Facebook Twitter

საქმე №ას-830-776-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. მ-ო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ-ი“ (მოსარჩელე)

თანამოპასუხეები: თ. ს-ე, ზ. ძ-ი, დ. გ-ე, ბ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „მ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მიწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. მ-ოს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მსესხებელი), თ. ს-ეს, ზ. ძ-ის, დ. გ-ისა და ბ. ს-ის (შემდგომში _ თანამოპასუხეები, სოლიდარული თავდებები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხის _ 2 939,80 ლარის, სარგებლის _ 716,04 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 1 092,95 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოვალემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამასთან, სადავო გახადა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. სოლიდარულ თავდებებს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენიათ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს კრედიტორის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 6 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის _ 2 939,80 ლარის, სარგებლის _ 716,04 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 92,95 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა და მოითხოვა მისი სარგებლის _ 716,04 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 92,95 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დავის საგნის ღირებულება წარმოადგენდა 808 ლარსა და 99 თეთრს, რის გამოც წარმოებაში არ მიიღო სააპელაციო საჩივარი. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, თუ ქონებრივი დავის ღირებულება 1 000 ლარს არ აღემატება, თუმცა, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ მოიცავდა მხოლოდ ქონებრივ-სამართლებრივ დავას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვლადიმერ მილეკოს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:

1.2.1. საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეებს დააკისრა სესხის ძირი თანხის _ 2 939,80 ლარის, სარგებლის _ 716,04 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს _ 92,95 ლარის გადახდა;

1.2.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ, მხოლოდ სარგებლის _ 716,04 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 92,95 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება;

1.2.3. რაიმე არაქონებრივ მოთხოვნას სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს, უფრო მეტიც, სარჩელი აღძრულია ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია მოპასუხე მხარის მიერ, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე (მხარეთა საპროცესო უფლებები) და 381-ე (დავის საგნის შეცვლა და გადიდება) მუხლებიდან გამომდინარე, იგი დავის საგანს ვერ შეცვლიდა ან გაადიდებდა;

1.2.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის გამოთვლის ზოგად წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი გამოიანგარიშება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის, ხოლო მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

1.4. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი ჩარევა გარანტირებული უფლების დარღვევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).

1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

1.6. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ გასაჩივრებული განჩინების ასლს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს მსესხებელს, რადგანაც საქმის განხილვის მიზნებს არ ემსახურება (ეს განჩინება დედნის სახითაა დაცული საქმის მასალებში), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ-ოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინების ასლი 3 (სამი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.10-12).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური