Facebook Twitter

საქმე №330210116001600228

საქმე №ას-809-809-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. გ.-ის კანონიერი წარმომადგენელი ს. გ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ.-ე, შპს „ე.“ (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის დადგენის ნაწილში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. გ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) კანონიერი წარმომადგელის, მამის – ს. გ.-ის მეშვეობით სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ.-ე (შემდგომში – მოპასუხე ფიზიკური პირი, მოსარჩელის დედა), შპს „ე.-“ (შემდგომში – მოპასუხე შპს) მიმართ 2016 წლის 6 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 13 ოქტომბერს ამოწერილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის დადგენის ნაწილში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ფიზიკური პირი წარმოადგენს მის დედას, რომელმაც სადავო გარიგებების დადების გზით საკუთარი ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ აიღო სესხი და უზრუნველყო არასრულწლოვანი შვილის კუთვნილი უძრავი ქონებით. ამჟამად არსებობს იმის საშიშროება, რომ მოხდება იპოთეკით დატვირთული აღნიშნულ ქონების რეალიზაცია და მოსარჩელე დაკარგავს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება არასრულწლოვანი პირის ინტერესების საზიანოდ დაიდო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 6 იანვარს მოპასუხესა და მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელს – დედამისს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება.

7. სესხის ხელშეკრულებით მოპასუხე ფიზიკურმა პირმა მოპასუხე შპს-საგან ისესხა 32 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გამსესხებელსა და მოსარჩელეს შორის, მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის – დედის მეშვეობით დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა არასრულწლოვანი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

8. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები დამოწმდა ნოტარიუსის მიერ და მიენიჭა სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. იპოთეკის ნაწილში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, მოსარჩელის ნაცვლად, ხელი მოაწერა მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა – დედამ.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე დაბადებულია 2007 წელს და იგი სადავო იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის იყო 9 წლის.

10. 2016 წლის ოქტომბერში საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელის მამამ მოპასუხე ფიზიკურ პირს ანგარიშზე გადაურიცხა: 05.04.2015 წელს – 1500 ევრო, 07.04.2015 წელს – 1500 ევრო, 14.04.2015 წელს – 450 ევრო, 26.04.2015 წელს – 1200 ევრო, 28.04.2015 წელს – 1800 ევრო, 04.05.2015 წელს – 1000 ევრო, 07.05.2015 წელს – 1500 ევრო, 07.06.2015 წელს – 1000 ევრო, 22.06.2015 წელს – 350 ევრო, 11.07.2015 წელს – 950 აშშ დოლარი, 15.07.2015 წელს – 1000 ევრო, 01.08.2015 წელს – 2500 ევრო, 14.08.2015 წელს – 1500 ევრო, 24.08.2015 წელს – 200 ევრო, 02.09.2015 წელს – 2950 ევრო, 19.09.2015 წელს – 1625 ევრო, 29.09.2015 წელს – 1000 ევრო, 30.09.2015 წელს – 3600 ევრო, 01.10.2015 წელს – 800 ევრო, 05.10.2015 წელს – 1000 ევრო, 11.10.2015 წელს – 5100 აშშ დოლარი, 24.10.2015 წელს – 500 აშშ დოლარი, 27.10.2015 წელს – 1000 ევრო, 30.12.2015 წელს – 900 ევრო, 27.05.2016 წელს – 730 ევრო, 07.06.2016 წელს - 1500 ევრო, 15.06.2016 წელს – 650 ევრო, 21.06.2016 წელს – 4500 ევრო, 13.07.2016 წელს – 300 ევრო, 25.08.2016 წელს – 1200 ევრო, 30.09.2016 წელს – 950 ევრო, 25.10.2016 წელს 300 ევრო.

11. მოპასუხე შპს-მ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 13 ოქტომბერს მიიღო ნოტარიუსის მიერ ამოწერილი №... სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც გამსესხებელმა მსესხებელს წაუყენა ფულადი მოთხოვნა სესხის ძირზე, სესხის სარგებელსა და პირგასამტეხლოზე, ასევე სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯებზე. ამავე სააღსრულებლო ფურცლის მე-6 პუნქტით დადგინდა იპოთეკით დატვირთული მოსარჩელის უძრავი ქონების რეალიზაცია. გამსესხებელმა მოპასუხემ სააღსრულებლო ფურცელი გადასცა იძულებით აღსასრულებლად.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგენა, რომ 2016 წლის 6 იანვარს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელე არასრულწლოვანის უძრავი ქონება დატვირთული იყო პირველი, მეორე და მესამე რიგის იპოთეკებით სხვა საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ 2015 წლის 16 იანვრის, 5 მარტისა და 21 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე.

13. 2016 წლის 4 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხე ფიზიკურ პირს ზემოაღნიშნული სხვა საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე ერიცხებოდა დავალიანება სესხის ძირის – 25910 აშშ დოლარისა და სარგებლის – 1294 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 6 იანვარს საკრედიტო დაწესებულებამ თანხმობა განაცხადა, რომ გაუქმებულიყო მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა, სამი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, ასევე, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების გამო.

14. 2014 წლის 24 ივნისს მოპასუხე ფიზიკურმა პირმა, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენლმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით 140 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძნა უძრავი ქონება.

15. 2014 წლის 13 მარტს მოპასუხე ფიზიკურმა პირმა, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა ნასყიდობის ხელშეკრულებით 20 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინა უძრავი ქონება.

16. 2014 წლის 14 მარტს მოპასუხე ფიზიკურმა პირმა, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით 20 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინა უძრავი ქონება.

17. 2015 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხე ფიზიკურმა პირმა, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით 194 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინა უძრავი ქონება.

18. 2013 წლის 5 ივლისს მოპასუხე მოსარჩელის მშობლებმა, როგორც მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა ნასყიდობის ხელშეკრულებით 100 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინეს უძრავი ქონება.

19. ამავდროულად, კიდევ ერთი უძრავი ნივთი ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად.

20. მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელებს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს დაიდო შეთანხმება უძრავი ქონების გასხვისების, განკარგვის ან სხვა უფლებით დატვირთვის ან გადაცემის შეზღუდვის შესახებ, რომლითაც მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელები – მშობლები შეთანხმდნენ, რომ მათი არასრულწლოვანი შვილის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ქონების გასხვისება, განკარგვა, იპოთეკით აღნაგობით, უზუფრუქტით, სერვიტუტით, ქირავნობით, ქვექირავნობით, იჯარით, ქვეიჯარით დატვირთვა, თხოვება, ლიზინგით გადაცემა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული რაიმე ვალდებულების დადგენა ან დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი მშობლის, კერძოდ, მამის წერილობითი თანხმობით, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

21. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (შემდგომში – სსკ) ამკვიდრებს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს, რომელიც მიმართულია არასრულწლოვანის ქონებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად. სსკ-ის 1198-ე მუხლი, რომელიც დასათაურებულია, როგორც „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, მიჯნავს ერთმანეთისგან საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ (პირველი-მეხუთე ნაწილები) და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას (მეექვსე ნაწილი).

22. სსკ-ის 1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილისა და 1199-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავდება მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი იმავდროულად ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ. შედეგად, შვილის ქონებასთან დაკავშირებული გარიგების დადებისას იგი ვალდებულია, დაიცვას არასრულწლოვანი შვილის ინტერესები.

23. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

24. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან.

25. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე, მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა. ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს.

26. მშობლის უფლება-მოვალეობების სისტემა ქონებრივი და არაქონებრივი შინაარსით განიხილება, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს "the interests of child" („ბავშვის საუკეთესო ინტერესი“) პრინციპის განუხრელი დაცვით. აღნიშნული პრინციპი არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. მიუხედავად ამისა, მშობლის მიერ უფლებებისა და მოვალეობების რეალიზაციის ყველა ასპექტის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან თითოეულ ოჯახში არსებობს ბავშვის აღზრდის სხვადასხვა ტრადიციული შეხედულებები. საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება მშობლის წარმომადგენლობითი მოქმედება არასრულწლოვანის ინტერესებს, უნდა ფასდებოდეს ამ ურთიერთობის მიღმა, დამოუკიდებლად, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი სუბიექტივიზმი.

27. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით, სადავოდ არის გამხდარი 2016 წლის 6 იანვარს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, არასრულწლოვანი დედისა და მოპასუხე შპს-ს მიერ გამოვლენილი ნების კეთილსინდისიერებისა და არასრულწლოვნის ინტერესებსადმი შეესაბამისობის საკითხი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის კვლევის საგანია სადავო გარიგების სამართლებრივი შედეგების გავლენა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებზე. ამ კონტექსტში შესაფასებელია, თუ რამდენად კეთილსინდისიერად და მართლზომიერად მოქმედებდა გამსესხებელი კრედიტის გაცემისას. იყო თუ არა კრედიტუნარიანი მსესხებელი და არსებობდა თუ არა სესხის გაცემის წინაპირობები (მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული თანხა. კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 5.1.).

28. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ საფუძველს მოკლებულია აპელანტის მტკიცება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები შელახვისა და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თაობაზე.

29. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხეებს შორის 32 000 აშშ დოლარზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, რომლითაც არასრულწლოვანი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა, ამ იპოთეკის რეგისტრაციამდე, სამი სხვადასხვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი, მეორე და მესამე რიგის იპოთეკებით იყო დატვირთული.

30. მოპასუხე შპს-ს განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამება აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას კრედიტორი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის მოპასუხე ფიზიკურის პირის გადახდისუნარიანობით არ დაინტერესებულა.

31. საფინანსო ორგანიზაციამ კრედიტის გაცემამდე შეისწავლა კლიენტის ფინანსური მხარე და მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოპასუხე ფიზიკური პირი ფინანსურად ძლიერი და უზრუნველყოფილი იყო. კრედიტორს ნანახი ჰქონდა მის ანგარიშზე არასრულწლოვანის მამის მიერ განხორციელებული ჩარიცხვები, რომელთა რაოდენობა 2015 წლის განმავლობაში 20 000 ევროს აღემატებოდა, ხოლო არასრულწლოვანის სახელზე კი, 2014-2015 წლების განმავლობაში დაახლოებით 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება ჰქონდა შეძენილი, რაც უდავო გარემოებებია.

32. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის კონტექსტში, სადავო გარიგების კანონიერების შემოწმებისას, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა მოპასუხე შპს-ს ზემოაღნიშნული განმარტება და ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საცილოდ არ ყოფილა გამხდარი იმ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების (2015 წლის 16 იანვრის, 2015 წლის 5 მარტისა და 2015 წლის 21 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულები) კანონიერება, რომელთა საფუძველზეც არასრულწლოვანის უძრავი ქონება სხვა საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ პირველი, მეორე და მესამე რიგის იპოთეკებით დაიტვირთა.

33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ აღებული სესხის ძირითადი ნაწილით – 27 204 აშშ დოლარით, სწორედ, წინა სამი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი და ვადამოსული ფულადი ვალდებულების დაფარვას მოხმარდა და რომ არა მოპასუხე შპს-ს მიერ, არასრულწლოვანის ვალდებულებების დაფარვის მიზნით, განხორციელებული რეფინანსირება, არასრულწლოვანის ქონება აუქციონზე იძულებით რეალიზაციის რისკის წინაშე აღმოჩნდებოდა.

34. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა აქარწყლებს აპელანტის მტკიცებას, რომ სადავო გარიგების დადება არასრულწლოვანი მოსარჩელის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და მითითებული გარიგების დადების გზით არასრულწლოვანის ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

35. სააპელაციო პალატამ, სააპელაციო საჩივრის პრეტენზის ფარგლებში, ყურადღება გაამახვილა ამავე კატეგორიის საქმეზე (არასრულწლოვანი გ.კ. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-ს“ წინააღმდეგ, საქმე №2ბ/3275-15) თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება არ იყო განპირობებული ბავშვის – გ. კ.-ს საუკეთესო ინტერესების დაცვის აუცილებლობით და რომ არასრულწლოვანის ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

36. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ.კ-ს საქმეზე გამოტანილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოცემული საქმისაგან არსებითად განსხვავებულ ფაქტობრივ საფუძვლებს ემყარება. კერძოდ, მითითებულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ მშობლების მიერ, სულ – 7000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხის მიღებით არასრულწლოვანმა გ. კ-მ 54 000 ლარის ღირებულების საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება დაკარგა. აღნიშნულ საქმეში არსებითი მნიშვნელობის იყო ის გარემოება, რომ სადავო სახლი ბავშვისთვის ბაბუის ნაჩუქარი იყო და არასრულწლოვნის ერთადერთ საკუთრებას და ერთადერთ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა.

37. გ.კ.-ს საქმისაგან განსხვავებით, განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ დედამ არასრულწლოვან შვილს – მოსარჩელეს დაახლოებით 400000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეუძინა და ეს ქონება არასრულწლოვნის სახელზეა რეგისტრირებული, ამასთან, სადავო სესხით წინა სამი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი და ვადამოსული ფულადი ვალდებულების გადაფარვა განხორციელდა, რითაც თავიდან იქნა აცილებული არასრულწლოვნის ქონების აუქციონზე იძულებით რეალიზაციის რისკი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის მტკიცება, რომ სადავო გარიგებით არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები შეილახა, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

38. რაც შეეხება ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 13 ოქტომბერს ამოწერილი №... სააღსრულებლო ფურცლის, იპოთეკის რეალიზაციის დადგენის ნაწილში, ბათილად ცნობას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე შპს-სა და მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელს – დედას შორის 2016 წლის 6 იანვარს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობა, ასევე, გამორიცხავს სადავო სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

39. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელე მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

40. კასატორმა მიუთითა სსსკ-ის 391-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე არსებობდა აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები. ასევე, სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილების საფუძვლები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე.

41. კასატორის განმარტებით, არასრულწლოვნის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დაცვა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყოს, რაც ცალსახად დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით, ასევე, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით, რომელიც საქართველოსთვის 1994 წლის 21 აპრილიდან შევიდა ძალაში.

42. დასახელებული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, კასატორმა მიუთითა, რომ ბავშვის უფლებების დაცვა განსაკუთრებული პრიორიტეტულებით ხასიათდება.

43. კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ზემოაღნიშნული ვალდებულებები და საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასების შედეგად უნდა მიეღო დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამასთან, მიუთითა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც აღიარებულია ბავშვის დაცვა ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან. ამ საკითხთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არსებულ განმარტებაზე საქმეზე №2ბ/3275-15, რომლის მიხედვითაც ქონებრივ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის ქონების არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ/საწინააღმდეგოდ განკარგვა. კასატორის განმარტებით, მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ კასატორის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის არც აუცილებლობა და არც საჭიროება არ იყო, რაც სააპელაციო სასამართლომ უნდა შეეფასებინა, როგორც ბავშვის ინტერესებისათვის გაუმართლებელი და არამიზნობრივი ქმედება.

44. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული კონვენციის დანაწესი ეროვნულ კანონმდებლობაში აისახა სსკ-ის 1198-ე მუხლის მეოთხე ნაწილში, რომელიც მშობლებს უფლებას უზღუდავს ბავშვის ქონებასთან მიმართებით, რაც გამოიხატება ქონების მხოლოდ მართვისა და გამოყენების შესაძლებლობაში და არ მოიაზრება განკარგვის უფლებამოსილება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, მშობლის უფლება ბავშვის წარმომადგენლობაზე იმგვარად უნდა იქნეს გაგებული, რომ მშობელმა ბავშვის სახელით მხოლოდ ამ უკანასკნელის ნების და ინტერესების შესაბამისი გარიგებები უნდა დადოს, რაც განსახილველ შემთხვევაში არა თუ არ იკვეთებოდა, არამედ კასატორის ინტერესების საზიანო იყო, რადგან არსებობდა მისი ქონების დაკარგვის რეალური საფრთხე.

45. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები ბავშვის ქონებრივი უფლებების დაცვის თაობაზე. აღნიშნულ უფლებათა დაცვის ლეგიტიმური მოლოდინიდან გამომდინარე, ბავშვის ქონებრივი უფლებების დაცვა სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული ზომების მიღებას მოითხოვს. ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, ბავშვის საუკეთესო ინტერესი უპირატესადაა მიჩნეული. (იხ. 07.05.2015 წლის საქმე ს.ლ და ჯ.ლ ხორვატიის წინააღმდეგ).

46. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში საქმეზე №ას-1221-1146-2015 საკასაციო პალატის მსჯელობაზე, სადაც მოყვანილია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (იხ. ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ განაცხადი N71776/12). კასატორმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი საკრედიტო ორგანიზაციისა და დედის მიერ უხეშადაა დარღვეული არასრულწლოვანი მესაკუთრის უფლებები, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოყენებული ნორმები (სსკ-ის 1198-ე და 1199-ე მუხლები) არასწორად განმარტა, რის გამოც საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია.

47. საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე და გადაწყვეტილება დააფუძნა მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებებზე, რომლის საპირწონედ კასატორის მიერ წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებაზე, მაშინ, როცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამსესხებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოსამართლის შეკითხვაზე, დაინტერესდნენ თუ არა კრედიტის გაცემისას მოწინააღმდეგე მხარე მოპასუხე ფიზიკური პირის გადახდისუნარიანობით, უპასუხა, რომ მსესხებელს თანხის დაბრუნების დროის დადგომისას შეეკითხებოდნენ გადახდისუნარიანობის თაობაზე (იხ. 2017 წლის 14 ივნისის სხდომის ჩანაწერი 13:09 საათზე). მსესხებელს არასდროს უმუშავია და ნათელი იყო მისი გადახდისუუნარობა სესხის აღების მომენტისათვის, რაც სასამართლო სხდომებზე არაერთხელ დადასტურდა გამსესხებელი ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ, კერძოდ, სწორედ მოპასუხე ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის გამო, მოპასუხე მხარედ მხოლოდ ამ უკანასკნელის დატოვებაზე მოპასუხე შპს-ს წარმომადგენელმა უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფდა, რომ გამსესხებელი მხოლოდ იპოთეკის საგნის იმედად რჩებოდა, რაც მის არაკეთილსინდისიერებას ადასტურებდა, რადგან ორგანიზაციის წარმომადგენელმა 2017 წლის 1 მაისის სხდომაზე აღიარა მოპასუხე ფიზიკური პირის გადახდისუუნარობა.

48. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მსჯელობა და მის საფუძველზე გაკეთებული დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, ამ განჩინების 29-34-ე პარაგრაფებში სამართლებრივ შეფასებასა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული საბოლოო დასკვნა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ალოგიკურია. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმავე პალატის მსჯელობა 2015 წელის 6 ოქტომბერს მიღებულ განჩინებაში საქმეზე №2ბ/3275-15, სადაც განსახილველი საქმის ანალოგიური ვითარება იყო, თუმცა, სასამართლო გასაჩივრებული განჩინებით განსხვავებულ საბოლოო შედეგამდე მივიდა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ კასატორს სხვა არაერთი ქონება ჰქონდა და სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენდა მის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს.

49. კასატორმა მიუთითა სსკ-ის მე-14 მუხლის პირველ და მე-12 მუხლის მე-6 ნაწილებზე, ასევე, 63-67-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არასრულწლოვანი მესაკუთრე 9 წლის იყო, რაც ნიშნავდა მის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად გამოევლინა ნება, რომლის ნამდვილობისათვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოწონება იყო საჭირო. კასატორმა ყურადღება გაამახვილა ქმედუუნარობისა და შეზღუდული ქმედუნარიანობის გამიჯვნის თაობაზე და მიიჩნია, რომ კეთილსინდისიერ საკრედიტო ორგანიზაციას ევალებოდა არასრულწლოვნის ნებისა და ინტერესების შესაბამისად ამომწურავი ინფორმაცია მიეღო კრედიტის მიზნობრიობის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს არ განუხორციელებია.

50. კასატორის აზრით, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეზღუდული ქმედუნარიანი პირის მიერ დადებული გარიგების ნამდვილობის წინაპირობებიდან განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა გარიგების შედეგად არასრულწლოვნის მიერ სარგებლის მიღება, რაც მისი ქონების ექსპლუატაციას ნიშნავდა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა. ასევე, არ დადასტურებულა სესხის თანხის გამოყენება ბავშვის მატერიალური ან/და არამატერიალური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, როგორიცაა ჯანმრთელობის, განათლების და სხვა მიზნით.

51. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ მსესხებელი ხშირად სტუმრობდა სამორინეებს, ამდენად, მოსარჩელე მხარეს საფუძვლიანი ეჭვი გააჩნდა, რომ სესხის თანხაც, როგორც არასრულწლოვნისათვის მამის მიერ გამოგზავნილი თანხები, ამ მიზნით გამოიყენა. საქმის სასამართლოში განხილვისას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კასატორმა მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვა, თუმცა, აღნიშნულს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. საქმე ეხებოდა არასრულწლოვნის ინტერესებს, ამდენად, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, გამოეკვლია ყველა გარემოება.

52. კასატორის განმარტებით, არასრულწლოვანი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო მამის მხრიდან და ამ პირობებში მისთვის ნაჩუქარი ქონების დედის მიერ იპოთეკით დატვირთვა ისე, რომ ამით ბავშვის მიერ რაიმე სარგებლის მიღება არ დადასტურებულა, ასევე, ის გარემოება, რომ ქონების იძულებით რეალიზაციის გზით სააღსრულებლო წარმოება დაწყებულია, ცალსახად გამორიცხავდა ამ ხელშეკრულების დადების საჭიროებას ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, კასატორმა მიუთითა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარში სარგებლიანი გარიგების თაობაზე იან კორპჰოლერის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც მავალდებულებელი გარიგებები სამართლებრივად სარგებლიანია, როდესად შეზღუდულქმედუნარიანი პირი არ კისრულობს ვალდებულებას, რაც ხდება ცალმხრივი, მხოლოდ ხელშეკრულების მეორე მხარისათვის მავალდებულებელი ხელშეკრულების შემთხვევაში.

53. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობაზე, რომ სადავო უძრავი ქონება დატვირთული იყო პირველი, მეორე და მესამე რიგის იპოთეკით. ასევე, იგივე ორგანიზაციაში იქამდეც იყო ეს ქონება მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ იპოთეკით დატვირთული და, შესაბამისად, მანამდეც არსებობდა მისი დაკარგვის რისკი. ეს ფაქტი კი, კასატორის აზრით, არასრულწლოვნის დედის მიერ მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებაზე მეტყველებს. აღნიშნულის შეტყობისთანავე, ს. გ.-მა მიიღო შესაბამისი ზომები ბავშვის უფლებების დარღვევის აღმოფხვრისათვის.

54. კასატორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სადავო უძრავი ქონება რეალურად იდგა იძულებითი აუქციონის წესით რეალიზების რისკის წინაშე. ამასთან, კასატორისათვის უმნიშვნელოა მოპასუხე შპს-ს მიერ მოხდებოდა მისი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია თუ სხვა საკრედიტო დაწესებულების მიერ, რადგან ორივე კომპანია ერთი და იგივე პირის მიერაა დაფუძნებული, ჰყავთ იგივე თანამშრომლები. აღნიშნულს ადასტურებდა 2017 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომის ჩანაწერი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტის დადგენის მიზნით, მტკიცებულების წარდგენაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კასატორის აზრით, აღნიშნული ფაქტის შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საკრედიტო ორგანიზაციის კეთილსინდისიერების შემოწმებისას, როგორც სესხის გაცემისას, ასევე, მისი რეფინანსირებისას.

55. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით ნათლად დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენა მოპასუხე ფიზიკური პირის სახსრებით არ მომხდარა, რასაც ადასტურებდა საქმის მასალებში არსებული საბანკო გადარიცხვების ამონაწერი მამის მიერ ბავშვის სრულად უზრუნველყოფა და, უძრავი ქონების შეძენის მიზნით, განხორციელებული გადარიცხვები.

56. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხე ფიზიკურმა პირმა არასრულწლოვან მოსარჩელეს შეუძინა 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება იმ პირობებში, რომ მას არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა. ამასთან, კასატორმა გაუმართლებლად მიიჩნია სასამართლოს მითითება, რომ მის სახელზე ირიცხება სხვა უძრავი ნივთებიც და, შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენს მის ერთადერთ საცხოვრებელ სახლს.

57. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სხვა საკრედიტო დაწესებულებასთან მანამდე დადებული გარიგება მის მიერ სადავოდ არ გამხდარა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორმა განმარტა, რომ იპოთეკა აქცესორული ბუნებისაა და დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე. ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ზემოაღნიშნული საკრედიტო ორგანიზაციის მიმართ დავალიანება აღარ არსებობდა, ასევე, აღარ არსებობდა ამ მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფაც, რისი ბათილობის სასამართლოში მოთხოვნაც საჭირო აღარ იყო.

58. სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა იშუამდგომლა მის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე.

59. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

60. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

61. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 6 იანვარს მოპასუხესა და მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელს – დედამისს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება.

62. სესხის ხელშეკრულებით მოპასუხე ფიზიკურმა პირმა მოპასუხე შპს-საგან ისესხა 32 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გამსესხებელსა და მოსარჩელეს შორის, მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის – დედის მეშვეობით დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა არასრულწლოვანი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

63. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები დამოწმდა ნოტარიუსის მიერ და მიენიჭა სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. იპოთეკის ნაწილში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, მოსარჩელის ნაცვლად, ხელი მოაწერა მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა – დედამ.

64. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე დაბადებულია 2007 წელს და იგი სადავო იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის იყო 9 წლის.

65. 2016 წლის ოქტომბერში საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელის მამამ მოპასუხე ფიზიკურ პირს ანგარიშზე გადაურიცხა: 05.04.2015 წელს – 1500 ევრო, 07.04.2015 წელს – 1500 ევრო, 14.04.2015 წელს – 450 ევრო, 26.04.2015 წელს – 1200 ევრო, 28.04.2015 წელს – 1800 ევრო, 04.05.2015 წელს – 1000 ევრო, 07.05.2015 წელს – 1500 ევრო, 07.06.2015 წელს – 1000 ევრო, 22.06.2015 წელს – 350 ევრო, 11.07.2015 წელს – 950 აშშ დოლარი, 15.07.2015 წელს – 1000 ევრო, 01.08.2015 წელს – 2500 ევრო, 14.08.2015 წელს – 1500 ევრო, 24.08.2015 წელს – 200 ევრო, 02.09.2015 წელს – 2950 ევრო, 19.09.2015 წელს – 1625 ევრო, 29.09.2015 წელს – 1000 ევრო, 30.09.2015 წელს – 3600 ევრო, 01.10.2015 წელს – 800 ევრო, 05.10.2015 წელს – 1000 ევრო, 11.10.2015 წელს – 5100 აშშ დოლარი, 24.10.2015 წელს – 500 აშშ დოლარი, 27.10.2015 წელს – 1000 ევრო, 30.12.2015 წელს – 900 ევრო, 27.05.2016 წელს – 730 ევრო, 07.06.2016 წელს - 1500 ევრო, 15.06.2016 წელს – 650 ევრო, 21.06.2016 წელს – 4500 ევრო, 13.07.2016 წელს – 300 ევრო, 25.08.2016 წელს – 1200 ევრო, 30.09.2016 წელს – 950 ევრო, 25.10.2016 წელს 300 ევრო.

66. მოპასუხე შპს-მ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 13 ოქტომბერს მიიღო ნოტარიუსის მიერ ამოწერილი №... სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც გამსესხებელმა მსესხებელს წაუყენა ფულადი მოთხოვნა სესხის ძირზე, სესხის სარგებელსა და პირგასამტეხლოზე, ასევე სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯებზე. ამავე სააღსრულებლო ფურცლის მე-6 პუნქტით დადგინდა იპოთეკით დატვირთული მოსარჩელის უძრავი ქონების რეალიზაცია. გამსესხებელმა მოპასუხემ სააღსრულებლო ფურცელი გადასცა იძულებით აღსასრულებლად.

67. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 6 იანვარს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელე არასრულწლოვანის უძრავი ქონება დატვირთული იყო პირველი, მეორე და მესამე რიგის იპოთეკებით სხვა საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ 2015 წლის 16 იანვრის, 5 მარტისა და 21 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე.

68. 2016 წლის 4 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხე ფიზიკურ პირს ზემოაღნიშნული სხვა საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე ერიცხებოდა დავალიანება სესხის ძირის –25910 აშშ დოლარისა და სარგებლის – 1294 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 6 იანვარს საკრედიტო დაწესებულებამ თანხმობა განაცხადა, მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა, სამი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაუქმებულიყო ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების გამო.

69. 2014 წლის 24 ივნისს მოპასუხე ფიზიკურმა პირმა, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენლმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით 140 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძნა უძრავი ქონება.

70. 2014 წლის 13 მარტს მოპასუხე ფიზიკურმა პირმა, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა ნასყიდობის ხელშეკრულებით 20 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინა უძრავი ქონება.

71. 2014 წლის 14 მარტს მოპასუხე ფიზიკურმა პირმა, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით 20 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინა უძრავი ქონება.

72. 2015 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხე ფიზიკურმა პირმა, როგორც მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით 194 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინა უძრავი ქონება.

73. 2013 წლის 5 ივლისს მოპასუხე მოსარჩელის მშობლებმა, როგორც მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა ნასყიდობის ხელშეკრულებით 100 000 აშშ დოლარად არასრულწლოვანი შვილის სახელზე შეიძინეს უძრავი ქონება.

74. ამავდროულად, კიდევ ერთი უძრავი ნივთი ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად.

75. მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელებს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს დაიდო შეთანხმება უძრავი ქონების გასხვისების, განკარგვის ან სხვა უფლებით დატვირთვის ან გადაცემის შეზღუდვის შესახებ, რომლითაც მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელები – მშობლები შეთანხმდნენ, რომ მათი არასრულწლოვანი შვილის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ქონების გასხვისება, განკარგვა, იპოთეკით აღნაგობით, უზუფრუქტით, სერვიტუტით, ქირავნობით, ქვექირავნობით, იჯარით, ქვეიჯარით დატვირთვა, თხოვება, ლიზინგით გადაცემა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული რაიმე ვალდებულების დადგენა ან დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი მშობლის, კერძოდ, მამის წერილობითი თანხმობით, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

76. საფინანსო ორგანიზაციამ კრედიტის გაცემამდე შეისწავლა კლიენტის ფინანსური მხარე და მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოპასუხე ფიზიკური პირი ფინანსურად ძლიერი და უზრუნველყოფილი იყო. კრედიტორს ნანახი ჰქონდა მის ანგარიშზე არასრულწლოვანის მამის მიერ განხორციელებული ჩარიცხვები, რომელთა რაოდენობა 2015 წლის განმავლობაში 20 000 ევროს აღემატებოდა, ხოლო არასრულწლოვანის სახელზე კი, 2014-2015 წლების განმავლობაში დაახლოებით 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება ჰქონდა შეძენილი, რაც უდავო გარემოებებია.

77. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ აღებული სესხის ძირითადი ნაწილით – 27 204 აშშ დოლარით, სწორედ, წინა სამი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი და ვადამოსული ფულადი ვალდებულების დაფარვას მოხმარდა და რომ არა მოპასუხე შპს-ს მიერ, არასრულწლოვანის ვალდებულებების დაფარვის მიზნით, განხორციელებული რეფინანსირება, არასრულწლოვანის ქონება აუქციონზე იძულებით რეალიზაციის რისკის წინაშე აღმოჩნდებოდა.

78. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანის ქონებრივ ინტერესს პრიორიტეტული მნიშვნელობა არ მიანიჭა, რითიც დაარღვია როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დანაწესი ბავშვთა ეკონომიკური უფლებების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მიდგომის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მოპასუხე შპს-მ ბოროტად გამოიყენა უფლება, როდესაც არ შეამოწმა მსესხებელის – მოპასუხე ფიზიკური პირის ქონებრივი მდგომარეობდა მხოლოდ არასრულწლოვანის კუთვნილი უძრავი ქონების გათვალისწინებით გასცა სესხი. კასატორის მოსაზრებით, გასაჩჲვრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მსგავს დავებზე.

79. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

80. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

81. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

82. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანი პირის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

83. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად იქნა გადაწყვეტილი და განმარტებული არასრულწლოვანი პირის კუთვნილ უძრავ ნივთზე მისი კანონიერი წარმომადგენლის – მშობლის მიერ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების საკითხი.

84. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ ნ.წ.-სა და სხვების N.71776/12 განაცხადის საფუძველზე (2 თებერვალი 2016 წელი) მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ხაზი გაუსვა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ „ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება“ (პ-19).

85. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადგენილი, რომლებმაც არასრულწლოვანის წარმომადგენელთა მხრიდან ქონების განკარგვის შესახებ გარიგების ბათილობის წინაპირობები ვერ წარმოშვეს.

86. აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც შედავებული იყო ბანკსა და არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენელებს (მშობლებს) შორის დადებული სესხის უზრუნველყოფის შესახებ გარიგება (იპოთეკის ხელშეკრულება), როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება (1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილი, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3111 მუხლი, 54-ე მუხლი). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საკასაციო პალატამ სადავო გარიგებათა მართლოზომიერების შემოწმების კრიტერიუმად კრედიტის გამცემის კეთილსინდისიერად მოქმედების აუცილებლობა მიიჩნია. კერძოდ, მხედველობაში მიიღო რა სესხის გაცემის წინაპირობების (მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული თანხა. კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 5.1.) დაცულობის აუცილებლობა, აღნიშნა, რომ დასადგენ გარემოებათა წრეს (მტკიცების საგანი) სესხის მიღების დროს მსესხებლის დამოუკიდებელი შემოსავლების (ხელფასის ან სხვა შემოსავლების სახით) არსებობა წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნებოდა ისეთი ვითარება, რომ გამსესხებელი მხოლოდ იპოთეკის საგნის იმედად რჩებოდა და, შესაბამისად, მის მოქმედებას ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა (შდრ: სუსგ №ას-1221-1146-2015 20 მაისი, 2016 წელი. პ- 31). საგულისხმოა, რომ სასესხო (მათ შორის, კრედიტი სესხი ფორმით) ურთიერთობებში კრედიტორის მოქმედების გულისხმიერების აუცილებლობის თვალსაზრისით დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ., სუსგ Nას-1338-1376-2014; 29.06.2015წ.).

87. იმავდროულად, მხედველობაშია მისაღები საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება საჯარო წესრიგის დაცვის აუცილებლობის თავლსაზრისითაც (იხ., სუსგ Nას-15-15-2016, 1 მარტი 2016 წელი), რომლის მიხედვით „სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს“.

88. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზეა შესაძლებელი იმგვარი დასკვნის გაკეთება, წარმოშობს თუ არა გარიგება ბათილობის წინაპირობებს, მათ შორის, კეთისინდისიერების, გულისხმიერების, მართლზომიერების, კანონსაწინააღმდეგო თუ, ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების საფუძვლებით.

89. განსახილველი საკასაციო პრეტენზია (შედავება) კი, არ შეიცავს დასაბუთებულ მითითებას საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნის უარსაყოფად. მართალია, კასატორი უთითებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომლებშიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებში მოქმდების აუცილებლობაზეა ყურადღება გამახვილებული და რომლის დაცვის აუცილებლობასაც, საკასაციო პალატა ადასტურებს, თუმცა, კასატორი ვერ ასაბუთებს, განსახილველ საქმეში, კონკრეტულად რაში გამოიხატა დარღვევა იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტის გაცემისას.

90. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

91. აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებას.

92. კონკრეტული გარემოებების გარეშე კი ამგვარი დასკვნის გაკეთება ეწინააღმდეგება სამართლის განსაზღვრულობის პრინციპის დაცვის აუცილებლობასაც. ამ კუთხით საგულისხმოა, ბოლო წლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოკვეთილი შეხედულებები ეროვნული კანონმდებლობის განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევებთან მიმართებით. იხ., Tudor tudor v Romania (Application no. 21911/03 §27), რომელშიც ხაზი გაესვა პრეცედენტული სამართლის კონფლიქტს კანონის ნორმის ინტერპრეტაციის საკითხში. განსხვავებული ინტერპრეტაციის პრობლემა დადგა სხვა საქმეშიც ALBU AND OTHERS v. ROMANIA (Application no. 34796/09), §§: 34 (III, IV), რომელშიც აღნიშნა, რომ სასამართლოს დასკვნები უნდა დაეფუძნოს სამართლის განსაზღვრულობის პრინციპს, რომელიც ადგენს კანონისმიერი წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტს. სხვა საქმეში აღნიშნა იმგვარი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, რომელიც შექმნის რა სამართლებრივ განსაზღვრულობას (Nejdet Şაჰინ and Perihan Şahin v. Turkey [GH] (Application no. 13279/05), §§59-96) ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენას კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისათვის, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებათა კონფლიქტი არაერთგვაროვნების კონტექსტში კი, პირიქით, შეამცირებს საზოგადოების ნდობას.

93. მართალია, ნორმის განსაზღვრულობის საკითხისადმი მიდგომა შედარებით მოქნილია სსკ-ის ნორმების მიმართ (შდრ: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №3/7/679. პ-29, 30), თუმცა, როდესაც საქმე არ შეეხება უზოგადეს ცნებას როგორიცაა „გარიგების წინააღმდეგობა საჯარო წესრიგთან ან კანონთან“, „აუცილებელი წინადახედულობისა და გულისხმიერად ქცვის ვალდებულების შეუსრულებლობა“ წარმოიშობა მწვავე ობიექტური საჭიროება იმისა, რომ მოსამართლეს არ გააჩნდეს უკონტროლო დისკრეციის უფლება. არ უნდა მიიჩქმალოს განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება – კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა და თავისი ქცევის განხორციელება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).

94. ამიტომაც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ კასატორის ზოგადი შედავებით, სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლები წარმოშობილად ვერ მიიჩნევა. აღნიშნული თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოვა აგრეთვე გარიგების მონაწილე მეორე მხარის – კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის განხორცილებასთანაც. ვინაიდან, ვიცავთ რა გარიგების ერთი მხარის უფლებას, არ უნდა დავუშვათ მეორე მხარის ინტერესების დაუსაბუთებელი შელახვა. ამგვარი მიდგომა, პირიქით წაახალისებს გარიგების მონაწილეთა ქცევის არაკეთილსინდისიერებას.

95. საკასაციო პალატა გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია, უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. კეთილსინდისიერების პრინციპი უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას. იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა. კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა. შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულია, მოქმედებდეს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში, რაც არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს ხელშეკრულებით. კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპი მიჩნეულია ყოველისმომცველ პრინციპად, თუ არ არის დადგენილი კონკრეტული შემთხვევისთვის სპეციალური დანაწესი. მართალია, მისი შინაარსი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა, თუმცა კონკრეტიზაციას ცალკეულ მოთხოვნებში, კერძოდ, ურთიერთგამომრიცხველი მოქმედებების აკრძალვაში, ასევე, ორმხრივ ინფორმირებულების ვალდებულებაში ჰპოვებს.

96. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

97. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 316-ე მუხლის მეორე ნაწილი, ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება.

98. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება. იგი შეიძლება გულისხმობდეს ასევე წინასახელშეკრულებო პერიოდში მხარის მიერ განხორცილებული ქმედებებისადმი პატივისცემას, აგრეთვე, მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასაც.

99. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინცპიებში (მუხლი 1:202) გულისხმიერების ვალდებულება ნახსენებია როგორც Duty of Co-operate, რაც შეიძლება გაგებული იქნეს გულისხმიერებად, ასევე, თანამშრომლობის ვალდებულებად. ამ პრინციპის დარღვევა წარმოადგენს სახელშკრულებო ვალდებულების დარღვევას და ამ დროს გამოიყენება ვალდებულების დარღვევის დროს გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოვალეს შეუძლია, მიუთითოს ამ საფუძვლებზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორმა დაარღვია გულისხმიერების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნაწილში, გარიგების მართლოზმიერად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულების დაცულობა (სუსგ 8.06.2018წ. საქმე №ას-1498-1418-2017).

100. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მოპასუხე შპს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების დადებისას მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, რაც იმაში გამოიხატა, რომ საკრედიტო დაწესებულებამ სესხი გასცა მხოლოდ არასრულწლოვანის კუთვნილი უძრავი ნივთის უზრუნველყოფით.

101. აღნიშნული კუთხით სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ მოპასუხე შპს-მ კრედიტის გაცემამდე შეისწავლა კლიენტის ფინანსური მხარე და მხედველობაში მიიღო მოპასუხე ფიზიკური პირის სახელზე 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული ჩარიცხვები 20 000 ევროს ფარგლებში. ამავდროულად, არასრულწლოვანის სახელზე 2014-2015 წლებში დაახლოებით 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება იქნა შეძენილი. ამდენად, მოპასუხე შპს-ს მხრიდან არაკეთილსინდისიერების ფაქტის არსებობა მოსარჩელე მხარემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.

102. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ უდავოდ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეთა შორის 32 000 აშშ დოლარზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამდე არასრულწლოვანი პირის სადავო უძრავი ქონება სამჯერ იქნა დატვირთული იპოთეკით სხვა სესხის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად.

103. აღნიშნული მიუხედავად, მოსარჩელემ სადავო გახადა მხოლო მოპასუხე შპს-ს სასარგებლოდ ქონების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის კონტექსტში მანამდე დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების (2015 წლის 16 იანვრის, 2015 წლის 5 მარტისა და 2015 წლის 21 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების) კანონიერების მიმართ შეცილება არ განუხორციელებია.

104. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ აღებული სესხის ძირითადი ნაწილით – 27 204 აშშ დოლარით დაიფარა სწორედ წინა სამი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი და ვადამოსული ფულადი ვალდებულებები, რითაც იმ მომენტისათვის თავიდან იქნა აცილებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის საშიშროება.

105. კასატორმა ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხე შპს-სა და წინა სამი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გამსესხებელი ორგანიზაციის დამფუძნებლები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენდნენ.

106. ამასთან, კასატორმა მხარემ იშუამდგომლა მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ თანხის სამორინეში განკარგვის დადასტურების მიზნით ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებიდან გამოთხოვის შესახებ.

107. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება.

108. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

109. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

110. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

111. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

112. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

113. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. გ.-ისა და ე. შ.-ის მიერ 2018 წლის 31 მაისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ.-ის კანონიერი წარმომადგენლის – ს. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. გ.-ის კანონიერ წარმომადგენელ ს. გ.-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. გ.-ისა და ე. შ.–ის მიერ 2018 წლის 31 მაისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

3. მ. გ.-ის კანონიერი წარმომადგენლის – ს. გ.-ის შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე