საქმე №ა-589-შ-16-2017 24 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - გ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ტ-ის
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის, ჰერაკლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის (24.10.2016) გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საბერძნეთის, ჰერაკლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით (რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა 2016 წლის 24 ოქტომბერს) გ. ს-ე (დაბ:…..წ.) გამოცხადდა გ. ტ-ის ნაშვილებად (გერად).
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ. ს-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და სხვა მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მხარეები;
ბ) სრულწლოვანი პირის შვილად აყვანაზე თანხმობა განაცხადა მისმა დედამ, ასევე, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ;
გ) გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია საბერძნეთის ტერიტორიაზე;
დ) შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით გ. ს-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ გ. ს-ის შუამდგომლობა საბერძნეთის, ჰერაკლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის (24.10.2016) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საბერძნეთის, ჰერაკლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით (რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა 2016 წლის 24 ოქტომბერს) გ. ს-ე (დაბ:…წ.) გამოცხადდა გ. ტ-ის ნაშვილებად (გერად).
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ. ს-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და სხვა მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მხარეები;
ბ) სრულწლოვანი პირის შვილად აყვანაზე თანხმობა განაცხადა მისმა დედამ, ასევე, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ;
გ) გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია საბერძნეთის ტერიტორიაზე;
დ) შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
4.1. განსახილველ შემთხვევაში, გარდა ზემოხსენებული ნორმის წინაპირობათა დაკმაყოფილებისა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოწმებულია ასევე სრულწლოვანი პირის შვილად აყვანის საკითხის შესაბამისაობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებთან და დასტურდება, რომ საქმის განხილვისას დაცულია 1239-ე (2), 1249-ე და 1250-ე მუხლების მოთხოვნები.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის, ჰერაკლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის (24.10.2016) გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ის შუამდგომლობა საბერძნეთის, ჰერაკლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის (24.10.2016) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის, ჰერაკლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის (24.10.2016) გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ე (დაბადებული 07.09.1985წ. ქ.ქუთაისში) გამოცხადდა გ. ტ-ის (მამის სახელი _ პ., დედის სახელი _ ა.) ნაშვილებად (გერად).
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური