Facebook Twitter

საქმე №ა-1018-შ-28-2017 24 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ნ. წ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ო. დ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ჰილდესჰაიმის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის, ჰილდესჰაიმის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოში, ქ.თბილისში, მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე 2005 წლის 7 სექტემბერს ნ. წ-–სა და ო. დ-ს შორის რეგისტრირებული #5მნ 0056992 ქორწინება გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა საპენსიო დაზღვევის წილები და მხარეთა შორის განაწილდა სასამართლო ხარჯები.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. წ–მა და მოითხოვა განქორწინების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისი სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

ა) საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, რომელშიც მონაწილეობდნენ მხარეები/წარმომადგენლები;

ბ) გერმანიის, ჰილდესჰაიმის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება 2016 წლის 2 სექტემბრიდან შესულია კანონიერ ძალაში;

გ) მხარეები გერმანიის მოქალაქეები არიან, თუმცა, ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოში.

4. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ასევე მოწინააღმდეგე მხარის მინდობილმა პირმა _ ჯ. ლ-ამ და წარმოადგინა ო. დ-ის მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა დავალების მიმცემი პირის ინტერესების სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაცვის თაობაზე. მინდობილობის ტექსტის შესწავლით დასტურდება, რომ ო. დ-ისათვის ცნობილია საქართველოში მიმდინარე განქორწინების პროცედურების თაობაზე და რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. ო. დ-ის განმარტებით, მისი ნება შეეხება ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებულ განცხადებასაც.

5. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განჩინებით ნ. წ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. წ-ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე გერმანიის, ჰილდესჰაიმის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის, ჰილდესჰაიმის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოში, ქ.თბილისში, მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე 2005 წლის 7 სექტემბერს ნ. წ–სა და ო. დ-ს შორის რეგისტრირებული #5მნ 0056992 ქორწინება გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა საპენსიო დაზღვევის წილები და მხარეთა შორის განაწილდა სასამართლო ხარჯები.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. წ–მა და მოითხოვა განქორწინების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისი სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, რომელშიც მონაწილეობდნენ მხარეები/წარმომადგენლები;

ბ) გერმანიის, ჰილდესჰაიმის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება 2016 წლის 2 სექტემბრიდან შესულია კანონიერ ძალაში;

გ) მხარეები გერმანიის მოქალაქეები არიან, თუმცა, ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოში.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, ჰილდესჰაიმის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. წ-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის, ჰილდესჰაიმის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ჰილდესჰაიმის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოში, ქ.თბილისში, მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე 2005 წლის 7 სექტემბერს ნ. წ–სა და ო. დ-ს შორის რეგისტრირებული #5მნ 0056992 ქორწინება გაუქმდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური