Facebook Twitter

№ ას-965-930-2016 23 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „რ-ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც–ი, გ. გ-ი, ზ. ო–ი, ო. ე–ი, ს. თ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „რ-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ო. ე–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ზ. ო–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), ს. თ–ისა (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) და ნ. ც–ის (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“) (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. პირველი მოპასუხისთვის 5083 ლარისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველდღიურად 2 ლარის გადახდის დაკისრება;

1.2. მეორე მოპასუხისთვის 6196 ლარისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველდღიურად 7 ლარის გადახდის დაკისრება;

1.3. მესამე მოპასუხისთვის 5490 ლარისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველდღიურად 2 ლარის გადახდის დაკისრება;

1.4. მეოთხე მოპასუხისთვის 3669 ლარისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველდღიურად 7 ლარის გადახდის დაკისრება;

1.5. მეხუთე მოპასუხისთვის 3410 ლარისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველდღიურად 7 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელე კომპანია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონაში მომსახურე ორგანიზაციას, რომლის ტერიტორიაზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს არ გააჩნიათ საბაჟო დეკლარირების ვალდებულება;

2.2. საბაჟო კონტროლის ზონა არის ღია მოედანი, რომელიც მდებარეობს ავტომანქანების ბაზრობის ტერიტორიაზე და შემოსაზღვრულია სპეციალური ნიშნულებით, სადაც მითითებულია, რომ ეს ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას. ავტომანქანების მფლობელებს განუბაჟებელი მანქანები შემოჰყავთ აღნიშნულ ტერიტორიაზე და იხდიან მანქანების ტერიტორიაზე დგომის საფასურს;

2.3. თითოეული ავტომანქანის მფლობელისათვის ცნობილია საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილი წესების შესახებ, რომელიც განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას და საზოგადოების ვებ-გვერდზე;

2.4. მოპასუხეებს არ აქვთ გადახდილი ავტომანქანების ტერიტორიაზე დგომის საფასური და მას ყოველდღიურად ემატება მომსახურებისათვის გაწეული გადასახდელი თანხა, რომელიც, საპარკინგე ადგილის მიხედვით, თითოეულ ავტომანქანაზე შეადგენს დღიურად 8, 7, 5 და 2 ლარს;

2.5. მოსარჩელემ მოპასუხეებს არაერთხელ მიმართა თხოვნით, დაეფარათ არსებული დავალიანება, თუმცა უშედეგოდ.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

4. პირველი მოპასუხის განმარტებით, 2010 წლის 5 მაისს მან ავტომანქანა განსაბაჟებლად შეიყვანა საბაჟო კონტროლის ზონაში, ანგარიშსწორების საფასურის 1100 ლარის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც მომსახურე პერსონალს განუცხადა ნივთის მიტოვების შესახებ. შესაბამისად, მას მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ აკისრია.

5. მეორე მოპასუხემ განმარტა, რომ 2007 წლიდან დავა აქვს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რის გამოც 2010 წელს მის ანგარიშებზე დადებული იყო ინკასო. გამომდინარე აქედან, მან ვერ გადაიხადა მანქანის განსაბაჟებელი თანხა. მეორე მოპასუხის ანგარიშებს საინკასო დავალება მოეხსნა 2011 წლის 14 ნოემბერს, მაგრამ მან მოსარჩელის მიმართ დაგროვილი დავალიანება არ გადაიხადა, რადგან იგი გამოწვეული არ იყო მისი ბრალით.

6. მესამე მოპასუხის განმარტებით, 2010 წლის იანვრიდან საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის გამო ვერ უზრუნველყო ავტომანქანის ტერმინალის ტერიტორიიდან გაყვანა. მოპასუხის ოჯახის წევრები მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ცდილობდნენ მანქანის გაყვანას ტერმინალის ტერიტორიიდან, მაგრამ ვერ იქნა მოძიებული ავტომანქანის ე.წ. „ბრიფი“. მოსარჩელემ აღნიშნული დოკუმენტის გარეშე მისცა მოპასუხეს შესაძლებლობა ავტომანქანა დაეყენებინა მის ტერიტორიაზე, მაგრამ გაყვანის დროს კატეგორიულად მოსთხოვა აღნიშნული დოკუმენტი. მესამე მოპასუხის მოსაზრებით, თუ არ შეიძლებოდა ავტომანქანის შეყვანა და გაყვანა ე.წ. „ბრიფის“ გარეშე, მოსარჩელეს მისთვის ავტომანქანის ტერმინალზე გაჩერების საშუალება არ უნდა მიეცა.

7. მეოთხე მოპასუხის განმარტებით, სადგომის საფასურის დავალიანების არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სარჩელთან ერთად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დგომის სტატუსად მითითებულია „უფასო“, რითიც დასტურდება, რომ მეოთხე მოპასუხეს ავტოსადგომზე ავტომანქანის დგომისათვის არ ჰქონდა თანხის გადახდის ვალდებულება.

8. მეხუთე მოპასუხემ განმარტა, რომ ის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე უთითებს მოპასუხის დავალიანების არსებობის თაობაზე, არ გამოდგება უტყუარ მტკიცებულებად, რადგან მასში რამდენიმე შეუსაბამობაა. ამასთან, ეჭვს იწვევს დავალიანების ოდენობაც.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

12.1. მოსარჩელე წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო საწყობში მომსახურე ორგანიზაციას, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვას;

12.2. პირველი მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება LAND ROVER (VIN---) მოსარჩელე კომპანიის საბაჟო ტერმინალზე განთავსდა 2010 წლის 5 მაისს, მას გამოეყო სტანდარტული სადგომი №--. მოსარჩელის განმარტებით, სადგომის საფასური განისაზღვრა დღეში 7 ლარით. ავტომანქანა სადგომზე დგას 876 დღე და დავალიანება შეადგენს 4469 ლარს;

12.3. მეორე მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება VOLKSVAGEN (ტრანზიტული ნომერი ---) მოსარჩელე კომპანიის საბაჟო ტერმინალზე განთავსდა 2011 წლის 24 მაისს, მას გამოეყო სტანდარტული სადგომი №--. მოსარჩელის განმარტებით, სადგომის საფასური განისაზღვრა დღეში 7 ლარით. ავტომანქანა სადგომზე დგას 1148 დღე და დავალიანება შეადგენს 5125 ლარს;

12.4. მესამე მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება DAIMLER CHRYSLER (მერსედესი, ტრანზიტული ნომერი ---; სატრანსპორტო საშუალების ტიპი მსუბუქი) მოსარჩელე კომპანიის საბაჟო ტერმინალზე განთავსდა 2010 წლის 6 იანვარს, მას გამოეყო სადგომი №--. მოსარჩელის განმარტებით, სადგომის საფასური განისაზღვრა დღეში 2 ლარით. ავტომანქანა სადგომზე დგას 1189 დღე და დავალიანება შეადგენს 4876 ლარს;

12.5. მეოთხე მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება VOLKSVAGEN (№---, სატრანზიტო ნომერი ---) მოსარჩელე კომპანიის საბაჟო ტერმინალზე განთავსდა 2012 წლის 19 მაისს, მას გამოეყო სტანდარტული სადგომი №--. მოსარჩელის განმარტებით, სადგომის საფასური განისაზღვრა დღეში 7 ლარით. ავტომანქანა სადგომზე დგას 726 დღე და დავალიანება შეადგენს 2598 ლარს;

12.6. მეხუთე მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება RENAULT (№---, ტრანზიტული ნომერი ---) მოსარჩელე კომპანიის საბაჟო ტერმინალზე განთავსდა 2012 წლის 14 იანვარს, მას გამოეყო სტანდარტული სადგომი №--. მოსარჩელის განმარტებით, სადგომის საფასური განისაზღვრა დღეში 5 ლარით. ავტომანქანა სადგომზე დგას 913 დღე და დავალიანება შეადგენს 4469 ლარს;

12.7. ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ამჟამად მოსარჩელე კომპანიის საბაჟო ტერმინალზე დგას. გამონაკლისია მეოთხე მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც შსს საგამოძიებო ორგანოების მიერ 2013 წლის 9 ივლისს იქნა ამოღებული და დალუქული, ხოლო მოგვიანებით კი სხვა - სპეციალურ სადგომზე იქნა გადაყვანილი.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეები უარყოფდნენ სადგომის საფასურის გადახდის შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების ფაქტს. ისინი განმარტავდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ მიღებული ინფორმაცია პარკირებისათვის არსებული ტარიფის შესახებ.

14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 319-ე და 327-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი არ განსაზღვრავს, ამ პირობებს თვითონ მხარეები განსაზღვრავენ და ასეთად ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები ჩაითვლება, რომლებზედაც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. ხელშეკრულების არსებით პირობებს მიეკუთვნება ხელშეკრულების საგანი, მხარეთა მიერ განსახორციელებელი შესრულება, ფასი და ა.შ.

16. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე და 764-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ კანონმდებელი უშვებს მიბარების სასყიდლიანი ფორმის არსებობასაც. ამასთან, თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას ჩვეულებრივი საზღაური.

17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებაზე მიუთითებდა და განმარტავდა, რომ: მეხუთე მოპასუხის ავტომანქანა მხარეთა ზეპირი შეთანხმებით განთავსდა სადგომზე, რომლის ტარიფი დღეში 5 ლარს შეადგენდა; მესამე მოპასუხის ავტომანქანა, ასევე, მხარეთა შეთანხმებით განთავსდა, რომლის დღიური გადასახადი 2 ლარი იყო; პირველი, მეორე და მეოთხე მოპასუხეების ავტომანქანებისათვის სადგომის ღირებულება შეადგენდა 7 ლარს, თუმცა, მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ავტომანქანების მფლობელებისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის ტერიტორიაზე მანქანის განთავსებისათვის დადგენილი ტარიფების (დღეში 2, 5, 7, 8 და 9 ლარი) შესახებ და, რომ ისინი დაეთანხმნენ ამ ტარიფებს. მოსარჩელეს, ასევე, არ ჰქონდა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილი წესები განთავსებული იყო თვალსაჩინო ადგილას, ასევე, საზოგადოების ვებ-გვერდზე და, შესაბამისად, ისინი ხელმისაწვდომი იყო მოპასუხეებისათვის.

18. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანი იყო სარჩელში მითითებული ფულადი ვალდებულების არსებობა-არარსებობის დადგენა. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელი იყო, თუ მოსარჩელე სასამართლოს ვერ წარუდგენდა მტკიცებულებას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ. მხოლოდ მოსარჩელე მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება, რომელიც შედავებული იყო მოპასუხეების მიერ, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ განახორციელა და მოპასუხის პოზიცია, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება ავტომანქანის სადგომის საფასურთან დაკავშირებით, ვერ გააბათილა და ვერ დაუპირისპირა ისეთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სადგომის ტარიფზე) შეთანხმების ფაქტს.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეთა მიმართ სარჩელის დაკმაყოფილება.

20. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

20.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მიბარება უსასყიდლო იყო. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის მიხედვით, თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში (რაც უდავოდ დადგენილი ფაქტია სასამართლოსათვის), მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ურთიერთობა იყო მიბარების ხელშეკრულება და, თუ უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ავტომობილი იდგა მოსარჩელის ტერიტორიაზე, საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად უნდა ჩაეთვალა;

20.2. ის ფაქტი, მოპასუხეებმა იცოდნენ თუ არა სასყიდლიანი მიბარების შესახებ, არის მათი მტკიცების ტვირთი და მათ უნდა წარმოედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც არ მოიპოვება საქმეში. სახეზეა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომ არსებითი პირობები შეთანხმდა ზეპირი ფორმით და მხარეებს შორის გაფორმდა სასყიდლიანი მიბარების ხელშეკრულება, ხოლო სააპელაციო სასამართლომ იმის მტკიცების ტვირთი, სასყიდლიანი მიბარების ხელშეკრულება გაფორმდა თუ უსასყიდლო, დააკისრა მოსარჩელეს, რის შედეგად დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებული მიბარების ურთიერთობა უსასყიდლო იყო. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება კანონის არასწორ განმარტებას.

26. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის პრეტენზია საფუძვლიანია.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ მოპასუხეებმა თავიანთი ავტომანქანები სხვადასხვა დროს განათავსეს მოსარჩელე კომპანიის საბაჟო ტერმინალზე (იხ. წინამდებარე განჩინების 12.2.-12.6. ქვეპუნქტები). შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოშობილია მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა.

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემული ნორმა ზოგადი ხასიათისაა და მიბარებას, როგორც წესი, განიხილავს უსასყიდლო ხელშეკრულებად. თუმცა, ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს ამავე ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებული გამონაკლისი, რომლის თანახმად, თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. სხვაგვარად რომ ითქვას, კანონმდებელი მოცემულ შემთხვევაში უშვებს სასყიდლიანი მიბარების პრეზუმფციას, რომლის თანახმად, თუ შემნახველის მიერ ნივთის შენახვა მის კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს, მაშინ მიბარება ანაზღაურებადია და არ არის აუცილებელი ამის თაობაზე მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების არსებობა.

29. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო საწყობში მომსახურე ორგანიზაციას, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შენახვას.

30. შესაბამისად, უდავოა, რომ მოსარჩელე კომპანია (შემნახველი) ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, რაც წარმოშობს პრეზუმფციას, რომ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ითვლება.

31. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა (მიმბარებლებმა) თავიანთი ავტომანქანების მოსარჩელე კომპანიის საბაჟო ტერმინალზე განთავსებით ანუ კონკლუდენტური მოქმედებებით დადეს ზეპირი სასყიდლიანი მიბარების ხელშეკრულებები.

32. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება მხარეთა შორის კონკრეტულ ტარიფებზე (დღეში 2, 5, 7, 8 და 9 ლარი) შეთანხმების არარსებობის თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტი) არ გამორიცხავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მიბარების სასყიდლიან ხასიათს. სხვა საკითხია, რა ოდენობის იყო აღნიშნული საზღაური. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მის ტერიტორიაზე მანქანების განთავსებისათვის დადგენილი ტარიფების (დღეში 2, 5, 7, 8 და 9 ლარი) თაობაზე მოპასუხეების ინფორმირებულობის ფაქტი.

33. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მანქანების განთავსებისათვის დადგენილი ტარიფების (დღეში 2, 5, 7, 8 და 9 ლარი) შესახებ მოპასუხეების ინფორმირებულობის ფაქტი შედის სწორედ მოსარჩელის მტკიცების საგანში. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. განსახილველ შემთხვევაში სწორედ კასატორს ეკისრება კონკრეტული ტარიფების თვალსაჩინო ადგილას განთავსებისა და მოპასუხეებისათვის ხელმისაწვდომობის მტკიცების მოვალეობა, რაც მან ვერ განახორციელა. მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ კონკრეტული სადგომისთვის გათვალისწინებული იყო შესაბამისი ტარიფი, არ არის საკმარისი მხარეთა შორის მოცემულ ტარიფებზე შეთანხმების ფაქტის დასადასტურებლად. ამ მხრივ, კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო შედავება. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ დასტურდება მხარეთა შორის ავტომანქანის სადგომის საფასურზე (ტარიფზე) შეთანხმების ფაქტი.

34. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის არარსებობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, დაუსაბუთებელია და ემყარება კანონის არასწორ განმარტებას.

35. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას – ჩვეულებრივი საზღაური. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მხარეთა შორის კონკრეტულ სატარიფო განაკვეთებზე შეთანხმების ფაქტი, აღნიშნული განხილული უნდა იქნეს ისეთ შემთხვევად, როდესაც ტარიფები არ არის განსაზღვრული, რა დროსაც წარმოიშობა ჩვეულებრივი საზღაურის დადგენის ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არ განახორციელა. შესაბამისად, უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სარჩელი.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს ქვემდგომ სასამართლოში, რომელმაც წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - შენახვისთვის გათვალისწინებული ჩვეულებრივი საზღაურის ოდენობა და გადაწყვიტოს სარჩელის ბედი.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „რ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე