Facebook Twitter

საქმე №ას-1024-944-2017 24 ნოემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ. თ. ს.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „თ. თ. ს.“ (შემდგოში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 17 496,36 ლარის (ძირი თანხა _ 11 760 ლარი, ჯარიმა _ 4 527,36 ლარი, პირგასამტეხლო _ 1 179 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 17 496,36 ლარის გადახდა, საიდანაც 11 790 ლარი წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, 4 527,36 ლარი _ ერთი წლის პირგასამტეხლოს, ხოლო 1 179 ლარის _ ერთჯერად პირგასამტეხლოს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს, რამდენადაც აპელანტმა სააპელაციო საჩივრითვე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი შემცირების თაობაზე, სააპელაციო პალატამ 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით შეამცირა იგი 2 000 ლარამდე და ამ თანხის გადახდის ვადა განსაზღვრა 7 დღით, განჩინება მხარეს 2017 წლის 2 მაისს ჩაბარდა და ხარვეზის გამოსწორების ვადა იწურებოდა 7 მაისს. ამ ვადაში აპელანტმა ვერ შეძლო თანხის გადახდა, რის გამოც სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი, რაც არასწორია, რადგანაც განსაზღვრული ვადა არასაკმარისი და არაგონივრული იყო, ხოლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს წაერთვა სააპელაციო სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „ე.“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით კერძო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების საფუძლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ;

1.2.2. სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ აპელანტი სრულად ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რაიმე შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან მიმართებით სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს, სააპელაციო საჩივარში მხოლოდ მონიშნულია, რომ მხარე მოითხოვდა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, მისი ოდენობის შემცირებას ან გადახდის გადავადებას. რაიმე მტკიცებულება, რომელიც მხარის ქონებრივ მდგომარეობას ასახავდა აპელანტს არ წარმოუდგენია;

1.2.3. 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით პალატამ, დაუსაბუთებელობის გამო, არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა და დაადგინა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, მისი ელ.ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის _ 699,85 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. მხარეს ამომწურავად განემარტა დაკისრებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები;

1.2.4. ხსენებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს, დირექტორ ავთანდილ ნეფარიძეს ჩაბარდა 2017 წლის 16 ივნისს;

1.2.5. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

1.3. საკასაციო პალატა ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც აპელანტს სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია, ამასთანავე, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოს დირექტორისათვის შეტყობინების ჩაბარება მართებულად მიიჩნია მხარისათვის ჩაბარებად, რამდენადაც კორესპოდენცია გაგზავნილ იქნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ადრესატის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ჩაიბარა იგი (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი).

1.4. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლომ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის არაგონივრული ვადა დაუწესა, რომლის განმავლობაშიც მან თანხა ვერ გადაიხადა და წაერთვა დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის რეალიზაციის შესაძლებლობა, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს შემდეგს:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

1.4.2. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური. ამ უფლების შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

1.5. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს არ გამოუსწორებია რა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, ხოლო შუამდგომლობა სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა შუამდგომლობა, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რადგანაც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობა. რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ გადასახდელი თანხის ოდენობიდან გამომდინარე, განსაზღვრული ვადა იყო არასაკმარისი, მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ იარსებებს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, რადგანაც მხარე არ ყოფილა შეზღუდული, მიემართა სასამართლოსათვის დასაბუთებული შუამდგომლობით და მოეთხოვა დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება (იხ. სსსკ-ის 368.7 მუხლი).

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი