საქმე №ას-657-613-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „რ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ა-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მყიდველი ან მოვალე) მიმართ, ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს - 89 415 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 5 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მყიდველმა მოსარჩელისაგან შეიძინა ღვინომასალა - 200 000 ლიტრი „საფერავი“. ერთი ლიტრის ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 0,45 ლარი, ხოლო მთლიანმა ღირებულებამ - 90 000 ლარი. საქონლის ღირებულების დაფარვის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრამდე. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, 2013 წლის იანვარსა და 2014 წლის აპრილში გადაიხადა 20 000-20 000 ლარი. 2015 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით მას ერიცხებოდა დავალიანება 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო იმავე პერიოდის მდგომარეობით (ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ვადაგადაცილებული დღის 0,15%) - 86 040 ლარი. დავალიანების თაობაზე რამდენჯერმე წერილობით ეცნობა მოპასუხეს. სარჩელის აღძვრის შემდგომ - 2015 წლის 26 ოქტომბრისათვის მყიდველმა სრულად დაფარა ძირითადი დავალიანება (50 000 ლარი) და გადასახდელი დარჩა პირგასამტეხლო - 89 415 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წელს ყველა სახელმწიფო მოხელე იძლეოდა ღვინის ექსპორტის გაზრდის დაპირებას და რადგანაც მისი სამეწარმეო საქმიანობაც საქართველოდან ღვინის ექსპორტი იყო, იგი კეთილსინდისიერად იმედოვნებდა სამეწარმეო საქმიანობის წარმატებას და ზემოხსენებული ხელშეკრულების დადებაც ამ გარემოებით იყო განპირობებული. დავალიანების არსებობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, არამედ მიუთითა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 8 941 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს 100 ლარამდე შემცირება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მხარეთა შორის 2012 წლის 5 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, მყიდველმა გამყიდველისაგან შეიძინა ღვინომასალა - 200 000 ლიტრი „საფერავი“, რომლის ღირებულება ხელშეკრულებით 90 000 ლარით იყო განსაზღვრული. ნაკისრი ვალდებულება მყიდველს უნდა შეესრულებინა 2012 წლის 31 დეკემბრამდე;
1.2.2. ხელშეკრულებით განისაზღვრა მყიდველის პასუხისმგებლობა (პირგასამტეხლოს გადახდა) ნასყიდობის ფასის გადახდის ვადის გადაცილებისათვის, რომელიც საერთო თანხის 0,15%-ს შეადგენდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;
1.2.3. აპელანტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვადის დარღვევით შეასრულა: 2013 წლის იანვარში გადაიხადა 20 000 ლარი, 2014 წლის აპრილში - 20 000 ლარი, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით სრულად დაფარა ძირითადი დავალიანება _ 50 000 ლარი;
1.2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამყიდველის სარჩელის ინტერსს წარმოადგენდა, მყიდველისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროში შესრულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულებით დათქმული პირობის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების თანხის 0,15 პროცენტი) თანახმად, სულ მოსარჩელემ მოითხოვა მოვალისათვის 89 415 ლარის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც მოპასუხეს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო შემცირებული ოდენობით - 89 415 ლარის ნაცვლად 8 941 ლარი, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია;
1.2.5. მოვალის სააპელაციო პრეტენზია შეეხება სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის არასაკმარისად შემცირებას, რის გამოც საკუთარ არგუმენტს აყრდნობს სახელმწიფო აღმასრულებლი ორგანოების მიერ წამახალისებელ, გაუმართლებელ პროგნოზზე ღვინის ექპორტის გაზრდის შესახებ. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მას, პირგასამტეხლოს სახით 8 941 ლარის ნაცვლად სიმბოლური ოდენობის თანხა _ 100 ლარი უნდა დაეკისროს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას კანონის არასწორ განმარტებას ჰქონდა ადგილი, კერძოდ სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლად არ მიიჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების პროგნოზი ღვინის ექსპორტის დაპირებაზე, რაც არ გამართლდა. მოწინააღმდეგე მხარე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოა, რომელიც მრავალი წელია, გლეხებისაგან განსაზღვრული ტარიფით იბარებს ყურძენს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით და აწარმოებს შესაბამის პროდუქციას, მას არ უარყვია ის გარემოება, რომ სადავო ურთიერთობაში რეალურად არ გამოდის, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2013 წლის ყველა სახელმწიფო მოხელე არა თუ ვარაუდობდა, დაპირებას იძლეოდა ღვინის ექსპორტის გაზრდის თაობაზე, რაც არ გამართლდა, ხოლო კასატორი კეთილსინდისიერად ვარაუდობდა რა ამ შედეგის დადგომას, სწორედ ამ გარემოებით იყო განპირობებული ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. მოპასუხის მხრიდან დავალინების დროულად გადაუხდელობა განპირობებული იყო სწორედ სახელმწიფოს დაპირების ნდობით, ამასთან, მან პირველივე შესაძლებლობისთანავე დაფარა დავალიანება, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის, ასევე, სასამართლო პრაქტიკის (სუსგ #ას-973-914-2012) გათვალისწინებით არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იურიდიული პირის ცნებასა და რეგულაციის ზოგად პრინციპებს. კანონი ბუნებრივია, იცნობს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის სუბიექტებს, თუმცა, რაიმე განსხვავება ამ სუბიექტებსა და იმავე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს შორის მესამე პირებთან ურთიერთობაში არ არის დადგენილი, არამედ, გამონაკლისია მხოლოდ ამგვარი საწარმოს შიდაორგანიზაციული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. ის გარემოება, რომ სახელმწიფო კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობს კერძოსამართლებრივი ფორმის საწარმოს მეშვეობით, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის დაშვებას არ იწვევს, უფრო მეტიც, არა თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო, არამედ, თავად სახელმწიფო კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მოქმედებს, როგორც კერძო პირი და სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ამ მოქმედების მიმართ გამოიყენება სამოქალაქო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები. ამდენად, ნასყიდობის კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე (სკ-ის 477-ე მუხლი) მოვალეობათა მიმართ კასატორის მიერ მითითებული გარემოება უსაფუძვლოა და გაზიარებას არ ექვემდებარება.
1.5.2. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტს ღვინის ექსპორტის გაზრდის შეუძლებლობის საყოველთაო ფაქტის შესახებ (სსსკ-ის 106-ე მუხლი), თუმცა, განმარტავს, რომ კასატორი წარმოადგენს მეწარმეს, რომლის ქმედება სამოქალაქო ბრუნვის საშუალო წინადახედულობის მქონე პირისაგან განსხვავებით მეტი ავტონომიურობით ხასიათდება, მით უფრო გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მას სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით არ უსარგებლია და არ უცდია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზია, რომ ხელშეკრულების დადების საფუძვლად მიჩნეული გარემოება შეიცვალა, დავის ამ ეტაპზე მოვალის თავდაცვის საკმარის საშუალებას არწარმოადგენს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 89 415 ლარი შეამცირეს 8 941 ლარამდე, ამგვარი ქმედება კი, სრულად შეესაბამება, როგორც პირგასამტეხლოს ფუნქციის შენარჩუნებას (მინიმალური ზიანის უზრუნველყოფა), ისე - სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგაროვან პრაქტიკას (იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ე. ლ–ის მიერ კასატორის სახელით 12.06.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 448 ლარის 70% - 313,6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „რ-ს“ (ს/კ #2--) სახელმწიფო ბიუჯეტიდან („სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ე. ლ–ის მიერ კასატორის სახელით 12.06.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 448 ლარის 70% - 313,6 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური