Facebook Twitter

საქმე №ას-959-894-2017 2 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ნ. თ–ი, ი. ბ-ი, დ. და მ. ბ–ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჯ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ. ჯ-ამ (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. თ–ის, ი. ბ-ის, დ. და მ. ბ–ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელატები, კასატორები ან მფლობელები) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ.თბილისში, სოფელ დ-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #0--) გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 18 მარტს მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა სადავო უძრავი ნივთი და ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, თუმცა, უძრავ ქონებას დღემდე ფლობენ მოპასუხეები, რის გამოც, მესაკუთრე ვერ სარგებლობს კუთვნილი უძრავი ნივთით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

კვალიფიციური შედავებით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ უძრავი ქონება მათ მამაპაპისეულ სახლს წარმოადგენს, რომელიც აუქციონზე მოსარჩელის დეიდის ვალის დასაფარად იქნა გატანილი. მფლობელებმა გამოთქვეს მზაობა, დაფარონ აღნიშნული დავალიანება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება (ს/კ #0--) და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს, ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ.თბილისში, სოფ. დ------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ #0---------------. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს #NA14072598-015/001 განკარგულება;

1.2.2. სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორთა შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების საფუძელზე, რადგანაც სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, ასევე, არ გამოიყენა ამავე კოდექსის 81-ე და 54-ე მუხლები;

1.4.2. სასამართლომ დადგენილდ მიიჩნია, რომ კასატორები ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ, რაც არასწორია, რადგანაც მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ თ. მ-ე არის იპოთეკარი, ხოლო ნ. თ-ის მამა, გარდაცვლილი ა. მ-ე, იყო სადავო ქონების მესაკუთრე და მოვალე, მემკვიდრეები იხდიდნენ თანხას, თუმცა, მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, ვალი სრულად ვერ დაფარეს და კრედიტორს შესთავაზეს სამი თვის ვადაში სესხის დაფარვა, რასაც იგი არ დაეთანხმა და ითხოვა იპოთეკის საგნის მესამე პირის საკუთრებად გაფორმება. ვინაიდან ქონება გარდაცვლილი პირის საკუთრებად ირიცხებოდა, მისი შემდგომი გადაფორმების მიზნით იგი აღირიცხა მემკვიდრის - ნ.თ–ის საკუთრებად, ხოლო შემდგომ, 500 ლარის სანაცვლოდ, 80 000 აშშ დოლარის ღირებულების ნივთი აღირიცხა დ.შ-ის საკუთრებად, რის სანაცვლოდაც კრედიტორი ჰპირდებოდა კასატორებს, რომ ქონების გადაფორმების გამო, დაეხმარებოდა მათ სესხის აღებაში. ქონების გადაფორმების შემდგომ კრედიტორმა შეიცვალა პოზიცია და არსებულ დავალიანებაზე მეტი თანხის გადახდა მოითხოვა. მანვე ისე გაიტანა ქონება აუქციონზე, რომ ამის შესახებ დ.შ–იც არ იყო ინფორმირებული, ხოლო, კასატორებს მოესპოთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ აღსრულების პროცესში. საგულისხმოა, რომ ნივთი შეიძინა კრედიტორის დის შვილმა. ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლო ვალდებული იყო, დაედგინა გარიგების მოტყუებით დადების ფაქტი და ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით. სწორედ ამგვარი დარღვევით დ.შ–ის მიერ ქონების შეძენის გამო სასამართლო არასწორად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე;

1.4.3. სასამართლო განმარტავს საკუთრების სუბსტანციას, თუმცა, თავად არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საკუთრების ნამდვილი გადაცემა არ განხორციელებულა, ხოლო მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, ისარგებლოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით. ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დებულებით.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურეს მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტი კი შედავებული არ არის კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ, თუნდაც მემკვიდრეობიდან ნაწარმოები კასატორთა უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად, რადგანაც ქონების აუქციონზე განკარგვის შედეგად მათ დაკარგეს ეს უფლებები და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ნივთს, შესაბამისად, უკანონო მფლობელები არიან. რაც შეეხება საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით გამოთქმულ საკასაციო შედავებებს, პალატა უარყოფს მათ მხოლოდ იმ დასაბუთებით, რომ რეესტრის ჩანაწერის ნამდვილობაზე, ასევე, უფლების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით შეგებებული სარჩელი არ არის აღძრული, ხოლო საკუთრების წარმოშობის მხოლოდ შესაგებლის ფარგლებში შედავება სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკმარის საპროცესო საშუალებას არ წარმოადგენს.

1.5.2. საკასაციო პალატა ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, დამატებით განმარტავს, რომ, ვინაიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება აღრიცხული აქვს მოსარჩელეს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, ისე - სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის დაცვითი ფუნქცია ვრცელდება რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ, რომლის უფლებებსაც თავად ლახავენ კასატორები ქონების უკანონო ფლობით.

1.5.3. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ კასატორთა მოთხოვნის შესაბამისად, მან განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობა, თუმცა, მხარეთა შორის მორიგება ვერ იქნა მიღწეული (იხ. საკასაციო პალატის 13.09.2017წ. სხდომის ოქმი).

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. თ–ის, ი. ბ-ის, დ. და მ. ბ–ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური