საქმე №ა-5073-შ-129-2017 20 ივნისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ე-ი“ (წარმომადგენელი - ლ. ბ-ე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-“ (წარმომადგენელი - დირექტორი დ. ა-ე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა-ს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანებების გადახდა 13 897,05 ამერიკული დოლარისა და 4 995 ევროს ოდენობით, საურავების გადახდა 1389,7 ამერიკული დოლარისა და 499,5 ევროს ოდენობით, აგრეთვე, წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების გადახდა 25000 რუბლის ოდენობით, სახელმწიფო საზღაურის ხარჯების გადახდა 25975 რუბლის ოდენობით.
2. შპს „ე-ის“ წარმომადგენელმა ლ. ბ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე, ასევე მოწინააღმდეგე მხარისთვის მის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის დაკისრება.
3. რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 6 ივლისს.
4. შუამდგომლობაზე თანდართული რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს წერილებით დასტურდება, რომ მოპასუხე სასამართლო განხილვის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული; რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს „ე-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „ა-ს“ უფლება ჰქონდა წარმოედგინა მოსაზრება აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო, თუ ის აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. 2018 წლის 15 თებერვალს მოწინააღმდეგე მხარემ შპს „ა-ს“ დირექტორმა დ. ა-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება და იშუამდგომლა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განჩინებით დადგინდა შპს „ე-ის“ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2018 წლის 20 ივნისს გამართულ სხდომაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლისა და მხარეთა პოზიციების ზეპირი მოსმენის შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ე-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა-ს“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანებების გადახდა 13 897,05 ამერიკული დოლარისა და 4 995 ევროს ოდენობით, საურავების გადახდა 1389,7 ამერიკული დოლარისა და 499,5 ევროს ოდენობით, აგრეთვე, წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების გადახდა 25000 რუბლის ოდენობით, სახელმწიფო საზღაურის ხარჯების გადახდა 25975 რუბლის ოდენობით; მოპასუხე სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით და დროულად იყო ინფორმირებული; რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 6 ივლისს; საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე; შპს „ა---“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (საიდენტიფიკაციო კოდი: 2---).
14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება სასამართლოებისთვის დავის გადაცემის შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული კომპეტენცია, რომელიც გამომდინარეობს მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან და ამ კარის II-V ნაწილებით დადგენილი ნორმებიდან, აგრეთვე შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობიდან, არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ 2016 წლის 6 აპრილის №--- ხელშეკრულებაზე, რომლის 8.1. პუნქტიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის საარბიტრაჟო სასამართლოს განსჯადობაზე. ამასთან, მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას არ მიუთითებია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე დამაბრკოლებელ გარემოებაზე.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
18. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
19. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მეორე მხარისთვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლო არ წარმოადგენს კერძო არბიტრაჟს, იგი საერთო სასამართლოების სისტემაში შედის, შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან უცხო სახელმწიფოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება არ წარმოებს (იხ. სუსგ №ა-3568-შ-93-2013, 2014 წლის 13 მარტი).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა-ს“ შპს „ე-ის“ (ოგრნ: 1---, რეგისტრაციის თარიღი: 12.10.2009) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანებების გადახდა 13 897,05 ამერიკული დოლარისა და 4 995 ევროს ოდენობით, საურავების გადახდა 1389,7 ამერიკული დოლარისა და 499,5 ევროს ოდენობით, აგრეთვე, წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების გადახდა 25000 რუბლის ოდენობით, სახელმწიფო საზღაურის ხარჯების გადახდა 25975 რუბლის ოდენობით;
3. შუამდგომლობის ავტორს შპს „ე-ს“ (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: 4---) დაუბრუნდეს ლ. ბ-ის (პ/ნ: 6---) მიერ 2017 წლის 5 დეკემბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან (თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150);
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე