Facebook Twitter

საქმე №ას-1468-1388-2017 11 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ნ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – პროვიზიისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „კ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან ექსპედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოვალე ან შემკვეთი) მიმართ ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 8 804,27 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 388,87 ლარის, ხოლო 2015 წლის 5 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 4,40 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემაყრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 1 ივლისიდან მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საექსპედიტორო მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება,შემკვეთის დავალებით განეხორციელებინა ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება, რის სანაცვლოდაც მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა ექსპედიტორისათვის შეთანხმებული საზღაური. ხელშეკრულება მოპასუხეს გაეგზავნა ელ-ფოსტის მეშვეობით რამდენჯერმე, თუმცა მას არ დაუბრუნებია ხელშეკრულების ხელმოწერილი ეგზემპლარი, მიუხედავად აღნიშნულისა, შემკვეთი დაეთანხმა შეთავაზებულ პირობებს, ვინაიდან არც შენიშვნები არ წარუდგენია მასზე და არც უარი არ უთქვამს, უფრო მეტიც, ის მუდმივად აძლევდა შეკვეთას ექსპედიტორს და ბოლო პერიოდამდე იხდიდა საზღაურს. ბოლო პერიოდში მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არაერთხელ დაირღვა და მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 8 804.27 ლარს. მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს _ 388.87 ლარისა და 2015 წლის 5 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 4.40 ლარის დაკისრებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ძირითადად იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ ექსპედიტორმა თავად დაარღვია ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების პირობა, რის გამოც შემკვეთს მიადგა ზიანი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, შემკვეთს ექსპედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება _ 8 804,27 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 388,87 ლარისა და 2015 წლის 5 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4,40 ლარის ანაზღაურება.

3.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოვალის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ შეცვლისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო პალატის შეფასების საგანს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოობა და ის გარემოება წარმოადგენს, არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამ თვალსაზრისით, კასატორი ძირითადად ორ პრეტენზიას გამოთქვამს: ა) მისი, როგორც მოპასუხის გამოუცხადბლობა სასამართლოს უნდა მიეჩნია საპატიოდ და ბ) სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის მიზნებისათვის კანონდარღვევად განიხილება სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი მოძიება ან მისი არასწორი გამოყენება ან/და განმარტება. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. თავის მხრივ, განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ საკასაციო საჩივრის წარმატებას თავად კასატორის მიერ ზემოხსენებულ საფუძვლებზე მითითება და ამ გზით საკასაციო შედავებათა დასაბუთება განაპირობებს.

1.3. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიაში 2016 წლის 4 ივლისს, 10:30 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე მოპასუხეს უწყება გაეგზავნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, 2016 წლის 15 ივნისს ჩაიბარა მენეჯერმა;

1.3.2. სასამართლოს ხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რაიმე განცხადება ან შუამდგომლობა მოპასუხის გამოუცხადებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს არ გადასცემია;

1.3.3. მოპასუხის გამოუცხადებლობის მოტივით მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ექსპედიტორის მოთხოვნა.

1.3.4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარში მოპასუხე აღნიშნავს, რომ შემკვეთმა შეიცვალა იურიდიული მისამართი და 2016 წლის 7 ივლისს დაგეგმილი ჰქონდა საპრეზენტაციო ღონისძიება. იგი ადასტურებს, რომ 2016 წლის 13 ივნისს უწყება გადაეცა კანონით დადგენილი წესით, თუმცა კომპანიის იურისტმა მისამართის, საპრეზენტაციო ღონისძიების ორგანიზებისა და სხვა მიზეზების გამო, არასწორად ჩაინიშნა სხდომის ჩატარების დრო _ 17:20 საათი. შეცდომის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელის წარმომადგენელმა აცნობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;

1.3.5. 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს, რის გამოც, ძალაში იქნა დატოვებული მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

1.3.6. დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში შემკვეთი ფაქტობრივად იმავე გარემოებებზე ამყარებს საკუთარ პოზიციას იმ დამატებით, რომ მხარემ სადავო გახადა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობა;

1.3.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ საფუძვლიანობას, პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლზე მითითებით განმარტმა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო არ გაუხდია სარჩელის საფუძვლები და არ არსებობდა მისი პრეტენზიის შეწავლის წინაპირობა.

1.4. საკასაციო სასამართლო კასატორის პოზიციის სისწორის შეფასების მიზნით განმარტავს, რომ:

1.4.1. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, სასამართლო ხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობისას მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 230-ე მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მხარე დადგენილი წესით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და არასაპატიოდ არ უნდა გამოცხადდეს სხდომაზე; ბ) სარჩელში მითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვას. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.

1.4.2. რაც შეეხება მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, სამოქალაქო საპრპცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების თანახმად, იგი დაიშვება, თუ მხარე, რომელის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაამტკიცებს, რომ:

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველ ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

ე) არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც მხარე ვერ გამოცხადდა სასამართლოში და ამავდროულად, ვერ შეძლო სასამართლოს წინასწარ ინფორმირება.

1.5. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სახეზეა საპატიო მიზეზი, რის გამოც მხარე დროულად ვერ გამოცხადდა სასამართლოში, ამ მხრივ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები (მაგალითად, მიმდინარეობდა რემონტი, არ არსებობდა პრეზუმფცია სარჩელის ცნობისა და სხვა), არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, შესაბამისად, მხარე ვერ ამტკიცებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.6. რაც შეეხება კასატორის მეორე ძირითად პრეტენზიას _ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის თაობაზე, პალატა ნაწილობრივ იზიარებს მას (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის კონტექსტში) და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებეულია. სასამართლო უპირველესად ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ სარჩელის იურიდიული საფუძვლიანობის გამორკვევა სამართლის საკითხს წარმოადგენს და მიუხედავად მხარის მოთხოვნისა, სასამართლო ყოველთვის ვალდებულია ამ კუთხით წარმართოს შესაბამისი კვლევა, სწორედ ამ დასაბუთებით უარყოფს საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ხსენებული საკითხის სააპელაციო წესით სადავოდ გახდომა, იმ პირობებში, რომ საჩივარში მხარე მას არ შედავებია, არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნებს.

1.7. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების (იხ. აღწერილობით ნაწილის 1.2. პუნქტი) სამართლის ნორმებთან სუბსუმირებით დგინდება, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დაიდო სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება, რომელიც ფორმათავისუფალი გარიგებაა (იხ. სკ-ის 730.2 და 709-ე მუხლები), რამდენადაც მოსარჩელე თავადვე ადასტურებს, რომ მოპასუხემ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა, თუმცა ახორციელებდა შესაბამის მოქმედებებს. ხელშეკრულების ფარგლბში ექსპედიტორმა განახორციელა გადაზიდვები, ხოლო, შემკვეთს არ გადაუხდია პროვიზია (სკ-ის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას), რომლის დავალიანებამაც შეადგინა 8 804,27 ლარი. ამ მოთხოვნის ნაწილში პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მასზე შეთანხმება კანონი იმპერატიულად უკავშირებს წერილობით ფორმას (შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე უცილოდ ბათილია და 61-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, შეთანხმებულად არ მიიჩნევა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელში მითითებული, დადგენილად მიჩნეული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებდა სასამართლო მოთხოვნას.

1.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების უცვლელად დატოვების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა: იმ პირობებში, როდესაც დადგენილია ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოზე მხარეთა ზეპირი შეთანხმება, არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

2.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯი შეადგენს 257,79 ლარს, გარდა ამისა, კრედიტორი მოითხოვდა იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებასაც, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილებულ იქნა. მოპასუხემ სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადაიხადა 560,50 და 700,56 ლარი. განსახილველი დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შეადგენს 14 011,14 ლარს (8 804,27+388,87+(4,40X365X3). საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, საბოლოოდ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია 62%-ით, ხოლო უარყოფილია _ 38%-ით, რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეებს მათ მიერ გაღებული ხარჯებიდან სწორედ ზემოხსენებული პროპორციით უნდა დაეკისროთ ერთმანეთის სასარგებლოდ ხარჯების ანაზღაურება, გარდა ამისა, მოსარჩელის შუამდგომლობის გათვალისწინებით, მოპასუხეს მის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს მოგებული თანხის 4%-ის გადახდა. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად გადახდილ ბაჟს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ნ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვების, ასევე, პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს „კ-ის“ სარჩელი შპს „ნ–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს _ 388,87 ლარის, ასევე, 2015 წლის 5 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 4,40 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. შპს „ნ–ის“ (ს/კ #.....) შპს „კ-ის“ (ს/კ #...) სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან დაეკისროს 159,8 ლარი, ასევე, იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 352 ლარი.

5. შპს „კ-ს“ (ს/კ #...) შპს „ნ–ის“ (ს/კ #...) სასარგებლოდ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაეკისროს 479,2 ლარი.

6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი