საქმე №ას-1092-1012-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. დ-ი (მოპასუხე ნ.თ–ის სარჩელზე, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე ლ.დ–ის სარჩელზე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ. დ–მა (შემდგომში _ პირველი მოსარჩელე, მოპასუხე მეორე მოსარჩელის სარჩელზე, აპელანტი, კასატორი ან ალიმენტვალდებული პირი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. თ–ის (მოპასუხე პირველი მოსარჩელის სარჩელზე, მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მხარეთა შორის 2014 წლის 31 მარტს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით.
1.1.1. პირველი მოსარჩელის სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 31 მარტიდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 15 მარტს დაბადებული მ. დ–ი. მეუღლეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, რაც ბავშვის ფსიქიკაზეც მოქმედებდა, პირველი მოსარჩელე იძულებული გახდა, მეუღლე წაეყვანა ქ.გორში თავის მშობლებთან. მოსარჩელის განმარტებით, მეუღლეებს შორის ურთიერთობის შენარჩუნება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
1.2. ნ. თ–მა ასევე აღძრა სარჩელი პირველი მოსარჩელის მიმართ, 2015 წლის 15 მარტს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზდის მიზნით ალიმენტის _ ყოველთვიურად 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2.1. მეორე მოსარჩელის სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დაქორწინების შემდეგ მეორე მოსარჩელეს მეუღლესთან და მის დედასთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. ამასთან, მოპასუხე არ ზრუნავდა საკუთარ შვილზე და მისი მხრიდან სისტემატიურად ჰქონდა ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას, კონფლიქტს, რის გამოც შეუძლებელი გახდა შვილის მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაზრდა. 2015 წლის 2 თებერვალს მოპასუხემ მეორე მოსარჩელე ათი თვის შვილთან ერთად დატოვა მშობლების სახლში და უშედეგო აღმოჩნდა მასთან შერიგების არაერთი მცდელობა, რის გამოც, მეორე მოსარჩელე იძულებული გახდა, საცხოვრებლად დარჩენილიყო მშოლებთან. იგი არის დევნილი, დროებით უმუშევარი, იღებს დევნილის შემწეობას, მხარეთა მცირეწლოვან შვილს აქვს წონის დეფიციტი, ესაჭიროება განსაკუთრებული კვება, რის გამოც არ შეუძლია შვილის დამოუკიდებლად რჩენა. მოპასუხე არის დასაქმებული ბ-ის ჩამომსხმელ ქარხანაში, აქვს შემოსავალი, ყოველთვიურად საშუალოდ 1 000-1 500 ლარის ოდენობით.
1.3. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინებით მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ნ.თ–მა პირველი მოსარჩელის სარჩელი ცნო;
2.2. ლ.დ–მა სარჩელი ნაწილობრივ _ ყოველთვიურად 50 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 725 ლარს, ჰყავს დედა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ყოველთვიური მედიკამენტების ხარჯი საშუალოდ 333 ლარს შეადგენს, ამასთანავე, მოპასუხეს აქვს საბანკო კრედიტით ნაკისრი ვალდებულება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის შეწყდა 2014 წლის 31 მარტს რეგისტრირებული ქორწინება, ამავე გადაწყვეტილებით მეორე მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ.დ–ს, ნ.თ–ის სასარგებლოდ, 2015 წლის 15 მარტს დაბადებული შვილის რჩენა-აღზრდისათვის 2016 წლის 22 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მ. დ–ის დაბადების მოწმობის შესაბამისად, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 15 მარტს შეეძინათ ერთი შვილი;
1.2.2. მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, 2015 წლის თებერვლიდან მხარეები ცალკ-ცალკე ცხოვრობენ;
1.2.3. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობის შესაბამისად, მხარეთა არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებულია დევნილთა მონაცემთა ბაზაში და იღებს დახმარებას, ყოველთვიურად 45 ლარს;
1.2.4. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში, ქ.გორში, რომლის მესაკუთრეა გ. თ–ი;
1.2.5. საქმის მასალების თანახმად, აპელანტი დასაქმებულია ბ-ის ჩამომსხმელ ქარხანაში სს „ბ-ი“ და აქვს ყოველთვიური, სტაბილური შემოსავალი 725 ლარის ოდენობით, ასევე, დამატებითი შემოსავლების სახით, სხვადასხვა ოდენობისა და სიხშირის დანამატები და პრემიები;
1.2.6. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობითა (გაცემულია 25.03.2016წ) და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა არასრულწლოვან შვილს აქვს წონის დეფიციტი (მ – 7550 გრ.) საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას კვების მხრივ, ვიტამინებსა და წონის მუდმივ კონტროლს;
1.2.7. შპს „ა-ის“ მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #2020 ცნობის თანახმად, მეორე მოსარჩელის დიაგნოზია ქრონიკული OD ქუთუთოს ქალაზიონი, რეკომენდაცია - მისი ამოკვეთა;
1.2.8. შპს „დ-ის“ მიერ 2017 წლის 17 იანვარს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, მ. დ–ს ჩაუტარდა 1 220 ლარის ღირებულების მაჯის ან მტევნის მყესის გამოთავისუფლების ოპერაცია. სამედიცინო ცენტრ „გ-ის“ მიერ გაცემული #12 მიმართვის ბარათის, დანიშნულებებისა და ქვითრების შესაბამისად, დგინდება, რომ არასრულწლოვანს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები დასჭირდა. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად და აპელანტს ბავშვის დაბადებიდან მოყოლებული მის აღზრდა-რჩენაში მონაწილეობა არ მიუღია;
1.2.9. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტების თანახმად, ის მუშაობს სოფელში, სკოლაში, ინგლისურის მასწავლებლის პოზიციაზე, კვირაში 4-საათიანი დატვირთვით;
1.2.10. მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, ლ. დ–ს მშობლის - მ. დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან. აღნიშნული განჩინება განსახილველ საქმეში გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ იქნა მიღებული;
1.2.11. პირველი მოსარჩელე აპელირებს მასზე, რომ მას დედის რჩენისათვის ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის ვალდებულება აქვს დაკისრებული, თუმცა, პალატამ ამ ფაქტის დადასტურების მიზნით წარდგენილი მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინება არ გაიზიარა (დამტკიცებული მორიგების გამო, მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას არ ეფუძნებოდა,. უფრო მეტიც, მორიგების აქტი წინამდებარე საქმისათვის სპეციალურად შექმნილ მტკიცებულებას წარმოადგენდა, რაც აპელანტის რეალურ ვალდებულებებს არ ასახავდა). დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეულ პირველი მოსარჩელის მითითება ხელფასის ოდენობაზეც (როგორც მხარე განმარტავდა, ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ყველა დანამატის ოდენობასა და სიხშირეზე არ იყო დამოკიდებული), თითქოს მას შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის გადასახდელად საკმარისი მატერიალური სახსრები არ გააჩნდა, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი იყო საპირისპირო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ლ. დ–ი არის დასაქმებული და აქვს სტაბილური შემოსავალი, ასევე, თავად ლ. დ–ის მიერ წარმოდგენილი 2015-2016 წლის მდგომარეობით არსებული ინფორმაცია მასზე ყოველთვიურად დარიცხული ხარჯების ოდენობის შესახებ, რომლის თანახმადაც, ლ. დ–ს, ხელფასის გარდა ერიცხება ბონუსი, კვებისა და დაზღვევის თანხა, დახმარება, დანამატი, საერთო ჯამში, მისი ყოველთვიური შემოსავალი გარკვეული ვალდებულებების, საშემოსავლო გადასახადის, დაზღვევის გადასახადის გადარიცხვის შემდეგ, 725 ლარს აღემატება).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხრიდან არ იქნა შესწავლილი საქმეში წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულება _ საბანკო ამონაწერი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კასატორი საზღაურს იღებს ხელზე, ამასთანავე, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შვილი ასევე ვალდებულია არჩინოს მშობელი. კასატორის დედა დაავადებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, რის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ამასთანავე, მედიკამენტების ყოველთვიური ღირებულება საშუალოდ შეადგენს 300 ლარს. მიღებული განჩინებით სასამართლომ უარყო მშობელი დედის ინსტიტუტი.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), კერძოდ:
1.5.1. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას კასატორის ყოველთვიური შემოსავლის ოდენობის თაობაზე, ასევე იმას, რომ მშობლის მიმართ სასამართლოს განჩინებით მას რეალურად არ დაკისრებია ვალდებულება, რაც შეეხება შრომისუუნარო დედის მიმართ სარჩოს გადახდის საკითხს, მას სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლი ადგენს, რომლის პირველი ნაწილიც ხაზს უსვამს შვილის მორალურ ვალდებულებას, იზრუნოს მშობელზე, ამ მხრივ, პალატა სავსებით იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მას დედის მიმართ ეკისრება რჩენის მორალური ვალდებულება, რაც შეეხება ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მითითებას, ამგვარი შემთხვევის არსებობა, საქმის მასალებით არ დგინდება, ამასთანავე, კასატორი არც იმგვარ გარემოებებზე მიუთითებს, რომელთა შესწავლა მიიყვანდა პალატას დასკვნამდე, რომ მის მშობელს ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ეძლევა სახელმწიფო სუბსიდია და სრულად კასატორის კმაყოფაზე იმყოფება. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორი საკუთარი ასაკის (დაბ: 1985 წელს) გათვალისწინებით ვალდებულია, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს შვილის მიმართ, გაითვალისწინოს მისი ფიზიკური და ასაკობრივი მდგომარეობა სარჩოს ოდენობის გაღებისას.
1.6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები: სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები, ასევე, კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“ და მშობელთა, ასევე, არასრულწლოვნის მდგომარეობის გათვალისწინებით სწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა.
1.7. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 11.10.2017წ. #14350908 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. დ–ს (პ/#1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 11.10.2017წ. #14350908 საგადახდო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი