საქმე №ას-1081-1001-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. კ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ–ის (შემდგოში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე 1992 წლის 19 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს ჰყავდა დაუოჯახებელი დეიდა ქ. ს-ე (შემდგომში _ მამკვიდრებელი), რომელზეც ზრუნავდა, პატრონობდა და მასთან ერთად ირიცხებოდა წყალტუბოში, სოფ. ყ-ში (ც-ი) მდებარე მის კომლში, რაც დასტურდება #2.. საარქივო ცნობით. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1990 წლის 11 აპრილს. გარდაცვალების შემდეგაც მოსარჩელე განაგრძობდა სამკვიდრო ქონებაში ცხოვრებას და მართავდა კომლს, თუმცა, არ ჩქარობდა სამკვიდროს რეგისტრაციას, რადგან ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ქონება წარმოადგენდა მის საკუთრებას. ამასთან, არ გააჩნდა სამკვიდროს მიღებისათვის საჭირო თანხა, არის სოციალურად დაუცველი. მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს და აღმოჩნდა, რომ დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემულია მის აწ გარდაცვლილი ძმისა და მოპასუხის მამის - თ. კ–ის სახელზე ჯერ კიდევ 1992 წელს, მაშინ, როდესაც თ.კ–ს არასდროს უცხოვრია მამკვიდრებელთან და არც კომლის წევრი ყოფილა. აწ გარდაცვლილმა თ.კ–მა სამკვიდრო მოწმობა მიიღო მალულად ისე, რომ ნოტარიუსს დაუმალა მოსარჩელის არსებობის ფაქტი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მამკვიდრებელს, რომელიც 1990 წელს გარდაიცვალა, არავის მოვლა-პატრონობა არ დასჭირვებია. გარდაცვალების შემდეგ მოპასუხის მამამ - თ. კ–მა დაკრძალა საკუთარი ხარჯებით, თ. კ–ი განაგრძობდა იმ სახლში ცხოვრებასა და აღნიშნული ქონების ფლობას. მითითებულ დროს თ. კ–ი მუშაობდა ახლომდებარე სოფელში - ჩ–ში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, ამიტომ ხშირად რჩებოდა დეიდის სახლში, სადაც იყო პატარა ეზო და თითქმის დანგრეული სახლი. დედასთან და დასთან ერთად ხშირად ჩადიოდა მოპასუხეც სამკვიდრო სახლში მამის ამავე მისამართზე ხშირად ყოფნის გამო. 1992 წელს თ. კ–მა აცნობა მოსარჩელეს, რომ აპირებდა სამკვიდროს მიღებას, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. ამასთანავე, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ უსახსრობის გამო, მოსარჩელემ 26 წლის განმავლობაში ვერ შეძლო სამკვიდროს ოფიციალურად მიღება, ვინაიდან ის თავად მუშაობდა და ჰქონდა შემოსავალი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მამკვიდრებელი იყო მოსარჩელისა და თ. კ–ის დეიდა. გ. და თ. კ–ები იყვნენ ძმები, ხოლო მოპასუხე არის თ. კ–ის შვილი;
1.2.2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1990 წლის 11 აპრილს და დანაშთ სამკვიდროში შედიოდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ყ-ში (ც-ში) მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ნოტარიუს ი.ს. ქ-ის მიერ 1992 წლის 19 აგვიტოს შედგენილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში მიიღო მოპასუხის მამამ;
1.2.3. თ. კ–ი გარდაიცვალა 2006 წლის 28 თებერვალს;
1.2.4. 2016 წლის 10 მაისის #2... საარქივო ცნობის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ც-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს სოფელ ყ-ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად რეგისტრირებულია ქ. ნ-ს ასული ს-ე, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად რეგისტრირებული ქ. ნ-ს ასული ს-ე გადახაზულია მინიშნებით - გარდაიცვალა;
1.2.5. წყალტუბოს თემის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მამკვიდრებლის ანაბარს ფლობდა და განაგებდა მისი დისშვილი - თ. კ–ი;
1.2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა (ნ. კ–მა და გ. ქ-ემ) აჩვენეს, რომ მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები გაიღო თ. კ–მა და დაეუფლა გარდაცვლილი დეიდის დანაშთ ქონებას, ხოლო, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპეალაციო სასამართლომ მიიღო ტენდენციური გადაწყვეტილება, როდესაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა მოპასუხის მამის მხრიდან სამკვიდროს მიღება, რადგანაც ადვოკატის შეკითხვაზე მომწმეებმა განმარტეს, რომ არც მოსარჩელე და არც მოპასუხის მამა არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, თუმცა, ხშირად მიდიოდნენ. მოწმეთა ამ განმარტებას სასამართლომ გვერდი აუარა. სასამართლომ აღნიშნა, რომ კასატორი არ იხდიდა გადასახადებს, თუმცა, არც ის გარემოება დაუდგენია, რომ მისი აწ გარდაცვლილი ძმა იხდიდა ამგვარ გადასახადებს. კასატორმა მოწმეთა ჩვენებებთან მიმართებით მიუთითა მესამე პირის მხრიდან მომდინარე ზეწოლაზე და განმარტა, რომ სადავო ქონება მამაკვიდრებელს სწორედ მისთვის ჰქონდა გამიზნული, მოსარჩელემ სკოლაც ამ მისამართზე დაამთავრა და შემდგომაც ეხმარებოდა დეიდას მიწის დამუშავებასა და მოსავლის მოყვანაში, მუშაობის დაწყების შემდეგაც არ გაუწყვეტია კავშირი მასთან. მამკვიდრებელი მოსარჩელის სახლიდან იქნა გასვენებული და საკუთარი ხარჯებით დაკრძალა იგი. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელემ მოპასუხის მამას მიანდო ანაბარი და საბუთები, რადგან ის თანამდებობის პირი იყო, მასვე ჰქონდა მინდობილი სამკვიდროს მიღების საკითხის მოგვარება. მოპასუხის მამამ მოტყუებით გააცემინა გამგებელს ცნობა, რომლის საფუძველზეც ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა და ეს ფაქტები კასატორისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მოისურვა სამკვიდრო ქონების გადაფორმება.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები) სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს იმ ფაქტზე, რომ შეფასების საგანს მოსარჩელის მხრიდან სამკვიდროს ერთპიროვნულად ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი წარმოადგენს. ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები. სწორედ ამ დასკვნას არ ეთანხმება კასატორი. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება.
1.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროის გათვალისწინებით ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა/განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქცია) 539-ე, 544-ე, 556-ე, 540-ე, 541-ე და 556-ე მუხლები. საკასაციო შედავების ფარგლებში კი, სასამართლო დამატებით აღნიშნავს შემდეგს: მოსარჩელის მოთხოვნის იურიდიულ ინტერესს მამკვიდრებლის ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს, რომელსაც მხარე უკავშირებს იმას, რომ იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივად დაეუფლა ქონებას. ამ ფაქტს არ ეთანხმება მოპასუხე, რომელიც ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეა (მისმა მამამ, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, სანოტარო წესით მოიპოვა სამკვიდრო). ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება იმგვარი გარემოებების მითითება და მტკიცებულებების წარდგენა, რომელთა ანალიზით დადასტურდება ქონების დაუფლების ფაქტი. ამგვარ მტკიცებულებებზე კასატორი ვერ მიუთითებს, ხოლო მხოლოდ მისი განმარტება, როდესაც ამ განმარტებას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული. მართალია, კასატორი სადავოდ ხდის მოწმეთა ჩვენებებს და არასარწმუნოდ მიიჩნევს მათ, თუმცა, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, მოპასუხის მამის მხრიდან სამკვიდროს მიღება დადასტურებეულია ასევე წერილობითი მტკიცებულებებით, შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის მიერ გამოთმულ მოსაზრებებს უარყოფს და არ იზიარებს მას.
1.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი.
1.8. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუქნტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი