საქმე №ას-1407-1327-2017 16 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ა-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის (უფლებამონაცვლე სს „ს-ი“ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.06.2016წ. განჩინება), შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოვალე, შემკვეთი ან მზღვეველი) მიმართ და მოითხოვა 2014 წლის აპრილსა და მაისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების _ 89 192 ლარის (აპრილის თვის _ 23 728,10 ლარი; მაისის _ 65 463.90 ლარი), 2014 წლის აპრილში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს _ 2014 წლის 4 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 23 728,10 ლარის 0,1%-ის, 2014 წლის მაისში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს _ 2014 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 65 463,90 ლარის 0,1%-ის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მიერ 2014 წლის აპრილში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 23 728,10 ლარი. საანგარიშგებო დოკუმენტაცია საფოსტო გზავნილის სახით მზღვეველთან წარდგენილ იქნა 2014 წლის 2 მაისს. საქართველოს მთავრობის #177 დადგენილების (შემდგომში _ #177 დადგენილება) თანახმად, მზღვეველი ვალდებული იყო, გაწეული მომსახურების ღირებულება გადაეხადა დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღის განმავლობაში _ 2014 წლის 3 ივნისამდე, თუმცა დავალიანება არ არის გადახდილი. ზემოაღნიშნული დავალიანების გადახდის ვადაგადაცილებისათვის #177 დადგენილებით მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო 2014 წლის 4 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 23.72 ლარის (23 728.10 X 0.1 %) ოდენობით. 2014 წლის მაისში მზღვეველთან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 65 463,90 ლარი. საანგარიშგებო დოკუმენტაცია მზღვეველს ფოსტით გადაეცა 2014 წლის 3 ივნისს და #177 დადგენილების თანახმად, წარმოეშვა ვალდებულება, დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღის განმავლობაში, არა უგვიანეს 2017 წლის 30 ივნისისა აენაზღაურებინა მომსახურების ღირებულება, თუმცა, დავალიანება არ არის გადახდილი. მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს დადგენილებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 2014 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 65.46 ლარის (65 463.90 X0.1%) ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დაზღვეულებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა არ წარმოდგენს მომსახურების საფასურის უპირობოდ ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს. მოსარჩელემ არ გაითვალისწინა მისი შესრულებული სამუშაოს შესახებ მოპასუხის მიერ წარდგენილი კორექტირება. არასწორია პირგასამტეხლოს მოთხოვნა და მისი დაანგარიშების წესიც, ვინაიდან #177 დადგენილების თანახმად, მიმწოდებლის მიერ მზღვეველისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა დასტურდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რაც არ განხორციელებულა მხარეთა შორის. ამავე დადგენილების თანახმად, მზღვეველის ვალდებულება თანხის ანგარიშსწორებაზე წარმოიშობა მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტის გაფორმების შემდეგ, ამავე აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის მოცულობის ფარგლებში, რაც ასევე მხარეთა შორის არ განხორციელებულა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2014 წლის 8 აგვისტოდან ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ დადგენილებაში და 2014 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდზე დავალიანებული თანხის დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0,02%-ით, რასაც ადასტურებს სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსის 2015 წლის 2 მარტის #10/14617 წერილი. გარდა ამისა, 2014 წლის აპრილის შესრულებული სამუშაოების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია და 2014 წლის მაისში შესრულებული სამუშაოების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია მზღვეველთან დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად არ წარუდგენია მოსარჩელეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კრედიტორის სასარგებლოდ მზღვეველს დაეკისრა 2014 წლის აპრილსა და მაისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების _ 89 192 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა (2014 წლის აპრილში გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2014 წლის 4 ივნისიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 23 728,10 ლარის 0,1%-ის, 2014 წლის 8 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 23 728,10 ლარის 0,02%-ის, ასევე, 2014 წლის მაისში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2014 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 65 463,90 ლარის 0,1%-ის, ხოლო, 2014 წლის 8 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 65 463,90 ლარის 0,02 %-ის გადახდა).
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი, ასევე, ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, ექსპერტიზის დანიშვნა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოდავე მხარეები არიან „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილეები;
1.2.2. მოსარჩელემ #177 დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურება გაუწია მზღვეველის მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით დაზღვეულ პირებს. 2014 წლის აპრილში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა _ 23 728,10 ლარი, ხოლო, 2014 წლის მაისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ _ 65 463,90 ლარი;
1.2.3. მხარეებს შორის დავის გადასაჭრელად გაიმართა შესაბამისი წარმოება სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურში, რომლის 2014 წლის 30 დეკემბრის რეკომენდაციის თანახმადაც, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული;
1.2.4. დაუსაბუთებელია მოვალის პრეტენზია, რომ #177-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა არ განხორციელებულა და მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, რომელიც წარმოადგენს ანგარიშსწორების განხორციელების საფუძველს მასში მითითებული თანხის ოდენობისა და ვადების შესაბამისად. #177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის ადგენს მზღვეველის ვალდებულებას საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს დოკუმენტაციის ინსპექტირება და მხარესთან გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, ხოლო, ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე, აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი, მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლს არ ქმნის, მით უფრო, რომ ამ აქტის გაფორმების ვალდებულება მზღვევლს ეკისრება. შესაბამისად, უდავოა, რომ მოვალემ გადააცილა ვალდებულების შესრულების (საზღაურის გადახდა) ვადას. მოპასუხეს გადაეგზავნა სამედიცინო მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია: 2014 წლის აპრილში გაწეული მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინა ამავე წლის 2 მაისს, ხოლო, მაისში გაწეული მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია _ 3 ივნისს. გარდა ამისა, უდავოა სადაზღვევო კომპანიის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღების ფაქტი, ხოლო მიღებული დოკუმენტაციის ნაკლოვანება და #177-ე დადგენილების მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, მისი განმარტებით, 2014 წლის მაისის მომსახურეობებზე სადაზღვევო კომპანიის მიერ დაკორექტირებული თანხა განისაზღვრა 18 300 ლარით, რაც, მისივე განმარტებით, გამოწვეული იყო მზღვეველისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით. ამასთან, კლინიკა გაწეული მომსახურეობის ტარიფების შესახებ ინფორმაციას/დოკუმენტაციას აწვდის არა დამტკიცებული ტარიფების გათვალისწინებით, არამედ, მზღვეველისათვის უცნობ ტარიფებზე მითითებით, თუმცა მოსარჩელის მხრიდან მსგავსი ქმედება საქმის მასალებით არ დგინდება, კერძოდ, #177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით, სამედიცინო მედიაციის სამსახურის აქტით, ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ინსპექტირებისა და კორექტირების დადგენილ ვადაში განხორციელების შემთხვევაშიც, მოპასუხის მიერ მითითებული საფუძვლებით არ იარსებებდა ანგარიშსწორებაზე უარის თქმის წინაპირობა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც ასახავს მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებას სადავო თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხე არ არის ვალდებული, აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება;
1.2.5. #177 დადგენილების შესაბამისად, სადავო თანხის მოსარჩელისთვის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს მოპასუხე წარმოადგენს. ის გარემოება, რომ მზღვეველმა მესამე პირებთან (სს „ჩ-ასთან“ და შპს „მ–ოსთან“) გააფორმა ხელშეკრულება, სამედიცინო მომსახურების გაწევის, ჩატარებულ სამედიცინო მომსახურებაზე დოკუმენტაციის დამუშავებისა და გაწეული სამუშაოს ღირებულების სამედიცინო მომსახურების გამწევზე ანაზღაურების თაობაზე და ამის შესახებ აცნობა მოსარჩელეს, არ გამორიცხავდა მოპასუხის ვალდებულებას, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური. ეს ფაქტი ვერც მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან, ასეთ შესაძლებლობას არც საქართველოს მთავრობის #177 დადგენილება ითვალისწინებს და არც მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული;
1.2.6. მხარეთა შორის სახელშეკრულებო შეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობაზე არ შემდგარა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა #177 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით. ამ წესებით რეგულირდება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, დადებულია თუ არა მათ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება. #177 დადგენილებაში 2014 წლის 1 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მზღვეველი ვალდებულია, მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაიხადოს 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო, 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0,02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან;
1.2.7. ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული მხარის შუამდგომლობა ემსახურებოდა მხოლოდ დავის გაჭიანურებას და სასამართლომ 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სწორად თქვა უარი აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი აღძრულია 2015 წლის 16 იანვარს, შესაგებელი წარდგენილია 2015 წლის 24 მარტს, პირველი მოსამზადებელი სხდომა საქმეზე დაინიშნა 2015 წლის 24 აპრილს. საქმის მომზადების ეტაპს მიეძღვნა არაერთი პროცესი 2016 წლის 4 ოქტომბრამდე, რა პერიოდშიც (18 თვის განმავლობაში - 2015 წლის მარტიდან 2016 წლის ოქტომბრამდე) მხარეს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, შეექმნა მტკიცებულება საექსპერტო დასკვნის სახით. 2016 წლის 4 ოქტომბრის სხდომით დასრულდა საქმის მომზადების ეტაპი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. 2014 წლის მაისის მომსახურებებზე დაკორექტირებულმა თანხამ შეადგინა ჯამში 18 300 ლარი. კორექტირების ძირითადი საფუძველი იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ კასატორისთვის არაზუსტი საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა, რომლითაც მოხდა სადაზღვევო შემთხვევის ღირებულების გაზრდის მიზნით მზღვეველისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, #177 დადგენილების მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო, დაზღვეულთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას შემთხვევა წარემართა მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც, სამედიცინო მომსახურების პროცესში, მისი, როგორც სამედიცინო დაწესებულების მიერ, დაზღვეულთათვის ადგილის შერჩევისას, არ იყო გათვალისწინებული და ეს გახდა მის მიერ უსაფუძვლოდ მომსახურების ღირებულების გაზრდის მოთხოვნის საფუძველი. საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარმოდგენილი სამედიცინო შემთხვევები არ საჭიროებდა ინტენსიურ თერაპიას, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო ინტენსიური თერაპიის ღირებულება 300 ლარი, ნაცვლად ნეონატოლოგიური ტარიფისა;
1.4.2. #177 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, კასატორმა, როგორც მზღვეველმა, არაერთგზის მიმართა მოწინააღმდეგე მხარეს, როგორც სამედიცინო დაწესებულებას, სტანდარტის სახით წარმოდგენილი ტარიფებისა და პროტოკოლების გამოთხოვის/წარმოდგენის თაობაზე, რაზეც მოწინააღმდეგე მხარის 2013 წლის 24 დეკემბრისა 31 დეკემბრის წერილებით კასატორმა მიიღო განმარტება და დადასტურება იმისა, რომ კლინიკა მზღვეველთან ურთიერთობისას ხელმძღვანელობს მხარეთა შორის 2012 წლის 24 მაისის ხელშეკრულებაზე თანდართული ტარიფებით. ამდენად, დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით დამტკიცებულია ყველა ტარიფი, რომელიც უნდა იყოს მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, რაც ასევე დარღვეულია და რაც გახდა გაწეული მომსახურების ღირებულების კორექტირების საფუძველი, ხოლო, განხორციელებული კორექტირება ნაწილობრივ აღიარებულ იქნა კლინიკის მიერ, თუმცა, გაუგებარია ნაწილობრივ აღიარების სამართლებრივი ან/და სახელშეკრულებო საფუძვლებიც, გამომდინარე იქიდან, რომ მასზე მითითებას/განმარტებას სამედიცინო დაწესებულება არ აკეთებდა და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ზოგადი აღიარებით თანხის ნაწილზე. კასატორისთვის მხოლოდ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, რომ ის ტარიფი (1 საწოლ დღე 165 ლარი), რასაც მოწინააღმდეგე მხარე ზემოაღნიშნულ მოცულობაზე სთავაზობდა მზღვეველს, არის არა კლინიკაში დამტკიცებული ტარიფი, ისე, როგორც ამას კლინიკას ავალდებულებდა კანონმდებლობა, არამედ ფასდაკლება, რომელიც თავისი შინაარსით ცხადია არ წარმოადგენს ფასდათმობას;
1.4.3. სასამართლომ არ გაიზიარა არც ის გარემოება, რომ სადავო პერიოდის მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლის/ინსპექტირების ვადები მოვალის მიერ არ იყო დარღვეული. ამასთან დაკავშირებით, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, კასატორის მიერ სრულად იქნა გაბათილებული, უფრო მეტიც, საქმეში არსებული წერილობითი კორესპონდენციით დადასტურებულია, რომ მოცემულ პერიოდზე თავად მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხდებოდა #177 დადგენილებით განსაზღვრული მზღვეველის უფლების ხელოვნურად შეზღუდვა, რაც გამოიხატებოდა კასატორისთვის, როგორც მზღვეველისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდების პროცესის შეფერხებაში, მიუხედავად აღნიშნულისა, მზღვეველმა დადგენილ ვადებში განახორციელა საანგარიშგებო დოკუმენტაციის შესწავლა/ინსპექტირება და მიაწოდა კლინიკას ინფორმაცია ინსპექტირების შედეგებზე. აღნიშნულის დამადასტურებელი ელექტრონული ფოსტის გზავნილი თანდართულ კორექტირებულ შემთხვევებზე ინფორმაციასთან ერთად წარდგენილია სასამართლოში. კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარისთვის 2014 წლის 27 მაისს ელექტრონული ფორმით წარდგენილი კორექტირების აქტი და ინფორმაცია არ არის ვადის დარღვევით წარდგენილი: 2014 წლის 2 მაისს წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის განხილვის 15- სამუშაოდღიანი ვადა, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მითითებული თარიღისა იწურებოდა 2014 წლის 27 მაისს, რადგან, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 9 და 12 მაისი უქმე, დასვენების დღეა, შესაბამისად იგი არ ითვლება ვადის ათვლაში, ხოლო ამავე პერიოდში არსებული უქმე დღეების (შაბათ-კვირა) გათვალისწინებით, 15- სამუშაოდღიანი ვადა ამოიწურა 2014 წლის 27 მაისს. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ უსაფუძვლოდ იყო მოთხოვნილი როგორც ძირითადი თანხა, ისე პირგასამტეხლოს ოდენობა, რადგან, ერთ შემთხვევაში, სადავო პერიოდზე არ არსებობს პირგასამტეხლოს თუნდაც დარიცხვის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები (მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ განხორციელებულა #177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა, მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, რომელიც წარმოადგენს ანგარიშსწორების განხორციელების საფუძველს მასში მითითებული თანხის ოდენობისა და ვადების შესაბამისად).
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ არგუმენტაციას და საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით, დამატებით განმარტავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა სპეციალურ მოწესრიგებას _ საქართველოს მთავრობის #177 დადგენილებას ექვემდებარება. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უფლებამოსილია, მზღვეველისაგან მოითხოვოს ანაზღაურება, ამ მხრივ მზღვეველი თავს იცავს იმით, რომ დოკუმენტაცია წარდგენილი იყო დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით და განახორციელა კორექტირება, რომელიც, სააპელაციო სასამართლომ, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონტექსტში სწორად არ გაიზიარა, რადგანაც კორექტირება ემყარებოდა არა ხსენებული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მტკიცებულებას, არამედ, წარმოადგენდა თავად მოპასუხის განმარტებას, გარდა ამისა, პალატა არ იზიარებს კასატორის პოზციციას დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში მიწოდების თაობაზე და მიუთითებს ამავე დადგენილების მე-6 მუხლზე, რომელიც ანგარიშგებასა და ანგარიშსწორების პირობებს ადგენს და ნორმით დოკუმენტაციის წარდგენად განიხილება არა კორექტირების აქტის, არამედ, ურთიერთშედარების აქტის წარდგენა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ არ განხორციელებულა. აღნიშნული გარემოება კი, თავისთავად იწვევდა მზღვეველისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულებას (#177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი).
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საქართველოს მთავრობის #177 დადგენილებიდან გამომდინარე მომსახურების გამწევისა და მზღვეველის მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება (მრავალთა შორის იხილეთ სუსგ №ას-1205-1147-2014, 4 მარტი, 2015 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 09.11.2017წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 459,60 ლარისა და მის მიერვე 17.12.2017წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 179,05 ლარის, სულ _ 5 638,65 ლარის 70% _ 3 947,055 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს-ს“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 09.11.2017წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 459,60 ლარისა და მის მიერვე 17.12.2017წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 179,05 ლარის, სულ _ 5 638,65 ლარის 70% _ 3 947,055 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე