საქმე №ას-134-134-2018 26 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ვ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი, დამზღვევი ან მოსარგებლე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოვალე ან მზღვეველი) მიმართ და მოითხოვა, დაზღვეული ავტომობილის დაზიანების გამო, 2 690,23 აშშ დოლარის, მესამე პირის წინაშე არსებული პასუხისმგებლობისათვის 816,27 აშშ დოლარისა და ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო, 55 დღის პირგასამტეხლოს _ 2 690,23 აშშ დოლარის 0,20%-ის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), მაგრამ არა უმეტეს 300 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 8 ივნისს მხარეთა შორის დაიდო სადაზღვევო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „BMW X5“ დააზღვია, ხოლო მოპასუხემ გასცა MI99788 დაზღვევის პოლისი. 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, ზღვის შემოვლით გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და დამზღვევის საკუთრებაში არსებული, დაზღვეული ავტომანქანა „BMW X5“-ით, უფლებამოსილი მძღოლი - ნ. დ–ი (შემდგომში _ უფლებამოსილი მძღოლი) შეეჯახა „ლინკოლნის“ ფირმის ავტომობილს. სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე უფლებამოსილმა მძღოლმა დაუყოვნებლივ შეატყობინა მზღვეველს. შსს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად მიიჩნიეს უფლებამოსილი მძღოლი. მიყენებული ზიანის ოდენობის თაობაზე მზღვეველმა შეადგინა აქტი, რომელიც დამზღვევს არ გადასცა. მოპასუხე უარს აცხადებს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. მითითებული საკითხის განხილვის დაწყებისათვის მოპასუხე ითხოვს დამზღვევისა და უფლებამოსილი მძღოლის სახელზე გაფორმებული მობილური ტელეფონების ნომრებიდან დეტალურ ამონაწერს პირველი აპრილიდან შემთხვევის დადგომის დღემდე პერიოდში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 814-ე მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, შეუძლია, დამზღვევს მოსთხოვოს ყოველგვარი ცნობა, რომელიც აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მითითებული ნორმით, დამზღვევზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება პირდაპირაა დაკავშირებული მზღვეველის მიერ ვალდებულების შესრულებასთან. სადაზღვევო შემთხვევის მონაწილე პირებს გარკვეული ურთიერთობა აკავშირებთ. შესაბამისად, ავტოავარია შემთხვევითი არ იყო და სამოქალაქო კოდექსის 829-ე და 842-ე მუხლების შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სარჩელს არ ერთვის მოთხოვნის მოცულობის დამდასტურებელი მტკიცებულება. რაც შეეხება მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მხარეთა შორის შეთანხმებული დაზღვევის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, მესამე პირთა მიმართ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა, გულისხმობს პოლისში მითითებული ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში ასანაზღაურებელ თანხას, რომლიც გადაიხდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, (გარდა დამზღვევის მიმართ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ან სარჩელის ცნობის შემთხვევებისა) დაზღვეული ავტომობილით მესამე პირისთვის მიყენებული ზარალისთვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სარჩელს არ ერთვის ასეთი გადაწყვეტილება, რაც წარმოადგენს ხსენებულ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. რაც შეეხეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, ვინაიდან ძირითად ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, არც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არსებობს. სარჩელის საფუძვლიანობის შემთხვევაშიც კი, პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მზღვეველს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 690,23 აშშ დოლარის გადახდა დაზღვეული ავტომანქანა „BMW X5“ ფირმის ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და 816,27 აშშ დოლარის გადახდა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობისათვის „LINCOLN LS“ ფირმის ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 29,59 აშშ დოლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი, ასევე, მოწმეთა დაკითხვის, მტკიცებულებების გამოთხოვისა და მტკიცებულებათა საქმეზე დართვაზე უარყოფის შესახებ 2017 წლის 7 ივნისის და 19 ივლისის განჩინებების გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინებები დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2016 წლის 19 მაისს თბილისში, თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „BMW X5“ მარკის (სახელმწიფო ნომრით: DE-014-ME) ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, რომელსაც მართავდა ნ. დ–ი. ამავე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ასევე „LINCOLN LS“ მარკის (სახელმწიფო ნომრით:…..) ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა გ–ი. ნ. დ–მა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და წინა მხრით შეეჯახა მის წინ მიმავალ, „LINCOLN LS-ის“ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ნ. დ–ი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 250 ლარით;
1.2.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება „BMW X5“, სარეგისტრაციო ნომრით ….., დაზღვეული იყო მოპასუხე კომპანიაში მოსარჩელის მიერ, მისავე სასარგებლოდ (სადაზღვევო პერიოდი - 08.06.2015 – 07.06.2016), 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების მიხედვით, ანაზღაურების მაქსიმალურ ლიმიტად 5 000,00 აშშ დოლარი განისაზღვრა, ხოლო, უფლებამოსილ მძღოლებად - მოსარჩელე და ნ. დ–ი. სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ იქნა ასევე მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა. საავტომობილო დაზღვევის პირობების 3.1 პუნქტის მიხედვით, პოლისში მითითებული ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში მზღვეველი აანაზღაურებს თანხას, რომლის გადახდაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით (გარდა დამზღვევის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა ან დამზღვევის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევისა) დაეკისრა დამზღვევს ან უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტომობილის მართვის/გამოყენების შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული ზარალისათვის, კერძოდ, მესამე პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ან/და მესამე პირის ქონებისათვის მიყენებული ზიანი. ამავე პირობების 3.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ანაზღაურდება, ასევე, დაზღვეული ავტომობილის მართვის/გამოყენების შედეგად წარმოშობილი სხვა პირების პასუხისმგებლობა, კერძოდ, დაზღვეული ავტომობილის მგზავრი უშუალოდ მგზავრობის ან ავტომობილში ჩაჯდომა-გადმოსვლის დროს. დაზღვევის პირობების 5.10.4. ქვეპუნქტით განისაზღვრა მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულება ზარალის დარეგულირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიღებიდან და ზარალის ოდენობაზე შეთანხმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 5.10.5. ქვეპუნქტის მიხედვით კი, მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დავალიანებული თანხის 0.20%-ის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასამტეხლოს დარიცხვა/ათვლა დაიწყება წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. ამასთანავე, პირგასამტეხლო გადაიხდება დამატებით, სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების მიუხედავად, რომლის გადახდაც მზღვეველს, ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, ძირითადი ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან არ ათავისუფლებს;
1.2.3. 2016 წლის 19 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მოპასუხეს ეცნობა დაუყოვნებლივ. უფლებამოსილმა მძღოლმა 2016 წლის 19 მაისს ზარალის ანაზღაურებაზე მიმართა წერილით. 2016 წლის 6 ივლისის წერილით, ზარალის ანაზღაურებაზე განაცხადის პასუხად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისა და მოგვარების მიზნით, საქართველოში არსებული ყველა მობილური ოპერატორიდან უფლებამოსილი მძღოლების სახელზე რიცხული ყველა სატელეფონო ნომრის შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული სატელეფონო ნომრებიდან შესრულებული სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერი მოითხოვა, რომლებიც 2016 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 6 ივლისამდე პერიოდში იყო განხორციელებული;
1.2.4. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების „BMW X5-ისათვის“ მიყენებულმა ზიანმა 6 364,00 ლარი, ხოლო დაზარალებული „LINCOLN LS-ისათვის“ მიყენებულმა ზიანმა _ 900,00 აშშ დოლარი შეადგინა;
1.2.5. შპს „ჯ–იდან”, შპს „მ-იდან" და შპს „მ–იდან" 2016 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 ივლისამდე სატელეფონო ნომრებზე (…..; …..) შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ამონაწერის გამოთხოვას მზღვეველი ითხოვდა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება _ ვალდებულებისგან გათავისუფლება, გარდა ამისა, კომპანია მიუთითებდა უფლებამოსილი მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, რომელიც შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, თუმცა, გაურკვეველია ამ მხრივ თავად მოვალემ რატომ არ მიმართა საგამოძიებო ორგანოს, სხვა მხრივ, სატელეფონო ამონაწერები, რომლებიც არ შეიცავდა საუბრის ჩანაწერს, ერთი მხრივ, არ ადასტურებდა მძღოლების ერთობლივ მართლსაწინააღმდეგო შეთანხმებას და, მეორე მხრივ, იგი კონსტიტუციით დაცულ სფეროს წარმოადგენდა, რომლის გასაჯაროების აუცილებლობას ვერ ამტკიცებდა მოპასუხე, ამდენად, ინფორმაციის გამოთხოვაზე უარი სწორად ეთქვა მოპასუხეს. რაც შეეხებოდა მოწმეთა ჩვენებებს, მხარეს ამით სურდა არა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის, არამედ უფლებამოსილ მძღოლთან საუბრის შესახებ ინფორმაციის დადასტურება. ამ მიმართებით მოწმეთა ჩვენებები, მოხსენებითი ბარათები, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევის შემთხვევითობის უარყოფა და განზრახ მოწყობილი ავტოსაგზაო შემთხვევის დადასტურება მოხდებოდა, მტკიცებულების არარელევანტურ სახეს წარმოადგენდა, ვინაიდან მოწმედ დასახელებული პირები მზღვეველის თანამშრომლები არიან, რომელთაგან ერთი, ლ. ო-ე, აპელანტის განმარტებით, თავად ესაუბრა ნ. დ–ს, ხოლო დანარჩენმა ორმა, ა. მ–მა და გ. გ-იამ საუბარი მოისმინეს, რა დროსაც ნ. დ–მა, „საგზაო შემთხვევის განზრახ მოწყობა აღიარა“. დანაშაულის ნიშნების აღმწერი ქმედების დასადასტურებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში, სპეციალური მტკიცებულება უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი;
1.2.6. მზღვეველის პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს არც მისი ის პრეტენზია, რომლის თანახმადაც უფლებამოსილ მძღოლს ბევრი სადაზღვევო შემთხვევა აქვს ანაზღაურებული და ამგვარი სადაზღვევო ისტორიის მქონე პირისაგან სადაზღვევო შემთხვევის განზრახ გამოწვევა მეტად სავარაუდოა. ამგვარი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევების რაოდენობაზე აპელირებას, აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საქმისათვის არსებითი დასკვნის გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ თითოეული სადაზღვევო შემთხვევის ანალიზის, მისი გამომწვევი მიზეზების შეფასებისა და უფლებამოსილი მძღოლის ბრალეული ქმედების დადგენის საფუძველზე. გარდა იმისა, რომ მსგავსი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია, საგულისხმოა ისიც, რომ სადაზღვევო კომპანიამ ნ. დ–ი ავტოსატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილ მძღოლად თავად დაუშვა და სავარაუდოა, რომ ის სადაზღვევო ისტორია მზღვეველს შესწავლილი უნდა ჰქონოდა;
1.2.7. ზიანის ოდენობის გასაქარწყლებლად აპელანტს სარწმუნო შედავება არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ განუხორციელებელია.
1.2.8. სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ იქნა ასევე მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი, რაც მოცემულ შემთხვევაში, 816,27 აშშ დოლარს შეადგენს. აპელანტი საავტომობილო დაზღვევის პირობების 3.1 პუნქტზე აპელირებს, რომლის მიხედვითაც, პოლისში მითითებული ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში მზღვეველი აანაზღაურებს თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევს ან დამზღვევის მიერ უფლებამოსილ მძღოლს ზიანის ანაზღაურება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით (გარდა დამზღვევის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა ან დამზღვევის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევისა) დაეკისრა. ამ პირობის მიხედვით კი, უდავოც რომ იყოს მესამე პირისათვის ზიანის ბრალეული მიყენება, ზიანის მიმყენებელი მანქანის მესაკუთრე ან უფლებამოსილი მძღოლი ვალდებულია, სასამართლო წესით იდავოს, ამასთან, კიდეც რომ იცოდეს და აცნობიერებდეს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობასა და ბრალეულობას, მან ეს არ უნდა აღიაროს და მით უფრო, ზიანი არ უნდა აანაზღაუროს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადებისა და შემდგომში არსებითად განხილვისას, დარღვეულ იქნა მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, დაიცვას თავისი უფლებები, ამასთან, სასამართლომ „სანდოობის კრიტერუმით დაახარისხა“ მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული მით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობად მიჩნეულ იქნა მხარის მიერ მტკიცებულებების წარმოუდგენლობა;
1.4.2. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 814-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განსაზღვრულია სადაზღვევოს შემთხვევის ანაზღაურების წესები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მზღვეველს შეუძლია, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად, მოცემულ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა რა, რომ ადგილი ჰქონდა „პირად სფეროში ჩარევის“ ფაქტს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, დაასკვნა, რომ მხარეს არ ჰქონდა ინფორმაციის მოპოვების „ღირსი ინტერესი“, თუმცა, სასამართლომ, ვერ დაასაბუთა რის საფუძველზე მივიდა აღნიშნულ დასკვნამდე, ამასთან, გვერდი აუარა იმ ფაქტს, რომ საქართველოს კონსტიტუციით ასევე დაცულია საკუთრების უფლება. საჯარო სივრცეში (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდი, („facebook.com“) არსებული ინფორმაციით 2016 წლის 19 მაისს კასატორ კომპანიაში დაზღვეული მოსარჩელის კუთვნილი ავტო-სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით მომხდარ ავტო-საგზაო შემთხვევაში მონაწილე/შემხებლობაში მყოფ პირებს (მათ შორის ავტო-საგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, დამზღვევს, მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილ მძღოლს, მძღოლის დას - ლ.დ–ს) შორის დგინდებოდა ნაცნობობის ფაქტი, რაც შემდგომში, მზღვეველის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეხვედრისას დაადასტურა უფლებამოსილმა მძღოლმა, ამასთან, უარყო ავტო-საგზაო შემთხვევის შემთხვევითობა, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე და 842-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის წინაპირობას. სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლის მეორე ნაწილის დებულება და უსაფუძვლოდ არ მიიჩნია მნიშვნელოვნად ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ მზღვეველის მოთხოვნა, იმავდროულად, განჩინების გამოტანისას დაეყრდნო სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებზე დაკისრებულ კეთილსინდისიერების პრინციპს, რაც წინააღმდეგობრივია იმ პირობებში, რომ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე აღნიშნულ პრინციპზე აპელირებდა კომპანია, რომელსაც არ მიეცა საშუალება, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად დაეცვა საკუთარი ინტერესები. სასამართლოს დასკვნით, არ არის დამაჯერებელი, რომ ასეთი მცირე მოთხოვნა შესაძლებელია უსაფუძვლოდ იქნეს წარდგენილი, მაგრამ, პასუხგაუცემელია რას ეფუძნება ასეთი დასკვნა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ გამხდარა სადავოდ, რომ დამზღვევს ამავე სატრანსპორტო საშუალების დაზიანების გამო მოკლე პერიოდში უკვე მიღებული ჰქონდა სადაზღვევო ანაზღაურება;
1.4.3. განსაკუთრებით საყურადღებოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მესამე პირისათვის ზიანის მიყენების ნაწილში. სასამართლომ საკითხი გადაწყვიტა ყოველგვარი მატერიალური თუ საპროცესო სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ავტონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით დადებული შეთანხმების თანახმად, ზოგადად ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პირობებთან ერთად განსაზღვრულია მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები, მათ შორის, შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარება და ანაზღაურების წესები (მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი). იმავდროულად, 3.4 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შემთხვევის გარდა, ანაზღაურდება თანხა, რომლის გადახდაც დაზღვეულ პირს დაეკისრება სასამართლოს გადაწყვეტილებით (გარდა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ან სარჩელის ცნობის შემთხვევებისა), დაზღვეული ავტომობილით მესამე პირისათვის მიყენებული ზარალისთვის. მოცემულ შემთვევაში სარჩელს არ ერთვის ასეთი გადაწყვეტილება, ამასთან, სასამართლომ დაუშვა აღნიშნულ ნაწილში დამზღვევის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა ისე, რომ არც სასამართლოს გადაწყვეტილება და არც უფლებამოსილი პირის/დაზარალებულის მოთხოვნა;
1.4.4. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად 2016 წლის 19 მაისის ავტო-საგზაო შემთხვევისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ფაქტი, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ გარემოებებს (შემთხვევითობის უარყოფა) სადავოდ ხდიდა მზღვეველი. სასამართლომ არ დაუშვა და შესაბამისად, არსებითად არ განიხილა მხარის მტკიცებულებები, იმავდროულად დაასკვნა, რომ მხარემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება დაადასტუროს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ არგუმენტაციას და საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით, დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (1), 836-ე და 839-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც დამზღვევს ეკისრება სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობისა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის მტკიცების ვალდებულება. საკასაციო პალატა განსაკუთრებით გაამახვილებს ყურადღებას იმ საკითხზე, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულების ნაირსახეობას წარმოადგენს. სამართლის დოქტრინაში განასხვავებან პირველი პირისა(First party-insurance) და მესამე პირის სასარგებლოდ (Third party-insurance) დადებულ დაზღვევის ხელშეკრულებებს. პირველი პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის დროს ზიანი პირდაპირ დამზღვევს ადგება და შესაბამისად, ანაზღაურებაც მის სასარგებლოდ ხდება. ასეთია, მაგალითად, ქონების დაზღვევა. მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით კი დაცვის ობიექტად მესამე პირის ინტერესი განისაზღვრება. ასეთად განიხილება პასუხისმგებლობის დაზღვევა, როდესაც პირდაპირ ზიანს მესამე პირი განიცდის. მიიჩნევა, რომ დამზღვევს ზიანი არაპირდაპირ ადგება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავი გაართვა მტკიცების ტვირთს და დაასაბუთა მოთხოვნის წინაპირობების არსებობა, რასაც მოპასუხემ დაუპირისპირა იმგვარი შესაგებელი, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, ფერხდება სარჩელის წარმატება, კერძოდ, მოპასუხემ თავდაცვის საშუალებად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და 840-ე და 842-ე მუხლებზე. მტკიცებულებების გამოთხოვის საფუძვლად მზღვეველი მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე პირების ახლო ურთიერთობა რაც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ დამზღვევმა თავად გამოიწვია სადაზღვევო შემთხვევა, ამასთანავე, მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულ მესამე პირს არ გამოუთქვამს პრეტენზია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად უთხრეს უარი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე მოპასუხეს, რამდენადაც სატელეფონო კომპანიებიდან გაცემული ამონაწერები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ პირთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების დაგეგმვის ფაქტს (სკ-ის 992-ე და 998-ე მუხლები). მოწმეები, რომლებიც მოპასუხის თანამშრომლები არიან, ასევე არ შეიძლება განხილულ იქნან სადავო ფაქტის მტკიცებისათვის სათანადოდ, უფრო მეტიც, არც ერთი მათგანი შემთხვევის თვითმხილველი არ არის, გარდა ამისა, როგორც მართებულად აღნიშნა სააპელაციო პალატამ, სისხლის სამართლის დანაშულის ნიშნების სამოქალაქო საქმეზე მტკიცება, მით უფრო არარელევანტური მტკიცებულებებით, არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან. ამასთან, მხარე აპელირებს სოციალურ ქსელში არსებულ საჯარო, ღია ინფორმაციაზე (ფოტომასალები). საკასაციო პალატის დასკვნით, იმ ფაქტის უდავოობის პირობებშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები ახლო ურთიერთობაში მყოფი პირები არიან, ეს არ შეიძლება საკმარის საფუძვლად დაედოს მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევის განზრახ განხორციელების ფაქტის მტკიცებას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დაზარალებული (მესამე პირი) არ აყენებს მოთხოვნას, ეს საკითხი არ შეიძლება მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 840-ე მუხლი ადგენს ზიანის უშუალოდ დაზარალებულისათვის ანაზღაურების წესს მისი მოთხოვნის არსებობის პირობებში, თუმცა, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის მარეგულირებელი ნორმები (სკ-ის 838-ე (1) მუხლი) არ გამორიცხავს დამზღვევის უფლებას, თავად წარუდგინოს მოთხოვნა მზღვეველს. იმგვარი ფაქტი კი, რომ დაზარალებულმა მესამე პირმა უარი განაცხადა მოთხოვნაზე და ამით შეწყდა უფლებამოსილი მძღოლის დელიქტური ვალდებულება (სკ-ის 448-ე მუხლი) არც საქმის მასალებითაა დადასტურებული და არც კასატორს მიუთითებია სარწმუნო მტკიცებულებებზე.
1.5.2. გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულეის მე-3 მუხლის იმ დებულებაზე, რომელიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის არსებობას შეეხება და განმარტავს, რომ მართლია, სააპელაციო პალატამ იგი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობად მიიჩნია და სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლზე მითითებით ნაწილობრივ გააბათილა, თუმცა, ამავე კოდექსის 342-ე (2) მუხლის კონტექსტში, რომც მივიჩნიოთ, რომ ხელშეკრულების სადავო დებულება მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგია, იგი მზღვეველის ვალდებულების შესრულების გამომრიცხველი ვერ იქნება, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ამგვარი შეთანხმება ბათილია, ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის მე-8 მუხლით განმტკიცებულ კეთილსინდისიერების პრინციპს, ასევე, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის მარეგულირებელ წესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხეშეკრულების სადავო დებულების ამგვარი განმარტება არ წაახალისებს კონტრაჰენტის არაკეთილსინდისიერებას, რადგანაც მზღვეველი, სათანადო წინაპირობების არსებობისას, არ კარგავს სამოქალაქო კოდექსის 842-ე მუხლით განსაზღვრული შესაგებლის უფლებას.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 18.01.2018წ. #267882717 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450,20 ლარის 70% _ 315,14 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს-ს“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 18.01.2018წ. #267882717 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450,20 ლარის 70% _ 315,14 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე