Facebook Twitter

საქმე №ას-127-127-2018 20 აპრილი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. და მ. მ-ები (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – აუცილებელი გზის უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ს. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან პირველი მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და მ. მ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები ან მეორე მესაკუთრეები) მიმართ, მოპასუხეების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #.....) მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან (ს/კ #.....) მისასვლელად, სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 4 იანვრის #..... დასკვნის შესაბამისად აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2002 წლიდან მოსარჩელის ოჯახს ბოლნისის რაიონის სოფელ მ-აში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) 3810 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ჰქონდა ერთი შესასვლელი გზა აღმოსავლეთის მხრიდან. გზაზე დაყრილი იყო ღორღი. მოსარჩელეს ამ გზის მეშვეობით შეჰყავდა ნაკვეთში ტექნიკა მიწის დასამუშავებლად და მოსავლის გამოსატანად. გზა იყო საჯარო და მიწის ნაკვეთი არავის ეკუთნოდა. 3 თვეა მოპასუხეებმა გზა ჩახერგეს და არ აძლევენ საშუალებას პირველ მესაკუთრეს, შევიდეს ნაკვეთში და შეიყვანოს ტექნიკა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა 2016 წლის 9 სექტემბერს შეიძინეს მოპასუხეებმა, რომელსაც მიენიჭა ცალკე საკადასტრო კოდი. მოპასუხეებს, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მეზობლად აქვთ სხვა მიწის ნაკვეთები, მათთვის ცნობილი იყო, რომ შეძენილი მიწა მოსარჩელის ნაკვეთში მისასვლელ გზას წარმოადგენდა და მას სხვა გზა არ ჰქონდა, რასაც ადასტურებს კიდეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 4 იანვარს გაცემული #..... დასკვნა. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებმა ბოროტად გამოიყენეს საკუთრების უფლება, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მისთვის ხელი შეეშალათ ქონებით სარგებლობაში შემდგომ ამ მიწის მისაკუთრების მიზნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი, შესაგებელში აღნიშნეს მხოლოდ ის, რომ არ ეთანხმებოდნენ სარჩელში მითითებულ გარემოებებს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მიეცა უფლება, ესარგებლა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ბოლნისის რაიონის სოფელი მ-აში მდებარე ს/კ #.....) მისასვლელი აუცილებელი გზით, რომელიც გადის მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ბოლნისის რაიონის სოფელ მ-აში, ს/კ ……), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 4 იანვარს გაცემული #..... დასკვნის შესაბამისად.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მეორე მესაკუთრეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელი შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საჯარო რეესტრში, ბოლნისის რაიონის სოფელ მ-აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობით 238,00 კვ.მ, ს/კ #.....), რეგისტრირებულია მოპასუხეების საკუთრების უფლება. უფლების წარმოშობის საფუძველია 2016 წლის 5 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეებმა აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინეს ნ. მ-ისაგან. ამ უკანასკნელმა კი, ხსენებული მიწის ნაკვეთი შეიძინა 2016 წლის 29 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი და გაიცა საკუთრების დამადასტურებელი #5 მოწმობა;

1.2.2. მოსარჩელე ნ. და ტ. ა-ებთან ერთად წარმოადგენს ბოლნისის რაიონის სოფელ მ-აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობი 3810,00 კვ.მ, ს/კ #.....), მესაკუთრეს;

1.2.3. მოპასუხე ა. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში ასევე რეგისტრირებულია ბოლნისის რაიონის სოფელ მ-აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთები: ს/კ #..... და #....;

1.2.4. მოსარჩელე და სოფელ მ-ას მოსახლეობა სადავო გზით სარგებლობდნენ წლების განმავლობაში და იყენებდნენ მას კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან და სოფლის წყაროსთან მისასვლელად;

1.2.5. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მეზობელი მიწის ნაკვეთის აუცილებელი გზით დატვირთვის წინაპირობების არსებობა, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, რომ მოსარჩელეს მის მიწის ნაკვეთთან ტექნიკით მისასვლელი გზა არ გააჩნია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ბოლნისის რაიონში, სოფელ მ-აში ს/კ #..... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილ შესასვლელ ჭიშკართან საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს აღმოსავლეთ ნაწილიდან, #..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, რომლის ძირითად ნაწილზე უკვე არსებობს საავტომობილო გრუნტის გზა. ამავე დასკვნის თანახმად, აღნიშნული მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი პროექტის შედგენა, რომელიც დაზუსტებულ იქნება მხარეთა შეთანხმებისა და ადგილზე დაზუსტების საფუძველზე. ასევე, საჭირო გახდება #..... მიწის ნაკვეთზე დაყრილი ქვის ნატეხებისა და გრუნტის გასწორება/გასუფთავება. ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვას წარმოადგენდა, შესაძლებელი იყო თუ არა ტექნიკურად #..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილ ჭიშკართან მოეწყოს მისასვლელი საავტომობილო გზა #..... მიწის ნაკვეთის გავლით. ამავე ექსპერტიზის დასკვნაში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ დამკვეთის მოთხოვნის გათვალისწინებით საავტომობილო გზის მოწყობის შესაძლებლობაზე კვლევა ჩატარდა მხოლოდ ერთი მიმართულებით (განცხადებაში დასმული კითხვის გათვალისწინებით). სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის განმარტება (მოსარჩელის ნაკვეთს ესაზღვრება მეზობელი მიწის ნაკვეთები, ამასთან, მის მიერ აღინიშნა, რომ საავტომობილო გზა არსებობს, რომელიც დახრილია და ძნელია მისასვლელად) გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან ერთადერთ აუცილებელ დამაკავშირებულ გზას წარმოადგენს მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე გამავალი გზა. გარდა ამისა, სადავო გარემოების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებას არც მოწმეთა ჩვენება წარმოადგენს, რადგანაც მოწმეთა განმარტებებით, ძირითადად ირკვევა ის გარემოება, რომ სადავო გზით სარგებლობდნენ სოფლის მცხოვრებნი და მას იყენებდნენ წყაროსთან მოსასვლელად, რაც დღეისათვის გადაკეტილია. ე. ო-ის ჩვენებით კი, ს. ა-ს აღარ აქვს მისასვლელი საკუთარ ნაკვეთთან და იგი დადის სხვა ეზოდან. აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სხვა გზით შეუძლებელია განხორციელდეს კავშირი საჯარო გზებთან.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა საქმეში არსებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა და მიუთითა მხოლოდ იმაზე, რომ ექსპერტმა აუცილებელი გზა მხოლოდ ერთი მიმართულებით განსაზღვრა, თუმცა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სხვა გზის არსებობის შესაძლებლობა მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. სასამართლოს ამგვარი ინტერპრეტაციით არათანაბრად განაწილდა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი;

1.4.2. სააპელაციო სასამართლომ ხელყო სხვა პირთა უფლებები. სადავო მიწის ნაკვეთს ესაზღვრება სხვა პირთა ნაკვეთები და თუკი დავუშვებთ, რომ სამანქანე გზის მოწყობა სხვა მხრიდან შესაძლებელია, მაშინ შეილახება სხვათა უფლებები და კასატორს მოუწევს ახალ დავაში ჩაბმა;

1.4.3. არასწორად იქნა გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება, რომ კასატორის მიწის ნაკვეთთან მისვლა შესაძლებელია ჩრდილოეთის მხრიდან, სადაც გადის მაგისტრალური გზა, რადგანაც გზასა და მიწის ნაკვეთის ზედაპირის ნიშნულებს შორის არის დონეთა სხვაობა, დარგულია ხეები და გადის წყლის არხი.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება დაცულია მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დადგენილია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს საკუთრებით მშვიდობიან სარგებლობას, თუმცა, როგორც კონვენციით, ისე _ ეროვნული სამართლით (სკ-ის 170-ე მუხლი) საკუთრების უფლებაში ჩარევა დასაშვებია, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია პროპორციულობის ტესტი, რომლის თანახმადაც, ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური, ემსახურებოდეს ნათელი მიზნის მიღწევას და იყოს თანაზომიერი (უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება). საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და მტკიცების თვალსაზრისით, ეს ნორმა მოსარჩელეს ავალდებულებს იმის სარწმუნოდ დადასტურებას, რომ სახეზეა მისი პირველი ნაწილის ყველა ელემენტი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ არის კატეგორიული ხასიათის, რომ სწორედ მოპასუხეთა ქონების გავლითაა შესაძლებელი მოსარჩელის ნაკვეთთან მისვლა მისი ჯეროვანი გამოყენებისათვის და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამ გარემოებათა მტკიცება, როგორც აღინიშნა, ეკისრებოდა მოსარჩელეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი), მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა მტკიცების მოპასუხის მხარეზე გადატანა მიზანშეწონილი, რაც მოსარჩელე დაძლევდა საკუთარი მტკიცების ტვირთს. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოთი დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო მიწის ჩრდილოეთ მხარეს გადის მაგისტრალური გზა და რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ამ მხრიდან ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობა შეუძლებელია, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ასახული (სადავო მიწის ნაკვეთს ერთ მხარეს ასევე ესაზღვრება თავისუფალი მიწის ნაკვეთები), ხოლო ის გარემოება, რომ რელიეფი არის დახრილი და გზის მოწყობა რთულდება, არ შეიძლება მოპასუხის საკუთრების უფლების ბოჭვის წინაპირობად იქნას მიჩნეული;

1.5.2. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს დავის მოსამზადებელ ეტაპზე შესაგებელი პრაქტიკულად არ წარუდგენია, რადგანაც იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებულ შესაგებლის ფორმაში მონიშნულია მხოლოდ ის, რომ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს, რაც ზოგადად მასში მითითებული გარემოებების უდავო ფაქტებად მიჩნევის წინაპირობაა, თუმცა, რადგანაც საკასაციო საჩივარი ამ მხრივ შედავებას არ შეიცავს, პალატა არაა უფლებამოსილი, იმსჯელოს მასზე.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც აუცილებელი გზის დადგენის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ-ებები №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 12.02.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ს. ა-ს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 12.02.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი