საქმე №ას-729-682-2017 29 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ხ. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. ლ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 4 029,84 აშშ დოლარის, ასევე, პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის 2007 წლის 5 ნოემბერს, ერთი წლის ვადით დაიდო საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტის ოდენობა განისაზღვრა 400 აშშ დოლარით. მსესხებელმა 2007 წლის ნოემბერში გაიტანა 374.69 აშშ დოლარი. ბანკის მიერ აღნიშნული ლიმიტი იზრდებოდა პერიოდულად, რასაც მოპასუხე ეთანხმებოდა გაზრდილი ლიმიტით თანხის გატანით. თვიური საბაზისო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2.4%-ს სავაჭრო ობიექტებში და 3%-ს განაღდებული თანხების ან სხვა ოპერაციების დროს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური გადასახადის დაფარვა სავალდებულო იყო გადახდის თარიღისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტს ხელშეკრულების ყოველ დარღვევაზე დაეკისრებოდა ფიქსირებული პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენდა 10 აშშ დოლარს ან 20 ლარს ბარათის ვალუტის შესაბამისად. მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ბანკის მიმართ ერიცხება დავალიანება 4 029.84 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა 1 785.71 აშშ დოლარი, პროცენტი- 744.13 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო _ 1 500 აშშ დოლარია.
2. მოპასუხის პოზიცია:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხის ოჯახის ქმედუნარიან წევრს - დედას 2015 წლის 12 აგვისტოს ჩააბარა სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის კანონით გათვალისწინებული შედეგები. შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა 2015 წლის 22 აგვისტოს ამოიწურა. მიუხედავად აღნიშნულისა, მას შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 12 ოქტომბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 4 029,84 აშშ დოლარის (საიდანაც სესხის ძირ თანხას 1 785,71 აშშ დოლარი, სარგებელს - 744,13 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლოს - 1 500 აშშ დოლარი შეადგენს), ასევე, პროცესის ხარჯების გადახდა;
3.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2015 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისრა 2 679,84 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირ თანხას 1 785,71 აშშ დოლარი, სარგებელს _ 744,13 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლოს - 150 აშშ დოლარი შეადგენს, ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა პროცესის ხარჯებიც.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. თავად გზავნილით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად და განემარტა ამ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები;
1.2.2. 2015 წლის 7 აგვისტოს კრედიტორის წარმომადგენელს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ (თანახმად სსსკ-ის 184-ე მუხლისა) და სასამართლო გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე;
1.2.3. მოსარჩელემ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, 2015 წლის 12 აგვისტოს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ფოსტის მეშვეობით ჩააბარა მოპასუხის დედას, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით. თავად ეს გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის ინფორმირების საკმარის საშუალებად განიხილება და სასამართლო უფლებამოსილია, ასეთ შემთხვევაში, განიხილოს საქმე;
1.2.4. შესაგებლის წარდგენის ვადის დენა დაიწყო (თანახმად სსსკ-ის 59-ე (1), მე-60 (2), 61-ე (3) მუხლებისა) 2015 წლის 13 აგვისტოს და ამოიწურა 22 აგვისტოს. ამ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია;
1.2.5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივარში მოვალე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ:
ა) სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
ბ) სააპელაციო საჩივარში დამატებით აღნიშნა, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სასამართლო გზავნილი და ამასთან, არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, სასამართლო გზავნილის ჩამბარებლის - ადრესატის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებული იყო მეხსიერების დაქვეითებასთან, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რომ დაავიწყდა, მოპასუხისათვის ეცნობებინა გზავნილის არსებობის თაობაზე. აპელანტის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 7 აპრილის ცნობის თანახმად, რ. დ–ს (მოვალის დედა) აქვს შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ენცეფალოპატია, პარკინსონიზმი, აქვს მხედველობისა და მეხსიერების დაქვეითება, წონასწორობის დარღვევა;
1.2.6. შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო დადასტურებულად იქნა მიჩნეული სარჩელში მითითებული გარემოებები, კერძოდ:
ა) 2007 წლის 5 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად: იგი დაიდო 1 წლის ვადით; საკრედიტო ლიმიტის ოდენობად განისაზღვრა 400 აშშ დოლარი; მსესხებლის მიერ 374.69 აშშ დოლარის გატანა მოხდა 2007 წლის ნოემბერში; ბანკის მიერ აღნიშნული ლიმიტი იზრდებოდა პერიოდულად, რასაც მოპასუხე ეთანხმებოდა გაზრდილი ლიმიტით თანხის გატანით. თვიური საბაზისო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2.4%-ს სავაჭრო ობიექტებში და 3%-ს განაღდებული თანხების ან სხვა ოპერაციების დროს. ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური გადასახადის დაფარვა სავალდებულო იყო გადახდის თარიღისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტს დაეკისრებოდა ხელშეკრულების ყოველ დარღვევაზე ფიქსირებული პირგასამტეხლოს გადახდა, რომელიც შეადგენდა 10 აშშ დოლარს ან 20 ლარს ბარათის ვალუტის შესაბამისად;
ბ) მსესხებლის დავალიანება კრედიტორის წინაშე შეადგენს 4 029.84 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1 785.71 აშშ დოლარი, პროცენტი - 744.13 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 500 აშშ დოლარი;
1.2.7. სააპელაციო პალატის დასკვნით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს _ 1 500.00 აშშ დოლარი (ხელშეკრულების ყოველ დარღვევაზე ფიქსირებული პირგასამტეხლოს გადახდა, რომელიც შეადგენდა 10 აშშ დოლარს ან 20 ლარს ბარათის ვალუტის შესაბამისად), წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და იგი უნდა შემცირებულიყო 10-ჯერ,.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. არასწორია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება მსესხებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევის თაობაზე, რადგანაც გამოყენებული საკრედიტო ლიმიტების შესაბამისი საკომისიოს გადახდა დასტურდება შესაბამისი ამონაწერიდან, რომლის თანახმადაც ბოლო გადახდა 2010 წლის 30 ნოემბერსაა განხორციელებული, შესაბამისად, ეს ფაქტი არ შეესაბამება სარჩელში მითითებულ გარემოებას, თითქოს ბოლო გადახდა 2012 წელსაა განხორციელებული;
1.4.2. კრედიტორის სარჩელი ჩაბარდა მოსარჩელის ავადმყოფ დედას, სწორედ ამ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა იგი. ეს გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზს, თუმცა ქვემდგომ სასამართლოებს იგი მხედველობაში არ მიუღიათ. ამ ფაქტის მტკიცების მიზნით კასატორს წარმოდგენილი აქვს უწყების მიმღები პირის მკურნალი ექიმის მიერ გაცემული ცნობა და მასში მითითებული დიაგნოზი მეტყველებს მეხსიერების დაქვეითებაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ კასატორი შეტყობინების მიღების დროისათვის არ იმყოფებოდა თბილისში, ხოლო ავადმყოფ დედას უვლიდა მომვლელი.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის კერძო გამოხატულების თვალსაჩინო მაგალითია, რამდენადაც სასამართლო იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს სასამართლოს მითითებებს, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს სასამართლოს ვარაუდი, რომ მხარე ეთანხმება მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნას. ის გარემოება, რომ მხარე საპროცესო წესის დარღვევით ასრულებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებას, უნდა შეფასდეს სამოქალაქო საპროპესო კოდექსის 241-ე მუხლის კონტექსტში. ამგვარი მიდგომა წარმოადგენს საკანონმდებლო დანაწესს და იგი არ შეიძლება, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევად იქნას მიჩნეული. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი:
ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი).
1.6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე (1) მუხლის მოთხოვნათა დაცვით გადაცემის თაობაზე, ასევე, ეთანხმება ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.4. პუნქტში გადმოცემულ საპროცესო ვადების გამოთვლის წესს და თვლის, რომ მოპასუხე განიხილება სათანადო წესით ინფორმირებულ მხარედ. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე (3) მუხლის კონტექსტში იმ საკითხის შეფასებს, არსებობდა თუ არა მოპასუხის ოჯახის ქმედუნარიანი წევრის მხრიდან უწყების ადრესატისათვის გადაუცემლობის საპატიო მიზეზი, პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი შეეხება მხოლოდ ხანდაზმულობის საკითხს, მასში უწყების მიმღების პირის ჯანმრთელობის მდგომაროებაზე არა თუ დასაბუთებული პრეტენზია, მითითებაც არ არსებობს, ამასთანავე, უდავოა, რომ მოვალისათვის საჩივრის წარდგენის დროისათვის ცნობილი იყო დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას ეს საკითხი პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სადავო არ გაუხდია. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში ამ ფაქტის მითითებას, საკასაციო პალატა მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე (2) მუხლით (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა) გათვალისწინებულ დაუშვებელ გარემოებად მიიჩნევს, თუმცა, მასზე მითითების პროცესუალური წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია არ შეიცავს მითითებას/არ არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ სარჩელის ჩაბარების მომენტიდან შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე მოპასუხის დედის მეხსიერება ისეთი დაქვეითებული იყო, რომ მას არ შეეძლო ადრესატის ინფორმირება, მით უფრო იმ დადგენილი გარემოების პირობებში, რომ როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე _ ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება ასევე ჩაბარდა მოპასუხის დედას, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრების პროცედურები დაიცვა ზედმიწევნით (რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტს, ასევე, პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს, მათ საკასაციო პალატა ვრცლად აღარ მიმოიხილავს, რამდენადაც საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში არ გვაქვს, ერთადერთი, რასაც პალატა განმარტავს, არის ის, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი შეიძლება, შესაგებლის საფუძველი გახდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების კონტექსტში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს ეს საკითხი, რადგანაც ამგვარი ქმედებით დაირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობა, რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირებას, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, იგი ე.წ „სასამართლო შესაგებლის“ ფარგლებში შესაფასებელი საკითხია და სასამართლო პრაქტიკამ დაადგინა, რომ, თუნდაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირობებში, შეფასებას ექვემდებარება კრედიტიორის მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითი საშუალების თანაზომიერება. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის არგუმენტაცია, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის ფარგლებში დადგენილად მიიჩნეოდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დავალიანების ოდენობა, თუმცა, მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო თუ არა, სამართლის საკითხს წარმოადგენდა და სასამართლოს იგი სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში უნდა შეემოწმებინა, შესაბამისად, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია (იხ. სუსგ №ას-1125-1072-2014, 29 მაისი, 2015 წელი)). გარდა ზემოაღნიშნულისა, წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.6. პუნქტში მითითებული გარემოებები სრულად ამართლებს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 867-ე მუხლებით გათვალისწინებულ აბსტრაქტულ შემადგენლობას, რის გამოც პალატა თვლის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიული თვალსაზრისითაც ამართლებდა მოთხოვნას.
1.7. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შესაგებლის შეუტანლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. საკასაციო საჩივარს ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა #IV-100/ა).
2.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი (1) ადგენს საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებათა შეფასება-დასაშვებობის სტანდარტს (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და ამ ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება არ ხდება, თუნდაც ისინი საპატიო მიზეზით არ ყოფილიყო წარდგენილი ქვემდგომ სასამართლოში. მით უფრო გაუმართლებელია იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც საქმეში უკვე მოიპოვება და ქვემდგომ სასამართლოს ნამსჯელი აქვს მათ დასაშვებობაზე.
2.3. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა გაზიარების წინაპირობები, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე (1) მუხლის თანახმად (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ), ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის (4) თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 31.05.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 332 ლარის 70% - 232,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ხ. ლ-ეს (პ/#0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 31.05.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 332 ლარის 70% _ 232,4 ლარი.
3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ასლი 17 (ჩვიდმეტი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 95-111).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი