Facebook Twitter

საქმე №ა-2674-შ-72-2017 2 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ. ბ-ა

დაინტერესებული პირი – ი. პ-უ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ა (დაბ: …..წ.) შვილად აიყვანა ი. პ-უმ. შვილობილს მიეცა დაბადების გვარი ბ-ა პ-უ, ხოლო პროცესის ხარჯები დაეკისრა მშვილებელს.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ბ-ამ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ:

i) სასამართლოს წარედგინა მხარეთა ერთობლივი განცხადება შვილად აყვანის თაობაზე, რომელიც გამოვლენილია ნოტარიუსის წინაშე;

ii) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, ასევე, აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე;

iii) შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე. შუამდგომლობა თანდართული მასალებით, ასევე, საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა დაინტერესებულ პირს, რომელსაც შეპასუხებისათვის დანიშნულ ვადაში სასამართლოსათვის წერილობით არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. ბ-ას შუამდგომლობა გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ა (დაბ: …..წ.) შვილად აიყვანა ი. პ-უმ. შვილობილს მიეცა დაბადების გვარი ბ-ა პ-უ, ხოლო პროცესის ხარჯები დაეკისრა მშვილებელს.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ბ-ამ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ:

i) სასამართლოს წარედგინა მხარეთა ერთობლივი განცხადება შვილად აყვანის თაობაზე, რომელიც გამოვლენილია ნოტარიუსის წინაშე;

ii) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, ასევე, აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე;

iii) შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო, ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

4.1. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც, რომ შუამდგომლობის საგანს სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა წარმოადგენს, ასევე, უდავოა, რომ შვილად ასაყვანი საქართველოს მოქალაქეა. მსგავსი საკითხის გადაწყვეტის წინაპირობას ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, დადგენილია, რომ სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა ზნეობრივად გამართლებულია, ვინაიდან მონაწილეთაგან დეტალური ინფორმაციის მიღებისა და მათი პირადი დაკითხვის შედეგად გამოკვეთილია დედაშვილური დამოკიდებულება მათ შორის. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით საკითხის გადაწყვეტისათვის განსაზღვრულ წინაპირობებთან.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ას შუამდგომლობა გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ა (დაბ: ….წ.) შვილად აიყვანა ი. პ-უმ და შვილობილს მიეცა დაბადების გვარი ბ-ა პ-უ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური