Facebook Twitter

საქმე №ას-975-907-2017 11 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ. ც-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ვ. კ-ემ (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ც-ის (შემდგომში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მფლობელი) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #0--) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1977 წლიდან მოსარჩელე მუშაობდა ქ.თბილისის მეტრომშენში მეგვირაბედ. დამსაქმებელი ორგანიზაცია აშენებდა ბინებს მუშა-მოსამსახურეებისათვის. 1997 წელს მოსარჩელემ ამავე ორგანიზაციისაგან მიიღო სადავო ბინა და ქ.თბილისის ნაძალადევის გამგეობის მიერ გაცემული #170 საკუთრების მოწმობის საფუძველზე, 2014 წლის 13 იანვარს ქონება აღირიცხა მის საკუთრებად. ამ ქონებას უკანონოდ ფლობს მოპასუხე, რომელიც არ არის თანახმა მის ნებაყოფლობით გათავისუფლებაზე. მფლობელმა არაერთხელ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოს მოსარჩელის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა მას ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლომ შეწყვიტა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით. სარჩელის თანახმად, მესაკუთრე მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში და ეზღუდება საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო მის შეგებებულ სარჩელს, რომლითაც მხარე მოითხოვდა მესაკუთრისათვის სადავო ქონებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით უარი ეთქვა განსახილველად მიღებაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული ნივთი გადაეცა მოსარჩელეს.

3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2016 წლის 21 ნოემბერს, 11:00 საათზე დანიშნული სხდომისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, მოპასუხე გაფრთხილებული იყო სათანადო წესით, რაც საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით დასტურდება (იხ. ტომი I, ს.ფ. 71);

1.2.2. 2016 წლის 21 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა. მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა;

1.2.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში მოპასუხე აპელირებდა გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობაზე. საპატიო მიზეზად კი, დასახელებულია, რომ იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და არ შეეძლო სამსახურის მიტოვება, მისი წარმომადგენელი კი პროცესზე არ გამოცხადდა. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ სამსახურიდან გამოსვლა ვერ მოახერხა, რათა არ დაეკარგა სამუშაო ადგილი და ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არ ჩაეგდო. პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვისას, შესამოწმებელი იყო მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება;

1.2.4. საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება;

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე გამოიტანა, კერძოდ, აპელანტმა სასამართლოს მოახსენა გამოუცხადებლობის მიზეზი, თუმცა, იგი დარწმუნებული იყო, რომ მის ინტერესებს სასამართლოში დაიცავდნენ მისი წარმომადგენლები. ეს გარემოება სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია, ასევე, არ გაითვალისწინა ის, რომ მხარემ არ იცოდა თუკი საქმეში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოიპოვებოდა.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. სასამართლოში მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა სწორედ მისი მხრიდან ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს. საპროცესო კანონმდებლობის ამგვარი თავისებურება ამართლებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის არსებობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი განსაზღვრავს მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სწორედ ზემოხსენებული საპროცესო წესით ეცნობა სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობისა და გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე, ხოლო გამოცხადებული მოსარჩელე შუამდგომლობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. უდავოა ისიც, რომ სახეზე გვაქვს ვინდიკაციური სარჩელი, რომლის საფუძვლიანობაც სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით დადგენილ წინაპირობებთან შესაბამისობაში მოწმდება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დადგენილად მიიჩნევა სარჩელში მითითებული (მათ შორის, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებული) მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით განსაზღვრული შემდეგი წინაპირობები:

- მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში და უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ქ.თბილისის ნაძალადევის გამგეობის მიერ გაცემული საკუთრების მოწმება;

- მოპასუხე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას;

- მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის მართლზომიერი საფუძველი.

1.5.2. ამ გარემოებათა ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

1.5.3. რაც შეეხება მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, ამ საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები), ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე). კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზად მიიჩნევს სწორედ მის სამუშაო გრაფიკს, რომლის გამოც იგი ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას, ამასთან, მიიჩნევს, რომ მისი ინტერესები უნდა დაეცვათ მის წარმომადგენლებს, თუმცა, განმარტავს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საქმეში არარსებობა მისთვის უცნობი იყო.

1.5.4. პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას სამუშაო რეჟიმზე და განმარტავს, რომ საქმეში ამგვარი მტკიცებულება არ მოიპოვება. დოკუმენტი, რომელიც ამ ფაქტს დაამტკიცებდა, მოპასუხეს უნდა წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივართან ერთად (სააპელაციო პალატამ 215-ე, 372-ე და 380-ე მუხლებზე დაყრდნობით 22.05.2017წ. საოქმო განჩინებით არ მიიღო ახალი მტკიცებულებები, თუმცა ეს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლით დადგენილი წესით მხარეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მათ კანონიერებას საკასაციო პალატა საკუთარი ინიციატივით ვერ შეამოწმებს), თუმცა, რომც გაიზიაროს პალატამ მხარის მტკიცება, იგი არ შეიცავს მსჯელობას, თუ რატომ არ შეეძლო მას სასამართლოსათვის წინასწარ ეცნობებინა გამოცხადების შეუძლებლობაზე. რაც შეეხება წარმომადგენლის მიერ მოპასუხის ინტერესების დაცვას, თავად მხარეც ადასტურებს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა (თუმცა, როგორც ამ დოკუმენტის წარდგენა, ისე _ საქმის მასალების გაცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, მხარის უფლებამოსილებაა) და არც საქმის მასალებითაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის ნაცვლად მისი ინტერესების დაცვას, თუნდაც უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში ეცადა წარმომადგენელი, რაც შესაძლოა, სხდომის გადადების წინაპირობა გამხდარიყო. რაც ყველაზე მთავარია, საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაგებელი, რომლის თაობაზეც რატომღაც დუმს მხარე, თუმცა ეს გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამოუკიდებელი საფუძველია.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე არსებობს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. კასატორის შუამდგომლობა:

2.1. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ახალი მტკიცებულების _ მინდობილობის საქმისათვის დართვის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ ეს დოკუმენტი სასამართლოს შეუქმნის შინაგან რწმენას მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თოაბაზე (კასატორი მიიჩნევს, რომ, რადგანაც მან გააფორმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, იგი თავისუფლდებოდა სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მინდობილი პირების მხრიდან მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო არ შეიძლება მოპასუხის წინააღმდეგ იქნას გამოტანილი გადაწყვეტილება. თავის მხრივ, პალატა შენიშნავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სწორედ იმ დოკუმენტს, რომლის არარსებობაც გარკვეულწილად საფუძვლად დაედო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას).

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა 1 (ერთი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 56).

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 08.08.2017წ. #6 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ც-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შ. ც-ეს (პ/#6--) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 08.08.2017წ. #6 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, შ.ც-ეს დაუბრუნდეს სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა 1 (ერთი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 56).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური