საქმე №ას-892-832-2017 8 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ტ.“ დირექტორი თ. ჩ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ა-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – დივიდენდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
კ. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან პარტნიორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან კომპანია) მიმართ პარტნიორთა 2015 წლის 6 ნოემბრის კრების გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012-2014 წლებში გასაცემი დივიდენდის _ 77970 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე თავად ესწრებოდა პარტნიორთა კრებას, რომელზეც ხარჯები გადაკვალიფიცირდა დივიდენდად. ამ კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება დასაშვებია ორი თვის ვადაში, ეს ვადა მოსარჩელის მხრიდან დარღვეულია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კომპანიას, პარტნიორის სასარგებლოდ, დაეკისრა პარტნიორთა 2015 წლის 6 ნოემბრის კრების გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012-2014 წლებში გასაცემი დივიდენდის ანაზღაურება 6,6%-ის ფარგლებში 77 970 ლარის ოდენობით, ასევე განაწილდა პროცესის ხარჯები.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გასაჩივრებული განჩინება კანონსაწინააღმდეგოა, სასამართლომ განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ისე, რომ არ შეუფასებია საპროცესო ვადის გაშვების საფუძველი და აპელანტის ინტერესი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიმართ. საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან არიდებას და მასში მოცემული ვადის ათვლა დამოკიდებულია სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანასა და მხარისათვის გადაცემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იზღუდება მხარის კონსტიტუციური უფლება, გაასაჩივროს მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება. ამ მხრივ, საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება სამოქალაქო საქმეზე #ას-1161-1106-2014. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას სრულიად უგულებელყო სასამართლოში არსებული პრობლემა, საქმეთა დიდი რაოდენობის გამო დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად მომზადებასთან დაკავშირებით. პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა, რომელშიც მითითებული იყო საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწესთან კომუნიკაციისა და სასამართლო გადაწყვეტილების დროულად მოუმზადებლობის თოაბაზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე გათავისუფლდა თანამდებობიდან იმ პრობლემიდან გამომდინარე, რომ მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმეები ჭიანურდებოდა. საქმის მასალები, მათ შორის ის ფაქტი, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა დასაბუთებული გადაწყვეტილება და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მეტყველებს დავის მიმართ მისი იურიდიული ინტერესის არსებობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადების წინამდებარე შემთხვევაში გამოყენებას გამორიცხავს ის გარემოება, რომ: ა) საქალაქო სასამართლომ დაარღვია გადაწყვეტილების დასაბუთების ვადა, რისი კონტროლის მექანიზმიც დღეისათვის არ არსებობს; ბ) მნიშვნელოვანია, გაირკვეს აპელანტის მხრიდან საქმის გაჭიანურების მოტივაცია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობით, რომელიც არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, არამედ - სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას მოიცავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ტ.“ და მისი დირექტორის - თ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს აპელანტის მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის სხდომას, რომელზეც გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, ესწრებოდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი (რწმუნებულება, იხ. ს.ფ. 81). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იგი სასამართლოს მომდევნო სხდომის თაობაზე გაფრთხილდა ხელწერილით, სადაც ამომწურავადაა განმარტებული ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 242);
1.2.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე;
1.2.3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 2017 წლის 20 მაისი, ხოლო სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა ვინაიდან იწურებოდა 3 ივნისს, არასამუშაო დღეს (შაბათი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე), ვადის უკანასკნელ დღედ მიიჩნევა 2017 წლის 5 ივნისი;
1.2.4. რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კომპანიის (უფლებამოსილი წარმომადგენლის) სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით გამოცხადებას ზემოხსენებული ვადის განმავლობაში, საქმეში არ მოიპოვება, არამედ, განთავსებულია ორი ხელწერილი, რომელთა შესწავლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე (რომლის ინტერესებშიც არ შედიოდა გადაწყვეტილების გასაჩივრება პროცესის მის სასარგებლოდ დასრულების გამო და რომლის მიმართაც დაუშვებელია სსსკ-ის 2591 მუხლის (1) გამოყენება) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით სასამართლოში გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 33-ე დღეს - 2017 წლის 23 მაისს და იმავე დღეს ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება, ხოლო, მოპასუხის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს მიმართა 2017 წლის 14 ივნისს და ამავე დღეს ჩაბარდა მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება (იხ. ხელწერილები, ს.ფ. 258-259).
1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. უდავოა ის ფაქტიც, რომ კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტი არ არის.
1.5. შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, ასევე, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შელახვის თაობაზე. ამ პრეტენზიას მხარე ამყარებს ორ არგუმენტზე: ა) საქალაქო სასამართლომ დაარღვია გადაწყვეტილების დასაბუთების ვადა; ბ) მას აქვს ინტერესი, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, რაც დასტურდება გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენით და ამ საჩივრის ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდით.
1.6.1. საკასაციო პალატა არ უარყოფს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ საქმეთა ნაკადის სიმრავლეს და იმ გარემოებას, რომ ხშირად, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ხერხდება სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე (2) მუხლით განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება, რაც, ბუნებრივია, მხარეს არ შეიძლება შეერაცხოს ბრალად. მსგავს სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ მხარეს არ უნდა შეეზღუდოს კანონიერი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, გაასაჩივროს მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა, სასამართლოს მხრიდან ამ გამონაკლისის დაშვება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებას, რომლითაც დადგინდება სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად მოუმზადებლობის ფაქტი. თავის მხრივ, საგულისხმოა, რომ სააპელაციო საჩივრის დროულად წარუდგენლობა მოგებული მხარის უფლებებზე ახდენს გავლენას, რადგანაც მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება იძენს აღსრულებად ძალას (სსსკ-ის 264-ე მუხლის (1) „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული, ხოლო 267-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ). სამოქალაქო პროცესი აგებულია რა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე (იხ. სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლები), ზოგადი წესის თანახმად, მხარე, საკუთარი პოზიციის მტკიცების მიზნით თავადაა ვალდებული, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები (იხ. სსსკ-ის 103-ე მუხლი). იმგვარ ვითარებაში, როდესაც აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვადა სასამართლოს მხრიდან იქნა დარღვეული, სწორედ მან უნდა ამტკიცოს ეს ფაქტი, ამ მხრივ, 2591 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა შესაბამისი მიდგომა, როდესაც მხარე კანონით დადგენილ ვადაში ცხადდება სასამართლოში და გადაწყვეტილების დროულად მოუმზადებლობის ფაქტს ხელმოწერით ადასტურებს სასამართლო მოხელე, ასევე, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მხარის მოთხოვნით სასამართლო შესაბამისი ცნობით ადასტურებს გადაწყვეტილების დროულად მოუმზადებლობის ფაქტს. ამგვარი შინაარსის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ხოლო მხარის ზეპირი განმარტება სასამართლოსათან სატელეფონო კომუნიკაციისა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე არ გამოდგება სადავო ფაქტის სამტკიცებლად, უფრო მეტიც, როგორც ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.4. პუნქტშია აღნიშნული, სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტია, რომ მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 33-ე დღეს იყო მზად, რაც იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ სასამართლოს არ დაურღვევია გადაწყვეტილების დასაბუთების ვადა, ხოლო კერძო საჩივრის ავტორი ცდილობს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. ამდენად, პალატა თვლის, რომ მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესზე ფორმალური მითითება, ასევე, გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა და ბაჟის გადახდა (რაც წარმოადგენს მხარის მოვალეობას) არ შეიძლება, საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
1.7. რაც შეეხება მხარის პოზიციას საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, პალატა სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს მას და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი არ გამოიყენება (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები), რადგანაც თავად ნორმის დათქმა „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ მიანიშნებს იმაზე, რომ იგი რელატიური წესია, ამ ნორმის საპირისპიროდ, იმპერატიულ დებულებას შეიცავს ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
1.8. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე, 61-ე მუხლებით და სწორად უთხრა უარი კომპანიას სააპელაციო საჩივრის მიღებაზე. კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს ამ განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლებზე მითითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტ.“ და მისი დირექტორის - თ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური