Facebook Twitter

საქმე №ას-376-376-2018 4 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „....“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჭ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი – დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ. ჩ-ასა და რ. ჭ-იას სარჩელი, შპს „....“ მიმართ, მოპასუხის გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის #... ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 2012 წლის 27 ნოემბრისა და 2013 წლის 1 თებერვლის შრომითი კონტრაქტის 5.1 და 5.2. მუხლების, 2013 წლის 1 ივლისის #15-02/967 და 2013 წლის 1 მარტის #... ბრძანებების ბათილად ცნობის, გ. ჩ-იას შპს „...“ საფოსტო დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის ხობის საფოსტო სერვისცენტრის უფროსის, ხოლო რ. ჭ-იას _ შპს „...“ საფოსტო დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის ხობის საფოსტო სერვისცენტრის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და განთავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის _ თითოეულისთვის 750 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის #.... ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 2012 წლის 27 ნოემბერსა და 2013 წლის 1 თებერვალს გ. ჩ-იასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტების 5.1. და 5.2. მუხლები და სამუშაოდან გ. ჩ-იას გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 მარტის #.... ბრძანება, გ. ჩ-ია აღდგენილ იქნა შპს „.....“ ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) თანამდებობაზე, 2013 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 750 ლარის ანაზღაურება (საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით), ასევე, ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 27 ნოემბერსა და 2013 წლის 1 თებერვალს რ. ჭ-იასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის 5.1. და 5.2. მუხლები, რ. ჭ-იას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 ივლისის #.... ბრძანება და რ. ჭ-ია აღდგენილ იქნა შპს „...“ ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) ტოლფას თანამდებობაზე, დამსაქმებელს რ. ჭ-იას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2013 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 750 ლარი (საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით).

3. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში 2017 წლის 5 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ შპს „...“ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „...“ და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-7 და მე-11 პუნქტებით დადგინდა, რომ გ. ჩ-ია აღდგეს შპს „...“ ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) თანამდებობაზე, ხოლო რ. ჭ-ია შპს „...“ ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) ტოლფას თანამდებობაზე. ვინაიდან, შპს „...“ ყველა სერვისცენტრში არსებობს მენეჯერის მხოლოდ ერთი საშტატო ერთეული და არ არის მენეჯერის ასისტენტის ან/და მოადგილის საშტატო ერთეული, ანუ ის თანამდებობები, რომლებიც ფუნქციურად მსგავსი იქნებოდა მენეჯერის თანამდებობის, ამასთან, გადაწყვეტილების მე-7 და მე-11 პუნქტები ერთმანეთს ეწინააღმდგება, შეუძლებელია ამ პუნქტების ერთდროულად შესრულება. ამდენად, განმარტებას ექვემდებარება ის, თუ რას ნიშნავს მენეჯერის თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა და რა კრიტერიუმები არსებობს გარკვეული თანამდებობის ტოლფას თანამდებობად მიჩნევისათვის. აღნიშნული განცხადება განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ, კერძოდ:

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი: „რ. ჭ-ია აღდგენილ იქნეს შპს „...“ ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) ტოლფას თანამდებობაზე“ განიმარტა, შემდეგნაირად: „რ. ჭ-ია აღდგენილ იქნეს, შპს „...“ ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) ფუნქციებისა და იმავე სახელფასო განაკვეთის მქონე სხვა საშტატო ერთეულზე;

4.2. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“ და მისი გაუქმება მოითხოვა;

4.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდა ამავე სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, შპს „...“ განცხადების ხელახლა განსახილველად;

4.4. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „....“ განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი: „რ. ჭ-ია აღდგენილ იქნეს შპს „...“ ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) ტოლფას თანამდებობაზე“ განიმარტა შემდეგნაირად: „რ. ჭ-ია აღდგენილ იქნეს, შპს „.....“ ნებისმიერი საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) საშტატო ერთეულზე, სადაც დასაქმებულის, რ. ჭ-იას საცხოვრებელი ადგილიდან, სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე, საზოგადოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებით მისვლა და დაბრუნება მოითხოვს არაუმეტეს 3 საათს დღეში.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „...“, მოითხოვა მისი გაუქმება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტება.

5.1. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განმარტება ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის დანაწესებს. აღნიშნული განმარტებისას, სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, თუმცა მხედველობის მიღმა დატოვა ხსენებული ნორმის დათქმა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლა არ უნდა იწვევდეს არათანაზომიერ დანახარჯებს. განმარტების ბუნდოვანებას მოწმობს ის გარემოებაც, რომ სასამართლოს არ შეუფასებია რ. ჭ-იას საცხოვრებელი ადგილის პრობლემა, დამსაქმებლისთვის ცნობილი არ არის რ. ჭ-იას საცხოვრებელი ადგილი, რომელიც პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს და სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირს შეიძლება, ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ასევე, კომპანიისათვის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომელი სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მოწინააღმდეგე მხარის საცხოვრებელი ადგილიდან იმ სამსახურამდე, რომელიც, სასამართლოს მოსაზრებით არის ტოლფასი, გარდა ამისა, განჩინებიდან გაურკვეველია, როგორ უნდა განსაზღვროს დამსაქმებელმა დრო პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამსახურამდე მანძილის დასაფარად. კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს განუმარტა, რომ ყველა სერვისცენტრში არსებობს მენეჯერის მხოლოდ ერთი ადგილი, არ არის მისი მოადგილის შტატი ან სხვა თანამდებობა, რომელიც ფუნქციურად მსგავსი იქნებოდა მენეჯერის თანამდებობისა. სააპელაციო სასამართლომ, იმ საკითხის გაუთვალისწინებლად, რომ არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა, ისე დაადგინა რ.ჭ-იას ნებისმიერ სერვისცენტრში აღდგენა, რომ არ გაითვალისწინა მესამე პირთა უფლებები, რადგანაც გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კომპანიას მოუწევს რომელიმე მენეჯერის გათავისუფლება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ კონკრეტული თანამდებობის არარსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, ხოლო ამის შემდგომ დასაქმებული ვალდებულია მიუთითოს და დაამტკიცოს რომელი თანამდებობაა ტოლფასი. საშტატო ნუსხა სასამართლოსათვის მიწოდებულ იქნა კომპანიის მიერ, რის შემდეგად მტკიცების ტვირთი გადავიდა მოსარჩელეზე. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მითითების გაუთვალისწინებლად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებსა და მოქმედ სასამართლო პრაქტიკას. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას _ სასამართლომ შეცვალა სარეზოლუციო ნაწილი, რამდენადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-11 პუნქტის თანახმად, რ.ჭ-ია აღდგენილია შპს „...“ ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილების) მენეჯერის (უფროსის) ტოლფას თანამდებობაზე და არა მენეჯერის თანამდებობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით მისი განმარტების საკითხი. ამ თვალსაზრით პალატა ყურადღებას რამდენიმე პრაქტიკულ და თეორიულ საკითხზე გაამახვილებს:

2.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით რეგლამენტირებულია საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, რომელიც სამართლის თეორიაში სამართლიანი სასამართლოს უფლებითაც მოიხსენიება. აღნიშნული ნორმა არ შემოიფარგლება უშუალოდ საქმის განხილვის პროცესით, არამედ, თავის თავში მოიცავს, მათ შორის აღსრულების ეტაპსაც. უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის სასამართლოს მხრიდან დადასტურება ამ უფლების რეალიზაციის წინაპირობაა, თუმცა, რეალური დაცვა პირის ხელყოფილი ინტერესებისა, სწორედ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გზით ხდება. გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში შესაძლებელია წარმოიშვას გარკვეული დამაბრკოლებელი გარემოებები, თუმცა, დარღვეული უფლების ეფექტურად დაცვის მიზანს ემსახურება ამ დაბრკოლებათა თავიდან არიდების მომწესრიგებელი საკანონმდებლო დანაწესები, რომელთა შორისაცაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა, ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. უფლებადარღვეული პირის ინტერესების დაცვის მიზნით გადაწყვეტილების განმარტების უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ერთმნიშვნელოვანად არ უნდა გამომდინარეობდეს დასკვნა აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ „განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და, თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება, აღსრულდეს, თუმცა ეს საკანონმდებლო დათქმა არ უნდა განიმარტოს ვიწრო პოცესუალური თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისად შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა“ (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი).

2.2. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს „....“ გენერალური დირექტორის ცალმხრივი ნება რ. ჭ-იასთან დადებული უვადო შრომითი ხელშეკრულების ვადიან შრომით ურთიერთობად ფორმირებისა, ასევე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე იყო უკანონო, რის გამოც, სასამართლომ იგი, როგორც მართლსაწინააღმდეგო, ბათილად აღიარა და განახორციელა პირის უფლებრივი რესტიტუცია, თუმცა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა დადგინდა შემდეგი სახით: რ. ჭ-ია აღდგენილ იქნა შპს „...“ ხობის სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილების) მენეჯერის (უფროსის) ტოლფას თანამდებობაზე. სწორედ იმ მიზნით, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშესაწყობად დადგენილიყო, თუ რა წარმოადგენდა მენეჯერის ტოლფას თანამდებობას, შპს „...“ მიმართა გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს და მოითხოვა საკითხის განმარტება.

2.3. საქმეში არსებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მენეჯერის ტოლფას თანამდებობას წარმოადგენდა მენეჯერის ფუნქციებისა და იმავე სახელფასო განაკვეთის მქონე საშტატო ერთეული, რადგანაც კონკრეტული საშტატო ერთეულის მითითების გარეშე განმარტება კვლავ ბუნდოვანი იყო და არ იძლეოდა გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას. საქმის ხელახალი განხილვის შედეგად სააპელაციო პალატამ სადავო საკითხი კვლავ ბუნდოვნად განმარტა, კერძოდ, მენეჯერის ტოლფას თანამდებობაზე პირის აღდგენის მიზნით აღნიშნა, რომ რ. ჭ-ია უნდა აღმდგარიყო შპს „....“ ნებისმიერი საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) საშტატო ერთეულზე, სადაც დასაქმებულის, რ. ჭ-იას საცხოვრებელი ადგილიდან, სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე, საზოგადოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებით მისვლა და დაბრუნება მოითხოვს არაუმეტეს 3 საათს დღეში. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მიზნით სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რადგანაც, თავად მე-11 მუხლი არეგულირებს შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლის საკითხს და იგი ვერ გამოდგება ტოლფასი თანამდებობის განსაზღვრის მექანიზმად.

2.4. როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ისე _ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით დადგენილია, რომ ტოლფასი თანამდებობის დასახელების ვალდებულება ეკისრება დასაქმებულს, ანუ მას აქვს ვალდებულება, მიუთითოს ფუნქციურად, საკვალიფიკაციო მონაცემებითა და სამუშაოს ხასიათის გათვალისწინებით რა თანამდებობა შეესაბამება მის მიერ ადრე დაკავებულ საშტატო ერთეულს, ხოლო დამსაქმებელს, როგორც ძლიერ მხარეს, რომელსაც ხელთ აქვს შრომის ორგანიზაციული პირობების განმსაზღვრელი ყველა სახის მტკიცებულება, ეკისრება დასაქმებულის პოზიციის გაქარწყლების ვალდებულება.

2.5. რა საკვირველია, საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ამ მხრივ, მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მხრიდან მხოლოდ სიტყვიერი მითითება, რომ გამოხატავს პატივისცემას სასამართლო ინსტიტუტის მიმართ და გამოთქვამს მზადყოფნას, დაუყოვნებლივ აღასრულოს გადაწყვეტილება, არ არის საკმარისი. იგი ვალდებულია მართლმსაჯულების აქტით დადასტურებული საკუთარი არამართლზომიერი ქმედების შედეგად პირის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ხელი შეუწყოს რესტიტუციას.

2.6. მხედველობაშია მისაღები, რომ მოსარჩელე თავად მოითხოვდა არა კონკრეტულ, არამედ _ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გასცდებოდა მხარის მოთხოვნას, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასაქმებულის არამართლზომიერად გათავისუფლების თანმდევი შედეგების მომწესრიგებელ ქმედით მექანიზმს ადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), რომელიც სასამართლო პრაქტიკაში განიმარტა იმგვარად, რომ მოსამართლე ვალდებულია შესაბამისი წინაპირობების არსებობისას თანმიმდევრობით შეამოწმოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის კანონისმიერი რეგულაცია, რომელიც მათ შორის კომპენსაცია შეიძლება იყოს. თავად კომპენსაციის განსაზღვრის კრიტერიუმებს, მართალია, არ ადგენს ორგანული კანონი, თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულია, რომ მისი განსაზღვრისას გაითვალისწინება მაგ: დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან; კომპენსაცია უდრის იმ თანხას, რომელიც უნდა მიიღოს პირმა, რომ არ გათავისუფლებულიყო; კომპენსაცია უდრის არანაკლებ 6 თვის ხელფასს; კომპენსაციის ოდენობა შეიძლება შემცირდეს, თუ დასაქმებულს წვლილი მიუძღვის გათავისუფლებაში და სხვა.

3. ყოველივე ზემოაღნისნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც, ზემოთ ჩამოყალიბებული დასაბუთების შესაბამისად, უნდა დაადგინოს საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ამ ფაქტების შეჯერებით განსაზღვროს შპს „...“ განცხადების საფუძვლიანობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი