საქმე №330210016001278815
საქმე №ას-811-811-2018 20 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. შ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.-“ (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით შპს „დ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე, განმცხადებელი, შპს) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და ვ. შ.-ის (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
განმცხადებლის მოთხოვნა:
3. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მისთვის დაკისრებული 28 000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდის ერთი წლის ვადით განაწილვადება.
4. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა საწარმოს ძირითადი საშუალებების გაყიდვის, ანუ მისი გაკოტრების გარეშე შეუძლებელია. შპს-ს ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 6710 აშშ დოლარს, საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადია 1023 აშშ დოლარი, გასაცემი ხელფასები – 2832 აშშ დოლარი. ამდენად, დარჩენილი 2855 აშშ დოლარიდან მიზანშეწონილი იქნება ერთ წელს განაწილვადებული თანხის – 2334 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით მოპასუხის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით დაკისრებული 28 000 აშშ დოლარი გაუნაწილვადდა 10 თვეზე 2018 წლის 29 მაისიდან 2019 წლის 29 მარტამდე და თითოეულ თვეზე გადასახდელ თანხად განისაზღვრა 2 800 აშშ დოლარი შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-10 მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულო ხასიათს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადადების, შეჩერების საკითხები მკაცრადაა რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით, გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის, განსაკუთრებულ შემთხვევებში და შეზღუდული ვადით.
7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მესამე პუნქტისა და სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა, გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას. საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა.
8. აღსრულების განაწილვადება ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების ეტაპობრივად აღსრულების დადგენას. სასამართლომ უნდა განსაზღვროს ზუსტი კალენდარული დრო, რომელშიც უნდა მოხდეს აღსრულება. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებისას სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განაწილვადება უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების აღსრულებას და იგი დასაშვებია, თუ არსებობს ამისათვის გონივრული საფუძველი.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, ზოგადად კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები დამყარებულია მხარეთა თანასწორობაზე, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე უპირატესი კრედიტორის ინტერესია. სააღსრულებო წარმოება ხორციელდება სწორედ კრედიტორის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოვალის ქონებისა თუ სხვა მატერიალური ხარჯების განკარგვის გზით. მხარეთა ამგვარ მდგომარეობას ლეგიტიმურს ის გარემოება ხდის, რომ კრედიტორს, რომლის დარღვეული უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების კანონიერ ძალაში შესული აქტით არის აღდგენილი, ჰქონდეს რეალური გარანტია, უფლების რეალიზაციისა.
10. მიუხედავად ამგვარი ვითარებისა, კანონმდებლობა გარკვეულ ბალანსს ადგენს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის და კრედიტორის უფლებრივი მდგომარეობის უპირატესი გათვალისწინებით, დასაშვებად მიიჩნევს მოვალის უფლებების დაცვას, რათა ხელისუფლების ორგანოს ქმედებით (სააღსრულებო ორგანოები) მოვალეს არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამგვარ საშუალებათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების ერთჯერადად გადადება, მისი განაწილვადება და სხვა, ამ თვალსაზრისით საინტერესოა ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი კრედიტორისა და მოვალის უფლებები, სადაც ასევე გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მხარეთა მორიგების შესაძლებლობა.
11. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ შპს-ს შემოსავლები ყოველთვიურად შეადგენს 6710 აშშ დოლარს, რასაც ადასტურებს განცხადებაზე თანდართული 2018 წლის 23 მაისის №-- ცნობა. ამასთან, განცხადებაზე თანდართული 2018 წლის 23 მაისის ცნობით ასევე დასტურდება, რომ შპს-ს დარიცხული ხელფასები ყოველთვიურად შეადგენს 6900 ლარს, რაც 2018 წლის 23 მაისის არსებული კურსით შეადგენს 2 832 აშშ დოლარს. ამდენად, აღნიშნულის გათვალისიწნებით, იმისათვის, რომ მოპასუხეს არ მიადგენს ზიანი და არ აღმოჩნდეს გაკოტრების საფრთხის წინაშე, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა მოვალის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების 10 თვის ვადით განაწილვადება.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილი არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება კრედიტორისთვის საზიანოდ იქცეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებით მძიმე ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება მოვალე, ხოლო მისი აღსრულების გადადების, განაწილვადების ან აღსრულების წესის შეცვლით ზიანი მიადგება კრედიტორს, მაშინ უპირატესობა ამ უკანასკნელის ინტერესებს უნდა მიენიჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გადაიქცევა არაქმედით გადაწყვეტილებად (იხ.სუსგ №ას-404-387-2016 30.06.2016წ.).
14. სსსკ-ის 263-ე მუხლის მიზანია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, რა დროსაც მნიშვნელოვანია, თანაბრად იქნეს დაცული კრედიტორისა და მოვალის ინტერესები (იხ. სუსგ №ას-1263-1185-2015 22.01.2016წ.).
15. აღნიშნულ მიდგომას განამტკიცებს ევროსასამართლოს შემდეგი პრაქტიკაც: საქმე – შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, Burdov v. Russia, no. 59498/00 §34, ECHR 2002-III, Hornsby v. Greece 1997-II, p. 510, §40, აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადის ნომერი: 40765/02), დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი №8252/08) Mutishev and Others V. Bulgaria 18967/03, §129, Antonetto v. Italy no. 15918/89, §28.
16. კერძო საჩივრის ავტორმა იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-8 მუხლით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე უპირატესი კრედიტორის ინტერესზე, ხოლო, მეორე მხრივ, განმცხადებლის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო განცხადება დააკმაყოფილა და უკანონოდ შეილახა კრედიტორის კანონიერი ინტერესები. სააპელაციო სასამართლოს სრულად არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები. მას ზეპირი სხდომაც კი არ ჩაუტარებია, რათა მოსარჩელეს შესაძლებლობა მისცემოდა, საკუთარი პოზიცია დაეცვა და წარმოეჩინა განმცხადებლის განცხადების უკანონობა.
17. განმცხადებელს არ წარუდგენია სასამართლოსთვის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ან ამონაწერი, რა ოდენობის თანხას გასცემს შპს ყოველთვიურად ხელფასის სახით, რამდენ პირზე გასცემს, არსადაა საშტატო ნუსხა ხელფასების ოდენობის მითითებით.
18. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას ყურადღება არ გაუმახვილებია №.. ცნობის შინაარსზე, სადაც წერია, რომ შპს-ს დარიცხული ხელფასები ყოველთვიურად შეადგენს 6 900 ლარს. ცნობაში არ წერია, რომ ეს არის შპს-ს მიერ გაცემული ხელფასები. სიტყვა „დარიცხული“ კი ნიშნავს ასევე მიღებას, ანუ შპს-ს მიერ თანხის მიღებას. შპს-ს რეალურად აქვს მილიონობით ლარის ღირებულების უძრავი და ასობით ათასი ლარის ღირებულების მოძრავი ქონება. გაქირავებული აქვს ბენზინგასამართი სადგური, ამავე სადგურის ავზების ტერიტორია (ავზები კრედიტორისგანაა ნაყიდი და სწორედ ამით ამუშავებს ობიექტს და იღებს შემოსავალს) და ამავე ტერიტორიაზე არსებული შენობა. შპს არ იხდის ოფისის თანხას, რადგან საოფისე ფართი, რომელიც მის საკუთრებაში იყო, გააქირავა და იღებს 1 400 აშშ დოლარს ქირას, რადგან ამ ფართში მოწყობილია სამშენებლო-სავაჭრო ობიექტი.
19. კერძო საჩივარზე დანართების სახით წარმოდგენილია ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, ასევე, ამონაბეჭდი ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან საიდანაც ირკვევა, რომ შპს და მისი დირექტორი ოჯახთან ერთად რეგისტრირებულნი არიან ერთსა და იმავე მისამართზე.
20. განცხადების ცალსახად დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი მთლიანად ეფუძნება შპს-ს მიერ შექმნილ ცნობებს. ეს ცნობები არც ერთი სხვა მტკიცებულებით არაა გამყარებული. რეალურად შპს-ს გაცილებით მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე მხოლოდ საიჯარო ქირის სახით მიღებული ოდენობა. წარმოდგენილ ცნობას არ ერთვის დამატებით რაიმე დოკუმენტაცია, რომლითაც განმცხადებლის პოზიცია იქნებოდა დასაბუთებული, განცხადება და ცნობა ერთი და იმავე პირის მიერ არის შედგენილი და სხვა რაიმე ობიექტური მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
21. შპს-ს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომელიც მის ვალებზე, სხვა სახის შეუსრულებელ ან შესასრულებელ ვალდებულებებზე მიუთითებდა.
22. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოვალის მიმართ დაკისრებული თანხა იმ ოდენობისა არ არის, რომ მისი ერთიანად გადახდა ყველა ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით გაუჭირდეს და მოვალის აქტივების სრული პარალიზება საბოლოოდ კი – მისი გაკოტრება მოჰყვეს. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც ხელყოფს მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერს. მხოლოდ ეს საფუძველიც კი საკმარისია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება ბათილად იქნეს ცნობილი. სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების დასაბუთებულობის აუცილებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 (1) მუხლის ტექსტიდან გამომდინარეობს.
23. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეუსწავლია კრედიტორის ქონებრივი მდგომარეობა. კრედიტორი, მოვალისგან განსხვავებით, ფიზიკური პირი, ანუ სუსტი მხარეა, მისი მცირე ბიზნესი დამოკიდებული იყო ყიდვა-გაყიდვაზე და, როცა წლების წინ შპს-მ მას, მიწოდებული საწვავის ავზების ნაცვლად, ფული არ გადაუხადა, იგი ჩავარდა ვალებში და წლებია, უმუშევარია. ამის გვერდით კი შპს-მ უძრავი ქონება მოაწყო მოსარჩელის ხარჯზე, მის მიერ მიწოდებული ცისტერნებით, ცისტერნები ჩადო მიწაში, გააკეთა ბენზინგასამართი სადგური, რითაც დღემდე იღებს შემოსავალს.
24. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დასადგენად შემოსავლების სამსახურიდან შპს-ს მიერ გადახდილი გადასახადების შესახებ ცნობის გამოთხოვა, მათ შორის შპს-ს თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადის ოდენობის, ასევე, საბანკო დაანგარიშებისა და მასზე არსებული თანხის ოდენობის შესახებ. შპს-ს აქვს საკმარისი ქონება იმისათვის, რომ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდეს მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი თანხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
26. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების კანონიერება.
27. სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
28. დასახელებული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გააწილვადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი და გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად.
29. აღნიშნული შეღავათის გავრცელებისას კანონმდებელი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესს. სწორედ ამით აიხსენება ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციაში საშეღავათო ზღვრული ვადის დაწესება, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ ვადასა და პირობებს, რომლებიც არც კრედიტორის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას არ გამოიწვევს (სუსგ 11.10.2017წ. საქმე №ას-1174-1094-2017).
30. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28 000 აშშ დოლარის გადახდა.
31. მოპასუხემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ერთიანად ზემოაღნიშნული თანხის გადახდის საშუალება, შპს-ს გაკოტრების გარეშე, მას არ გააჩნია. ამდენად, საწარმოს კანონიერი ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მოითხოვა დავალიანების გადახდის განაწილვადება ერთ წელიწადზე.
32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატას წინამდებარე განცხადება უნდა განეხილა ზეპირი მოსმენით.
33. სსსკ-ის 263-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვის ფორმის შერჩევა სასამართლოს პრეროგატივაა და ამგვარი დისკრეციის არსებობის სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, განცხადება აღსრულების განაწილვადებასთან დაკავშირებით განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
34. კერძო საჩივრის ავტორმა მოვალის ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად წარმოადგინა უძრავი ქონების ექსპერტის მიერ შედგენილი შპს-ს კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურის შეფასება, რომლის მიხედვითაც ქონების ღირებულება შეადგენს 500 000 აშშ დოლარს. აღნიშნულის საფუძველზე მხარემ მიიჩნია, რომ მოვალეს საკმარისი აქტივები გააჩნია, სადავო თანხის გადასახდელად.
35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალეს საწარმოს უძრავი ქონების არსებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. მის არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ 28 000 აშშ დოლარის ერთიანად გადახდისათვის საწარმოს დასჭირდება უძრავი ქონების გასხვისება მაშინ, როდესაც შპს-ს ძირითად შემოსავალს სწორედ უძრავი ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული ქირა წარმოადგენდა. შესაბამისად, აღნიშნულით საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა.
36. საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა იმ ნაწილშიც, რომ განცხადებაზე დართული ცნობები შედგენილია თავად შპს-ს წარმომადგენლის მიერ და სარწმუნო ინფორმაციას არ შეიცავს. აღნიშნული კუთხით გასაზიარებელია კერძო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლის ავტორის პოზიცია, რომ სადავო ცნობების მონაცემებში ეჭვის შეტანის შემთხვევაში მხარეს შეუძლია, მათი ნამდვილობის საკითხის გამოკვლევის მიზნით, მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.
37. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას საქმეზე ახალი მტკიცებულებების შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვისა და დართვის შესახებ, ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია.
39. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, რაც ხელყოფს სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილს. დასახელებული საფუძველი კი საკმარისია 2018 წლის 29 მაისის განჩინების ბათილად ცნობისათვის.
40. უპირველესად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მხარის მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გამოიყენა სსსკ-ის 263-ე მუხლით კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე, რა დროსაც დაცულ იქნა გონივრული და სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, კრედიტორის ინტერესს, მიიღოს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა და, მეორე მხრივ, მოვალის უფლებას შორის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებით არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი და შესაძლებლობა მიეცეს, მომავალშიც განაგრძოს სამეწარმეო საქმიანობა. გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტიც, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ამონაწერში საჯარო რეესტრიდან ვლინდება შპს-ს ქონებაზე ყადაღებისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობა.
41. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განჩინების დაუსაბუთებლობა ვერ გამოიწვევდა მის ბათილად ცნობას, რადგან მითითებული სამართლებრივი შედეგის დადგომას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა უკავშირებს გარკვეული წინაპირობების არსებობას, კერძოდ, ბათილად შეიძლება ცნობილ იქნეს სასამართლოს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც წინამდებარე გასაჩივრებულ განჩინებაზე ვერ გავრცელდება, რადგან იგი გასაჩივრებულია კერძო საჩივრით და უნდა არსებობდეს სსსკ-ის 422-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
42. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
43. დასახელებულ გარემოებათაგან რომელიმეს არსებობაზე კერძო საჩივარს არ მიუთითებია.
44. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, თუ კონკრეტულად რა სახის ზიანი ადგება მას სადავო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით.
45. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. შ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე