საქმე №ას-183-183-2018 4 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჯ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ნ-ი“ (მოსარჩელე)
თანამოპასუხეები _ მ. ი-ი, გ. გ-ი
თავდაპირველი თანამოპასუხე _ ქ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ნ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჯ-ის, მ., ქ. და გ. გ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მფობელები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, სოფელ შ-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #.....) გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის, ასევე, მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება კანონდარღვევით აქვს მოპოვებული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა სადავო უძრავი ქონება (ს/კ #.....).
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით მ. ი-ის, გ. გ-ისა და ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინება (აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თოაბაზე) და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რაც შეეხება ქ. გ-ს, საკასაციო პალატამ მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია და ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
5.2. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა ნ. ჯ-ი, რის გამოც, 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მისი მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ჯ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება არაკანონიერია. წლების განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორი არის მწოლიარე ავადმყოფი, მისი ჯანმრთელობის ამსახველი შესაბამისი ცნობები წარმოდგენილია საქმეში, სწორედ ავადმყოფობამ განაპირობა მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სასამართლო სხდომა დაინიშნა ამავე წლის 6 დეკემბერს, 13:30 საათზე;
1.3.2. სხდომის თაობაზე აპელანტს გაეგზავნა უწყება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 9 ნოემბერს ჩაჰბარდა ადრესატის ოჯახის ქმედუნარიან წევრს _ შვილიშვილს;
1.3.3. სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც გასაჩივრებული განჩინებით დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ.
1.4. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩვრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მძიმედ ავადაა, რის შესახებაც საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები. ამ პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე თეორიულ საკითხზე:
1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის (აპელანტის) გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ხომ არ არსებობს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება, ამასთანავე, ამ გარემოებათა არსებობა არც საქმის მასალებით დგინდება, როგორც უკვე აღინიშნა, მხარე განჩინების გაუქმების საფუძვლად საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას მიიჩნევს, შესაბამისად, სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული განჩინების საფუძვლიანობასაც პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის იმ კონტექტში შეაფასებს, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
1.4.2. საკასაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარზე დართული ცნობის საფუძველზე იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას მართლაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (ცნობის თანახმად, ნ.ჯ-ის დიაგნოზია იშემიური ინსულტი მწვავე ინფარქტის კერებით თავის ტვინის მარცხენა შუა აუზში თხემ-საფეთქლის ნაწილში, კუნძულსა და ბაზალურ ბირთვებში, სენსო-მოტორული აფაზია, მარჯვენამხრივი ჰიპერტენზია 136,5 წინაგულთა ფიბრილაცია პაროქსიზმული ფორმა I 48; არტერიული ჰიპერტენზია II I10), რაც შესაძლოა, ზოგადად გამოუცხადებლობის საპატიოობაზე მიუთითებდეს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით ზემოხსენებული დიაგნოზის გათვალისწინებით ნ.ჯ-ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც საკასაციო პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ.ჯ-ი კვლავ არ გამოცხადდა სასამართლოში.
1.4.3. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი მოიცავს არა მხოლოდ მხარის არჩევანს დავის დაწყებისა თუ სხვა საპროცესო უფლებების განკარგვის თაობაზე, არამედ, იმასაც, რომ მხარე თავად წყვეტს თავდაცვის საპროცესო სტრატეგიას და ამ მიზნის მისაღწევად განკარგავს იმ რესურსებს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აქვს მინიჭებული. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ მიუმართავს სასამართლოსათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლების რეალიზაციის მიზნით, უფრო მეტიც, მას საქმის წარმოება არც სხვა თანამონაწილეებისათვის მიუნდია (სსსკ-ის 87.2 მუხლი) და არც წარმომადგენლის მეშვეობით საკუთარი უფლებების დაცვა არ უცდია (სსსკ-ის 93-ე მუხლი), შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი