საქმე №ას-1515-1435-2017 15 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ი-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. უ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. უ-ამ (შემდგომში - მოსარჩელე,მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ი-ის (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, თ-ის ქ#5ა-ში მდებარე #10ა ბინის გამოთხოვა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 18 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ წინა მესაკუთრისაგან - სს „ჯ-ისაგან“ შეიძინა #01.......--ა უძრავი ნივთი (შემდგოში _ დავის საგანი ან უძრავი ნივთი). ამ უკანასკნელს ქონებაზე საკუთრება მოპოვებული ჰქონდა აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, ხოლო დავის საგნის თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა მოპასუხე, რომელიც დღემდე სარგებლობს ქონებით და უარს აცხადებს მის გათავისუფლებაზე. მოპასუხის მფლობელობის შეწყვეტა ვერც სამართალდამცავების ქმედების შედეგად განხორციელდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია ქონებაზე საკუთრების კეთილსინდისიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები. როგორც ჩუქების ხელშეკრულება, ისე - სასამართლოს გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი და აღმასრულებლის მიერ გაცემული აქტი უკანონოა. დავის საგანი მითვისებულია უკანონოდ, დანაშაულებრივი სქემის საფუძველზე, მოპასუხეს შეცდომაში შეჰყავს სასამართლო, როდესაც აცხადებს, რომ ქონებაზე საკუთრება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აქვს მოპოვებული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 18.01.2013;
1.2.2. მიუხედავად მოპასუხის წარმომადგენლის მითითებისა მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც განსახილველ დავის საგანთან არ არის კავშირში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;
1.2.3. მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა არ დადგინდა (ამ პრეტენზიას აპელანტი უკავშირებდა სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა გამოთხოვაზე, ასევე, ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმას): პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის და 2016 წლის 20 ივნისის განჩინებებით წარმოებაში არ იქნა მიღებული მოპასუხის შეგებებული სარჩელები 2012 წლის 17 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2013 წლის 18 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელი იყო სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, რაც თავისთავად გამორიცხავდა იმ საკითხთა კვლევას, იყო თუ არა ე. მ–იაზე 2007 წლის მარტში კრედიტი გაცემული, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ნივთი, ასევე, იყო თუ არა ნამდვილად ნ. ქ-იას მიერ 2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში სს „ჯ-ისათვის“ გადახდილი ნასყიდობის თანხა 50 000 ლარი. და ა.შ. სწორედ ეს გარემოება გამორიცხავდა სს „ჯ-ის“ სალაროს შემოსავლის ორდერზე ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობის, ასევე, სს „ჯ-იდან“ იმ დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო, იყო თუ არა ე. მ–იაზე სესხი გაცემული 2007 წლის მარტში. ამ მხრივ, აპელანტს რაიმე დამაჯერებელი დასაბუთება არც სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს წარუდგენია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. 2012 წლის 17 დეკემბერს სს „ჯ-ისა“ და ნ. ქ-იას შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. თავად სს „ჯ-ი“ წარმოადგენდა კასატორის კუთვნილი სადავო ქონების უკანონო მესაკუთრეს. იგი სს „პ-ის“ სამართალმემკვიდრეა, ხოლო თავად ეს ბანკი - სს „ბ-ის“ უფლებამონაცვლე. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს „ბ-ის“ მიერ 2007 წლის 19 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე ე. მ–იასათვის სესხი არ გადაცემულა (რომლის უზრუნველსაყოფადაც დაიტვირთა დავის საგანი). ასეთ შემთხვევაში, ქონების იპოთეკით დატვირთვა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. მოპასუხემ არაერთ საბანკო დაწესებულებას მიმართა საჭირო დოკუმენტების გადაცემის თხოვნით, თუმცა არა თუ დოკუმენტები, პასუხიც არ გაუციათ ამ მიმართვებზე, რის გამოც, დავის ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა შეფასდეს. აღნიშნული სასამართლოს მიიყვანს იმ დასკვნამდეც, რომ ნ.ქ-იას უკანონოდ აქვს შეძენილი დავის საგანი, ისევე, როგორც უკანონოა სს „ჯ-ისა“ და მოსარჩელის საკუთრება. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მფლობელს მიადგა ზიანი;
1.4.2. სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. მოსამართლის მხრიდან შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარმა განაპირობა მის მიმართ უნდობლობა და მხარე მოითხოვდა მის აცილებას, რაც არ დაკმაყოფილდა;
1.4.3. უკანონო განჩინებების გაუქმების, ასევე, ფაქტობრივი გარემოებების ყოველგვარი გამოკვლევა-შეფასების გარეშე მოპასუხის მხრიდან მფლობელობის უკანონოდ მიჩნევის გამო მოითხოვდა აპელანტი საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას, თუმცა, მიუხედავად მოსარჩელისა და მისი შვილის, ნ.ქ-იას დანაშაუალებრივი ქმედების არსებობისა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც მის უკანონობაზე მეტყველებს.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტი კი, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად, რადგანაც ქონების თავდაპირველი განკარგვის შედეგად მან დაკარგა ნივთთან სამართლებრივი კავშირი, რის გამოც უკანონოდ ფლობს მას. რაც შეეხება საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით გამოთქმულ საკასაციო შედავებებს, პალატა უარყოფს მათ.
1.5.2. საკასაციო შედავების გათვალისწინებით, ფორმალური თვალსაზრისით, მოპასუხეს სურს წარმოაჩინოს, რომ სადავო ქონებაზე მას საკუთრება არ დაუკარგავს, ქონების განკარგვა განხორციელდა მოჩვენებით (სკ-ის 56.1. მუხლი) და ამ გარემოებას უკავშირებს არარსებული სესხის პირობებში იპოთეკის ასევე არარსებობას (სკ-ის 153.1 და 286-ე მუხლები), თუმცა, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების შედეგად დგინდება საპირისპირო _ თავად ექსპერტი მიუთითებს სასესხო ანგარიშის ამონაწერზე, რომლის თანახმადაც მსესხებელს განხორციელებული აქვს გარკვეული გადახდები, რაც სესხის ნამდვილობას ამყარებს (სკ-ის 361.1. მუხლი), შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობაც დადასტურებულად მიიჩნევა, აღნიშნული კი, საფუძველს აცლის მოპასუხის შედავებას ქონების შემდგომი განკარგვის ნამდვილობის თოაბაზე, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), ვინაიდან მოსამართლის აცილების საკითხი მხარეს დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივით იმსჯელოს მასზე. ამასთან, ვინაიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება აღრიცხული აქვს მოსარჩელეს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, ისე _ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის დაცვითი ფუნქცია ვრცელდება რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ, რომლის უფლებებსაც თავად ლახავს კასატორი ქონების უკანონო ფლობით.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება და საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. კასატორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს გარკვეული დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ შუამდგომლობის წარდგენა მოხდა საპატიო მიზეზით (მან თავისი ინიციატივით ვერ მოიპოვა ისინი), გარდა ამისა, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ერთვის გასაჩივრებული განჩინების ასლი.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივი შესაძლებლობას, საფუძვლიანობის არსებობის პირობებშიც კი, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე, უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს სადავო არ გაუხდია ქვემდგომი სასამართლოს ის საოქმო განჩინებები, რომლებიც ამ საკითხს შეეხებოდა და დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ სააპელაციო პალატის შემაჯამებელ განჩინებას, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ეს განჩინება, დადგენილი წესით, დედნის სახითაა განთავსებული საქმის მასალებში, არ არსებობს მისი განმეორებით წარმოდგენის საჭიროება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განჩინება უნდა დაუბრუნდეს მხარეს.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს 20.12.2017წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარისა და 12.01.2018წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარის, სულ - 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. კასატორ თ. ი-ეს (პ/#0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კასატორის სახელით ე. მ-იას მიერ 20.12.2017წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარისა და მის მიერვე 12.01.2018წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარის, სულ _ 300 ლარის 70% -210 ლარი.
4. თ. ი-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.10.2017წ. განჩინების ასლი 7 (შვიდი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 77-83).
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი