Facebook Twitter

საქმე №ას-143-143-2018 15 თებერვალი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ლ. და ე. ა-ები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ტ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ვალდებულების ნაწლობრივ შესრულებულად აღიარება, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ. და ე. ა-ებმა (შემდგომში - მოსარჩელეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მოვალეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. ტ-ძის მიმართ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) და მოითხოვეს 2014 წლის 5 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ძირი თანხიდან - 5 500 აშშ დოლარიდან 4 714 აშშ დოლარის გადახდილად აღიარება და შესაბამისი ცვლილების შეტანა 2016 წლის 6 ივლისს ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ გაცემულ #1... სააღსრულებო ფურცელში.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხეს მხოლოდ ერთჯერადად აქვს გადახდილი მხოლოდ 6 800 აშშ დოლარი, რაც განაწილებულ იქნა ოთხივე იპოთეკარზე, აღნიშნული თანხიდან მას მიღებული აქვს 500 აშშ დოლარი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2014 წლის 5 სექტემბერს ნოტარიუს ლ.გ-ის მიერ დამოწმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხიდან - 5 500 აშშ დოლარიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილად ჩაითვალა 500 აშშ დოლარი და შესაბამისად, გადასახდელად განისაზღვრა 5 000 აშშ დოლარი. შეასაბამისი ცვლილება შევიდა ნოტარიუს ლ.გ-ის მიერ 2016 წლის 6 ივლისს გაცემულ #1... სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ სესხის ძირ გადასახდელ თანხად მიეთითა 5 000 აშშ დოლარი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი, რადგანაც არ დააკმაყოფილა აპელანტთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, პალატამ, ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი არ იყო შედგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტებმა დაკისრებული საპროცესო მოქმედება შეასრულეს და სასამართლოში წარადგინეს როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ისე - სააპელაციო საჩივარი, სადაც მითითებულია სააპელაციო მოთხოვნა და გადაწყვეტილების უსწორობა, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით პალატამ არასწორად დატოვა იგი განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. და ე. ა-ების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის კანონიერება. ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი:

1.2.1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში მონიშნული იყო შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე), ასევე, თავად საჩივარი არ აკმაყოფილებდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აპელანტები აღნიშნავდნენ, რომ მათ არ ჩაბარებიათ გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დასაბუთებულ პრეტენზიას მხოლოდ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ წარადგენდნენ;

1.2.2. სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა აპელანტთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და აპელანტებს დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 168,56 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის (სსსკ-ის 368-ე მუხლი) იმდენი ასლის წარდგენა, რამდენი მხარეც მონაწილეობს დავაში. ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა შვიდი დღით და განემარტათ აპელანტებს საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგები;

1.2.3. დადგენილ ვადაში აპელანტებმა მიმართეს სასამართლოს, წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დოკუმენტი, ასევე, სააპელაციო საჩივარი, რომლის შესწავლითაც პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს ხარვეზის სრულად გამოსწორება და რადგან არ უშუამდგომლიათ საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

1.3. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები. ამ შემთხვევაში პალატას მხედველობაში აქვს შემდეგი გარემოებები:

1.3.1. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც შინაარსობრივად ანალოგიური სახითაა რეგლამენტირებული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში. თავად სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ დანაწესს საქმის სამართლიან განხილვაზე, არამედ - მოიცავს ისეთ ფართო ელემენტებსაც, როგორიცაა მაგალითად, სასამართლო ხელმისაწვდომობა. თავად სასამართლო ხელმისაწვდომობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვებს, თუმცა, შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ლეგიტიმურ საფუძველს ემყარება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ შეზღუდვა უნდა იყოს დასახული მიზნის პროპორციული და თავად ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება. მართალია, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს ლეგიტიმურს, რამდენადაც იგი პირდაპირაა რეგულირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ემსახურება კიდევაც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს, თუმცა, როგორც ხსენებული ნორმა, ისე - ამ მუხლის მე-7 ნაწილი (სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით) უნდა განიმარტოს საქმის მასალებთან მჭიდრო კავშირში.

1.3.2. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ხარვეზი სრულყოფილად არ არის გამოსწორებული (სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტებს გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე, უფრო მეტიც, აპელანტი, რომელიც არის მოსარჩელე, მიუთითებს, რომ ახალი გადაწყვეტილებით არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, ასეთივე უსწორობებს შეიცავს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები), თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე დადგენილ ვადაში ასრულებს საპროცესო მოქმედებას (გასათვალისწინებელია ის სუბიექტური ფაქტორიც, რომ მას არ ჰყავს წარმომადგენელი) და მიიჩნევს, რომ ხარვეზი გამოსწორებულია, სასამართლომ უნდა მისცეს შესაძლებლობა, დააზუსტოს, აღმოფხვრას ის ნაკლოვანებები, რომლებიც განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას შესაძლოა გააჩნდეს. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს სწორედ იმ გარემოებებს, რომ მხარემ გადაიხადა როგორც სახელმწიფო ბაჟი, ისე _ წარადგინა სააპელაციო საჩივრი, თუმცა, თავად შესრულება იყო ხარვეზიანი (სააპელაციო საჩივარი შეიცავდა შინაარსობრივ ხარვეზს), შესაბამისად, ამ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება არარელევანტურია და სასამართლო უფლებამოსილი იყო, ეხელმძღვანელა მათ შორის საპროცესო სამართლის იმ ზოგადი დანაწესებით, რომლებიც საპროცესო ვადების საკითხს არეგულირებებენ (იხ. სსსკ-ის 64-ე მუხლი).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმეს ხელახლა განსახილველად დაუბრუნებს იმავე სასამართლოს.

1.5. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის წერილს, პალატა მიიჩნევს, რომ ის უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივრის ავტორებს, რამდენადაც, როგორც ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2. პუნქტში აღინიშნა, წინამდებარე განჩინების კვლევის საგანს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენდა. ამ საკითხთან კი რაიმე შეხება წარმოდგენილ დოკუმენტს არ გააჩნია. ამ შემთხვევაში პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ) და წარმოდგენილ დოკუმენტს უბრუნებს მხარეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. და ე. ა-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. ლ. და ე. ა-ებს დაუბრუნდეთ კერძო საჩივარზე დართული შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის ....2018წ. მიმართვა 1 (ერთი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 152).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი