Facebook Twitter

საქმე №330210114587065

საქმე №ას-839-839-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. წ.–ის უფლებამონაცვლე ზ. წ.-ი (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ. წ.–ის (შემდგომში – მოპასუხე) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ბ.-ის (შემდგომში – მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 3 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე პერიოდისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაბრუნებელი თანხის 0,1%-ით.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

3. 2018 წლის 31 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. წ.-მა (შემდგომში – განმცხადებელი) და მოითხოვა მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობა.

4. განმცხადებელმა განმარტა, რომ მოპასუხის მეუღლეა. თავად მხარე გარდაიცვალა 2017 წლის 28 ივნისს. 2017 წლის 4 აგვისტოს განმცხადებელმა, როგორც კანონისმიერმა, პირველი რიგის მემკვიდრემ, განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სრულად სამკვიდრო მოწმობის გაცემა. შესაბამისად, სამკვიდროს მართვის ფარგლებში განმცხადებელი უფლებამოსილია, წარმოადგინოს სამკვიდრო მასა ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომლის მონაწილეც იყო მამკვიდრებელი. 2018 წლის 25 იანვარს ნოტარიუსმა გასცა №180074097 სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, განმცხადებელმა – კანონისმიერმა, პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო.

5. განმცხადებლის მითითებით, ცნობილ უნდა იქნეს მოპასუხის უფლებამონაცვლედ, რადგან შესაძლებლობა მიეცეს, მიმართოს სააღსრულებო ბიუროს და განაახლოს სააღსრულებო წარმოება სააღსრულებო საქმეზე №.., რომელიც შეჩერებულია კრედიტორის – მოპასუხის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. მანამდე კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ვერ ხერხდება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, განმცხადებელი ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი მოპასუხის უფლებამონაცვლედ შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უფლებამონაცვლის დადგენის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საქმეში მონაწილე პირის გარდაცვალება.

8. განსახილველ შემთხვევაში №2ბ/1536-15 სამოქალაქო საქმის მონაწილე მხარეს, კერძოდ, აპელანტს წარმოადგენდა მოპასუხე, რომლის სასარგებლოდაც მიღებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ამასთან, შუამდგომლობაზე დართული გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ იგი 2017 წლის 28 ივნისს გარდაიცვალა. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივლისის წერილით დგინდება, რომ წინამდებარე საქმეზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება შეჩერდა კრედიტორის – მოპასუხის გარდაცვალების გამო, სასამართლოს მიერ მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

9. ზემოაღნიშნული გარემოებები სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე ქმნიან საქმეზე უფლებამონაცვლეობის დაშვების საფუძველს, რაც შეეხება უფლებამონაცვლეს, შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განმცხადებელი მოპასუხის მეუღლე და პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეა, რომელმაც 2018 წლის 25 იანვარს მიიღო მოპასუხის მემკვიდრეობა სრულად, შესაბამისად, წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ განმცხადებელი და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, განმცხადებელი მოპასუხის მემკვიდრე ვერ იქნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგეს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, კრედიტორი მხარის გარდაცვალების გამო, აღსრულების ეტაპზე საქმეში მისი უფლებამონაცვლის ჩართვის საკითხი.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

15. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.

16. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმის წარმოება. ამავდროულად, საქმის წარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც (22.12.2014წ. საქმე №ას-1136-1082-2014).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 3 ივლისს (მოპასუხის სასარგებლოდ) გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 2011 წლის 5 ნოემბრიდან აღსრულებამდე პერიოდისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაბრუნებელი თანხის 0,1%-ით.

18. აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

19. 2017 წლის 28 ივნისს მოპასუხე (კრედიტორი) გარდაიცვალა.

20. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივლისის წერილით დგინდება, რომ წინამდებარე საქმეზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება შეჩერდა კრედიტორის – მოპასუხის გარდაცვალების გამო, სასამართლოს მიერ მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

21. ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ირკვევა, რომ განმცხადებელი მოპასუხის მეუღლე და პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეა, რომელმაც 2018 წლის 25 იანვარს მიიღო მოპასუხის მემკვიდრეობა სრულად.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ განსახილველ საქმეზე არსებობდა მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი საჭიროება და განმცხადებელი მართებულად ჩაერთო საქმეში მის საპროცესო უფლებამონაცვლედ.

23. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ განმცხადებელი და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, განმცხადებელი მოპასუხის მემკვიდრე ვერ იქნება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

24. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება განმცხადებელსა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინების არარსებობის თაობაზე, რაც სადავო უფლებამონაცვლეობის ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება შეფასებულიყო. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია დაუსაბუთებელია.

26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე