საქმე №330210016001320018
საქმე №ას-796-796-2018 6 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ს.-ი (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ს.-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. ნ. ს.-მა (შემდგომში – განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
2. აღნიშნული გადაწყვეტილებით განმცხადებლის სარჩელი ხ. ს.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ არ დაკმაყოფილდა და მხარეს უარი ეთქვა მოპასუხის სახელზე კანონდარღვევით გაცემული სანოტარო აქტის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობაზე 22.43 კვ.მ-ის ნაწილში.
3. განმცხადებლის განმარტებით, კოოპერატივის მეპაიე-წევრების – განმცხადებლისა და მესამე პირის კუთვნილ ოთახებში (ერთიანი ფართით 53.57 კვ.მ) მოსარგებლის უფლებით ცხოვრობდა მოპასუხის ოჯახი, რომელმაც კანონდარღვევით გაცემული საკუთრების მოწმობით დაირეგისტრირა აღნიშნული პირების კუთვნილი ოთახები არაზუსტი 22.43 კვ.მ-ით ზედმეტი მონაცემით, როგორც 76 კვ.მ. მას შემდეგ, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით (2011 და 2013 წლებში) მოპასუხეს გაუბათილდა უფლება კანონიერ მესაკუთრეთა მთლიან 53.57 კვ.მ-ზე, მის სახელზე ზედმეტ 22.43 კვ.მ-ზე ნაშთის სახით, ფიქტიურად დარჩა საკუთრების უფლება საკუთრების მოწმობის ჩანაწერში და საჯარო რეესტრის ამონაწერში. სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო ბინის მთლიან 53.57 კვ.მ-ზე მოპასუხეს შეუწყდა სარგებლობის უფლებაც, მისთვის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ.
4. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მის სარჩელზე საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, მისი იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, მოპასუხის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი ნაშთის სახით დარჩენილ, ფიქტიურ 22.43 კვ.მ-ზე, მაგრამ აღნიშნული კანონიერი გადაწყვეტილება გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, იმ არასწორი მოსაზრებით, თითქოს სარჩელის მიმართ მოსარჩელეს არ ჰქონდა იურიდიული ინტერესი.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველად. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილების ჩანაწერი არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულებას, არ განიხილვას მოპასუხის სახელზე ფიქტიურად რიცხულ 22.43 კვ.მ-ზე საკუთრების მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების კანონიერების საკითხს, რაც იწვევს იმის აუცილებლობას, რომ განახლდეს საქმის წარმოება, ვინაიდან მოპასუხის სახელზე რიცხულ 22.43 კვ.მ-ზე უფლების რეგისტრაციით განმცხადებლის კუთვნილ ბინაში ხდება მისი, როგორც მესაკუთრის უფლების ხელყოფა და სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის (საქმეზე №...) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა.
6. განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოსაზრებით, რომ სარჩელის მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული საქმის განხილვისას არ შეეძლო წარედგინა მოპასუხის 2017 წლის 17 ოქტომბრის შესაგებელი, რომელზეც მტკიცებულების სახით დართული აქვს საჯარო რეესტრის ამონაწერი ფიქტიურ 22.43 კვ.მ-ზე და ამ ფიქტიური ფართის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით დართული, მისი დაკვეთით ექსპერტის მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზი, რომელიც სინამდვილეში მოიცავს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ №- ბინას ქუჩისკენ გაჭრილი ფანჯრით და სადარბაზოს კიბის უჯრედის ფართს, რომელიც ინდივიდუალურ საკუთრებაში დარეგისტრირებას არ ექვემდებარება. ზემოაღნიშნული ფაქტი მიუთითებს მოპასუხის მხრიდან მისი, როგორც მესაკუთრის უფლებების ხელყოფაზე მის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რასაც უკავშირდება მისი იურიდიული ინტერესი.
7. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის წერილით დასტურდება, რომ მოპასუხის შესაგებელზე დართულ ექსპერტის ნახაზში ასახული 16.50 კვ.მ ოთახი და სასამართლოს მიმართვით, სხვა ექსპერტის აზომვით ნახაზში ასახული განმცხადებლის კუთვნილი 17.77 კვ.მ ოთახი 1.27 კვ.მ-ის ცდომილებით არის ერთი და იგივე და რომ აღნიშნული ნახაზები იდენტურია.
8. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ბინის გამოთხოვის შესახებ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვალს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მტკიცებულების სახით წარადგინა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განჩინება. განცხადებაში მისი მცდარი მითითებით შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ფართის ნაწილი, საიდანაც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებიდან გამომდინარე, დაუფარავად ცხადდება უსაფუძლო პრეტენზია 2012 წლიდან მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 17.50 კვ.მ ბინაზე. ამდენად, იურიდიული ინტერესი დავის მიმართ ცალსახა და ნათელია, კერძოდ, განმცხადებელს სურს, დაიცვას მისი კუთვნილი ბინა მოპასუხის ხელყოფისაგან.
9. ამდენად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის წერილისა და 2018 წლის 14 თებერვალს მოპასუხის წარმომადგენელის მიერ წარდგენილი განცხადების თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განხილვაზე მათი მტკიცებულების სახით წარდგენის შემთხვევაში ცალსახად დადასტურდებოდა დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი და გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №.. სამოქალაქო საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და განმცხადებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 421-ე მუხლის პირველის ნაწილისა 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული საფუძვლით შესაძლებელია მხარემ განცხადებით მიმართოს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, მაგრამ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვის დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (423-ე მუხლის მესამე ნაწილი). აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლების საფუძვლებისა (423-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სამართლებრივი წანამძღვრების არსებობისას შესაძლებელია, მოხდეს საქმის წარმოების განახლება.
13. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მხარემ არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ამასთან, მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
14. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის არგუმენტაცია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ემყარება იმ გარემოებას, რომ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის წერილის და 2018 წლის 14 თებერვალს მოპასუხის წარმომადგენელის მიერ წარდგენილი განცხადების თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2017 წლის 22 ივნისის განხილვაზე მათი მტკიცებულების სახით წარდგენის შემთხვევაში ცალსახად დადასტურდებოდა დავის მიმართ განმცხადებლის იურიდიული ინტერესი და გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებლის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ 2004 წლის 21 იანვარს მოპასუხის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა ფიქტიური რეგისტრაციის სახით დარჩენილი 22.43 კვ.მ-ის ნაწილში ბინაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებელს მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნა არ აღუძრავს. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017 წ.)
16. აღსანიშნავია, რომ სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.
17. სააპელაციო პალატამ განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებელს, მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ მის დაკმაყოფილებას არანაირი დადებითი შედეგი (სარგებელი, ან უპირატესობა) არ მოაქვს მოსარჩელისათვის.
19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის წარმოების განახლებას საფუძვლად შეიძლება დაედოს არა ნებისმიერ შინაარსის ახალი მტკიცებულების მოპოვება, არამედ მხოლოდ ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმის განხილვისათვის და რომლის შეფასებითაც სასამართლო მიიღებდა განმცხადებლის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ამასთან, აუცილებელია, ამ მტკიცებულების საქმის განხილვის დროს არსებობა და შემდგომში მისი აღმოჩენა.
20. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის წერილი და 2018 წლის 14 თებერვალს მოპასუხის წარმომადგენელის მიერ წარდგენილი განცხადება) გავლენას ვერ მოახდენს დავის შედეგზე, აღიარებითი მოთხოვნის (საკუთრების მოწმობის ბათილობის) მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები, არ წარმოადგენს იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, რომლის გამოც უნდა გაუქმდეს საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და განახლდეს საქმის წარმოება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. შესაბამისად, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
23. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა კანონდარღვევა, რომლის შესაბამისად მოპასუხის სახელზე უკანონოდ გაცემულად აღიარებულ საკუთრების მოწმობაში ფიქტიურად ირიცხება უფლება 22,43 კვ.მ იმ ბინაში რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია განმცხადებლის სახელზე, რითაც ხელყოფილია მოსარჩელის საკუთრების უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
25. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით განმცხადებლის სარჩელი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა და მხარეს უარი ეთქვა მოპასუხის სახელზე კანონდარღვევით გაცემული სანოტარო აქტის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობაზე 22.43 კვ.მ-ის ნაწილში.
26. განმცხადებელმა მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
28. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
30. აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
31. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო.
32. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა დააფუძნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის წერილსა და 2018 წლის 14 თებერვალს მოპასუხის წარმომადგენელის განცხადებაზე, რომელთა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 22 ივნისის განხილვაზე მტკიცებულების სახით წარდგენა, განმცხადებლის აზრით, მისთვის ხელსაყრელი სამართლებრივი შედეგის დადგომას გამოიწვევდა.
33. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განმცხადებლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის ფაქტი.
34. სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
35. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას (სუსგ 16.06.2017წ. საქმე №ას-302-285-2017).
36. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და მიიჩნევს, რომ განსახილველი განცხადებით მხარემ ვერ მიუთითა ზემოთ დასახელებული კანონის დანაწესით გათვალისწინებულ ისეთი გარემოებაზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საფუძვლად შეიძლება შეფასდეს, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის ბიუროს წერილი და მოპასუხის წარმომადგენელის განცხადება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ შესაბამისი იურიდიული ინტერესის არარსებობაზე.
37. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე