საქმე №ა-1830-შ-41-2018 5 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის №307756-17 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის №307756-17 გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. ი-სა და მოპასუხე მ. გ-ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა; განისაზღვრა, რომ მოპასუხეს -მ. გ-ს უფლება აქვს გამოიყენოს თავისი თავდაპირველი გვარი გ-ი.
2. რ. ი-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის №307756-17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მ. გ-თან ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის №307756-17 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 30 ოქტომბრიდან; მოპასუხე ინფორმირებული იყო მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავის თაობაზე და მონაწილეობდა საქმის განხილვაში. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის აპოსტილით დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე რ. ი-ის შუამდგომლობის შესახებ და აღნიშნულთან მიმართებით მას პრეტენზია არ გააჩნია.
4. საქმის მასალებში არსებული, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით რ. ი-ი (დაბადებული 1958 წლის 12 მარტს, საქართველოში) დაბადებით ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ და მას, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 19 მარტის №-- ბრძანებულებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ამასთან, ქორწინების მოწმობის ასლიდან ირკვევა, რომ რ. ი-ი და მ. გ-ი დაქორწინდნენ 1981 წლის 29 აპრილს, ხოლო ქორწინების რეგისტრაციის ადგილია თბილისის კიროვის რაიონის მმაჩის ბიურო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით რ. ი-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის №307756-17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ი-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის №307756-17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილითა და ქორწინების მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო, შესაბამისად, საქართველოს სასამართლოს, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ დავაზე გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის №307756-17 გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. ი-სა და მოპასუხე მ. გ-ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა; განისაზღვრა, რომ მოპასუხეს - მ. გ-ს უფლება აქვს გამოიყენოს თავისი თავდაპირველი გვარი გ-ი; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
9. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის აპოსტილით დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე რ. ი-ის შუამდგომლობის შესახებ და აღნიშნულთან მიმართებით მას პრეტენზია არ გააჩნია.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის №307756-17 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ი-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის №307756-17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის №307756-17 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე რ. ი-სა და მოპასუხე მ. გ-ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა; განისაზღვრა, რომ მოპასუხეს - მ. გ-ს უფლება აქვს გამოიყენოს თავისი თავდაპირველი გვარი გ-ი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე