საქმე №ას-924-864-2017 11 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალდებულება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბ. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ან ორი თვის კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხოლოდ ინდივიდუალურ საქმეებთან დაკავშირებით უწევდა დახმარებას მას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალდებულება.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატამ, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, აპელანტს განუსაზღვრა 10-დღიანი ვადა. აღნიშნული განჩინება მხარეს 2017 წლის 6 ივნისს ჩაბარდა, შესაბამისად, საპროცესო ვადა იწურებოდა 2017 წლის 16 ივნისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აპელანტმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით მიმართა ფოსტას ვადის უკანასკნელ დღეს 17:10 საათზე, თუმცა ფოსტის თანამშრომელმა მას განუცხადა, რომ გზავნილს იბარებდა 17:00 საათამდე, პროგრამა გათიშული იყო და ვერ შეძლებდა წერილის მიღებას, შესაბამისად, მხარემ საპროცესო მოქმედება შეასრულა შეძლებისთანავე _ მეორე დღეს. ამდენად, მხარემ ხარვეზის გამოსწორების მიზნით თანხის ბიუჯეტში გადახდა უზრუნველყო განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ქვითრის დედნის გაგზავნის ვადაგადაცილება გამოწვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
1.3. კერძო საჩივარში გადმოცემული პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის სწორად შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ:
1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის ბიუჯეტში ჩარიცხვის ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა 10 დღით და ამომწურავად იქნა განმარტებული მისი გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები;
1.3.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, პირადად ჩაბარდა 2017 წლის 6 ივნისს;
1.3.3. ხარვეზის გამოსწორების მიზნით საქმეში წარმოდგენილ განცხადებას ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რომლის თანახმადაც თანხა ბიუჯეტში 2017 წლის 16 ივნისსაა გადარიცხული, ხოლო, ამ მტკიცებულების გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო კონვერტის ინიციალებიდან ირკვევა, რომ დოკუმენტები ფოსტას ჩაბარდა 2017 წლის 17 ივნისს.
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართლის მიზნებისათვის ვადების გამოთვლის წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე-69-ე მუხლები და დადგენილია, რომ დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სსსკ-ის 60.2 მუხლი), ხოლო, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (სსსკ-ის 61.3 მუხლი). საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (სსსკ-ის 63-ე მუხლი).
1.4.1. მოხმობილი საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადის დენა აპელანტისათვის დაიწყო 2017 წლის 7 ივნისს და ამოიწურა 16 ივნისს, ხოლო საპროცესო მოქმედება შესრულებულია 2017 წლის 17 ივნისს, საპროცესო ვადის დარღვევით, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად (თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება) მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.
1.5. პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ იგი ვადის უკანასკნელ დღეს გამოცხადდა ფოსტაში და ამ უკანასკნელმა არ დაიტოვა კორესპოდენცია და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით), იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სწორედ საფოსტო განყოფილებამ განაცხადა გზავნილის დატოვებაზე უარი, ეკისრებოდა კერძო საჩივრის ავტორს, ამგვარი დოკუმენტი საქმეში არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, პალატა უარყოფს მხარის იმ არგუმენტს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.
1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს ამ განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური