784-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. მ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 8962,5 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 7500 აშშ დოლარი, პროცენტი – 300 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო კი – 1162,5 აშშ დოლარი, ასევე, თანხის გადახდევინების დადგენა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 16 ივლისს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხეს გადაეცა 10 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა წლიურ 60%-ს, პირგასამტეხლო კი – დარჩენილი თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, კლიენტმა ვალდებულება იკისრა, სესხზე დარიცხული ყოველთვიური გადასახადი გადაეხადა ყოველი თვის 16 რიცხვში, თუ დაემთხვეოდა არასამუშაო დღეს, აღნიშნული გადახდა მოხდებოდა მომდევნო უახლოეს სამუშაო დღეს. გადახდილი თანხიდან იფარება ჯარიმები, შემდგომ დარიცხული პროცენტები და შემდგომ ძირითადი თანხა.

4. ზემოაღნიშნული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა იპოთეკით დატვირთა თავის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

5. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 23 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტის თანხაა 7500 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა – 35 თვე. სარგებლის გადახდის თარიღი განისაზღვრა ყოველი თვის 23 რიცხვით, წლიური სარგებლის ოდენობა – 24%-ით, პირგასამტეხლო კი – დარჩელი სესხის თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ზემოთ მითითებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და არ გადაიხადა სესხი 7500 აშშ დოლარის ოდენობით, დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. მოსარჩელემ მას გაუგზავნა გაფრთხილების წერილი 2015 წლის 8 ივნისს და განუმარტა, რომ მას გააჩნდა შეუსრულებელი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში არაუგვიანეს 2015 წლის 22 ივნისისა იპოთეკით დატვირთული ქონება მიექცეოდა სარეალიზაციოდ. გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყოლია.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2012 წლის 16 ივლისს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მიეღო 2500 აშშ დოლარი. 2015 წლის 23 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებიდან კი – 500 აშშ დოლარი. 7000 აშშ დოლარით გადაიფარა 2012 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში სესხის თანხად ფიქსირდებოდა უფრო მეტი ოდენობა, ვიდრე რეალურად მოსარჩელემ გადასცა. პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა ხდებოდა იმ თანხაზე, რომელიც რეალურად მსესხებელს არ აუთვისებია.

8. 2015 წლის 23 აპრილის ჩათვლით მოპასუხე მოსარჩელეს უხდიდა ყოველთვიურ პროცენტს, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას და არცერთ თვეში პროცენტის გადახდა არ დაუგვიანია, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2015 წლის 29 ივნისს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 7500 აშშ დოლარის, პროცენტის – 300 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 116.25 აშშ დოლარის გადახდა, დადგინდა, რომ თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა იპოთეკით დატვირთა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

12. 2015 წლის 23 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

13. 2015 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის (მოპასუხის) დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს: სესხის ძირი თანხა – 7500 აშშ დოლარი, პროცენტი – 300 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 116,25 აშშ დოლარი.

14. აპელანტმა სადავოდ გახადა 2015 წლის 23 იანვარს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირითადი თანხის – 7500 აშშ დოლარის სრული მოცულობით მიღების ფაქტი და განმარტა, რომ 7500 აშშ დოლარიდან მან რეალურად მიიღო 500 აშშ დოლარი, ხოლო 7000 აშშ დოლარით მოხდა მხარეთა შორის მანამდე დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაგროვილი დავალიანების ოდენობის დაფიქსირება მაშინ, როდესაც წინა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ რეალურად ათვისებული თანხები და მასზე დარიცხული პროცენტები სრულად ჰქონდა დაფარული.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხემ მოთხოვნილი თანხის ოდენობის დასადასტურებლად წარადგინა 2015 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, გაეცა სესხი 7500 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 24% სარგებლის დარიცხვით. ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლო.

16. აპელანტმა მოთხოვნის დასადასტურებლად წარადგინა ხელწერილი, რომლის მიხედვით, მან დაადასტურა მოსარჩელისაგან 7500 აშშ დოლარის მიღება.

17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას – ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.

18. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაადასტურა მისი ხელმოწერის არსებობა 2015 წლის 23 იანვრის ხელშეკრულებასა და ამავე თარიღით შედგენილ ხელწერილზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებასა და ხელწერილს, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოსავლენი ნების შინაარსი, დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც მათ შინაარსს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის არ გასცნობია ხელშეკრულებისა და ხელწერილის შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია მხარეებს შორის 7500 აშშ დოლარის სესხების თაობაზე შეთანხმების არსებობისა და მსესხებლის მიერ ამ ოდენობით თანხის მიღების ფაქტები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებები, ასევე, ამ ხელშეკრულებების შესასრულებლად განხორციელებული გადახდების ქვითრები, რომლებსაც შემხებლობა არ აქვს სადავო სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობასთან და მის საფუძველზე გაცემულ სესხის თანხასთან.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 625-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულება, მას გაფრთხილებიდან სარჩელის აღძვრამდე, არც 2015 წლის 29 ივნისიდან სარჩელის განხილვამდე პერიოდში, არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულება, ზემოაღნიშნული მუხლისა და 2012 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1. პუნქტის შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული კრედიტის თანხის – 7500 აშშ დოლარისა და პროცენტის – 300 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

22. სსკ-ის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება.

23. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

24. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია გადაუხდელი კრედიტის ძირ თანხასთან მიმართებით და სამართლიანად მიიჩნია მისი შემცირება ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-დან 0,05%-მდე, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას 116.25 აშშ დოლარის ოდენობით.

25. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიზანია, მხარეთა მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დაადგინოს სადავო გარემოების არსებობა-არარსებობის ფაქტი, რა დროსაც ყოველი მტკიცებულების სათანადოობა მოწმდება სასამართლოს მიერ. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

26. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან არ მიუღია 7500 აშშ დოლარი სესხის სახით და, ამასთან, მის მიერ ხდებოდა სესხის ძირი თანხის დაფარვა 2012 წლის 20 ივლისიდან 2015 წლის 23 აპრილამდე და სულ დაფარულია ძირი თანხა 1728.39 აშშ დოლარის ოდენობით, ეკისრება სწორედ მოპასუხეს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით აღნიშნული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო.

27. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსასაზღვრი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

28. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა სსკ-ით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება, რა დროსაც ხდება პირგასამტეხლოს დარიცხვა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სასამართლომ მას 2012 წლის 20 ივლისიდან 2015 წლის 23 აპრილის ჩათვლით პროცენტის სახით გადახდილი 3456.79 აშშ დოლარიდან ნახევარი – 1728.39 აშშ დოლარი უნდა ჩაუთვალოს ძირ თანხაში გადახდილად და დარჩენილი 5771.61 აშშ დოლარის გადახდა გაუწილვადდეს 35 თვის ვადით.

29. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საპროცენტო განაკვეთის არსებობა დადგენილი და განსაზღვრულია მხარეთა შორის 2012 წლის 16 ივლისის ხელშეკრულებით და, შესაბამისად, მოვალის მიერ პროცენტის სახით გადახდილი თანხის ძირითად თანხაში ჩათვლის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, რაც შეეხება გადასახდელი თანხის განწილვადებას 35 თვეზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან დაკისრებული თანხის ოდენობის – 5771.61 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში აპელანტის პოზიცია არ იქნა გაზიარებული, არ არსებობს აღნიშნული თანხის განაწილვადების მოთხოვნის ნაწილში მსჯელობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება ძირითადი თანხის – 7500 აშშ დოლარის, სარგებლის – 300 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 116,25 აშშ დოლარის მისთვის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

31. კასატორმა განმარტა, რომ მოსარჩელისაგან რამდენჯერმე ისესხა თანხა, თუმცა მსესხებელი იმგვარად უფორმებდა ყოველ ახალ სესხს, რომ გადასახდელი სარგებლის ოდენობა გაზრდილიყო. 10 000 აშშ დოლარზე საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე კი მოპასუხისათვის ცნობილი არ ყოფილა.

32. კასატორმა დაადასტურა, რომ მის მიერ ნასესხები თანხების ერთობლიობა შეადგენს 7500 აშშ დოლარს, თუმცა აღნიშნული თანხა მან ისესხა ნაწილ-ნაწილ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა მისი არგუმენტი, რომ 2015 წლის 23 იანვარს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა მხოლოდ 500 და არა 7500 აშშ დოლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილია სესხის ხელშეკრულებები, თუმცა მოსარჩელემაც წარადგინა საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომელთაც კასატორი არ დაეთანხმა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ 2015 წლის 23 იანვარს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 7500 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, თანხის გადახდის ვადა იქნებოდა 2018 წლის 23 თებერვალი. ამ დრომდე კრედიტორის არ ჰქონდა მოთხოვნის წარდგენის უფლება მოვალის მიმართ. გაურკვეველია, თუ რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს, როდესაც მან მოითხოვა ძირითადი თანხა, პირგასამტეხლო ჯერ არ გასული დროისათვის და სარგებელი. ამდენად, სააპელაციო პალატას უნდა გაეუქმებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, 116,25 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილშიც.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

35. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება.

36. 2015 წლის 23 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

37. 2015 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის (მოპასუხის) დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს: სესხის ძირი თანხა – 7500 აშშ დოლარი, პროცენტი – 300 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 116,25 აშშ დოლარი.

38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ 2015 წლის 23 იანვარს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით სესხის ძირითადი თანხა – 7500 აშშ დოლარი სრული მოცულობით არ მიუღია, რეალურად მითითებულ პერიოდში მან მიიღო 500 აშშ დოლარი, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა მისი არგუმენტი, რომ 2015 წლის 23 იანვარს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა მხოლოდ 500 და არა 7500 აშშ დოლარი. აგრეთვე, გაურკვეველია, თუ რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს, როდესაც მან მოითხოვა ძირითადი თანხა, სარგებელი და პირგასამტეხლო მაშინ, როდესაც ვალდებულების შესრულების ვადა გასული არ იყო.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

41. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

43. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

44. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

46. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

47. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

48. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

49. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

50. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

51. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა როგორც ძირითადი თანხის, ისე სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

52. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა მხარემ უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლების რეალიზება, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობა სწორია და მის გასაქარწყლებლად მხარეს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

53. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის არგუმენტების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

54. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

55. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

56. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

57. განსახილველ საქმეზე საკასაციო სასამართლო იზიარეს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან 7500 აშშ დოლარი სესხის სახით არ მიუღია, ამასთან, რომ მის მიერ ხდებოდა სესხის ძირი თანხის დაფარვა 2012 წლის 20 ივლისიდან 2015 წლის 23 აპრილამდე და სულ დაფარულია ძირი თანხა 1728.39 აშშ დოლარის ოდენობით. მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი კი მოპასუხის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა.

58. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

59. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

60. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

61. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე