Facebook Twitter

საქმე №ას-801-750-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „მ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. კ. უ.“ უფლებამონაცვლე სს „ს. კ. უ.“ (მოსარჩელე)

თანამოპასუხე - ნ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ს. კ. უ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „მ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) და ნ. ჩ-ის (შემდგოში _ თანამოპასუხე, სოლიდარული თავდები) მიმართ 20.11.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების _ 34 322,58 ლარისა და 19.11.2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 32 428,31 ლარის სოლიდარულად დაკისრების, ასევე, მოვალისათვის 19.11.2014წ. ხელშეკრულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს _ 1 245 247 ლარისა და 09.04.2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 3 242 831 ლარის 01%-ის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს. კ. უ.“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „მ.“ და ნუგზარ ჩილინგარაშვილს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2013 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების _ 34 322,58 ლარის გადახდა, სს „მონოლითმშენს“, სს „ს. კ. უ.“ სასარგებლოდ 2014 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა საზღაურის დავალიანების _ 32 428,31 ლარის, პირგასამტეხლოს _ 2 500 ლარისა და 2016 წლის 9 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 32 428,31 ლარის 0,02%-ს გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით სს „მ.“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „მ.“, მოითხოვა მისი გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სს „მ.“ 2017 წლის 27 იანვარს განცხადებით მიმართა სასამართლოს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ვადა გაგრძელდა 7 დღით. ამ დროის განმავლობაში აპელანტის მატერიალური მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 16 თებერვალს მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, რასაც დაურთო ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები _ ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროდან. ამ შუამდგომლობაზე სასამართლომ 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით დაუსაბუთებლად განაცხადა უარი და მხარეს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით. ამ ვადაში მხარემ კვლავ მიმართა სააპელაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად განაცხადა ამჯერადაც უარი, ხოლო სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. მიღებული განჩინება შაბლონურია და არ შეიცავს შუამდგომლობის უარყოფის დასაბუთებას, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებებისა და აპელანტის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შეფასების გარეშე. ამგვარი მტკიცებულებები კი შემდეგია: ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროდან; ინფორმაცია მოვალეთა რეესტრიდან; სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 28 აპრილის მდგომარეობით გაცემული შედარების აქტი, რაც ერთმნიშვნელოვნად ასახავს სს „მ.“ დავალინებას (137 938,95 ლარი). აპელანტი შუამდგომლობაში აღნიშნავდა, რომ მისი მწვავე ფინანსური მდგომარეობა განპირობებული იყო იძულებითი აღსრულების პროცესში ყოველგვარი ფულადი/ქონებრივი ტრანზაქციის განხორციელების შეუძლებლობით, რაც, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდას გამორიცხავდა, ამასთანავე, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გასაჩივრებული განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს, როგორც მეწარმეს, ადგება ზიანი, რამაც შეიძლება მისი გადახდისუუნარობა გამოიწვიოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „მ.“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „მ.“ და ნ. ჩ-მა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, სააპელაციო პალატამ 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 1 372,90 ლარის, ასევე, სს „მ.“ დამატებით 1 663,44 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. განჩინებაში განმარტებულია მისი გამოუსწორებლობის შედეგები, ასევე, საპროცესო მოქმედების შესრულების წესი;

1.2.2. დადგენილ ვადაში სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აპელანთა წარმომადგენელმა და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მხარე, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ვადაში ვერ გადაიხდიდა ბაჟს. რაიმე მტკიცებულება წამოდგენილ განცხადებას არ ერთვის, ამასთანავე, არ შეიცავს შინაარსობრივ დასაბუთებას;

1.2.3. 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საპროცესო ვადა მხარეს 7 დღით გაუგრძელა;

1.2.4. სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტთა წარმომადგენელმა, ნ.ჩ-ის მოთხოვნის ნაწილში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი 20.02.2017წ. განჩინებით მიღებულია განსახილველად და საკასაციო პალატა არ მსჯელობს მასზე), ხოლო სს „მ.“ დაკისრებულ საპროცესო მოქმედებასთან მიმართებით იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, იგი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და შეზღუდული აქვს ფულადი და სხვა ქონებრივი ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა. შუამდგომლობას ერთვის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდის ამონაწერი „სუბიექტის ძებნა მოვალეთა რეესტრში“. რაიმე ოფიციალური დამოწმება დოკუმენტის ავთენტურობის, მისი მოპოვების ზუსტი თარიღის შესახებ და/ან უტყუარობა საქმის მასალებით არ დასტურდება;

1.2.5. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა რა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან იურიდიული პირის გათავისუფლების თაობაზე, 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საკუთარი ინიციატივით გაუგრძელა აპელანტს ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 10 დღით;

1.2.6. აღნიშნული განჩინება ადრესატს გაეგზავნა ორჯერ, პირველად გაგზავნილი შეტყობინება საწარმოს იურიდიულ მისამართზე არ ჩაბარდა, ხოლო მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნილი შეტყობინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 13 მარტს ჩაბარდა საადვოკატო ბიუროს უფლებამოსილ წარმომადგენელს;

1.2.7. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ან ამ ვადის ამოწურვის შემდგომ სს „მ.“ სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს, რაც გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას დაუდო საფუძვლად.

1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მან ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოს ბოლო განჩინებით განსაზღვრულ ვადაში კვლავ შუამდგომლობით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, რაც სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად, რადგანაც ამგვარი მიმართვის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, მხარის პოზიცია მიმართულია იმისკენ, რომ გადაფაროს ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაშვება და ამ მხრივ ცდილობს, საკასაციო სასამართლო დაარწმუნოს საკუთარ აქტიურ ქმედებებში, ქვემდგომი წესით საკითხის განხილვასთან მიმართებით, რაც დაუშვებელია, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომლის თანახმადაც მხარემ ხარვეზი არ გამოასწორა და ეს გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.

1.4. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს სურს, განუმარტოს მხარეს ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო საშუალება (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება) ეხება არა ყველა მოდავე სუბიექტს, არამედ მხოლოდ ფიზიკურ პირებს - მოქალაქეებს და ამ დასკვნას საფუძვლად ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება უდევს საფუძვლად, თავის მხრივ, ნიშანდობლივია, რომ მხარე შუამდგომლობებს აყენებდა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ერთადერთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო წარმოების ეტაპზე იქნა წარდგენილი და დაცულია საქმეში, როგორც ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.4. პუნქტშია ასახული, არ შეიცავს საკმარის მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს მისი ნამდვილობის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად კი, მისი სარწმუნოობის თვალსაზრისით შეფასება, არ იძლევა უტყუარი დასკვნის საფუძველს საწარმოს ქონებრივ მდგომარეობასთან მიმართებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება ეკისრება მხარეს, ხოლო სასამართლო, როგორც მხარეთა თანასწორობის დაცვის უზრუნველმყოფელი, საკუთარი ინიციატივით ამოწმებს მხოლოდ საქმეში დაცული დოკუმენტების შინაარსობრივ ნამდვილობას და თავად ვერ მოიპოვებს მათ.

1.5. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი, განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. სასამართლო ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებით სარგებლობის ზემოხსენებული საკანონმდებლო შეზღუდვისაგან არსებობს გამონაკლისიც, თუმცა, იგი ასევე არ არის აბსოლუტური. მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ მიხედვით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესებს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით (სსკ-ის 47-ე მუხლი, რომლის მოქმედებაც, როგორც აღინიშნა, წინამდებარე შემთხვევაზე არ ვრცელდება და 48-ე მუხლი), რომელთა გამოყენებისათვის შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. ამგვარი მტკიცება აპელანტს სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია არც სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და არც კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე, შესაბამისად, ყოველვარ საფუძველსაა მოკლებული მხარის დაუსაბუთებელი კრიტიკა სასამართლოს მიმართ, როგორც მტკიცებულებების შესწავლის, ისე - საპროცესო წესების დარღვევის თაობაზე.

1.6. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების დასაბუთებული პრეტენზია.

1.7. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, ხოლო მის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, პალატა მიიჩნევს, რომ სს „მ.“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ თანხის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „მ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სს „მ.“ (ს/კ #2--) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ („სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ანაზღაურება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური