Facebook Twitter

საქმე №ას-104-104-2018 30 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ყ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე, საქმის წარმოების შეჩერება სხვა დავის გადაწყვეტამდე

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ა-იამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ყ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ჩ–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ნაკვეთი #..., ს/კ #..., შემდგომში _ დავის საგანი ან სადავო უძრავი ქონება) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებული უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემა, ასევე, ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

1.2. სარჩელი ემაყრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 6 მარტს მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა სადავო უძრავი ქონება და ამავე წლის 26 აპრილს აღირიცხა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. მშენებლობის დაწყების მიზნით მესაკუთრემ განახორციელა გარკვეული სამუშაოები. სადავო ქონებას უკანონოდ ფლობს მოპასუხე, გაშენებული აქვს ბაღი, ხელს უშლის მოსარჩელეს საკუთრებით სარგებლობაში და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, აგრძელებს სხვისი საკუთრებით სარგებლობას. ნივთის გამოთხოვა შსს-ს დახმარებით ვერ განხორციელდა, რადგანაც იქ არავინ ცხოვრობს და ეს ტერიატორია არ ექვემდებარება გამოსახლებას, ხოლო ქონების გამოთხოვა სხვა გზით, გარდა სასარჩელო წარმოებისა, შეუძლებელი აღმოჩნდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენია, მისთვის ცნობილი იყო, რომ ქონებას ფლობდა მოპასუხე. საკუთრების უფლება მოპოვებულია აუქციონზე, რომლის შედეგებიც უნდა გაბათილდეს, რის თაობაზეც საჩივარი წარდგენილია ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში. მოპასუხე 1988 წლიდან ფლობს 1065 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთს. მოსარჩელე თავადვე აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მფლობელს გაშენებული აქვს ბაღი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადაო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და და ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე, საქმისწარმოების შეჩერება სხვა დავის გადაწყვეტამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ასევე, შეისწავლა კასატორის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუშვებელი შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული, ამასთან, საკუთრების უფლების თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერი სადავოდ არ არის გამხდარი (სკ-ის 183-ე, 311-ე და 312-ე მუხლები);

1.2.2. მოპასუხე ფლობს დავის საგანს;

1.2.3. მფლობელმა ვერ დაამტკიცა ქონების მფლობის მართლზმიერი უფლების არსებობა (სკ-ის 160-ე-162-ე მუხლები);

1.2.4. აპელანტი საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მიიჩნევს იმას, რომ მან აღძრა ადმინისტრაციული დავა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო, რადგანაც ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება იმ დავის გადაწყვეტამდე, რომელიც მოსარჩელის მიერ აუქციონზე საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებას შეეხება. ადმინისტრაციული დავა იმ მიწაზეა, რომელზეც განთავსებულია კასატორის შენობა-ნაგებობები და ათწლეული ნარგავები. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თითქმის გარანტირებულია ადმინისტრაციული დავის კასატორის სასარგებლოდ დასრულება. თუკი გასაჩივრებული განჩინება შევა კანონიერ ძალაში, მაშინ მივიღებთ შემთხვევას, როდესაც კასატორის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. მოწინააღმდეგე მხარე შეძლებს, როგორც დავის საგნის გასხვისებას, ისე _ კასატორის მფლობელობაში არსებული ქონების განადგურებას. მოგვიანებით კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, გამოვლინდა, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად, რადგანაც ქონების აუქციონზე განკარგვის შედეგად საკუთრება შეიძინა მოსარჩელემ, ხოლო მისი დასაბუთებული შედავების საფუძველზე მფლობელობა (არამართლზომიერი) შეუწყდა კასატორს (სკ-ის 168-ე მუხლი).

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის დასაბუთება:

2.1. კასატორი საქმის წარმოების შეჩერებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ მისი სარჩელის საფუძვლზე მიმდინარებს ადმინისტრაციული დავა, რომლის საგანსაც მოსარჩელის მიერ მოპოვებული საკუთრების უფლების კანონიერება წარმოადგენს.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ მისი განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. დასახელებული ნორმის ფარგლებში საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების მოტივით, შეწყდა საქმის წარმოება ა. ყ–ის სარჩელზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ, ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 12 თებერვლის #08.18.155 დადგენილების, აუქციონში გამარჯვების შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 6 მარტის სხდომის ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი #2480 მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნული განჩინება ა.ყ–მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოხელის მიერ გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის შესაბამისად, იხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო პასუხში მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ა.ყ–ის კერძო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განჩინება. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება, რომლითაც ადმინისტრაციული დავის განხილვის გაგრძელების ფაქტი დადასტურდებოდა, კასატორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, პალატის დასკვნით, შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მართლაც შედავებულია, რაც საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველია.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ. ყ–ის მიერ კასატორის სახელით 16.02.2018წ. #45 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის , 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ყ–ის შუამდგომლობა სხვა დავის გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. ა. ყ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორ ა. ყ–ს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. ყ–ის მიერ კასატორის სახელით 16.02.2018წ. #45 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე