საქმე №ა-2018-შ-53-2017 17 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ო“
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინება
დავის საგანი – პროცესის ხარჯის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ის“ განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, შეწყდა #A40-242316/15-94-2036 საქმის წარმოება, შპს „ბ-ოს“, დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 33 634 რუბლის ანაზღაურება.
2. დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ის“ განცხადების საფუძველზე რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ, 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დაადგინა, რომ, ამავე სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინების ცნობა-აღსრულების მიზნით, შუამდგომლობა უნდა გადმოსცემოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
3. წარმოდგენილი განჩინებისა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ:
ა) რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში;
ბ) შპს „ბ-ო“ ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას გაეგზავნა შეტყობინება, ამასთან, რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 ნაწილის თანახმად, იგი მიიჩნევა ინფორმირებულად;
გ) განჩინება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;
დ) შპს „ბ-ო“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ჩაბარდა კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს. განსაზღვრულ ვადაში მხარეს სასამართლოსათვის წერილობით არ მოუმართავს და არც რაიმე პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ის“ შუამდგომლობა შპს „ბ-ოსათვის“ პროცესის ხარჯის დაკისრების თაობაზე რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ის“ განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, შეწყდა #A40-242316/15-94-2036 საქმის წარმოება, შპს „ბ-ოს“ დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 33 634 რუბლის ანაზღაურება.
2. დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ის“ განცხადების საფუძველზე რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ, 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დაადგინა, რომ, ამავე სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინების ცნობა-აღსრულების მიზნით, შუამდგომლობა უნდა გადმოსცემოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
3. წარმოდგენილი განჩინებისა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ:
ა) რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში;
ბ) შპს „ბ-ო“ ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას გაეგზავნა შეტყობინება, ამასთან, რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 ნაწილის თანახმად, იგი მიიჩნევა ინფორმირებულად;
გ) განჩინება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;
დ) შპს „ბ-ო“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინება შპს „ბ-ოსათვის“ დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 33 634 რუბლის დაკისრების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ბ-ოს“ დახურული სააქციო საზოგადოება „ვ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 33 634 რუბლის ანაზღაურება.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე