საქმე №ას-505-473-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი – შპს „ბ-ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თ. წ–ი, ზ. გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ი. კ-ა, ლ. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილბაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნაგებობის დემონტაჟი, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, მეიჯარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, ქვემოიჯარე ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ #.....) ნაწილზე განთავსებული ბაქნის დასავლეთის მხარეს არსებული ტერიტორიის გამოთხოვა, მის მიმდებარედ მოწყობილი ავტოპარკირებისა და მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #.....) განთავსებული ფასიანი ავტოპარკირების გამონთავისუფლება, უკანონო ნაგებობის დემონტაჟის დავალდებულება და მიყენებული ზიანის _ 133 553.92 ლარის, ასევე, ყოველდღიურად, 2015 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 464.04 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.2. სარჩელი ემაყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება ქ.თბილისში, ვ-ის #.....-ში მდებარე ბორჯომის ვაგზლის ბაქნები და მისი მიმდებარე ტერიტორია (ს/კ #.....; ს/კ #..... და ს/კ #.....). 2006 წლის 15 მაისს მოსარჩელესა და სს „თ–ს“ (შემდგომში _ მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს დროებით სარგებლობაში, გრძელვადიანი იჯარის ფორმით გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბაქნის ნაწილი (ს/კ #.....) ქვეიჯარის უფლებით. მოიჯარის ამჟამინდელ ქვემოიჯარეს წარმოადგენს მოპასუხე. მეიჯარის კუთვნილ ბორჯომის ბაქნების მიმდებარედ არსებულ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც არ არის გამოყენებული იჯარა (ს/კ #...., ს/კ #..... და ს/კ #.....) ქვემოიჯარემ ნებართვის გარეშე მოაწყო სავაჭრო ობიექტები და ფასიანი ავტოპარკინგი. სხვადასხვა დროს მოსარჩელის მიერ გაგზავნილი წერილების მეშვეობით ქვემოიჯარეს მოეთხოვა კომერციული საქმიანობის შეწყვეტა და მოსარჩელის კუთვნილი, უნებართვოდ დაკავებული ფართების გამოთავისუფლება, ამასთან, გაფრთხილებულ იქნა დავალიანების _ 105 247.23 ლარისა და ზიანის სახით ყოველდღიურად 464.04 ლარის დარიცხვის თაობაზე. 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 133 553.92 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შესაგებლის თანახმად, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოიჯარეს შორის მართლაც არსებობდა იჯარის სამართლებრივი ურთიერთობა, ასევე არ შედავებია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის კუთვნილ ბორჯომის ბაქნის ტერიტორიას ფლობს ქვეიჯარის საფძველზე, თუმცა, მისი განმარტებით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1175 კვ.მ ფართზე კომერციულ საქმიანობას ახორციელებენ გარე მოვაჭრეები, რომლებთანაც რაიმე ურთიერთობა მოპასუხეს არ გააჩნია. ბორჯომის ბაქნის მიმდებარე 14531 კვ.მ მიწის ნაკვეთი ემიჯნება გარე ვაჭრობის მიზნით დაკავებულ ფართს და მასზე უცნობი პირების მიერ მოწყობილია ავტოპარკირების ადგილი. ხსენებული კომერციული საქმიანობიდან ქვემოიჯარე რაიმე ეკონომიურ სარგებელს არ ღებულობს. ვინაიდან მითითებულ ტერიტორიაზე არსებობდა ანტისანიტარიული მდგომარეობა, მოპასუხეს კი ხელი ეშლებოდა ქვეიჯარით დაკავებული ფართით სარგებლობაში, დასუფთავების მიზნით გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. მოპასუხეს სხვისი უძრავი ნივთი არ მიუთვისებია, რაც ზიანის ანაზღაურებას გამორიცხავს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა მოპასუხეს მეიჯარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ.თბილისში, რკინიგზის ცენტრალური ვაგზალის მიმდებარედ) განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟი, ამავე გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის თანხის დაკისრება (2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით 133 553,92 ლარის და მის შემდეგ ყოველდღიურად 464.04 ლარის 2016 წლის 20 ოქტომბრამდე, ანუ იმ პერიოდამდე, სანამ აღნიშნული ფართების მესაკუთრე გახდებოდა სახელმწიფო, იხ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი).
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქვემოიჯარეს, მეიჯარის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 102 788 ლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემოიჯარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მეიჯარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო მსჯელობის ფარგლები:
1.1.1. განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ნაგებობის დემონტაჟი, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და ნივთით არამართლზომიერი სარგებლობის გამო თანხის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში დააკმაყოფილა, ხოლო სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების, ასევე, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში არ გასაჩივრებულა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესულია კანოიერ ძალაში. რაც შეეხება თანხის დაკისრებაზე უარის თქმას, ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო პრეტენზია ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, კერძოდ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა მოპასუხის მხრიდან 2016 წლის 20 ოქტომბრამდე სადავო ფართის ნაწილის არამართლზომიერად ფლობის ფაქტი, რაც თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას განაპირობებდა. სწორედ თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობას ხდის სადავოდ ქვემოიჯარე საკასაციო საჩივრით და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები (სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიის ფარგლებში (სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ).
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადაგენილი ფაქტები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
1.2.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, ქ.თბილისში, რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #..... (01.08.2014წ. ამონაწერი); #..... (26.06.2015წ. ამონაწერი); #..... (28.07.2014წ. ამონაწერი); #..... (05.10.2012წ. ამონაწერი)) რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. აღნიშნული ტერიტორიების ნაწილი სს „თ–ზე“ გაცემულია იჯარით. ამავე მისამართზე მდებარე 402.00კვ.მ #..... (წინა ნომერი: …..) უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო;
1.2.2. 2014 წლის 1 მაისს მოიჯარესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 1 მაისამდე გაფორმდა ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქვემოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ.თბილისში, ვ-ის #...-ში მდებარე 6 000 კვ.მ კომერციული ფართი (ბორჯომის ვაგზლის შენობის ზედა ნაწილი და ბაქნები). ქვეიჯარა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში;
1.2.3. ქ.თბილისში, რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიები (#..... (წინა ნომერი …..), #..... და #.....) 2016 წლის 20 ოქტომბრიდან აღარ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას;
1.2.4. მოპასუხე ფაქტობრივად დაეუფლა ქვეიჯარის საფუძველზე მფლობელობაში გადაცემული ფართის გაყოლებაზე 1175 კვ.მ გაუიჯარებელ ტერიტორიასაც;
1.2.5. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ქვემოიჯარის მიერ ქ.თბილისში, რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიებზე (ს/კ: #..... (წინა ნომერი …..), #.....) ავტოპარკირების მოწყობისა და სარგებლის მიღების ფაქტი;
1.2.6. აუდიტორული დასკვნისა და დავალიანების გაანგარიშების გრაფიკის თანახმად (რომლის საპირისპირო მტკიცებულებაც მოპასუხეს არ წარუდგენია), 2014 წლის 20 სექტემბრიდან 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ბორჯომის ვაგზლის ბაქნის მიტაცებული ნაწილის - 1175 კვ.მ ფართის ყოველდღიური საიჯარო ქირა შეადგენს 135.21 (ყოველთვიური ქირა - 4 113 (1 175 X 3.5)) ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მთლიანი პერიოდის - 38 398.36 ლარს.
1.2.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.2.8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, არ იზიარებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ საქმის მასლებით არ დასტურდება სადავო მისამართზე მდებარე, გაუიჯარებელი 1175 კვ.მ ფართის მოპასუხის მხრიდან ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს (ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად) და სწორედ ამ სტანდარტის დაცვით საქმის მასალების კვლევის შედეგად დადგენილ ფაქტებს ენიჭებათ იურიდიული სანდოობა გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს პრეიუდიციის ცნებას და მხარეს ათავისუფლებს იმ ფაქტების მტკიცებისაგან, რომლებიც ამავე მხარეებს შორის გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაა დადგენილი (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტუქციის დემონტაჟის ნაწილში დააკმაყოფილა რა სარჩელი, დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სადავო ტერიატორიას ფლობდა ქვემოიჯარე. გადაწყვეტილება ამ ნაწილში, როგორც ზემოთ ითქვა, არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, ამ ფაქტს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნია. გარდა ამისა, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებას საქმეში წარმოდგენილი შპს „ბ-ის“ წერილებზე, რომელთა ნამდვილობაც შედავებული არ არის და მათი შინაარსის ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს იმისა, რომ მოპასუხე მართლაც ფლობდა სადავო გაუიჯარებელ ფართს (ამ მტკიცებულებების თანახმად, 2014 წლის 1 მაისის ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, სარგებლობაში გადაცემულ 6000 კვ.მ ტერიტორიაზე მოპასუხემ ჩაატარა კეთილმოწყობის სამუშაოები და განათავსა აგრარული ბაზარი. ვინაიდან ბაზარი არ იყო გამიჯნული რკინიგზის საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან, გარე მოვაჭრეებმა თვითნებურად დაიკავეს მიმდებარე ტერიტორია. გარემოვაჭრეების რკინიგზის ტერიტორიიდან გაყვანა აღემატებოდა შპს „ბ-ის“ კომპეტენციასა და ძალებს. ამასთან, გარემოვაჭრეების საქმიანობა იწვევდა ანტისანიტარიასა და სხვა პრობლემებს, რის გამოც ქვემოიჯარე იძულებული გახდა, საკუთარი ძალებით უზრუნველეყო სისუფთავისა და ელემენტარული წესრიგის დამყარება. აღნიშნული წერილით შპს „ბ-ი“ ტერიტორიის გამონთავისუფლების მოთხოვნის პასუხად სს „ს-ას“ სთხოვს აღნიშნული ტერიტორია 6 თვით გადაეცეს იჯარით ან სხვა ალტერნატიული პირობით, ხოლო გარემოვაჭრეებს გამოეყოთ ალტერნატიული ფართი, რის შემდეგაც შპს „ბ-ი“ უმტკივნეულოდ შეძლებდა მოსარჩელის ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის უზრუნველყოფას. 2015 წლის 22 მაისის განცხადებით კასატორი მიმართავს მოსარჩელეს და აღნიშნავს, რომ გაურკვევლობის გამო, 2014 წლის აგვისტოში მან კეთილმოაწყო სს „ს-ის“ ტერიტორია, მსუბუქი კონსტრუქციით გადახურა სადგურის ბაქნის გაგრძელება, დაასუფთავა და გაანათა ეზო, მოუარა ნარგავებს, აკრძალა ბაღში ალკოჰოლური სასამელის მომხმარება, მიუჩინა დაცვა მიმდებარე ტერიტორიას. 2014 წლის ოქტომბერში შპს „ბ-მა“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსისაგან რკინიგზის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვო კომერციული საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე მიიღო გაფრთხილება, რის შემდეგაც შეაჩერა ყველანაირი კომერციული საქმიანობა და სს „ს-ას“ მიმართა თხოვნით აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გადაცემის თაობაზე. განცახდებაში ასევე მითითებულია, რომ 2015 წლის 20 მაისის სს „ს-ის“ #2935 წერილის პასუხად ამ უკანასკნელს განემარტება, რომ შპს „ბ-მა“ გაფრთხილებისთანავე შეაჩერა გაუიჯარებელ ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობა).
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე და 414-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო და მიიჩნევს, რომ სამართლებრივ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული (სსსკ-ის 194-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ამ თვალსაზრისით პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოპასუხის მიერ არამართლზომიერად დაკავებული ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე. ის რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხესთან არ იმყოფებოდა, არამედ, მას და სს „თ–ს“ შორის არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა. თავის მხრივ, სახელშეკრულები ურთიერთობა არსებობდა მოიჯარესა და მოპასუხეს შორის (სკ-ის 587-ე მუხლი), რომელიც ეკონომიკურად დამოკიდებული, თუმცა, სამართლებრივად დამოუკიდებელი გარიგებაა, შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხულია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხვისი ქონების არამართლზომიერი სარგებლობა ვერც დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მხოლოდ სარგებლობის ფაქტი და შესაძლო ქონებრივი დანაკლისის არსებობა არ ქმნის დელიქტური ვალდებულების გენერალური დათქმის შემადგენლობის არსებობას (სკ-ის 992-ე მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები სამართლებრივ ურთიერთობაში არმყოფი პირები არიან და მოპასუხე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კომერციულ ფართს, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კონკურენცია, კონდიქციური ვალდებულების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
1.3.2. სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. დასახელებული ნორმა წარმოადგენს არა სხვისი სამართლებრივი სიკეთის უსაფუძვლო ხელყოფით გამოწვეული კლასიკური გაგებით ზიანის ანაზღაურებას, არამედ, იგი არეგულირებს ე.წ გამდიდრების გათანაბრებას და მიზნად ისახავს ქონებრივი წონასწორობის იმგვარად აღდგენას, როდესაც ხელმყოფს ეკისრება მის მიერ დაზოგილი სიკეთის (რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ ამ ფართის იჯარით გაცემისათვის გადასახდელი საიჯარო ქირით განსაზღვრულიყო) უფლების მქონე პირისათვის გადაცემა (დამატებით, იხ. სუსგ №ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი).
1.3.3. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, მიუხედავად მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არასწორად განსაზღვრისა, საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება არ მიღებულა, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), პალატა უცვლელად ტოვებს მას.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, არ არსებობს მის მიერ გაღებული ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, რაც შეეხება კასატორის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, იგი, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე