საქმე №ას-777-726-2017 8 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „4-ის“ უფლებამონაცვლე შპს „კ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „4-მა“ (უფლებამონაცვლე შპს „კ-ი“, იხ. 26.04.2016წ. განჩინება, შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის _ 1 171 ლარის დაკისრების მოთხოვნით, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენდა 560 ლარს, საკომისიო _ 51 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო (შემცირებული) _ 560 ლარს (იხ. შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა).
2. მოპასუხეების პოზიცია:
სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 171 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირ თანხას შეადგენდა 560 ლარი, საკომისიოს _ 51 ლარი, ხოლო პირგსამტეხლოს _ 560 ლარი;
3.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად არ გაიზიარა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარება. სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, ხარვეზის შესავსებად მას განესაზღვრა ძალზე მცირე დრო, რაც არასამართლიანია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს, ამ საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე:
1.2.1. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. შუამდგომლობაში მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია პირის „მძიმე მატერიალური მდგომარეობა“. რამე დოკუმენტი, რაც მოვალის ქონებრივ მდგომარეობას ასახავდა, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია;
1.2.2. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დაუსაბუთებლობის მოტივით (სსსკ-ის 47-ე მუხლი) არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა, ამასთანავე, გარდა სახელმწოფო ბაჟისა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს გააჩნდა შინაარსობრივი ხარვეზები, ამავე განჩინებით სააპელაციო პალატამ მხარეს დაავალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში:
ა) დაზუსტებული/დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და
ბ) სახელმწიფო ბაჟის _ 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ან მისი გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, პირადად ჩაბარდა მოვალეს 2017 წლის 18 იანვარს;
1.2.4. აპელანტს არც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც მოგვიანებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რის გამოც სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა იყო არაგონივრული. ამ მხრივ, საყურადღებოა თავად ის გარემოება, რომ სასამართლომ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა მხარეს მისცა 10 დღის განმავლობაში, ამ ვადის დენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 2017 წლის 19 იანვარს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 2017 წლის 30 იანვარს. მხარეს არათუ ხარვეზის გამოსწორების, არამედ, საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნითაც არ მიუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, ნათელია, რომ სააპელაციო პალატას ჰქონდა სრული წინაპირობები, ევარაუდა გადაწყვეტილების გასაჩივრების მიმართ მხარის იურიდიული ინტერესის დაკარგვა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი, ამ მხრივ, მხარის შედავებას არაგონივრული ვადის მიცემის თაობაზე უარყოფს სასამართლო.
1.4. რაც შეეხება მოვალის მტკიცებას, რომ სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა კანონი და პროცესის ხარჯებისაგან გათავისუფლების მიზნით არასწორადვე არ გაიზიარა მისი მითითება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, აღნიშნულიც დაუშვებელი შედავებაა, კერძოდ:
1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლები მოიცავენ იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება, ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
1.4.2. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი, განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
1.4.3. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს არ გამოუსწორებია რა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, ხოლო შუამდგომლობა სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მისი მოთხოვნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368-ე (5) მუხლებით და მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.
2. პროცესის ხარჯები:
2.1. რაც შეეხება კერძო საჩივარზე გადახდილ ბაჟს, პალატა მიჩნევს, რომ მისი ნახევარი _ 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოვალეს, კერძოდ:
2.1.1. კრედიტორის მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 1 170 ლარს, შესაბამისად, მოცემული დავა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატ მოსამართლეთა განსახილველ დავათა კატეგორიაში ექცევა, რის გამოც, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, განახევრებას ექვემდებარება.
2.1.2. პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) მხარეს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ნახევარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-14, 39-ე, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. გ. გ-ს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 12.07.2017წ. #1 საგადახდო დავალებით კერძო საჩივრის ავტორის/შპს „ფ-ის“ მიერ ზედმეტად გადახდილი 25 ლარი, ხოლო, დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური