საქმე №ას-911-851-2017 11 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მეიჯარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ის“ (შემდგომში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) მიმართ საიჯარო ქირის დავალიანების - 8 054,7 ლარისა და პირგასამტეხლოს - 170 122,58 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ #0-- #0--) 10 წლის ვადით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის მიზნით 2014 წლის 10 აპრილს გამოცხადდა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე და მასთან 2016 წლის 6 მაისს გაფორმდა#17 ხელშეკრულება (შემდგომში - იჯარის ხელშეკრულება). იჯარის 6.3. პუნქტით განისაზღვრა მოიჯარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, რომლებიც დაარღვია მოპასუხემ, მანვე არ გადაიხადა საიჯარო ქირა და დაკისრებული პირგასამტეხლო, რის გამოც, ხელშეკრულების პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, 2015 წლის 20 იანვრის #ს-16 ბრძანებით მოსარჩელემ შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება და დააკისრა გადაუხდელი ქირა, ასევე - პირგასამტეხლო. ხსენებული ბრძანებით მოიჯარეს ეცნობა დაკისრებული თანხის ოდენობაც, თუმცა, ეს ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ხელშეკრულება მოსარჩელემ ცალმხრივად, მისი გაფრთხილების გარეშე შეწყვიტა, რაც გაასაჩივრა მხარემ. მისი განმარტებით, საიჯარო ქირის ნაწილი - 25 750 ლარი წინსწრებით იქნა ანაზღაურებული, 26 250 ლარი _ 2015 წლის 6 იანვარს, ხოლო დარჩენილი თანხა მან დროულად ვერ გადაიხადა. ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევა - მშენებლობის დაწყება არა მოიჯარის, არამედ _ მეიჯარის ბრალითაა გამოწვეული. მოპასუხემ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2014 წლის 17 ივნისს, რა დროსაც გამოცხადდა კ-ის დასახლების რწმუნებული მაცხოვრებლებთან ერთად და მოპასუხეს ეთხოვა მშენებლობის შეჩერება მანამ, ვიდრე მოსახლეობა, რომელიც სადავო მიწას პირუტყვის საძოვრად იყენებდა და აცხადებდა მასზე პრეტენზიას, ურთიერთობას არ მოაგვარებდა მოსარჩელესთან. ამ პრობლემის დღის წესრიგში დადგომის გამო მოსარჩელემ გამოსცა #ს-16 ბრძანება და შეწყვიტა ხელშეკრულება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოიჯარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარიო ქირის დავალიანება - 8 054,7 ლარისა და პირგასამტეხლოს - 13 833,15 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში, კ-ის დასახლებაში მდებარე 20 764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (ს/კ 0--) და 20 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0--) ერთ ლოტად, 10 წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გაცემის მიზნით, სამინისტროს 2014 წლის 16 სექტემბრის #პ-- ბრძანებით გამოცხადდა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე;
1.2.2. 2014 წლის 6 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის #17 ხელშეკრულება და აღირიცხა მარეგისტრირებელ ორგანოში. ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, წლიური საიჯარო ქირა - 105 000 ლარით, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს ყოველი მესამე თვის ბოლო რიცხვის შემდეგ, შესაბამის ანგარიშზე.
1.2.3. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო:
ა) გადაეხადა სარგებლობის ქირა ხელშეკრულების (მე-4 მუხლი) შესაბამისად;
ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე დაეწყო და არა უგვიანეს 6 თვის ვადაში დაესრულებინა სამუშაოები სათევზე მეურნეობის კომპლექსის მოწყობის მიზნით;
გ) აღნიშნულ პროექტში განეხორციელებინა არა ნაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია;
დ) სარგებლობის მთელი პერიოდით შეენარჩუნებინა სათევზე მეურნეობის კომპლექსის პროფილი;
1.2.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარგებლეს ეძლეოდა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და ჯარიმები:
ა) საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადასახდელი საიჯარო ქირის 0,1% დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში - თითოეულ დარღვევაზე წლიური საიჯარო ქირის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6.6. პუნქტი);
1.2.5. მოპასუხემ წინასწარ გადაიხადა 25 750 ლარი, რაც ჩაითვალა საიჯარო ქირაში 89 საიჯარო დღეზე გაანგარიშებით (06.05.201წ-დან 02.08.2014 წლის ჩათვლით). 2014 წლის 3 აგვისტოდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოპასუხეს უნდა გადაეხადა 28 დღის საიჯარო ქირა - 8 054.76 ლარი, რაც არ გადაუხდია;
1.2.6. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო მოსარჩელემ, 2014 წლის 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო (91 დღეზე) გადასახდელი ქირის 0.1% - 732.55 ლარი;
1.2.7. 2014 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით გადასახდელი საიჯარო ქირა ჯამში შეადგენდა 34 304.76 ლარს (8 054.76+26 250), საიდანაც 2015 წლის 6 იანვარს, მოპასუხემ გადაიხადა 26 250 ლარი;
1.2.8. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 6 იანვრამდე (37 დღე) მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 1 269.28 ლარის ოდენობით, ხოლო, 2015 წლის 6 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით (ხელშეკრულების მოშლის თარიღი) 120,75 ლარი. ჯამში საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ხელშეკრულების მოშლამდე დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 2 122.58 ლარი.
1.2.9. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების - სათევზე მეურნეობის კომპლექსის მოწყობისათვის 1 000 000 ლარის ინვესტიციის განუხორციელებლობისა და ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში ამ სამუშაოების დაუწყებლობის გამო, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო 168 დღეზე (2014 წლის 6 აგვისტოდან - 2015 წლის 20 იანვრის ჩათვლით) წლიური საიჯარო ქირის - 105 000 ლარის 0.5% - 88 200 ლარი; სათევზე მეურნეობის მოწყობის დაუსრულებლობისათვის, 76 დღეზე (2014 წლის 6 ნოემბრიდან - 2015 წლის 20 იანვრის ჩათვლით) - 39 900 ლარი;
1.2.10. მიუხედავად არა ერთი წერილობითი შეტყობინებისა, მოპასუხეს დავალიანება (საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო) არ გადაუხდია, რის გამოც, სამინისტროს 2015 წლის 20 იანვრის ბრძანებით მოიშალა ხელშეკრულება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მსჯელობისას გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ საკითხის შეფასებისას არ გაითვალისწინა ხელშეკრულების პირობები და მათი შეუსრულებლობის შედეგები. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმართ კასატორს გააჩნდა მოლოდინი. იჯარის შეწყვეტის დროისათვის მეიჯარე მიიღებდა მოწყობილ სათევზე მეურნეობის კომპლექსს და 1 000 000 ლარის ინვესტიციას. ამ გარემოებათა სწორი ანალიზი სასამართლოს მიიყვანდა დასკვნამდე, რომ სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების 6.6. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი. საგულისხმოა, რომ მოიჯარეს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს ოდენობა, მას არც დავის განმავლობაში აღუძრავს შეგებებული სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით, რის გამოც დარღვეულია მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიცურობის პრინციპები (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, განხორციელდა მართლზომიერად, სასამართლომ დაიცვა ის მართლზომიერი ბალანსი, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა, ხოლო, მეორე მხრივ, შენარჩუნებულ იქნა კრედიტორის ინტერესები. მოხმობილი განმარტებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით დეკლარირებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს მიხედულების ზღვრიდან გამომდინარე უფლებაა და ამ საკითხის გადსაწყვეტად არ არის საჭირო შეგებებული სარჩელის აღძვრა ვალდებული პირის მხრიდან, შესაბამისად, კასატორის მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 248-ე მუხლების დარღვევის თაობაზე არასწორია.
1.5.2. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომლის თანახმადაც, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვდა შემდეგი პირობების გამო: 1. სათევზე მეურნეობის სამუშაოების დაუწყებლობის გამო, წლიური საიჯარო ქირის - 105 000 ლარის 0.5%-ის - 88200 ლარის ოდენობით; 2. სათევზე მეურნეობის მოწყობის დაუსრულებლობისათვის - 39 900 ლარის ოდენობით; 3. ხელშეკრულებით განსაზღვრული 1 000 000 ლარის ინვესტიციის განუხორციელებლობის გამო 39 900 ლარის ოდენობით; 4. საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილებისათვის - 2 122,58 ლარის ოდენობით. თავისი ხასიათის, შინაარსისა და მის საფუძველზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, პირველი პირობის შეუსრულებლობა გამორიცხავდა პასუხისმგებლობის გავრცელებას მომდევნო მეორე და მესამე პირობების შეუსრულებლობისათვის. რადგანაც მოპასუხეს საერთოდ არ დაუწყია სათევზე მეურნეობის მოწყობითი სამუშაოები, 6-თვიან ვადაში მისი დაუსრულებლობისა და 1 000 000 ლარის ინვესტიციის განუხორციელებლობის გამო, პასუხისმგელობა გამორიცხული იყო, შესაბამისად, ვალდებულ პირს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაეკისრა მხოლოდ იმ პირობის შეუსრულებლობისათვის, რომელიც ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სათევზე მეურნეობის კომპლექსის მოწყობის მიზნით სამუშაოების დაწყების ვალდებულებას, ასევე, სიჯარო ქირის გადახდის დაგვიანებისათვის. ამასთანავე, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების იმ დასკვნასაც, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან იგი თვეში 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს შეადგენდა, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება გონივრულობის სტანდარტებს.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებისა და პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის სასამართლოს მხრიდან განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (პირგასამტეხლოს შემცირებისა და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხ. სასამართლო პრაქტიკა: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური