Facebook Twitter

საქმე №ას-1376-1296-2017 9 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ. გ-ია (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. კ-ა (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა (თავდაპირველ სარჩელში), ქონების თანამესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ტ. კ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, პირველი აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. გ-იას (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი არ მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ.ბათუმში, ნ–ის ქ#54-ში მდებარე უძრავი ქონებისა (ს/კ #....., შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) და ამავე უძრავ ქონებაში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი 6 150 ლარის ღირებულების საოჯახო ნივთების (მაცივარი, ღირებული 1 100 ლარად; სარეცხი მანქანა ღირებული 800 ლარად; გაზქურა, ღირებული 600 ლარად; ტელევიზორი, ღირებული 600 ლარად, მინის მაგიდა, ღირებული 150 ლარად; დივანი, ღირებული 300 ლარად; ორი ცალი საწოლი, ღირებული 300 ლარად; გარდერობი, ღირებული 250 ლარად; ორი ცალი ტუმბო, ღირებული 150 ლარად; კომპიუტერი, ღირებული 1 300 ლარად; ჭურჭელი (კომპლექტი), ღირებული 600 ლარად) გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. ქონებას, მასში განთავსებულ საოჯახო ნივთებთან ერთად, უკანონოდ ფლობს მოპასუხე ოჯახის წევრებთან ერთად. მფლობელებს არასოდეს ჰქონიათ უძრავი ქონების ფლობის უფლება. მიუხედავად მესაკუთრის არაერთი თხოვნისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს უძრავ ქონებას, შესაბამისად, მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა სადავო უძრავი ქონების თამაესაკუთრედ აღიარება.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები დაახლოებით 12 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში. 2007 წელს, როდესაც მასობრივად გამოდევნილ იქნენ ქართველები, შეგებებული მოსარჩელეც იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო საქართველოში. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ საქართველოში შეიძენდნენ სახლს, რისთვისაც თავდაპირველმა მოსარჩელემ მოპასუხის სახელზე გასცა მინდობილობა და გამოუგზავნა იგი მფლობელს 2007 წლის 23 ოქტომბერს. მფლობელის ოჯახში მესაკუთრე მიღებული იყო რძლად, ურთიერთობა ჰქონდა ნათესავებთან. მინდობილობის საფუძველზე მფლობელმა თავდაპირველად ბინა შეიძინა ქ.ქობულეთში და აღრიცხა ტ.კ-ას სახელზე, რადგანაც თავად არის იძულებით გადაადგილებული პირი და არ სურდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მხარეთა შეთანხმებით, რადგანაც არ აპირებდნენ ქ.ქობულეთში ცხოვრებას, მათ უნდა გაესხვისებინათ შეძენილი ნივთი და ახალი ბინა ეყიდათ ქ.ბათუმში, ამ მიზნით, საქართველოში ყოფნისას, მესაკუთრემ კვლავ გასცა ახალი მინდობილობა. შეთანხმების თანახმად, შეგებებულმა მოსარჩელემ გაარემონტა ბინა და გაასხვისა, რის სანაცვლოდაც 27 500 აშშ დოლარად იყიდა სადავო უძრავი ქონება. მოგვიანებით იმ მიზეზით, რომ მესაკუთრეს არ სურდა საქართველოში ცხოვრება, ხოლო მფლობელს _ რუსეთის ფედერაციაში, ისინი დაშორდნენ და მოილაპარაკეს, რომ სადავო ქონებას გაყიდდა მფლობელი, თანხის ნახევარს დაიტოვებდა თავად, ხოლო ნახევარს _ გადასცემდა თავდაპირველ მოსარჩელეს. ამ მიზნით, მესაკუთრემ რუსეთიდან გამოაგზავნა შესაბამისი მინდობილობა, რომელიც ერთი წლით იყო გაცემული, თუმცა, ვალუტის კურსის ცვლილების გამო, ამ ვადაში ვერ მოხერხდა ქინების გაყიდვა. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების გამო, მფლობელს, ბუნებრივია, ეჭვიც არ შეპარვია იმაში, რომ მოპასუხე (შეგებებულ სარჩელზე) გამოიყენებდა საკუთრების მის სახელზე რეგისტრაციას და მოითხოვდა ქონების გამოთხოვას.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ქონება არის მხარეთა მიერ არარეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი. მართალია, იგი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად, მაგრამ წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას;

2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნო არც მესაკუთრემ იმ დასაბუთებით, რომ დავალება გაცემულ იქნა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის მიზნით. ნასყიდობის საფასური გადახდილია მთლიანად მესაკუთრის მიერ, ხოლო მფლობელი არასოდეს ყოფილა უძრავი ნივთის თანამესაკუთრე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება, ხოლო საოჯახო ნივთების გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის ნაწილში მხარეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, თავდაპირველმა მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებულმა მოსარჩელემ _ თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. სადავო უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის მონაცემებით 2011, წლის 28 მარტს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად;

1.2.2. უძრავ ქონებას ფლობს და სარგებლობს მოპასუხე ოჯახთან ერთად;

1.2.3. მესაკუთრე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში. შეგებებული მოსარჩელე წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქ.მოსკოვში მესაკუთრესთან ერთად. 2007 წლიდან იგი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში;

1.2.4. საქმეში წარმოდგენილი გზავნილებით, სს „ლ-იდან“ ფულადი თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ თავდაპირველი მოსარჩელე პერიოდულად, 2007 წლიდან 2013 წლამდე, მფლობელის სახელზე რუსეთის ფედერაციიდან აგზავნიდა სხვადასხვა თანხას;

1.2.5. 2007 წლის 23 ოქტომბერს, ექვსი თვის ვადით მესაკუთრემ გასცა მინდობილობა მფლობელის სახელზე. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, 2007 წლის 5 დეკემბერს, მოპასუხემ, როგორც მესაკუთრის მინდობილმა პირმა, შეიძინა უძრავი ქონება ქ.ქობულეთში, რ–ის ქ#162-ში, სადაც მესაკუთრე ჩადიოდა ზაფხულობით რამდენიმე დღით, ხოლო, სხვა დროისათვის ბინით სარგებლობდა მფლობელი;

1.2.6. 2010 წლის 27 აგვისტოს ტ. კ-ამ კვლავ გასცა მინდობილობა შ. გ-იას სახელზე, რომლის თანახმადაც, წარმომადგენელს მიანიჭა უფლებამოსილება, წარმოდგენილი პირის სახელით შეეძინა უძრავი ქონება, ასევე, შეესრულებინა ყველა მოქმედება საჯარო რეესტრში. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე მფლობელმა, როგორც თავდაპირველი მოსარჩელის წარმომადგენელმა, მესაკუთრესთან შეთანხმებით, 2011 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაყიდა ქ.ქობულეთში მდებარე ბინა და იმავე წლის 28 მარტს, ასევე, მესაკუთრის სახელზე შეიძინა სადავო უძრავი ქონება;

1.2.7. სადავო უძრავი ქონების შეძენის შემდეგ, მესაკუთრე ზაფხულის პერიოდში რამდენჯერმე იყო ჩამოსული ქ.ბათუმში, ამ პერიოდში იგი ცხოვრობდა სადავო ბინაში მფლობელთან ერთად. ბოლოს იგი საქარველოში ჩამოვიდა 2012 წელს, ხოლო, მას შემდეგ აღარ ჩამოსულა და სადავო ბინით სარგებლოდა მხოლოდ მფლობელი;

1.2.8. საქმეში წარმოდგენილი საგარანტიო ტალონებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ქ.ბათუმში, ნ–ის ქ#54-ში მდებარე #22 ბინაში განთავსებული 6 150 ლარის საოჯახო ნივთები (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი, მინის მაგიდა, დივანი, ორი საწოლი, გარდერობი, ორი ტუმბო, კომპიუტერი, ჭურჭელი (კომპლექტი), შეძენილია მფლობელისა და მისი ოჯახის წევრების მიერ, რომლებიც დღემდე ფლობენ და სარგებლობენ ამ ნივთებით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ შეუფასებია მთავარი გარემოება _ კასატორს მოწინააღმდეგე მხარესთან ერთად ჰქონდა ერთობლივი ბიზნესი ქ.მოსკოვში და თანხა, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე აგზავნიდა საქართველოში, კასატორის იძულებით დაბრუნების შემდგომ ერთიანი ბიზნესიდან შემოსული თანხა არის. ამ ფაქტს ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები და თანხის გადმორიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ შეგებებული მოსარჩელე თანამესაკუთრედ ცნობას ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობას უკავშირებდა, რადგანაც მხარის პოზიცია თანასაკუთრების წარმოშობასთან დაკავშირებით ემყარება ერთობლივი ბიზნეს საქმიანობიდან მიღებულ თანხას და ამით სადავო ქონების შეძენას.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს, როგორც მოსარჩელის საკუთრების უფლების ნამდვილობა და ამ მხრივ, მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერება, ისე _ თანასაკუთრების წარმოშობის წინაპირობები. პალატა მიიჩნევს, რომ თავდაპირველმა მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ჩანაწერზე დაყრდნობით (სკ-ის 312-ე მუხლი) დაამტკიცა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების წინაპირობების არსებობა, ხოლო მოპასუხემ საკუთარი მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება ვერ უზრუნველყო. რაც შეეხება თანასაკუთრების წარმოშობას, პალატა განმარტავს, რომ საზიარო საკუთრების წარმოშობის ზოგად წესს ადგენს სამოქალაქო 173-ე მუხლის პირველი ნაწილი და მას მიეკუთვნება გარიგებიდან ან კანონიდან მომდინარე თანასაკუთრება. პალატა უარყოფს კასატორის პოზიციას, რომ ის თანამესაკუთრედ ცნობას სწორედ გარიგებიდან გამომდინარე მოითხოვდა, რადგანაც საზიარო საგანი მხარეთა ერთობლივი ფულითაა შეძენილი. ამ პოზიციის უარსაყოფად პალატა ითვალისწინებს, როგორც შესაგებელში, ისე _ შეგებებულ სარჩელსა და საქმის მომზადების ეტაპზე გამოთქმულ პოზიციებს და აღნიშნავს, რომ მხარე მოთხოვნას ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობას ამყარებდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 219-ე მუხლის პირველი ნაწილის, 380-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, მხარე მოთხოვნის/შესაგებლის ფაქტობრივ საფუძველს ვერ შეცვლის. ასეც რომ არ იყოს, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით, მათ შორის, თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტებით საკასაციო საჩივარში გამოთქმული პოზიცია არ დასტურდება. რაც შეეხება კანონისმიერ წინაპირობას _ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლს, უდავოა, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, მათ კანონისმიერი თანასაკუთრების უფლებაც არ წარმოშობიათ (იხ. სკ-ის 1151-ე მუხლი).

1.6. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ვინდიკაციური სარჩელის, ასევე, კანონისმიერი თანასაკუთრების უფლების წარმოშობის თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს პ. ნ-ის მიერ 11.12.2017წ. #15101561 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარისა და მის მიერვე 11.12.2017წ. #15101580 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 821,88 ლარის, სულ _ 2121,88 ლარის 70% _ 1 485,316 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. გ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შ. გ-იას (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს პ. ნ-ის მიერ 11.12.2017წ. #15101561 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარისა და მის მიერვე 11.12.2017წ. #15101580 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 821,88 ლარის, სულ _ 2121,88 ლარის 70% _ 1 485,316 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი