საქმე №ას-740-692-2017 27 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. კ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ნაგებობის დემონტაჟი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ. კ-იამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ზ-ის დასახლებაში მდებარე, 500 კვ.მ დაზუსტებული ფართისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთით (ს/კ #72.12.02.3--) სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხის დავალდებულება მოშალოს (დაანგრიოს) მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ #72.12.02.3--) საკადასტრო საზღვრებში აგებული კაპიტალური ღობე, იგივე საზღვრებში განთავსებული შენობა-ნაგებობის (სახლის) ნაწილი _ 23 კვ.მ და მშენებარე შენობა-ნაგებობა), ასევე, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ #72.12.02.3--) ნაწილის - 98 კვ. მეტრის გამოთხოვა, საიდანაც 23 კვ. მეტრი წარმოადგენს მოპასუხის სახლის ნაწილს (ის, რის დანგრევასაც ითხოვს მოსარჩელე), ხოლო 75 კვ.მ - საეზოვე მიწის ფართი.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები არიან მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები. მოპასუხის საცხოვრებელი სახლის ნაწილი და ბეტონის ღობე აღმართულია მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე უარს აცხადებს სახლის ნაწილის დემონტაჟზე, უფრო მეტიც, მოთხოვნის წარდგენის შემდგომ მან აღმართა ბეტონის ღობე. ამ ნაგებობების არსებობა ამცირებს მოსარჩელის კუთვნილი ქონების ფართს და ხელი ეშლება მიწით სარგებლობაში. მოპასუხისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის მიერ შედგენილ საკადასტრო გეგმაში მცდარი ინფორმაციაა ასახული იმის თაობაზე, რომ სადავო ნაგებობა მიწის სამხრეთ ნაწილშია განლაგებული. მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ სახლი მდებარეობს ნაკვეთის ჩრდილო ნაწილში და მისი ნაწილი გადასულია მოსარჩელის მიწაზე. მოპასუხის ქმედების გამო მოსარჩელეს მოესპო საკუთარ ნაკვეთზე შესასვლელი საავტომობილო გზა, ასევე შეზღუდულია საფეხმავლო გზით გადაადგილება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მან მიწა ისეთ მდგომარეოში შეიძინა, როგორც ამჟამადაა, რაიმე ზედდება მეზობელი ნაკვეთებისა არ დგინდებოდა, მოპასუხის კუთვნილი ფართი შეადგენს 500 კვ. მეტრს და მას ფარავს მოსარჩელის მიწა. მიწის შეძენის შემდგომ რაიმე მშენებლობა მოპასუხეს არ უწარმოებია. მოსარჩელის ნაკვეთს მისასვლელი გააჩნია ორი მხრიდან, რაც მის მიერვე წარდგენილი სიტუაციური ნახაზით დასტურდება, თუმცა, არ სურს ამ გზით სარგებლობა და უნდა სახლთან მისასვლელად გამოიყენოს მოპასუხის ეზო. მოსარჩელეს წერილობით არ მიუმართავს მოპასუხისათვის სადავო საკითხის მოსაგვარებლად, მათ შორის მიმდინარეობდა ადმინისტრაციული დავაც, სადაც საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზაზე დაყრდნობით ასევე მოთხოვნილი იყო შენობის დემონტაჟი, თუმცა, სარჩელის დაუშვებლობის გამო, წარმოება იქნა შეწყვეტილი. რაც შეეხება ღობეს, იგი აღმართულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის კუთვნილი, ქ.თბილისში, ზ-ში მდებარე 500 კვ.მ დაზუსტებული ფართისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთით (ს/კ #72.12.02.3--) სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს დაევალა ლ. კ-იას კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში აგებული კაპიტალური ღობის, იმავე საზღვრებში განთავსებული 23 კვ.მ შენობა-ნაგებობისა (სახლის) და მოპასუხის მიერვე წარმოებული მშენებლობის შედეგად შექმნილი, ჯერ კიდევ მშენებარე ნაგებობის მოშლა (დემონტაჟი). ამასთან, ნ. ბ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ #72.12.02.3--) ნაწილი - 98 კვ. მეტრი (მათ შორის, 23 კვ.მ სახლის ნაწილი, ანუ ის ფართი, რის დანგრევასაც ითხოვს მოსარჩელე და 75 კვ,მ საეზოვე მიწის ფართი).
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა მოპასუხის მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი 75 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ #72.12.02.3--) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #005618514 დასკვნის #1 დანართის მიხედვით, სადაც სადავო ფართი მონიშნულია ყვითელი ფერით, ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა 23 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვისა და მასზე არსებული შენობის დემონტაჟის შესახებ (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #005618514 დასკვნის #1 დანართის მიხედვით სადავო ფართი მონიშნულია მწვანე ფერით), არ დაკმაყოფილდა. ლ. კ-იას კუთვნილი თბილისში, ზ-ში მდებარე, მიწის ნაკვეთის (ს/კ #72.12.02.3--) სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, ნ. ბ–ს დაევალა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში (ს/კ #72.12.02.3--) აგებული კაპიტალური ღობისა და 75 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #005618514 დასკვნის #1 დანართის მიხედვით მონიშნულია ყვითელი ფერით) ნ. ბ–ის მიერ წარმოებული მშენებლობის შედეგად შექმნილი შენობა-ნაგებობის მოშლა (დემონტაჟი).
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ ის წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ გააჩნია ქონების ფლობის მართლზომიერი უფლება ან არსებობს მოსარჩელის მიერ საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის საფუძველი, კერძოდ, მოპასუხე არ წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი სადავო 98 კვ.მ მიწის მართლზომიერ მფლობელს. მოსარჩელე ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #72.12.02.3--) უკანონოდ აქვს აშენებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი, ასევე, აღმართული აქვს ბეტონის ღობე და ამგვარად მისი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას არ აძლევს. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ზ-ში მდებარე, 500 კვ.მ დაზუსტებული ფართი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი (ს/კ #72.12.02.3--) არის მოსარჩელის საკუთრება, ხოლო, ქ.თბილისში, ზ-ში მდებარე, 182 კვ.მ დაზუსტებული ფართი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი (ს/კ #72.12.02.4--) არის მოპასუხის საკუთრება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 17 ოქტომბერს გაცემული #005618514 დასკვნის თანახმად:
ა) ნ. ბ–ს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემის მიხედვით ეკუთვნის 182 კვ.მ ფართი მქონე მიწის ნაკვეთი, ფაქტიურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი ფართით 341 კვ.მ;
ბ) ნ. ბ–ის მიერ ფაქტიურად დაკავებული მიწის ნაკვეთი მოიცავს ლ. კ-იას საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 98 კვ.მ ფართს, მათ შორის, შენობა-ნაგებობით დაკავებული აქვს 23 კვ.მ ფართი, ხოლო საეზოვე მიწის ნაკვეთიდან 75 კვ.მ ფართი. აღნიშნულ დასკვნას თან ერთვის შესაბამისი ნახაზები, რომლებიც თვალსაჩინოდ ასახავს რეალურ მდგომარეობას;
1.2.2. მიუხედავად ზემოხსენებულისა, არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი: მოსარჩელის კუთვნილ 75 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ. ბ–მა მშენებლობა აწარმოა მას შემდეგ, რაც ლ. კ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა. რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას - 23 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვისა და შენობის დემონტაჟის შესახებ, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: შესაგებლის საფუძველზე დგინდება და სადავო არ არის გარემოება, რომ 2008 წლის 22 მაისს, იმ დროს, როდესაც მოსარჩელემ მისი კუთვნილი 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ #72.12.02.3--) შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის კუთვნილი სადავო საცხოვრებელი სახლი (ს/კ #72.12.02.3--) იმ კონფიგურაციით და პარამეტრებით (ექსპერტიზის დასკვნის #1 დანართის მიხედვით მწვანე ფერით მონიშნული) იყო გადასული მოსარჩელის ნაკვეთში, როგორც ამჟამად არის. ამდენად, მოსარჩელისათვის უძრავი ქონების შეძენის მომენტისათვის ცნობილი იყო არსებული დარღვევის შესახებ, მაგრამ მან მაინც შეიძინა ნაკლიანი უძრავი ნივთი და ამაზე პრეტენზია მაშინვე (2008 წელს) არ განუცხადებია. მოსარჩელის პრეტენზია (სარჩელი ან/და სხვა) არც მაშინ არსებობდა, როდესაც მოპასუხემ სადავო საცხოვრებელი სახლი შეიძინა (2012 წელს), გარდა ამისა, დგინდება, რომ საზღვრის დამრღვევი მეზობელი (მოპასუხე) განზრახ არ მოქმედებდა (მან სახლი 2012 წელს ამავე მდგომარეობაში შეიძინა და მას საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პარამეტრებში ცვლილებები (რეკონსტრუქცია) არ განუხორციელებია), ამასთან, მოსარჩელეს შეტყობისთანავე არ განუცხადებია აღნიშნულზე პრეტენზია,
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლით. პალატის დასკვნით, მოპასუხემ უძრავი ქონება 2012 წელს არსებულ მდგომარეობაში შეიძინა და მისი მხრიდან სახლის რეკონსტრუქციის ფაქტი არ დასტურდება, ამასთან, რადგანაც მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია, ის ვალდებულია, ითმინოს ნაკვეთზე არსებული ზემოქმედება. პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე არის არაკეთილსინდისიერი, მისთვის, როგორც უძრავი ქონების შემძენისათვის, ცნობილი იყო ქონების ნაკლის შესახებ და მან მაინც გამოხატა ნაკლიანი ქონების მესაკუთრედ გახდომის ნება. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს უშუალოდ არ უწარმოებია მშენებლობა, არ შეიძლება სარჩელზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, კერძოდ:
ა) უძრავი ქონების შეძენის დროისათვის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, #72.12.02.4-- მიწის ნაკვეთზე შენობა განთავსებული იყო და ამჟამადაც არის ნაკვეთის სამხრეთ მიჯნაზე, ხოლო, ფაქტობრივად, მდებარეობს ჩრდილოეთ მხარეს და შეჭრილია კასატორის მიწის საზღვრებში;
ბ) მოპასუხის მიერ ნაკვეთის შეძენამდე მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი იყო დაკვალული და ადგილზე მონიშნული კოლებით;
გ) საკადასტრო აზომვითი ნახაზით დასტურდება, რომ 2012 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით არ არსებობდა მოპასუხის კუთვნილი შენობა-ნაგებობა;
დ) მოპასუხემ უძრავი ქონება შეიძინა 2012 წლის 28 ივნისს;
ე) 2012 წლის 20 ივლისს კასატორმა მიმართა ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მოპასუხის შენობის კასატორის კუთვნილ ნაკვეთზე შეჭრის ფაქტის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტმა აზომა მოპასუხის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა.
1.4.2. რაც შეეხება იმ ფაქტს, მოსარჩელემ განაცხადა თუ არა პრეტენზია საზღვრის დარღვევის ფაქტის შეტყობისთანავე, ამ ფაქტს ადასტურებს მისი მხრიდან სარჩელზე დართული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა;
1.4.3. სააპელაციო სასამართლომ შესაგებელზე დაყრდნობით არასწორად დაადგინა მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილი სადავო შენობის არსებობის ფაქტი, კერძოდ, შესაგებელზე დართული 2012 წლის 14 თებერვლის მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზით დასტურდება, რომ არა თუ 2008 წელს, 2012 წლის 14 თებერვლის მდგომარეობითაც არ არსებობდა სადავო ნაგებობა. სარჩელზე დართული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, 2012 წლის 18 იანვარს შესრულებულია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის დაკვალვა, ამ დროისათვის არ არსებობდა მოპასუხის შენობა, რაც ამტკიცებს იმას, რომ საზღვრებში შეჭრა განზრახ განხორციელდა.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს იმ ფაქტზე, რომ შეფასების საგანს სასაზღვრო მიჯნაზე არსებული მოპასუხის შენობის დემონტაჟის საფუძვლიანობა წარმოადგენს. ამ მხრივ, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება.
1.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლით (თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა (1). საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია, გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი(2)), რომელიც საკუთრების შეზღუდვის მართლზომიერ საფუძველს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კანონმდებლის მიზანია სამართლებრივი ბალანსის იმგვარი დადგენა, როდესაც მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე დაარღვევს საზღვარს, თუმცა, ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, ხოლო მეორე მესაკუთრე თავიდანვე არ განაცხადებს პრეტენზიას. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთი მხრივ, იცავს ნაგებობის მესაკუთრის ინტერესებს და უფლებადარღვეულ მესაკუთრეს ანიჭებს თმენისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას. საკუთრების ბოჭვის ამგვარი წინაპირობა სრულად შეესაბამება საკუთრების ინსტიტუტის სოციალურ არსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტითაა რეგლამენტირებული.
1.7. კასატორის იმ ძირითადი პრეტენზიის საპირისპიროდ, რომ არ არსებობს მის ქონებაზე ზემოქმედების თმენის ვალდებულება, პალატა მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის სხდომის ოქმზე, სადაც მისი წარმომადგენელი აღიარებს, რომ სადავო სახლის მშენებლობა 2010 წელს განხორციელდა, იგი განმარტავს, რომ ამ დროისათვის მოსარჩელის მეუღლე დაავადდა და ყოველდღიურად მოსარჩელე სადავო მისამართზე ვერ მიდიოდა (განმარტავს, რომ ადიოდა 2011 წელს, იხ. 12:24:47 სთ), უდავოა ის გარემოება, რომ კასატორმა დაკვალვა 2012 წელს განახორციელა, ამასთანავე, მხარე არ უარყოფს, რომ საზღვრის დარღვევის თაობაზე მოპასუხისათვის წერილობით არ უცნობებია, არამედ, აპელირებს რეგისტრირებულ მონაცემებზე (12:35:49 სთ). პალატა ამ შეფასებს იღებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის კონტექსტში და უარყოფს ამ მხრივ კასატორის მიერ წარმოდგენილ პრეტენზიებს.
1.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი.
1.9. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სასაზღვრო მიჯნის დარღვევიდან გამიომდინარე მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო პასუხს დაურთო საკადასტრო გეგმის ასლი 2 (ორი) ფურცლად.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ხოლო უკვე არსებული მტკიცებულებების განმეორებით წარდგენა ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი საკადასტრო გეგმა 2 (ორ) ფურცლად.
სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 22.06.2017წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. კ-იას (პ/# 6--) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 22.06.2017წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
3. ნ. ბ–ს დაუბრუნდეს საკასაციო პასუხზე დართული საკადასტრო გეგმის ასლი 2 (ორი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი