საქმე №ას-1308-1228-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. პ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ. პ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ს-ის (შემდგოში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობელოდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ.თბილისში, .... ქ#59-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, კერძოდ, შესაგებელში აღნიშნა მხოლოდ ის, რომ არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინებით ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგანაც მხარეს არ გაუგრძელდა საპროცესო ვადა და არ მიეცა საშუალება, დაეცვა საკუთარი უფლებები. მართალია, აპელანტს ჩაბარდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, თუმცა, დადგენილი ხარვეზი ვერ გამოასწორა ობიექტური მიზეზის გამო, რადგანაც თავად აპელანტი არის დასაქმებული, მას დროულად არ დაერიცხა ხელფასი, ასევე, ვერ დაუკავშირდა ადვოკატს, რადგანაც ამ უკანასკნელს მეუღლე ჰყავდა ცუდად და უკეთდებოდა ოპერაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის მხრიდან ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით კი, დადგენილია დასმული საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელიც არ პასუხობდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს (სსსკ-ის 368-ე მუხლი), რის გამოც სააპელაციო პალატამ 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს დაავალა:
ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა;
ბ) სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდა;
გ) ხარვეზის გამოსწორების ვადა განისაზღვრა 10 დღით და აპელანტს განემარტა მისი გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე;
1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა 2017 წლის 28 აპრილს, თუმცა იმ მიზეზით, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ორდერი, რომელიც წარმომადგენლის კონკრეტულ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს არ შეიცავდა (სსსკ-ის 98.1 მუხლი), პალატამ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2017 წლის 13 ივნისს სასამართლო შენობაში ჩააბარა უშუალოდ მხარეს (სსსკ-ის 73.1 მუხლი);
1.2.3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 14 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 23 ივნისს;
1.2.4. არც განსაზღვრულ ვადაში და არც მოგვიანებით აპელანტს სასამართლოსათვის რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ მას, როგორც ფაქტის მიმთითებელ მხარეს, ეკისრებოდა იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სასამართლოს მიიყვანდა დასკვნამდე, რომ მართლაც არსებობდა საპატიო მიზეზი (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე), მართალია, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში წარადგენდა შესაბამის დოკუმენტებს, თუმცა, კერძო საჩივრის განსახილველად მიღებიდან მის გადაწყვეტამდე განვლილი დროის მიუხედავად, მხარეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს. ამდენად, მისი მითითება ადვოკატის ოჯახის წევრის ავადმყოფობის თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული, ისევე, როგორც უშუალოდ აპელანტისათვის ხელფასის მოგვიანებით დარიცხვის ფაქტი. გარდა ამისა, გაურკვეველი რჩება, რომც გავიზიაროთ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები, მხარეს რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის და მოეთხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მის წინააღმდეგ კერძო საჩივარი არ შეიცავს ამ განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლებზე მითითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი