საქმე №ას-632-590-2017 8 იანვარი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – შპს „T-A“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ-დ“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელზე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულებიდან გასვლა, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ნ-დმა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „T-A-ს“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) მიმართ, მოპასუხისათვის 116 695 აშშ დოლარის, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს _ დავალიანების თანხის 0,5%-ის (2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით _ 105 103,99 აშშ დოლარი, ხოლო, ყოველდღიურად 583,47 აშ დოლარი) დაკისრების მოთხოვნით.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელესა და შპს „T-A-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე. ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, მის საგანს წარმოადგენდა „ნ-დის“ მიერ შპს „T-A-სათვის“ სატელევიზიო არხის ტრანზიტზე არაგანსაკუთრებული, არაექსკლუზიური უფლების მინიჭება მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მომსახურების საფასური განისაზღვრა თვეში - 9 720.96 აშშ დოლარით. ტრანზიტორის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს - დავალიანების თანხის 0,5%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს „T-A-მ“ 2014 წლის 1 ნოემბერს განახორციელა მხოლოდ ერთი გადახდა 9 695,96 აშშ დოლარის ოდენობით თუმცა კვლავ სარგებლობს მოსარჩელის მიერ მიწოდებული სერვისით, შესაბამისად, მას 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს, როგორც მიწოდების საფასურის - 9 720.96 აშშ დოლარის, ასევე, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე მხარეთა შორის 2014 წლის 1 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების გაუქმება და თავდაპირველი მოსარჩელისათვის 250 000 ლარის დაკისრება.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეებს შორის წლებია არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა. 2014 წლის 1 მაისის ხელშეკრულებით, სატელევიზიო არხის ტრანზიტით ახორციელებდნენ მხოლოდ ანალოგურ მაუწყებლობას და იხდიდნენ ყოველთვიურად 3 477 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. 2014 წლის 1 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლის შინაარსი 2014 წლის 1 მაისის ხელშეკრულების იდენტური იყო იმ განსხვავებით, რომ შპს „ნ-დი“ შპს „T-A-ს“ გადასცემდა უნაკლო დაშვების ბარათებს, რაც მისცემდათ საშუალებას, ანალოგური მაუწყებლობიდან გადასულიყვნენ ციფრულ მაუწყებლობაზე შედგენილი გრაფიკის შესაბამისად. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მიზნით შპს „T-A-მ“ შეიძინა 242 828 ლარის ღირებულების მოწყობილობა. მოპასუხემ (შეგებებულ სარჩელზე) 2014 წლის 1 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების პირობა არ შეასრულა და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შპს „T-A-ს“ არ მიაწოდა უნაკლო დაშვების ბარათები. აღნიშნული ბარათების არარსებობით შეგებებული მოსარჩელე ვერ ახორციელებს ციფრულ მაუწყებლობას. შპს „ნ-დის“ მხრიდან 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევით შპს „T-A-ს“ მიადგა 250 000 ლარის ოდენობით ზიანი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი ცნო ყოველთვიურად 3 477 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ 2014 წლის 1 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების 10.6 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება აუქმებდა იმავე საკითხთან დაკავშირებით არსებულ წინა ხელშეკრულებებს. მხარეთა შორის არსებობდა 2014 წლის 1 მაისს დადებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე, რომლის თანახმად, შპს „T-A“ ყოველთვიურად იხდიდა 3 477 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 2014 წლის 1 სექტემბერს ახალი ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო იმ მიზეზით, რომ შპს „ნ-დმა“ შესთავაზა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მომსახურების მიწოდება, რაც ამ უკანასკნელისათვის მისაღები იყო და ამიტომ დასთანხმდა ის თითქმის 3-ჯერ გაზრდილი ტარიფის გადახდას. ხელშეკრულების დადების მიუხედავად, მოსარჩელემ არ გადასცა უნაკლო დაშვების ბარათები, რაც აუცილებელი იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად. მოსარჩელემ თვითონ დაარღვია 2014 წლის 1 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება, რის გამოც მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს არც გაზრდილი მომსახურების საფასურის და არც პირგასამტეხლოს გადახდა.
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ შპს „T-A-საგან“ უნაკლო დაშვების ბარათების გადაცემის თაობაზე წერილობითი ან/და სიტყვიერი მოთხოვნა არ მიუღიათ. შეგებებული სარჩელით არ დასტურდება უნაკლო დაშვების ბარათების არარსებობით მაუწყებლობის განუხორციელებლობის ფაქტი, რადგან ძირითადი არხები, რომლის მაუწყებლობის უფლებაც აქვს გადაცემული შპს „T-A-ს“ საერთოდ არ საჭიროებს უნაკლო დაშვების ბარათებს, შესაბამისად, შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელია, როგორც ხელშეკრულების გაუქმების, ასევე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „T-A-ს“ შპს „ნ-დის“ სასარგებლოდ დაეკისრა 32 058,04 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და შეწყვეტილად იქნა აღიარებული შპს „T-A-სა“ და შპს „ნ-დს“ შორის 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებულ მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა მოითხოვა მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 250 000 ლარის დაკისრება, ხოლო მეორე აპელანტმა _ თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაუხდელი მომსახურების ღირებულების _ 116 695 აშშ დოლარის, 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით დაგროვებული პირგასამტეხლოს _ 105 103,99 აშშ დოლარის, ასევე, 2015 წლის 30 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირი თანხის 0,5%-ის (რაც დღეში 583,47 აშშ დოლარს შეადგენს) დაკისრება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა კასატორმა მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე კასატორმა _ განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
1.1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა (პირველი კასატორის პრეტენზიის ნაწილში), ასევე, მომსახურების დავალიანების ოდენობის განსაზღვრის სისწორე და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება (მეორე კასატორის პრეტენზიის ნაწილში).
1.1.2. ამ თვალსაზრისით პირველი კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და პრეტენზიას აცხადებს შემდეგზე: სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 1 სექტემბრის ხეშეკრულების პირობები დაშვების ბარათის გადაუცემლობით დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ, რის გამოც პირველმა კასატორმა ვერ შეძლო არხების ციფრულად მიღება და შესაბამისად, აბონენტისათვის ციფრულად მიწოდება, ამდენად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი წინაპირობა _ ვალდებულების დარღვევა, გარდა ამისა, დადგენილია ისიც, რომ პირველი კასატორი ხელშეკრულებიდან სწორედ იმ საფუძვლით გავიდა, რომ თავდაპირველმა მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მიუხედავად ამ ფაქტების დადგენისა, სასამართლომ ვალდებული პირი პასუხისმგებლობისაგან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე დაყრდნობით გაათავისუფლა. სააპელაციო პალატამ, მართალია, გაიზიარა ამ მხრივ მხარის მიერ წარდგენილი არგუმენტები, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ პირველ აპელანტს არ წარუდგენია აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულება, საიდანაც დადასტურდებოდა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო, მომსახურების ღირებულების გაზრდა. ამგვარ დოკუმენტს აპელანტი სასამართლოს ვერ წარუდგენდა თუნდაც იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, პირველი კასატორი ვერ გააფორმებდა აბონენტებთან ამგვარ ხელშეკრულებას. ამ თვალსაზრისით მხარეს წარდგენილი ჰქონდა აუდიტორის დასკვნა, სადაც გაანგარიშებული იყო ის მოგება, რომელსაც შპს „T-A“ მიიღებდა აბონენტებისათვის ანალოგურის ნაცვლად, ციფრული მაუწყებლობის მიწოდების შემთხვევაში და ეს დასკვნა იყო საკმარისი. ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია. გარდა ამისა, აღნიშვნის ღირსია, რომ თავდაპირველი მოსარჩელე შეგებებულ სარჩელს ძირითადად იმ საფუძვლით შეედავა, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია, ხოლო მიუღებელი შემოსავლის საკითხი მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
1.1.3. რაც შეეხება მეორე კასატორის პრეტენზიების ფაქტობრივ საფუძვლებს, ისინი მდგომარეობს შემდეგში:
ა) სასამართლოს მხრიდან დადგენილია, რომ 2014 წლის 1 მაისის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ანალოგური ფორმატით მაუწყებლობას, ხოლო, 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება ანალოგური ფორმატის გავრცელების შეზღუდვას არ ითვალისწინებდა. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ კასატორს არ გააჩნია რაიმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი საშუალება, რომელიმე ტრანზიტულ მაუწყებელს რაიმე ფორმატში მიაწოდოს სიგნალი, იგი როგორც სატელევიზიო არხების გავრცელებაზე ექსკლუზიური უფლების მქონე პირი, ტრანზიტული მაუწყებლისათვის ამგვარი მაუწყებლობის მინიჭებაზე უფლების მიცემით შემოიფარგლება. სასამართლომ ხელშეკრულებებზე მსჯელობისას არ გაითვალისწინა ის, რომ ორივე შეთანხმება ანალოგიურია, მათ შორის დაშვების ბარათების ნაწილში. 2014 წლის 1 მაისის ხელშეკრულების #1 დანართში მითითებულია მაუწყებლობის ფორმატი „ანალოგური“, რომლითაც დღემდე მაუწყებლობს მოწინააღმდეგე მხარე, რაიმე შეზღუდვას ხელშეკრულება ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების დანართში რამე მითითება მაუწყებლობის ფორმატზე საერთოდ არ არის მითითებული, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ;
ბ) სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ დაშვების ბარათი არ გადაეცა მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ციფრული მაუწყებლობა (სიგნალის მიღება და გაშვება) ტექნიკურად სხვა წყაროს მეშვეობით შესაძლებელია;
გ) სასამართლომ შპს „საქართველოს ფოსტის“ პასუხზე დაყრდნობით დაადგინა, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს მოწინააღმდეგე მხარემ მეორე კასატორს აცნობა 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და წერილი 8 ოქტომბერს ჩაბარდა კომპანიის დამფუძნებელ გ. ნ–ის მამას, თუმცა, რატომ მიიჩნია სასამართლომ გ.ნ–ი მეორე კასატორის დამფუძნებლად, გაუგებარია. იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ წერილის მიმღები არ იყო უფლებამოსილი პირი სასამართლომ მეორე კასატორს დააკისრა და ამ თვალსაზრისით მხედველობაში არ მიიღო საქმეში არსებული კომპანიის წესდება, ასევე, ხელმღვანელობითი უფლების მქონე პირის მიერ გაცემული მინდობილობები, რომლებიც არც ერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა. საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ასევე მოცემულია საკონტაქტო მონაცემები, რომელიც სადავო წერილს არ ემთხვევა. გ.ნ–ი 2011 წლის 21 აპრილიდან 8 ნოემბრამდე იყო შპს „ტ-ის“ დირექტორი, რომელთანაც განსახილველის მსგავს სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო მოწინააღმდეგე მხარე. სასამართლოს არ უმსჯელია 2014 წლის 1 ნოემბერს მოწინააღმდეგე მხარემ 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი მომსახურების საფასური 9 695,6 აშშ დოლარი რატომ გადაიხადა და გადახდის დანიშნულებაში მიუთითა ინვოისის ნომერი, თუკი მას 3 ოქტომბერს ცალმხრივად ჰქონდა შეწყვეტილი ხელშეკრულება, ასევე შეფასების მიღმაა დატოვებული ის საკითხიც, ამ გადახდის ფონზე რატომ უნდა ევარაუდა მეორე კასატორს, რომ მხარეს არ სურდა ხელშეკრულებაში დარჩენა;
დ) მხედველობის მიღმაა დატოვებული ის საკითხი, რომ მხარეს დაშვების ბარათების მოთხოვნა შეეძლო 2014 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარეც და შემდეგაც, თუმცა, ამ ფაქტის დამადასტურებელი მრტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, მაშინ, როდესაც 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, დაშვების ბარათის გადაცემის ვალდებულება მეორე კასატორს მხოლოდ მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩნდა. 2014 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც მეორე კასატორს იანვარში ჩაბარდა, მხარე არ აღნიშნავს ხელშეკრულების შეწყვეტას, არამედ მიუთითებს, რომ ის ძალაში ჯერ არ შესულა, რადგანაც ვერ მოახერხა იმ ტელევიზიებისათვის არხების გათიშვა, რომლებიც ხელშეკრულების გარეშე მაუწყებლობენ, გარდა ამისა, ყოვლად დაუსაბუთებელია სიმბოლური ღირებულების დაშვების ბარათების მხარისათვის გადაუცემლობა მოგებაზე ორიენტირებული კომპანიის მხრიდან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე დღემდე ანაზღაურების გარეშე აგრძელებს მაუწყებლობას.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ (ფაქტობრივი დასაბუთება):
წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორებს არ მიუთითებიათ (დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენიათ) იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. 2014 წლის 1 მაისს „ნ-დსა“ და შპს „T-A-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე, რომლის თანახმად, შპს „T-A“ სატელევიზიო არხის ტრანზიტით ახორციელებდა მხოლოდ ანალოგურ მაუწყებლობას და იხდიდა ყოველთვიურად 3 477 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. ხელშეკრულების 6.1. მუხლი ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებისა და ტრანზიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კომპანიისაგან დაშვების ბარათის გადაცემას ტრანზიტორისათვის;
1.2.2. 2014 წლის 1 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების თაობაზე. ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „ნ-დის“ მიერ შპს „T-A-სათვის“ სატელევიზიო არხის ტრანზიტზე არა განსაკუთრებული, არა ექსკლუზიური უფლების მინიჭება, მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით და პირობებით. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მომსახურების საფასური განისაზღვრა თვეში - 9 720.96 აშშ დოლარით. ტრანზიტორის მიერ, ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შპს „T-A-ს“ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ხელშეკრულების 5.2. მუხლი). ზემოაღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა უვადოდ. ხელშეკრულების 10.6 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იგი წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას და ის აუქმებს მხარეებს შორის ამავე საკითხზე არსებულ ყველა წინა შეთანხმებას, ხელშეკრულებასა თუ გარიგებას;
1.2.3. 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების 4.1. და 4.2. მუხლების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისა და ტრანზიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კომპანია გადასცემს ტრანზიტორს დაშვების ბარათს. დაშვების ბარათი წარმოადგენს სატელევიზიო არხის სამაუწყებლო სიგნალის წვდომის ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, რომელიც კომპანიის საკუთრებაა და ტრანზიტორს გადაეცემა მხოლოდ დროებით სარგებლობაში. შპს „T-A-ს“ კუთვნილი სადგურის მეშვეობით, კოდირებული არხების ციფრული მაუწყებლობის რეჟიმში გაშვება უნაკლო დაშვების ბარათების გარეშე შეუძლებელია, ხოლო „ანალოგურ“ მაუწყებლობას უნაკლო დაშვების ბარათები არ სჭირდება (იხ. სპეციალისტის განმარტება);
1.2.4. შპს „T-A-მ“, 2014 წლის 20 სექტემბერს და 2014 წლის 03 ოქტომბერს, „ნ-დს“ გაუგზავნა წერილები, სადაც აღნიშნავდა, რომ მხარეთა შორის, 2014 წლის 1 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 3.2.2. მუხლის (გადასცეს ტრანზიტორს უნაკლო დაშვების ბარათი) დარღვევის გამო, წყვეტდა სახელშეკრულებო ურთიერთობას.
1.2.5. შპს „T-A-მ“, „ნ-დს“, 2014 წლის 1 ნოემბერს გადაუხადა 9 696.96 აშშ დოლარი;
1.2.6. 2014 წლის 1 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების #1 დანართის თანახმად, ტრანზიტორს, შპს „T-A-ს“ გადაცემული ჰქონდა „ანალოგური“ ფორმატით სატელევიზიო არხის ტრანზიტით გავრცელების უფლება, ხოლო, 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების დანართი, მხოლოდ ანალოგურ ფორმატში ტრანზიტის გავრცელების თაობაზე შეზღუდვას აღარ ითვალისწინებდა;
1.2.7. მოწმედ დაკითხულმა პირებმა (ა. მ-მა და დ. მ-ემ) აჩვენეს, რომ ტრანზიტორის მოთხოვნის მიუხედავად, დაშვების ბარათები გადაცემული არ იქნა, რის გამოც, ვერ განხორციელდა ციფრული ფორმატით აბონენტებისათვის მაუწყებლობის მიწოდება;
1.2.8. შპს „T-A-მ“, 2014 წლის 8 დეკემბერს „ნ-დს“ გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნა, რომ მხარეთა შორის, 2014 წლის 1 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ძალაში არ იყო შესული, რომლის თაობაზეც აცნობეს 2014 წლის 3 ოქტომბრის წერილით. 2014 წლის 3 ოქტომბრის წერილში დაფიქსირებულია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება შეწყვეტილია, „ნ-დის“ მხრიდან ხელშეკრულების 3.2.2. მუხლის (გადასცეს ტრანზიტორს უნაკლო დაშვების ბარათი) დარღვევის გამო. გზავნილის ჩაბარების თაობაზე შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ შედგენილი რეესტრის ასლებით, ასევე, 2015 წლის 15 ივლისის წერილით ირკვევა, რომ 2014 წლის 3 ოქტომბრის გზავნილი 2014 წლის 8 ოქტომბერს ჩაბარდა გ. ნ–ის მამას - თ. ნ–ს;
1.2.9. შპს „T-A-ს“ მიერ წარმოდგენილი, შპს „დ-ის“ მიერ, 2016 წლის 2 მარტს შედგენილი აუდიტორული დასკვნის მიხედვით, ციფრული მაუწყებლობის აბონენტებზე მიუწოდებლობით გამოწვეული სავარაუდო ზიანი შეადგენს 250 000 ლარს. დასკვნის მიხედვით, ზიანის ოდენობა დაანგარიშებულ იქნა იმ დროისათვის, შპს „T-A-ს“ სატარიფო ბაზის ანალიზისა და კომპანიის აბონენტების ოდენობის საფუძველზე;
1.2.10. სააპელაციო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიწვეულმა სპეციალისტმა, ზ. გ-ემ განმარტა: ნებისმიერ შემთხვევაში, თანამგზავრიდან მიღებული სიგნალი უნდა გარდაიქმნას აუდიო და ვიდეო სიგნალად ან ციფრულ ნაკადად, რომელიც მიეწოდება ციფრულ მოწყობილობას. აუდიო-ვიდეო სიგნალის მიწოდება აბონენტებზე ხდება სხვა აპარატის გარდაქმნით, რასაც ანალოგურ ფორმატში მიწოდება ეწოდება. ციფრულ ფორმატში მიწოდება ხდება სხვა აპარატურის გამოყენებით (გარდაქმნით). დაშვების ბარათი ტვ კომპანიას ესაჭიროება იმისათვის, რომ ციფრული სიგნალის დეკოდირება განახორციელოს. სიგნალის დეკოდირების შემდეგ, მისი გამოყენება ნებისმიერ ფორმატში შეიძლება (ანალოგის ან ციფრულის). ასეთ დროს სიგნალი თავისუფალია და მისი გავრცელებაც თავისუფალია.
1.3. საკასაციო პალატის შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარის არასწორად თქმის თაობაზე და განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. მოცემული მუხლის გამოყენების წინაპირობებს წარმოადგენს შემდეგი: მოპასუხის ქმედების არამართლზომიერება; ამ ქმედების შედეგად ზიანის დადგომა; მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა; ქონებრივი დანაკლისის (ზიანის) ოდენობა. მოხმობილი ელემენტების არსებობა უნდა დგინდებოდეს იმგვარი მტკიცებულებებით, რომელთა ანალიზი შექმნის ობიექტურ სურათს ამგვარი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე, რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
1.3.2. პალატა განმარტავს, რომ დემოკრატიული წესწყობილების უმთავრეს ამოცანას მართლმსაჯულების მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელება წარმოადგენს, რაც სამართალში სამართლიანი სასამართლოს კონცეფციითაა დამკვიდრებული და იგი გარანტირებულია არა ერთი შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 (1) მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ინიციატივა გამოიჩინოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, ასევე, 103-ე მუხლები).
1.3.3. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მართალია, შეგებებული მოსარჩელე მართლაც მიუთითებდა ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობაზე, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე შეედავა მიუღებელი შემოსავლის საერთოდ არსებობას, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს სასამართლო უდავოდ ვერ განიხილავს და ისინი მტკიცებას დაქვემდებარებულ (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტებს წარმოადგენენ. ამ მხრივ, შეგებებულმა მოსარჩელემ წარადგინა აუდიტორული დასკვნა. საკასაციო შედავების ფარგლებში პალატა გაეცნო მითითებულ დოკუმენტს და იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დასკვნაში მოცემული ზიანის გაანგარიშება არ წარმოადგენს სარწმუნოს და ზიანის წინაპირობების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ის მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრისათვის არასაკმარისია. ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინების დასკვნები სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნებს. არც საქმის მასალებით დასტურდება და არც პირველი კასატორი მიუთითებს იმგვარი მტკიცებულებების საქმეში წარდგენაზე, რაც მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღებას მაღალი ალბათობით გაამართლებდა. ამდენად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია.
1.3.4. რაც შეეხება მეორე კასატორის შედავებას, როგორც ზემოთ ითქვა, ის სადავოდ ხდის დავალიანების ოდენობას და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარს. ამ თვალსაზრისით პალატა ყურადღებას გაამახვილებს პროცესუალურ-სამართლებრივ საკითხზე: საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეგებებული სარჩელი 2014 წლის 1 სექტებრის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების ნაწილში დააკმაყოფილა. საქმეში წარმოდგენილია შპს „ნ-დის“ სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს მხოლოდ მისი სარჩელის (თავდაპირველი სარჩელის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იმგვარად, რომ მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების ნაწილში გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ მოოუთხოვია. საკასაციო მოთხოვნას მეორე კასატორი აყალიბებს ამგვარადვე. მართალია, მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებში მხარე მიუთითებს, რომ დავალიანების ოდენობას სწორედ 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას უკავშირებს, თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სასამართლო განხილვის პროცესუალური ფარგლები: როგორც სააპელაციო, ისე _ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის კანონმდებლობა ადგენს შეზღუდვას და სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება შეცვალოს სააპელაციო/საკასაციო განაცხადის ფარგლებში (სსსკ-ის 384-ე და 409-ე მუხლები: სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ; საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ) გარდა ამისა, მოთხოვნის ფორმირებას კიდევ ერთი პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, შედის კანონიერ ძალაში (იხ. სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული), რაც იმას ნიშნავს, რომ მხარე სადავოდ ვეღარ გახდის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სსსკ-ის 266-ე მუხლი), უფრო მეტიც, ამ ფაქტებს გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომლის კანონიერებაც ზემდგომი წესით გადამოწმებას ექვემდებარება (გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი), პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია (იხ. სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). ზემოთ მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უარყოფს მეორე კასატორის შედავებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ნების არაუფლებამოსილი პირისათვის მისვლისა თუ სხვათა თაობაზე (სკ-ის 51.1 და 355-ე მუხლები) და აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ პრეიუდიციული ძალა გააჩნია მხარეთა შორის 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებიდან შეგებებული მოსარჩელის გასვლის ფაქტს. საპირისპირო ვითარებაშიც კი, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია და კასატორი ირიბად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე.წ დაშვების ბარათები მას მოწინააღმდეგე მხარისათვის არ გადაუცია, მართალია, მხარე ამგვარ ქცევას ხსნის იმით, რომ პირველ კასატორს მოთხოვნა არ წარუდგენია, თუმცა უდავოა ისიც, რომ ე.წ. დაშვების ბარათების გადაცემის გარეშე კონტრაჰენტი ვერ სარგებლობდა ციფრული გადაცემის მომსახურებით. ამგვარ ვითარებაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ იმ ფაქტს, რომ მეორე კასატორის მხრიდან დასტურდება ვალდებულების დარღვევა, მან სამოქალაქო კოდექსის 487-ე-488-ე მუხლების ფარგლებში განახორციელა ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულება, რის გამოც მყიდველს წარმოეშვა ფასის შემცირების უფლება, თანახმად ამავე კოდექსის 492-ე მუხლისა. ამდენად, პალატა ამ კუთხით წარმოდგენილ პრეტენზიებს დაუშვებლად მიიჩნევს.
1.3.5. პალატა მიუბრუნდება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გაუქმდა მანამდე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში თავდაპირველი მოპასუხე ახორციელებდა ანალოგურ გადაცემას (რომლის ღირებულების ფარგლებშიც მან ცნო კიდევაც დავალიანების არსებობა) და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე (სკ-ის 982.1 მუხლი) მართებულად დააკისრა მოპასუხეს თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ ანალოგური სიგნალის გადაცემის ღირებულება, ამასთანავე, როგორც უკვე დადგენილ იქნა, შპს „T-A-ს“ 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე (სარჩელის დაზუსტებამდე) ანალოგური სიგნალის მიწოდების პირობებში უნდა გადაეხადა 41 724 აშშ დოლარი, დადგენილია, რომ 2014 წლის 1 ნოემბერს მოვალეს გადახდილი აქვს 9 695,96 აშშ დოლარი, რომელიც, მხარეთა შორის ქონებრივი წინასწორობის აღდგენის მიზნით, მართებულად გამოაკლდა დავალიანების თანხა (41 724 აშშ დოლარს) და მოპასუხეს მეორე კასატორის სასარგებლოდ სწორად დაეკისრა 32 058,04 აშშ დოლარი.
1.3.6. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის აღნიშნული საშუალება, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალეს ეკისრება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ურთერთობა მხარეთა შორის არ არსებობს, შესაბამისად, არც პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას (სკ-ის 418.2 მუხლი), თუმცა, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის პირობებშიც კი, უდავოა, რომ მეორე კასატორმა თავად დაარღვია ვალდებულება და არ გადასცა ტრანზიტორს უნაკლო დაშვების ბარათები, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნასაც.
1.4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივი დასაბუთება:
ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ არის წარდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული შედავება, პალატა ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრებს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს საკასაციო სამართალწარმოებისას გაწეული ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ხოლო კასატორების მიერ გადახდილი სახემლწიფო ბაჟი, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „T-A-ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ნ-დის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი