Facebook Twitter

3გ-ად-9-კ-ს-03 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატმა კ. ძ-ამ მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მოითხოვა “თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 14 მაისის ¹190 ბრძანებულების ბათილად ცნობა და “თბილისის სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პრველი ეტაპის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების იმ ნაწილის შეჩერება, რომელიც განხორციელებული არ იყო, ანუ “თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის გეგმის” განვითარების სქემის მე-3 პუნქტის II და III ფაზები და მე-5 პუნქტის I ფაზა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის საკრებულოს წევრის კ. ძ-ას სასარჩელო განცხადება და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 14 მაისის ¹190 ბრძანებით დამტკიცებული “თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის გეგმის” განვითარების სქემის მე-3 პუნქტის II და III ფაზებისა და მე-5 პუნქტის I ფაზის მოქმედება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ი. კ-ემ, რომელმაც განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული აქტის შეჩერების შესაძლებლობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” პუნქტში მოცემულია ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, ხოლო მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აქტი არის ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტი, რომლის მოქმედება ადმნისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სარჩელის წარდგენით არ შეჩერდება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 იანვრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, ი. კ-ის, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი – “თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 14 მაისის ¹190 ბრძანებულება წარმოადგენდა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის გასაჩივრებაც ავტომატურად აჩერებდა მის მოქმედებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი თავისი შინაარსით წარმოადგენდა ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს და მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული აქტი ინდივიდუალურ-სამართლებრივია იმ შემთხვევაში, თუ ის აწესებს, ცვლის წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობას. რამდენადაც გასაჩივრებული აქტი ეხებოდა პირთა შეზღუდული წრის (თბილისის სტაციონალური დაწესებულებები) უფლებებსა და მოვალეობებს, იგი წარმოადგენდა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და მხოლოდ იმ ფორმალური ნიშნიდან გამომდინარე, რომ გასაჩივრებული აქტი პრეზიდენტის ბრძანებულებას წარმოადგენდა, არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო ნორმატიულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ექვემდებარებოდა ნორმატიული აქტების შესახებ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას, გასაჩივრებული აქტი კი არ იყო რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.

საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, ი. კ-ის, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გამოაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის წარომადგენლის ი. კ-ის, მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 14 მაისის ¹190 ბრძანებულება წარმოადგენს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც რეგისტრირებულია “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470 230 000 05 002 049. ამდენად, სადავო ნორმატიული აქტის მოქმედება სარჩელის სასამართლოში წარდგენით ავტომატურად არ ჩერდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ამასთანავე, პალატა არ იზიარებს კერძო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების დაუშვებლობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის და 2003წ. 20 იანვრის განჩინებებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუმცა სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიიჩნია გასაჩივრებული აქტი ინდივიდიალურ-სამართლებრივ აქტად და არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით განმარტებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი (ადმინისტრაციული) აქტების მოქმედების შეჩერებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების საკითხს არ არეგულირებს, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ნორმატიული აქტის მოქმადების შეჩერების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლები ითვალისწინებენ ადმინისტრაციული და არა ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებას, მაგრამ არ გამორიცხავენ ნორმატიულ ადმინისტრაციული აქტის შეჩერებას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად რაც ამ კოდექსით დადგენილი არ არის, გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. საოლქო სასამართლოს კოლეგიას უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს XVIII თავით _ “სარჩელის უზრუნველყოფა”, კერძოდ, 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონონის მე-2 მუხლის I და II პუნქტების თანახმად სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული, შესასრულებლად სავალდებულო აქტი, რომელიც ორი სახისაა _ ნორმატიული და ინდივიდუალური. ამდენად, სსკ-ს კანონმდებლობის საფუძველზე შესაძლებელია ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება.

მოსარჩელე, თბილისის საკრებულოს წევრი კ. ძ-ა სასარჩელო განცხადებაში ასაბუთებდა გასაჩივრებული აქტის შეჩერების აუცილებლობას და მიუთითებდა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამასთანავე მოსარჩელეს არ ჰქონდა მითითებული საპროცესო ნორმა, რომლის საფუძველზეც ითხოვდა გასაჩივრებული აქტის შეჩერებას. თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტად მიჩნევის გამო სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის ნაცვლად გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი. თუმცა აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან საოლქო სასამართლოს მიერ არსებითად სწორად იქნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 198-ე და 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ი. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.