საქმე №330210017001915850
საქმე №ას-849-849-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს – 8519,9 ლარისა და, ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს – 4259,95 ლარის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2016 წლის 6 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა 85199 ლარის ღირებულების კონდიციონერები 30 დღის ვადაში.
3. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია და პროდუქცია სტანდარტული კომპლექტაციით არ მიუწოდებია, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტა ხელშეკრულება.
4. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადახდის პირობას, არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, რაც შეადგენდა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ს და ვალდებულების ვადის გადაცილებისთვის – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0,18%-ს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, მის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია არ იყო წუნდებული. ნასყიდობის საგნის წარდგენისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა მათ ჩაბარებაზე, ვინაიდან კონდიციონერების დამაგრების შემთხვევაში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ამისთვის საჭირო აქსესუარები, როგორიცაა სპილენძის მილი, დამცავი ლენტი, მაკავშირებელი კაბელი, დრენაჟის მილი, კომპლექტაციის შიდა და გარე აგრეგატის საკიდები. აღნიშნული აქსესუარების წარდგება არ გამომდინარეობდა სატენდერო პირობებიდან და ხელშეკრულების №1 დანართში (რაც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია) აღწერილია მხოლოდ კონდიციონერები, ხოლო მათ აქსესუარებზე საუბარი არ არის. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ კონდიციონერების შესყიდვას, მათი მონტაჟის გარეშე, რა შემთხვევაშიც წარდგენილი იქნებოდა ასევე კონდიციონერების აქსესუარებიც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელებას ან აღდგენას არ ითვალისწინებს.
9. ამავე კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით გამოარკვია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა კანცელარიის მოხელეს 2018 წლის 30 მარტს. (ტ. 1, ს.ფ 130). გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა, სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აპელანტისათვის დაიწო 2018 წლის 31 მარტიდან და ამოიწურა 2018 წლის 13 აპრილს. ამდენად, აპელანტს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით.
10. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა სასამართლოში 2018 წლის 16 აპრილს (ტ. 1, ს.ფ. 131), კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ.
11. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე, მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მან, სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 13 აპრილს, რომელიც იყო გასაჩივრების ვადის უკანასკნელი დღე. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მხარემ წარმოადგინა საქართველოს ფოსტის საფელდეგერო სამსახურში გადასაგზავნად ჩაბარებულ კორესპონდენციაზე გამგზავნი შსს იურიდიული დეპატრამენტის 2018 წლის 13 აპრილით დათარიღებული №17 რეესტრის ასლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
17. ამავე კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე წარმოადგენს სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა მისთვის გზავნილის გაგზავნის გზით.
19. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა კანცელარიის მოხელეს 2018 წლის 30 მარტს. (ტ. 1, ს.ფ 130).
20. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
21. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწო 2018 წლის 31 მარტიდან და ამოიწურა 2018 წლის 13 აპრილს. ამდენად, აპელანტს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით.
22. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა სასამართლოში 2018 წლის 16 აპრილს (ტ. 1, ს.ფ. 131), კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ.
23. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე ზემოაღნიშნულ გარემოებას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს გაუგზავნა ფოსტის მეშვეობით 2018 წლის 13 აპრილს.
24. მითითებული არგუმენტის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა საქართველოს ფოსტის საფელდეგერო სამსახურში გადასაგზავნად ჩაბარებულ კორესპონდენციაზე გამგზავნი შსს იურიდიული დეპატრამენტის 2018 წლის 13 აპრილით დათარიღებული №17 რეესტრის ასლი, რომელშიც ფოსტისათვის გადასაცემ გზავნილთა შორის დაფიქსირებულია მოცემულ საქმეზე გასაგზავნი სააპელაციო საჩივარი.
25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ დასახელებული რეესტრის ასლი საკმარის საფუძველს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის 2018 წლის 13 აპრილს შეტანის დასადასტურებლად.
26. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
27. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის მიხედვით, საფოსტო ან საკურიერო დაწესებულების მეშვეობით გაგზავნილ დოკუმენტების კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეტანის ფაქტის შეფასებისას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შესატან დოკუმენტზე დართულ კონვერტს, რომელზეც საფოსტო დაწესებულების მიერ დაიტანება საფოსტო მარკები და ესმება გასაგზავნი დოკუმენტის საფოსტო განყოფილებაში მიტანისა და შემდეგ ადრესატისათვის გადაცემის თარიღების ამსახველი შტამპები. რიგ შემთხვევებში მხარეები წარმოადგენენ საფოსტო დაწესებულების მიერ შედგენილ და ზემოთ დასახელებული ინფორმაციის შემცველ ბილებს, რაც განსახილველ საქმეზე არ ფიქსირდება.
29. მოცემულ შემთხვევაში სადავო სააპელაციო საჩივარს ერთვის კონვერტი, რომელზეც არც საფოსტო მარკები და, რაც უმთავრესია, არც ზემოაღნიშნული სახის შტამები არ ფიქსირდება. შესაბამისად, მითითებული კონვერტის შეფასების შედეგად არ დგინდება, რომ იგი გაგზავნილ იქნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით.
30. რაც შეეხება აპელანტის მიერ წარმოდგენილ რეესტრს, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით შეტანის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ შეაფასებს, რადგან იგი შედგენილია თავად დაინტერესებული მხარის მიერ, თანაც წარმოდგენილია ასლის სახით, რაც ვერ იქნება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების უტყუარი საფუძველი.
31. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოქმედ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა მის მიერ მითითებული გარემოების უდავოდ დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
32. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე